Join our Waitlist for Expert Advice!

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" - სამეწარმეო იდეების წარმატებულ ბიზნესად ფორმირების შესაძლებლობა პროგრამისაგან USAID YES-Georgia

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უკვე არაერთი წელია, რაც USAID-ის პროგრამა YES-Georgia ახალგაზრდებისა და ქალების სამეწარმეო უნარების განვითარებასა და მათი მცირე თუ საშუალო ბიზნესების ხელშეწყობას განაგრძობს, რაც დამწყებ თუ უკვე შემდგარ მეწარმეებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, როგორც ფინანსური, ისე ინტელექტუალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

ამ კუთხით, პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ჩამოყალიბება გახლავთ, რომელიც 16-იდან 29 წლამდე ასაკის ქალებს აძლევს მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარების შესაძლებლობას, იდეის რეალურ ბიზნესად ქცევის ცოდნას, ასწავლის ბიზნესპროექტის წერას, ფინანსურ დაგეგმარებას, პრეზენტაციისა და ფიჩინგის ხელოვნებას და ა.შ.

ცნობისათვის, სულ ახლახან დასრულდა პროექტის მე-12 რაუნდი, რომლის ფარგლებში "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" წარმატებულმა ათმა მეწარმემ ჯამში 80 000 ლარზე მეტი მოცულობის დაფინანსება მოიპოვა და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გარდა, ბიზნესის დასაწყებად ან გასავითარებლად საჭირო ფინანსურ რესურსზე გაუჩნდა წვდომა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ მეწარმეებს შორის სამი ბიზნესი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გახლავთ, რომლებმაც საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსება და მხარდაჭერა მოიპოვეს პროგრამისაგან.

Etrepreneur-ს სურს გაგაცნოთ "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" მონაწილეები, რომლებმაც თავიანთი ბიზნესიდეების დასაფინანსებლად ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან" დაფინანსება მოიპოვეს და უკვე აქტიურად მუშაობენ ამ იდეების განხორციელებაზე.

ბარბარე მეხრიშვილი − Hometta

ბარბარე მეხრიშვილის ავეჯისა და დეკორის საწარმო Hometta ინტერიერის შემქმნელების, დიზაინერების, დამკვეთისა და სივრცის მფლობელის წარმოსახვასა და ინდივიდუალურ ჩანაფიქრს რეალურ სივრცეში ასახავს და ინოვაციურ, მულტიფუნქციურ ავეჯს აწარმოებს, რომელიც საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას ისახავს მიზნად.

საკუთარი საწარმოს კონცეფცია ბარბარემ დაახლოებით ერთი წლის წინ ჩამოაყალიბა, თუმცა მისი საქმიანობა ავეჯის წარმოების მიმართულებით 2018 წლიდან იღებს სათავეს. როგორც თავად აღნიშნავს, მაშინ ეს სფერო ნაწილობრივ ჰობის ხასიათს ატარებდა და პროფესიულ განვითარებაზე კონცენტრირებისთვის ავეჯის წარმოების დროებით გადადება მოუწია. 2022 წელს კი, სწორედ იმ დროს, როდესაც ბარბარემ ავეჯის წარმოების კუთხით დაგროვილი გამოცდილების რეალიზება გადაწყვიტა, გამოჩნდა USAID Yes-Georgia-ს ქალ მეწარმეთა პროგრამა და ლექციებმა, მენტორებთან თუ პროექტის მონაწილე სხვა მეწარმე ქალებთან ურთიერთობამ იგი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ დრო იყო საკუთარი ძალები დამოუკიდებელი საქმის წარმოებაში ეცადა.

"USAID Yes-Georgia-ს პროგრამის შესახებ სოციალური ქსელით გავიგე და ძალიან მიხარია, რომ მოვხვდი სწორედ იმ ხალხის გარემოცვაში, რომლებიც გივითარებენ საჭირო უნარებს, გასწავლიან ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებას და საკუთარ შესაძლებლობას ნათლად გაჩვენებენ. სწავლის პროცესი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა ჩვენი მენტორების დამსახურებით. სასწავლო ლექციებში იყო როგორც თეორიული მასალა, ასევე პრაქტიკული მაგალითები. შეხვედრები გახლდათ ძალიან ინტერაქციული, რაც უფრო მეტად უსვამდა ხაზს ჩვენი როლის მნიშვნელობას, როგორც სალექციო კურსში, ასევე ნებისმიერ სხვა გარემოში", − აღნიშნავს ბარბარე მეხრიშვილი, − "კონკურსის კულმინაციური ნაწილი იყო ე.წ. "ფიჩინგი", რაც გულისხმობდა ჩვენი საბოლოო იდეის წარდგენას იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მზად იყვნენ ჩვენი ბიზნესის საწყისი ნაბიჯებისთვის დაფინანსება გაეცათ. უშუალოდ ამ პროცესისთვის მზადება დაახლოებით 1 თვე მიმდინარეობდა, ფიჩინგზე ჩემ მიერ წარდგენილი ავეჯის წარმოების პროექტი დადებითად შეფასდა და პროექტი დაფინანსდა 7500 ლარით".

როგორც ბარბარე გვიამბობს, კომპანიის განვითარების პოტენციალი საკმაოდ დიდია, ვინაიდან უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაიზარდა მშენებლობის რაოდენობა და უძრავ ქონებაში ინვესტირების ინტერესი, რაც თავის მხრივ, ავეჯსა და ინტერიერის მორთულობაზე მოთხოვნას ზრდის.

Hometta მიზნად ისახავს საერთაშორისო სტანდარტის მოთამაშე შემატოს ქართულ ბაზარს, რომელიც თავისი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ.

ვერიკო ბაზალი − "ჰიპო ველო"

"ჰიპო ველო" ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ბენეფიციარ ვერიკო ბაზალის წამოწყებაა, რომელიც 2021 წელს შეიქმნა და ველოსიპედების სერვისცენტრს წარმოადგენს, სადაც ველომოყვარულებს შეუძლიათ როგორც შეაკეთონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, ისე შეიძინონ სხვადასხვა აქსესუარი და ნაწილები.

"ჰიპო ველო" ველომოყვარულთა დიდი კომუნაა, რომელიც ამ მიმართულების პოპულარიზაციასა და საქართველოში ველოკულტურის განვითარებას ისახავს მიზნად, ხოლო "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ხელშეწყობით, "ჰიპო ველოს" სერვისცენტრი უკვე დიდი დიღმის ტერიტორიაზეც გახდება ხელმისაწვდომი.

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის შესახებ ჩემი მეგობრისგან შევიტყვე, რომელიც აღფრთოვანებით ჰყვებოდა ტრენინგების შესახებ, შემდეგ ნაკადში კი მეც მივიღე მონაწილეობა. ტრენინგზე სხვადასხვა მენტორმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა; შევხვდი ძალიან კარგ მეწარმეებს და მათთან ერთად ჩემს საქმიანობაზე დავიწყე უფრო მეტად ფიქრი. საკითხები, რომლებსაც ყოველკვირეულად გავდიოდით, ჩემთვის სამაგიდო ჩანაწერებად იქცა და მისით დღესაც კი ვხელმძღვანელობ. მიზანი და საქმისადმი სიყვარული არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, ბიზნესის სწორად მართვისთვის. "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ" პიროვნული და ბიზნესისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გამიღვივა, მასწავლა საქმისადმი მეტად კონცენტრირება, დაკვირვება, დაგეგმვა და მოქმედება. პროექტმა საშუალება მომცა გამეცნო მეწარმეები, რომლებიც ჩემს მსგავსად სხვადასხვა გამოწვევასა და დაბრკოლებას შეხვდა, თუმცა გადალახეს. ამან დამატებით გამაძლიერა და მოტივაცია შემძინა", − გვიამბობს ვერიკო.

სწავლისა და წარმატებული "ფიჩინგის" შემდეგ, ვერიკოს საკუთარი საქმიანობის გასავითარებლად პროგრამისაგან 15 000 ლარი გადაეცა, რაც ბიზნესის გაფართოებასა და მასშტაბირებას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ ხარისხიანი სერვისისა და პროფესიული მომსახურების გარდა, "ჰიპო ველოს" ერთ-ერთი მიმართულება სწავლება და ველოსიპედების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ბრენდს აქვს საკუთარი Youtube-არხი, სადაც ადამიანებს უზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას, ქმნის "თვითმასწავლებელ" კონტენტს ველოსიპედის შეკეთებისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.

ვერიკოს თქმით, "ჰიპო ველოს" ძირითადი სამომავლო გეგმაა საკუთარი არხის განვითარება, მეტი საჭირო და ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდება აუდიტორიისათვის და ზოგადად, ველოკულტურის ამაღლება საქართველოში, რისთვისაც ბრენდი აქტიურადაა წარმოდგენილი ველოტურებზე, ველოშეჯიბრებებსა და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაზე.

ლილი წიქარიშვილი "დრაკარი"

უკვე მეოთხე წელია, რაც ლილი წიქარიშვილის სახელოსნო "დრაკარი", სხვადასხვა რეალური ადგილის მინიატიურულ ასლებს, დიორამებს ქმნის და თავის საქმიანობაში ძირითად აქცენტს რეალიზმზე და დეტალიზაციაზე ამახვილებს. "დრაკარი" საქართველოში პირველი საწარმო გახლავთ, რომელმაც დიორამების შექმნას ბიზნესის სახე მისცა და მომხმარებელთა საყვარელ მოგონებებს და ადგილებთან დაკავშირებულ ემოციებს მინიატიურაში აცოცხლებს.

"ვინაიდან ყველა ნამუშევარი კონკრეტული ადგილია და კონკრეტული ადამიანისთვის იქმნება, ის სრულიად უნიკალურია, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა დიორამა რაღაც ამბავს ჰყვება და ჰყვება ძალიან ექსპრესიულად, ამიტომაც არის ის ძალიან ემოციური საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის", − ამბობს ლილი წიქარიშვილი, − "დრაკარისა და დიორამების შექმნის ისტორიაც სწორედ ასეთი ემოციური საჩუქრის ძიებით დაიწყო. გაგვიჩნდა იდეა, ჩვენი მეგობრის ძალიან საყვარელი ადგილი მინიატიურად გვექცია და რადგან ვერავინ ვნახეთ, ვინც ამ დავალებას შეასრულებდა, თავად დავიწყეთ მისი შექმნა. მუშაობის პროცესი ისეთი დამმუხტველი გამოდგა და შემდეგ ადრესატისგანაც ისეთი ემოცია მივიღეთ, რომ გადავწყვიტეთ − აქ გაჩერება არ შეიძლებოდა. ნამუშევრების ხარისხის დახვეწასთან ერთად, ჰობი იქცა ბიზნესად".

აღსანიშნავია, რომ დიორამა უამრავი ჩანაფიქრის, კონცეფციისა და მიზნის რეალიზების შესაძლებლობას იძლევა, რაც ესთეტიკური სილამაზისა და დეკორატიული დატვირთვის გარდა, მას კომპანიებისთვის საინტერესო მარკეტინგული კამპანიების წარმოების საშუალებას აძლევს, ხოლო მისი მხატვრული ღირებულების გამო, დიორამებს ხშირად იყენებენ მუზეუმები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. რომელთა საშუალებით ხშირად ისტორიას ინახავენ. ეს ყველაფერი "დრაკარისათვის" საქმიანობის კომერციალიზაციის საშუალებად იქცა და დღეს ბრენდი აქტიურად მუშაობს, როგორც ფიზიკური პირების, ისე კორპორაციულ დაკვეთებზე.

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ფარგლებში, მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიზნესპროცესების უკეთ განსასაზღვრად. მივიღე ჩემს ბიზნესთან დაკავშირებით უაღრესად ფასეული რჩევები მენტორებისგან, რამაც ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, სწორად დამეგეგმა ჩემი ბიზნესის შემდგომი განვითარება. შევიძინე უდიდესი გამოცდილება ბიზნესგეგმის სწორად და ლაკონიურად ჩამოყალიბების თუ მისი პრეზენტირების მხრივ და ეს ყველაფერი მაღალკვალიფიციური ადამიანებისგან იყო მოწოდებული ძალიან გასაგებად − ისე, რომ ამ ყველაფრის პრაქტიკულად გაკეთება რთული არ ყოფილიყო", − აღნიშნავს ლილი.

საინვესტიციო კომიტეტის წინაშე ჩატარებული პრეზენტაციისა და ბიზნესგეგმის დეტალური წარდგენის საფუძველზე, "დრაკარიმ" 8 000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვა, რაც სრულად სახელოსნოს განვითარებას მოხმარდება.

ამჟამად, "დრაკარი" ძირითადად B2B-მიმართულებით მუშაობს და ახლო მომავალში გეგმავს ადგილობრივ მუზეუმებთან აქტიურ თანამშრომლობას. საკუთარი პორტფოლიოს გამდიდრების პარალელურად კი, ბრენდი მიზნად ისახავს აშშ-ისა და გერმანიის ბაზარზე შესვლასაც.

მარიამ ჩხვირკია − ghvino.ge

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ბენეფიციარი მარიამ ჩხვირკია პირველი ქართული ღვინის კლუბის − Ghvino.ge-ის დამფუძნებელია, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას და საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ghvino.ge-ის იდეა საკმაოდ მარტივი, თუმცა ამავდროულად ინოვაციურია: მომხმარებელი აგემოვნებს სადეგუსტაციო ნაკრებს, რომელშიც სპეციალურადაა არჩეული 5 სხვადასხვა ტიპის ღვინო. მას თავისი პრეფერენციები შეჰყავს ghvino.ge-ის პორტალზე − მარტივ სკალაზე აფასებს ხუთივე ღვინოს, ამის შემდეგ კი პროგრამული ალგორითმი მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არჩევს ინდივიდუალურად მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ კონკრეტული მწარმოებლის კონკრეტულ ღვინოებს და ეძლევა საშუალება ყოველთვიური გამოწერის პრინციპით შინიდან გაუსვლელად მიიღოს ღვინის ყუთი, რომელშიც ყოველ ჯერზე 3 განსხვავებული ღვინის ბოთლი იქნება.

მარიამი ღვინის სფეროთი პირველად 2021 წლის დასაწყისში დაინტერესდა. იმუშავა როგორც მცირე მარანში, ასევე საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს ღვინის მწარმოებელ კომპანიაში. "მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართული კომპანიები უფრო და უფრო სწრაფად ვითარდებიან, პრობლემა, რომელსაც საქართველოში ყოველი მწარმოებელი აწყდება, არის საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი პროდუქციის ძალიან დაბალი ცნობადობა. მეორე მხრივ კი, ღვინის სექტორი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მთლიანად დაცლილია ინოვაციებისგან და ვითარდება მხოლოდ სწორხაზოვნად, მაგალითად წარმოების ხარჯების შემცირებით და ა.შ.", − ამბობს მარიამი.

სწორედ ღვინის მიმართულებით ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და რეალიზების სურვილმა, იგი USAID-ის პროგრამა YES-Georgia-მდე მოიყვანა, რომელმაც მარიამს საშუალება მისცა დაეწყო ინდუსტრიაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ძიება.

"თავიდან ჩემს სტარტაპზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა, თუმცა პროგრამის მსვლელობის დროს ჩემს გონებაში ნელ-ნელა ჩამოყალიბდა იდეა, რომელიც სრულად უპასუხებს არსებულ პრობლემებს. "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" მენტორების დახმარებით, უმოკლეს პერიოდში დავიწყე არარსებული იდეიდან Ghvino.ge-ის − პირველი ქართული ღვინის კლუბის, საბოლოო პროდუქტზე მუშაობა. დავხვეწეთ სამიზნე აუდიტორია, მოვიფიქრეთ კომერციალიზაციის გეგმა. ამავე პროექტის ფარგლებში, მომეცა საშუალება სატესტო რეჟიმში გამეშვა ჩემი სტარტაპის MVP-ვერსია სოციალურ ქსელებში, საიდანაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი უკუკავშირი როგორც მომხმარებლებისგან, ასევე მწარმოებლებისგან, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს პრობლემების აქტუალურობა", − აღნიშნავს მარიამ ჩხვირკია.

საინვესტიციო კომისიამ მარიამის იდეა მოიწონა და პროექტის განვითარებისათვის მას 14 000-ლარიანი დაფინანსება გადასცა.

ამჟამად, მარიამი ბრიტანეთის ბაზარზე შესასვლელად მუშაობს, სადაც ოდნავ სახეცვლილი პროდუქტით წარდგება. მთავარი აქცენტი სადეგუსტაციო ნაკრებზე გამახვილდება, რომელიც წარმოადგენს 50 მლ-იან, სრულიად ახალი ტიპის ჭურჭლით დაკომპლექტებულ ყუთს და სტანდარტული ბოთლისგან განსხვავებით, მისი ფუნქცია მხოლოდ ღვინის დაგემოვნება და არა სრული პროდუქტის მოხმარება იქნება.

ნატო ბაზღაძე − "იამაკ ტერაცოს"

ნატო ბაზღაძის პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარის, საქმიანობა მოსაპირკეთებელი მასალა ტერაცოს წარმოებასა და მისგან სხვადასხვა სახის ავეჯის, აქსესუარისა თუ ფილების შექმნას უკავშირდება.

იტალიური წარმომავლობის მასალა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ევროპულ ბაზარზე, საქართველოში პრაქტიკულად მიუწვდომელი იყო და არქიტექტორებსა თუ დიზაინერებს მისი უცხოეთიდან გამოწერა უწევდათ. ეს იმდენად აძვირებდა პროცესს, რომ ნატომ და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს თავად ეწარმოებინათ ტერაცო "იამაკ ტერაცოს" ბრენდის სახელით.

"მე და ჩემი გუნდი, ტერაცოს, ჩვენმა პროფესიამ − არქიტექტორობამ დაგვაკავშირა. არქიტექტორები და დიზაინერები მუდმივად ვეძებთ განსხვავებულ და ე.წ. ხასიათიან მასალებს, ფაქტურებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთია ტერაცო. ვინაიდან ადგილობრივ ბაზარზე სასურველ ხარისხსა და ფერთა პალიტრას ვერ მივაკვლიეთ, ჩემს მეგობრებთან ერთად დავიწყეთ სხვადასხვა ტექნიკით ტერაცოს ჩამოსხმა, ტესტირებები, ცდები, და შევქმენით გარკვეული პალიტრა. თითქმის ერთი წელია თან ვსწავლობთ, თან პრაქტიკაში გადმოგვაქვს ჩვენი ნასწავლი. ახლა კი, USAID-ის "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" დამსახურებით, ახალ ეტაპზეც გადავედით და ავეჯის ზედაპირები შევქმენით", აცხადებს ნატო.

როგორც ნატო გვიამბობს, სწავლა ორ ეტაპად იყო გაყოფილი. პირველი ნაწილი თეორიული, ხოლო მეორე ეტაპი უფრო პრაქტიკული იყო. პირველი ლექციიდანვე სწორი სალექციო კურსისა და მენტორინგის დამსახურებით, მის იდეებს ფრთები შეესხა და მეტი სტიმული მიეცა შემდეგ ეტაპზე, უკვე განეხორციელებინა საკუთარი ჩანაფიქრი.

"პროექტის ფარგლებში, ჩაგვიტარდა პრეზენტაციის მასტერკლასი და ხალისითა და დიდი მონდომებით ღამე გავათენეთ პრეზენტაციების დახვეწასა და ფორმირებაში, კომისიის წევრებამდე ჩვენი იდეების ნათლად მიტანაში, ფინანსური მოდელის შექმნაში. სწორედ ეს მუხტი გამყვა ფინალურ პრეზენტაციამდეც, სადაც "იამაკ ტერაცოს" აუცილებელი საწყისებისთვის დანადგარების შეძენა გადავწყვიტე. ავეჯის, კერძოდ კი პატარა მაგიდების კოლექცია შევქმენი და საბედნიეროდ, მოთხოვნილი თანხა − 8500 ლარის დაფინანსება მოვიპოვეთ", აღნიშნავს ნატო ბაზღაძე.

ახლა მომავალში, "იამაკ ტერაცო" საწარმოს გამართვასა და მოპოვებული თანხით ხელსაწყოების შეძენას გეგმავს, რაც მას მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ავეჯის კოლექციის შექმნის შესაძლებლობას მისცემს. ნატოს თქმით, ბრენდი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა დიზაინერულ თუ სამშენებლო გამოფენებში, სადაც მნახველი შეძლებს "იამაკ ტერაცოს" ნაწარმის დათვალიერებას, გამოცდასა და არჩევას. წარმოების გამართვის შემდეგ კი, ბრენდის დამფუძნებელი საკუთარი შოურუმის გახსნასაც აპირებს.

შორენა ქადიძე − "კარიერის აკადემია"

ახალგაზრდების დასახმარებლად, მათთვის კარიერული ორიენტირების დასახვისათვის და საყვარელი საქმის აღმოსაჩენად, 2022 წლის სექტემბრიდან შორენა ქადიძემ "კარიერის აკადემია" დააფუძნა, რომელმაც ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლისაგან 3300 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო საქმიანობის გასავითარებლად.

ყველაფერი კი, როგორც ხშირად ხდება, შორენას პირადი გამოცდილებით იწყება. მას ბავშვობიდან ხიბლავდა დეტექტიური ჟანრის ლიტერატურა, რამაც იურისპრუდენციის მიმართულებით უმაღლესი განათლების მიღების სურვილი გაუღვივა. დროთა განმავლობაში იგი მიხვდა, რომ ეს სფერო იმდენად საინტერესო არ აღმოჩნდა, როგორც წიგნების ფურცლებზე ჩანდა და გადაწყვიტა დახმარებოდა ახალგაზრდებს, რათა მასავით არასწორი პროფესიული გზის არჩევის გამო, ცხოვრების ძვირფასი წლები არ დაეკარგათ.

"სამწუხაროდ, ახალგაზრდები დღესაც არ სვამენ შეკითხვებს და პროფესიას არა შინაგანი მოწოდებით, არამედ სტერეოტიპულად (მაღალი ანაზღაურების, პრესტიჟულობის, ავტორიტეტის) მიხედვით ირჩევენ. მე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ხელში გეჭიროს დიპლომი და ვერ ხვდებოდე, არის თუ არა შენ მიერ არჩეული პროფესია შენი საყვარელი საქმე. მესმის დროის, რესურსისა და ენერგიის კარგვის დიდი ფასი, ამდენადვე მინდა ახალგაზრდები უბრალოდ ცდილობდნენ გაიცნონ საკუთარი თავი, დასვან შეკითხვები და ასე მიიღონ გადაწყვეტილება პროფესიის არჩევის დროს", აცხადებს შორენა, "მე გავიზარდე ისეთ დროს, როდესაც უბრალოდ უნდა გეპოვა სამსახური და უნდა გემუშავა, მაგრამ მე ვცხოვრობ ისეთ დროში, სადაც საყვარელი საქმე არის ის, რითაც აღწევ წარმატებას და ხარ ბედნიერი ადამიანი. ადრე სამყარო გარედან შიგნით გვიკარნახებდა. ახლა ჩვენი ქმედებები შიგნიდან გარეთ არის მიმართული, და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ამ ადამიანის შემოქმედებითობა, ხარისხი, მოტივაცია, ინტერესი საქმისადმი მცირდება".

როგორც შორენა იხსენებს, ფიჩინგისთვის საჭირო სიტყვები თავისთავად ჩნდებოდა. მიუხედავად ბიზნესში გამოცდილების არ ქონისა და შიშის, რომ ჯერ მზად არ იყო, მენტორებმა და გამართულმა სასწავლო პროგრამამ დაარწმუნეს იდეის ფასეულობაში, რამაც მას ინვესტორებთან ურთიერთობაში წარმატება და დაფინანსება მოუტანა.

"კარიერის აკადემიის" მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შემოიკრიბოს საერთო ღირებულებების გარშემო; გააერთიანოს ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ თავიანთ თავზე, ცდილობენ იპოვონ საყვარელი საქმე და არჩევანს გააზრებულად აკეთებენ. სამომავლოდ, შორენას სურს შექმნას სხვადასხვა ასაკისთვის მორგებული კლუბები, ახალგაზრდებისთვის საჭირო კარიერული და არა მხოლოდ კარიერული უნარების განსავითარებლად.

USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი".

USAID YES-Georgia პროგრამა ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნესტრენინგების, მენტორობისა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებსა და პროფესიონალებს.

2016 წლიდან "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ", რომელიც პროგრამა USAID YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, ჯამში მიიღო 5 000 განაცხადი. 1 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგ-კურსი, ბიზნესპროექტები წარმოადგინა 477-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 98-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან"

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"