Get All Access for $5/mo

"ბუნებარეს" ბაღი - ბავშვობა იწყება გარეთ თამაშით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ბუნებარეს" ტყის ბაღი ინოვაციური პროგრამის მქონე სტარტაპ-ინიციატივად მიიჩნევა, რომელიც ხელს უწყობს გარე განათლების პოპულარიზაციას საქართველოში. "ბუნებარე" მიზნად ისახავს დაეხმაროს ადრეული ასაკის ბავშვებს ჯანსაღ ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაში, მათ მდიდარ, სენსორულ გამოცდილებებს, ბუნებაში ყოფნის ინტერესის გაღვივებას, რომელიც კვალს ტოვებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

2020 წელს Covid-19-ის პანდემიის დაწყებამ ცხადი გახადა ალტერნატიული განათლების გადაუდებელი საჭიროება. "ბუნებარეს" პროგრამების ამოცანაა დაეხმაროს ადრეული ასაკის ბავშვებს ფიზიკურ განვითარებაში, სოციალიზაციისა და კომუნიკაციის უნარებში, რომლებსაც სრულად ტყეში თამაშით უზრუნველყოფს ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე. საქმიანობის დეტალებისა და მის მიერ განვლილი გზის შესახებ Entrepreneur ესაუბრა "ბუნებარეს" დამფუძნებელს − თამარა ჩაკვეტაძეს, რომელიც საქართველოში ერთადერთი ოფიციალური პრაქტიკოსია ტყის პედაგოგიკაში, საერთაშორისო დონეზე.

"2020 წელს "კოვიდ-19"-ის პანდემიის დაწყების დროს, ვფიქრობდი ადრეულ ასაკში ბავშვთა მენტალურ მდგომარეობაზე, მეტყველების შეფერხებაზე, სოციალიზაციის დეფიციტზე, რასაც იზოლირება, ბუნების დეფიციტი და ტექნოლოგიებზე ჭარბი მიჯაჭვულობა გამოიწვევდა. ამის გათვალისწინებით, მტკიცედ გადავწყვიტე კარიერა გარე განათლების სფეროში ოფიციალურად გამეგრძელებინა. გამოცდები ჩავაბარე ბრიტანეთში, ტყის პედაგოგიკის საერთაშორისო პროგრამაზე და "კოვიდ"-პანდემიის პიკში დავაარსე ტყის საბავშვო ბაღი "ბუნებარე" უნიკალური, ბუნებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გამოცდილების მიწოდების საშუალება, რომელიც ხელს შეუწყობდა გარეთ ბავშვთა ჯანსაღ ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე. მე მჯერა, რომ ღია ცის ქვეშ, მათ შორის ტყეში, განათლება და თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ბავშვების განვითარებისთვის. მეტიც ის პრიორიტეტად მოსააზრებელი კომპონენტია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში", − იხსენებს თამარა ჩაკვეტაძე.

თამარასთვის მუშაობის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, დაფინანსების ნაკლებობა იყო. მიუხედავად "ბუნებარეს" მცდელობებისა ონლაინ ცნობიერების ამაღლების მხრივ, ბავშვთა გარე განათლების მნიშვნელობის შესახებ, თავდაპირველად ინიციატივას სკეპტიციზმით შეხვდნენ. ვერცერთ საგრანტო დაფინანსების სქემაში თუ კონკურსში ვერ გადავიდნენ, მაგრამ არ დანებებულან. შემდეგი გამოწვევა თავად სალაშქრო, გარე სივრცეში ადაპტირებადი და მცირეწლოვანი ასაკისთვის გათვალისწინებული სალაშქრო აღჭურვილობა იყო, მაგრამ ამის გადალახვაც შეძლეს მათივე ოჯახებისგან მიღებული მცირე შემოწირულებებით. ბოლო გამოწვევა კი ადრეული ასაკისთვის შესაბამისი, რეკრეაციული ზონის შეფასება, მოკვლევა და არჩევა იყო. მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ სივრცე ყოფილიყო უსაფრთხო, ბეტონის გარეშე, ავთენტური ტყის პედაგოგიკის პროგრამების განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ შეირჩა დიღმის ტყე-პარკი.

"პოზიტიური გავლენის დანახვა, ომელი ჩვენმა პროგრამამ მოახდინა ბავშვების ცხოვრებაზე, ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია და შთაგონებაა. ჩვენი პროგრამით მხოლოდ პანდემიის დროს 100-ზე მეტმა ბავშვმა ისარგებლა და მშობლებს სულ უფრო მეტად სურთ თავიანთი შვილების ჩართვა ტყის საბავშვო ბაღში. დადებითი გამოხმაურება, რომელიც მივიღეთ მშობლებისგან, თერაპიის პრაქტიკოსებისგან და საგანმანათლებლო სისტემისგან, წარმოუდგენლად დამაჯილდოებელი იყო. მთელი გუნდი აქტიურად ვმუშაობთ მდგრადი განათლებისა და გარე განათლების მხარდასაჭერად", − აცხადებს თამარა.

იგი თითოეულ ადამიანს ურჩევს, იყონ მიზანდასახული, არასდროს დაკარგონ ინტერესი თავისი სურვილებისა და საქმის მიმართ და იყვნენ გამბედავნი.

"ჩვენი სამომავლო გეგმები ტყის საბავშვო ბაღთან "ბუნებარესთან" დაკავშირებით მოიცავს ჩვენი პროგრამის გაფართოებას, რათა ჩავრთოთ მეტი ბავშვი და ოჯახი საქართველოში, მათ შორის სხვადასხვა რეგიონსა თუ სოფლში.

მიმდინარეობს პედაგოგების გარე განათლების პრაქტიკოსებად გადამზადების პროცესი, მათ შორის გარე განათლებაში ქალთა ინტეგრაციის გაძლიერების მიმართულებით. მუშავდება სატრენინგო პროგრამები გარე განათლების კომპეტენციების ასამაღლებლად შიდა ბაღების პედაგოგებისთვისაც.

სხვადასხვა თერაპევტსა და პრაქტიკოსს კი მრავალფეროვან, განვითარებულ და გარე სივრცეში თანადამხმარე მექანიზმს შევუქმნით ბავშვთა ჰოლისტური განვითარების მხრივ.

"ბუნებარეს" გუნდი მადლიერები ვართ იმ თერაპევტების, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ "ბუნებარეს" სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ეს ნდობა და იმედი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია", − აღნიშნავს თამარა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია