Get All Access for $5/mo

GAA Holding – ქართული ბიზნესი 30-წლიანი საერთაშორისო წარმატების ისტორიით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

საქართველოში დამოუკიდებელი ბიზნესისა და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება გასული საუკუნის 90-იან წლებს უკავშირდება. ეს ის ისტორიული პერიოდია, როდესაც სსრკ-სგან გათავისუფლებულ საქართველოში იწყება სხვადასხვა სფეროს კომერციალიზაცია, თუმცა ამავდროულად, ქვეყანაში საკმაოდ მძიმეა სოციალური ფონი და უამრავი გამოწვევაა, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სხვა მიმართულებით.

დღევანდელი გადმოსახედიდან გასაკვირი არაა საქართველოში სისტემურად მდგრადი და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაციების სიმცირე, ვინაიდან ბევრმა კომპანიამ ფიზიკურად ვერ გაუძლო დროის გამოცდას, ზოგიერთი ბიზნესმენი სულ სხვა სფეროში გადაბარგდა, ზოგმა კი, სულაც დატოვა ქვეყანა და ბიზნესწარმატების ძიებაში უცხოურ ბაზრებს მიაშურა. თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოში 30-წლიანი წარმატების ისტორიები, ე.წ. ბიზნეს-ქეისები მაინც არსებობს, რომლებიც ნამდვილი ანტრეპრენერების მიერ დიდი შრომისა და თავდადების ხარჯზე იწერებოდა და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სასწავლო მაგალითადაც კი გამოდგება ნებისმიერი ბიზნესსკოლისათვის, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ სასწავლებლებში.

Entrepreneur-ს სწორედ ერთ-ერთ ასეთ წარმატებულ ბიზნესზე, GAA Holding-ზე სურს გიამბოთ, რომელიც 1992 წლიდან მოყოლებული, სტაბილურად აფართოებს ოპერირების მასშტაბებს და ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილების დახმარებით, ქართულ ბაზარზე სრულიად ინოვაციურ, თანამედროვე სტანდარტს ნერგავს არაერთი მიმართულებით.

GAA Holding-ი ქართულ ბაზარზე რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებითაა წარმოდგენილი, როგორებიცაა: ბიზნესკონსალტინგი, მარკეტინგი, რეკლამა, მედიაკომუნიკაცია, ბეჭდვა და წარმოება; ახალი ავტომობილების ბიზნესი, გლობალური ტრეიდინგი და გადაზიდვები; ციფრული და განახლებადი ენერგიის პროდუქციის იმპორტი.

უკვე 30 წელია, რაც GAA Holding-ში შემავალი ბიზნესები არ თმობენ ლიდერობას თავიანთ სეგმენტში და ყოველივე ეს, უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელთა საუკეთესო ინტერესების მსახურებითა და ოპერატიული, კრეატიული გადაწყვეტებით იქნა მიღწეული.

ცხადია, ქართული რეალობის გათვალისწინებით, საკმაოდ მდიდარი ისტორიის მქონე წარმატებული ჰოლდინგის უკან უამრავი ადამიანი დგას, რომელთაც საერთო ხედვები, ღირებულებები და ფასეულობები აერთიანებთ და ერთი მიზნისკენ მოძრაობენ, თუმცა ყოველივე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა GAA Holding-ის დამფუძნებლის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალის, გია ალიხანაშვილის გარეშე, რომლის ბიზნესწარმატების ისტორია სცდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს როგორც რეგიონის, ისე პოსტსაბჭოთა ბაზრების არეალს.

გია ალიხანაშვილმა სახელი ინოვაციური პროექტებისა და წარმატებული ინვესტიციების განხორციელებით გაითქვა. იგი თავად აქტიურადაა ჩართული ბიზნესშესაძლებლობების გაფართოებაში არა მარტო საკუთარ ჰოლდინგში, არამედ სრულიად ქართული ბაზრის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ბიზნესექსპერტის ამპლუაში, მას განხორციელებული აქვს არაერთი საინტერესო პროექტი სხვადასხვა სექტორში, სწორედ ამიტომ რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დამოუკიდებელ ბიზნესმენად პოზიციონირებს.

ჰოლდინგის შექმნის ისტორიაზე, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებზე და მის მიერ განვლილ ანტრეპრენერულ გზაზე, Entrepreneur-ი GAA Holding-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, გია ალიხანაშვილს ესაუბრა.

ბატონო გია, გთხოვთ გვიამბოთ თქვენ შესახებ. რა გზა გაიარეთ დამოუკიდებელი ბიზნესის დაწყებამდე და რა სახის გამოწვევების გადალახვა გიწევდათ ამ გზაზე?
დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თბილისში. ვსწავლობდი ყველა იმ სასწავლებელში, რომელიც საბჭოთა საქართველოში იმ დროისთვის ხელმისაწვდომი იყო − საბავშვო ბაღიდან დაწყებული, სკოლით, ტექნიკური სასწავლებლითა თუ ტექნიკური ინსტიტუტით დამთავრებული.

მუშაობა საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. მამა ადრე გარდამეცვალა და შესაბამისად, ოჯახის მატერიალურ რჩენაზე ზრუნვა ჩემი ყოველდღიური საზრუნავი გახდა. ხან სად ვმუშაობდი, ხან სად. იყო პერიოდი, როდესაც ოთხ სამსახურს ერთდროულად ვათავსებდი და ყველგან ვასწრებდი, ვინაიდან უკვე მყავდა იმ დროის "სიამაყე" − "ჟიგულის" მარკის ავტომობილი.

1984 წლიდან სახელმწიფო ტელევიზიაში, პირველ არხზე დავიწყე მუშაობა ვიდეოინჟინრის პოზიციაზე. იმ დროს ტელევიზიაში 3000-მდე ადამიანი მუშაობდა, რამაც შესაძლებლობა მომცა ბევრი კარგი მეგობარი და ახლობელი გამეჩინა. სწორედ იქ გატარებულმა წლებმა, დიდწილად ხელი შემიწყო ახალ წამოწყებაში და ჩამოაყალიბა ის ძირითადი საქმიანობა, რომელიც დღეს ჩვენი ჰოლდინგის ბირთვს წარმოადგენს. ახლა სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ 30 წლის წინ პირველები ვიყავით, რომლებმაც სარეკლამო სააგენტოს მშენებლობაზე დავიწყეთ მუშაობა, რომელიც ამჟამად უკვე მსხვილ საერთაშორისო ჯგუფს წარმოადგენს, საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტოს − McCann Worldwide.

რასაკვირველია, ამ გზაზე უამრავი დაბრკოლება და გამოწვევა იყო, რომელთა გადალახვა მოგვიწია, მაგრამ დღეის მდგომარეობით, GAA Holding-ი ამერიკის სავაჭრო პალატის − AMCHAM-ისა და სარეკლამო კომუნიკაციების ასოციაცია ACAG-ის წევრია, სადაც ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო საქმიანობაში, რომელიც წაადგება როგორც კომპანიებს, ისე საქართველოს ეკონომიკას, რომელიც აუცილებლად განვითარდება და მოძებნის თავის ნიშას მსოფლიო ბაზარზე.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს მივულოცო GAA Holding-ის 30 წლის იუბილე, ვუსურვო განვითარება და წარმატება. ასევე, ყველა ჩვენს კლიენტსა და მომწოდებელს გადავუხადო მადლობა თანამშრომლობისათვის და მივულოცო ახალი, საქმიანი 2023 წელი.

30-წლიანი წარმატებული ოპერირების ისტორია ქართული ბაზრის რეალობისათვის საკმაოდ შთამბეჭდავი ბიზნეს-ქეისია. რა არის GAA Holding-ისა და უშუალოდ თქვენი, როგორც მისი დამფუძნებლის, წარმატების ფორმულა?
საქართველოში, ამ წლების განმავლობაში წარმატების მიღწევა და შენარჩუნება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ხშირად იყო მომენტები, როდესაც უბრალოდ გადარჩენაც კი წარმატება იყო.

ზოგადად, ჩვენი ბიზნესისტორია უფრო ადრე დაიწყო, თუმცა როდესაც ბიზნესის იურიდიულად რეგისტრირება გახდა შესაძლებელი, პატარა ოფისი გავხსენით და სწორედ ამ მომენტს − 1992 წელს ვიღებთ ათვლის წერტილად. 30 წელია რაც მოვდივართ და ვშრომობთ. ხშირად, 24-საათიანი რეჟიმითაც გვიწევდა მუშაობა, რისთვისაც ყველა თანამშრომელს, ვინც ჩემთან ერთად იყო ან ახლაც არის, დიდ მადლობას ვუხდი.

ცხოვრებაც და ბიზნესიც ველოსიპედის მართვასავითაა. თუ ბალანსი არ შეინარჩუნე, აუცილებლად წაიქცევი. ჰოდა, ჩვენც ვცდილობდით არ წავქცეულიყავით და ყველა დროში შეგვენარჩუნებინა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რაც ქართულ ბიზნესგარემოში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

ჩვენ მოვახერხეთ და არა მარტო შევინარჩუნეთ, არამედ მოვამრავლეთ კლიენტები და მეგობრები, რომლებსაც ახსოვთ და იციან, რომ ნულიდან დაწყებულ საქმეს, GAA Holding-ის სახით, ისევ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი უძღვება და 30 წლის შემდეგაც, ყოველთვის წარმატებულად ახორციელებს მოცემულ პროექტებს.

ჩვენს ყველა კლიენტთან თუ მომწოდებელთან, დღესაც, ისევე, როგორც 30 წლის წინ, საქმიანი და გახსნილი ურთიერთობები გვაქვს. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებთან ერთადაც ამდენი წელი გამოვიარეთ და გვაქვს იმედი, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ვფიქრობ, დიდი მიღწევაა, რომ დღეს აქ ვართ და არა მარტო ჩვენ. ბაზარზე არიან ორგანიზაციები, რომლებმაც ეს პერიოდი გამოიარეს და ურთიერთთანამშრომლობით გავიზარდეთ.

როგორია 30-წლიანი არსებობის განმავლობაში GAA Holding-ის განვითარების ტემპი? როგორც ვიცით, "GAA ჰოლდინგი" ბიზნესების რამდენიმე განშტოებას აერთიანებს. რა სახის ბიზნესები ერთიანდება ამ ქოლგის ქვეშ და რა ტიპის პროდუქტს/სერვისს სთავაზობთ მომხმარებლებს?
უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ბიზნესის განვითარება და ზრდის ტემპი დამოკიდებულია ინვესტიციებზე და ხშირად − ადგილობრივზე. ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენ მულტინაციონალურ კომპანიასთან გვქონია მოლაპარაკება 30 წლის განმავლობაში, რათა საქართველოში შემოსულიყვნენ. დამერწმუნებით, "თავის ატკივება" არავის უნდა და ყველა ინვესტორი ჯერ ეკონომიკურ პარამეტრებს, პოლიტიკურ სიტუაციას აფასებს და შემდეგ წყვეტს შევიდეს თუ არა ბაზარზე. მით უმეტეს, პატარა ქვეყნებში, სადაც ეს ორი მიმართულება − პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება, მჭიდროდაა ხოლმე გადაჯაჭვული. ჩვენთან კი, სხვადასხვა დროს, მუდამ ბობოქრობდა ესა თუ ის პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი.

სწორედ ამ პირობებში, შევძელით და KEDI TV-მ, პირველად საქართველოში, ამერიკული სარეკლამო სააგენტო McCANN Worldwide ორი ქვეყნის − საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე პარტნიორის სახით შეიძინა. ამ საქმეში არანაკლები როლი ითამაშა იმან, რომ ჩვენ უკვე კარგად ჩამოყალიბებული გუნდი და საკმაოდ ბევრი კლიენტი გვყავდა. 1998 წლიდან ამ პარტნიორობამ დიდი ცვლილებები მოგვიტანა. დავიწყეთ სწრაფი და სისტემური ზრდა, შემოვიყვანეთ მულტინაციონალური კლიენტები. სარეკლამო ჯგუფში დაგვემატა McCANN Worldwide ჯგუფის კიდევ ორი სააგენტო − UN Georgia და Momentum Georgia.

გარდა ამისა, განვავითარეთ რამდენიმე ადგილობრივი კომპანია, რომლებიც ამჟამად მომწოდებლების ამპლუაში მუშაობენ. წელს უკვე გავაერ9თიანეთ ყველაფერი და შევქმენით ახალი პორტალი − Advertising.ge სადაც ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით მომხმარებელი იღებს სრულ სარეკლამო და საკომუნიკაციო მომსახურებას ან არჩევს კონკრეტულად იმ საქმიანობის სააგენტოს, რომელიც აინტერესებს და მხოლოდ მას უკავშირდება. როგორც აღვნიშნე, ეს მომსახურება ახლა უკვე რეგიონულია და მწარმოებლებმა, რომლებიც ექსპორტზე მუშაობენ, შეუძლიათ გამოიყენონ.

მეორე ძირითადი მიმართულება გახლავთ Senaauto.ge რომელიც 2006 წლიდან დავიწყეთ და დღეს საავტომობილო ბიზნესში უკვე რამდენიმე ბრენდით ვაგრძელებთ განვითარებას, როგორებიცაა: Honda, JAC Motors, CMC Motors, Subaru, SsangYong, ENOC და Kuba/RKS. აგრეთვე, ეს კომპანია მუშაობს როგორც სააგენტო და შეკვეთებს ასრულებს ნებისმიერ ტრანსპორტზე ან ავტოსერვისის საშუალებებზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წელიწადში დიდი ცვლილებები მოხდა საავტომობილო სფეროშიც. ბევრი მწარმოებელი აღმოჩნდა წარმოების პრობლემების წინაშე. შესაბამისად, ეს ბიზნესი იბრძვის მიმართულებების გადასარჩენად და GAA Holding-ი სრულად ჩართულია მათი სტაბილურობის შენარჩუნებაში.

საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა JAC Motors-ის კომერციული მიმართულება და ახლა უკვე გერმანულ VolksWagen-თან ერთად აწარმოებს სამგზავრო როგორც ბენზინის, ასევე ელექტრომობილების სრულ ხაზს.

აქვე აღვნიშნავ, რომ არ ჩამოვრჩით თანამედროვე ტრენდს და შევქმენით ახალი ბრენდი − Ecodrive.ge რომელიც GAA Holding-ის კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტია და მუშაობს ონლაინმაღაზიის სახითაც. აქ იყიდება Senaauto-ს ბრენდების მიერ მოწოდებული Honda-სა და JAC Motors-ის ელექტროავტომობილები, მზის ენერგიაზე მომუშავე პროდუქცია და მზის პანელები.

GAA Holding-ში 2004 წლიდან ფუნქციონირებს პოპულარული რადიოსადგური STARFM 93,9, 2015 კი დავამატეთ ტელემაუწყებლობა "სტარვიზია" (STV), გავაერთიანეთ Starvision.ge პორტალში და შეიქმნა მულტიმედია-პლატფორმა. ამ პორტალიდან შეგიძლიათ პირდაპირი ტრანსლირების რეჟიმში უყუროთ ნებისმიერ ტელევიზიას, მოუსმინოთ ჩვენს რადიოს და წაიკითხოთ ახალი ამბები. ახლო მომავალში ვგეგმავთ ეს სტარტაპი აპლიკაციად გარდავქმნათ, რაც მას გაცილებით პრაქტიკულსა და ხელმისაწვდომს გახდის ჩვენი ემიგრანტებისთვისაც.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ GAA Holding-ი წარმატებით თანამშრომლობს მთავრობასთან და ბევრი მიმართულების ტენდერებში იღებს მონაწილეობას. არსებობის ისტორიის განმავლობაში განხორციელებულა სხვადასხვა კომპანიის განსხვავებული პროექტები და რეალიზებულა არაერთი საინტერესო ჩანაფიქრი.

ახალი 2023 წლიდან გადაწყდა და ჩამოყალიბდა შესყიდვებისა და გადაზიდვების კომპანია − Gaatrading.org რომელიც გააერთიანებს GAA Holding-ში არსებულ სავაჭრო და ლოგისტიკის მიმართულებებს, აგრეთვე მივიღებთ გლობალურ შეკვეთებს. აქ მთავარი განსხვავება არის ის, რომ ჩვენს კლიენტებს მოვუძებნით, ვუყიდით და გადმოვუზიდავთ პროდუქციას არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება გვაქვს და ვგეგმავთ ლოგისტიკური ცენტრის გახსნას, ისევე, როგორც მსოფლიო მასშტაბით წარმომადგენლების დანიშვნას. წარმომადგენლობები უკვე გვაქვს დუბაის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, სადაც 10 წელზე მეტია ვმუშაობთ, ასევე: ჩინეთში, ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ბრაზილიაში, ტაივანში, იაპონიასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

როგორ ახერხებს არსებობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ორგანიზაცია გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნას და როგორ აისახა ეს ჰოლდინგის კორპორაციულ კულტურაზე?
ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე სერიოზული კრიზისი გამოიარა − როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური. მათ შორის, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბაზარზე და წელს, პრაქტიკულად თავიდან ვიწყებთ ყველაფერს. თუმცა კრიზისებს თავისი დადებითი მხარეც აქვს: შეიძლება ითქვას, რომ ახლა უკვე გაციფრულებულები, სრულიად განსხვავებულად მოაზროვნეები და უფრო თავისუფლები ვაგრძელებთ ჩვენი პროექტების განხორციელებას და ბრენდების განვითარებას.

GAA Holding-ის სტრუქტურა გადაეწყო თანამედროვე, ციფრულ მოთხოვნებზე და ჩამოყალიბდა ახლებური იერსახით. ტრადიციული, მოძველებული სტრუქტურისგან განსხვავებით, როდესაც მხოლოდ ოთხი ქვეყნის ბაზრით შემოვიფარგლებოდით, ახლა თითქოს წაიშალა საზღვრები და დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილისთვის გახსნილი ვართ; შეგვიძლია შევასრულოთ ან მივიღოთ მომსახურება მსოფლიო მასშტაბით.

მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ორიენტირებული ვიყავით ახალგაზრდების მოზიდვაზე, მიმდინარე წლიდან ეს პროცესი გაცილებით აქტიურ ხასიათს შეიძენს. მოგეხსენებათ, დღეს ბაზარზე საკმაოდ მწვავედ დგას კადრების მოძიების პრობლემა ნებისმიერი მიმართულებით. სწორედ ამიტომ, გვსურს რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დავაინტერესოთ და გამოვცადოთ მათი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში.

ამჟამად, ჰოლდინგში 250-მდე ადამიანი მუშაობს და ვფიქრობ, გაცილებით მეტი ვიქნებით, თუ ამის შესაძლებლობას მიმდინარე პროექტების ზრდა მოგვცემს. გვაქვს საუკეთესო, შორს მიმავალი გეგმები მომავალშიც.

რა არის მთავარი ცოდნა და უნარები, რომლებიც 30-წლიანმა დამოუკიდებელმა საქმიანობამ შეგძინათ და თქვენს მრავალწლიან ანტრეპრენერულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორც შეაფასებდით ადგილობრივ ბაზარს?
30-წლიანმა გამოცდილებამ და მსოფლიოს საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობამ ბევრი რამ გვასწავლა და შეგვძინა ისეთი პროფესიული უნარები, რომლებიც დღეს ბაზარზე ბევრს არ გააჩნია. ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ეს ცოდნა როგორც სახელმწიფოსთან მუშაობისას, ასევე, ლოკალური ბიზნესის განვითარებისათვის.

საქართველოს ბაზარი ცალკე არ არსებობს, ის ვითარდებოდა ისევე, როგორც რეგიონი და ყველა განვითარებადი ბაზარი. რა თქმა უნდა, ყველაფერი წინ მიდის, თუმცა მეორე საკითხია რამდენად სწრაფად და დინამიკურად ხდება ეს ყოველივე, რა მაკროეკონომიკური მრუდეებია და როგორ იცვლება ბაზარი ყოველ წელს.

მიუხედავად ამისა, გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა გავუსწროთ მოვლენებს, რათა ვიყოთ პირველები და დავნერგოთ თანამედროვე, ინოვაციური მიდგომები ყველა ჩვენთვის საინტერესო პროექტის მიმართულებით. თუმცა ხანდახან აღმოჩნდება, რომ ნაადრევი იყო ესა თუ ის პროექტი ქვეყნისათვის, აქაური ბაზრისათვის, და ცოტა ხნით გადადება გვიხდება ხოლმე. მოგეხსენებათ, ვინც არ მუშაობს, შეცდომებსაც არ უშვებს.

ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი მიღწევა ის გახლავთ, რომ საქართველოში სტაბილურად კარგი სარეკლამო ბაზარი არსებობს. სხვა საკითხია, ეს ბაზარი დროდადრო ნაწილობრივ მონოპოლიზებულიც რომ აღმოჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ ჩვენ ყველაფერი წყნარად გადავლახეთ. სრული მონოპოლია ამ სისტემაში პრაქტიკულად შეუძლებელია.

მინდა გავამახვილო ყურადღება კიდევ ერთ საკითხზე − საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის საჭიროა, მათ შეძლონ თავიანთი პროდუქციის სწრაფი გაყიდვა და ბრუნვების გაზრდა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მეთოდია "გაყიდვების სტიმულირების კამპანიების ჩატარება", რაც დღეს მეტწილად გაჩერებულია. სასწრაფოდ შესაცვლელია საკანონმდებლო ბაზა, რათა გაადვილდეს ასეთი ღონისძიებებისა და "სეილს პრომოუშენების" ჩატარება. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესებში.

დაბოლოს, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს/ტოპ-მენეჯერებს?
ახალგაზრდა ანტრეპრენერებს/მენეჯერებს ვურჩევდი, დროულად გადაწყვიტონ რა საქმეში უნდა გახდნენ პროფესიონალები, ნუ იცვლიან პროფესიებს და კომპანიებს ხშირად. საბოლოოდ, ეს კარგ შედეგს არ იძლევა. ისწავლონ არჩეული მიმართულება აქ თუ საზღვარგარეთ და აუცილებლად დაბრუნდნენ სამშობლოში. კადრების დეფიციტის პირობებში, ისინი ჩვენ, ყველას, და რაც მთავარია, საქმეს ძალიან სჭირდება.

სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ განვითარდება ისე, როგორც მაგალითად ევროპა და დასავლეთის სხვა ქვეყნებია, სადაც ასე ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. აგრეთვე, მათ ვურჩევ, შეეცადონ და მაქსიმალურად დაბრუნდნენ, აითვისონ საქართველოს ბიზნესის შესაძლებლობები და ანტრეპრენერული ჩანაფიქრები აქ − ქართულ ბაზარზე განახორციელონ.

gaaholding.com | senaauto.ge | starvision.ge | advertising.ge | ecodrive.ge