კავკასიის უნივერსიტეტი - ნოვატორობისა და უწყვეტი განვითარების 25 წელი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების არსებობის ათასწლოვანი ისტორიული გამოცდილება არსებობს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შუა საუკუნეებიდან ფუნქციონირებდა რეგიონში დიდი ავტორიტეტის მქონე აკადემიები, ინსტიტუციურ, თანამედროვე სახის უნივერსიტეტებს მხოლოდ გასული საუკუნის დასაწყისიდან ჩაეყარა საფუძველი. ისტორიული ქარტეხილების გამო, განათლების სფეროში კერძო ინიციატივების დანერგვა და ჯანსაღი კონკურენციის გაღვივება კი, საქართველოს სსრკ-იდან გამოსვლის პერიოდიდან იღებს სათავეს და სწორედ ამ დროიდან მოყოლებული, ქართული უნივერსიტეტები ნელ-ნელა საერთაშორისო საგანმანათლებლო ინსტიტუტების რადარებზე გამოჩნდნენ, რასაც განათლების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება და შრომით ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების გაჩენა მოჰყვა.
სწორედ ამ პროცესების სათავესთან იდგა ქართული რეალობისთვის გამორჩეული გამოცდილების მქონე კავკასიის უნივერსიტეტი, რომლისთვისაც მიმდინარე წელი საიუბილეოა − "კავკასიის უნივერსიტეტი" 25 წლის გახდა.
ეს მართლაც გამოწვევებითა და გამარჯვებებით აღსავსე 25-წლიანი თავგადასავალი 1998 წელს იწყება, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) და დაინერგა პირველი დასავლური ბიზნესგანათლება საქართველოში. საქმიანობის დაწყებიდან მალევე ამოქმედდა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. 2004 წელს კი ბიზნესის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − კავკასიის უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულებზე, იმთავითვე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო შრომით ბაზარზე, ვინაიდან უმაღლესი ხარისხის განათლება და ინოვაციური სწავლების მიდგომა აყალიბებდა პროფესიონალებს, რომელთაც ნებისმიერ სფეროსა და ინდუსტრიაში საკუთარი სიტყვა ეთქმოდათ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კულტურა CSB-მ თავის შთამომავალსაც უანდერძა და დღეს, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 98%, ხოლო სტუდენტების 80% დასაქმებულია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, ასევე, საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, საქართველოსა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საგანმანათლებლო ბაზარზე დაფუძნების დღიდან, კავკასიის უნივერსიტეტი მუდმივად სიახლეებისა და პროგრესული ნაბიჯების ავანგარდშია. ამას მოწმობს ისიც, რომ კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოში ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელსაც საბაკალავრო საფეხურზე სამწლიანი ერთობლივი პროგრამები აქვს შემდეგი მიმართულებებით: ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად (საფრანგეთი), კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად (აშშ) და მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად (აშშ).
2004 წლიდან მოყოლებული, როდესაც კავკასიის ბიზნესის სკოლა კავკასიის უნივერსიტეტად ტრანსფორმირდა და მულტიდისციპლინურ სასწავლო ინსტიტუციად იქცა, სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის და განათლების პროგრამები. ხოლო სულ ახლახან, 2022 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტს მეთერთმეტე − კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა (CSA) დაემატა, რომლის არქიტექტურის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასოციაციის − RIBA-ს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ასევე აღსანიშნავია ტურიზმის სკოლის საბაკალავრო პროგრამა, რომელმაცTed Qual-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ვადა 3 წლით გაიხანგრძლივა.
მოგეხსენებათ, ნებისმიერი წარმატებული ინსტიტუციის უკან დგანან ადამიანები, თავიანთი პროფესიონალიზმითა და ხედვებით, რომლებიც გამოწვევებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ცდილობენ დასახული მიზნები ბოლომდე მიიყვანონ, შემოიკრიბონ თანამოაზრეები და ერთობლივი ძალისხმევით, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელონ. სწორედ ასეთი ადამიანი − კახა შენგელია უდგას სათავეში კავკასიის უნივერსიტეტის აღორძინების საქმეს, რომელსაც საგანმანათლებლო სივრცეში ამ გამორჩეული მოთამაშის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
Entrepreneur-ს სურს შემოგთავაზოთ ინტერვიუ კახა შენგელიასთან − უდიდესი გამოცდილების მქონე განმანათლებელთან, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის დასაბამიდან დღემდე განვლილ გზაზე, განხორციელებულ პროექტებზე, გამოწვევებზე თუ შესაძლებლობებზე და რაც მთავარია, CU-ს სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე გვესაუბრა.
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია 1998 წლიდან − კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნიდან იღებს სათავეს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე საგანმანათლებლო ინსტიტუტად აქცევს საქართველოში. სადამდე მოვიდა უნივერსიტეტი 25-წლიანი "მოგზაურობის" შემდეგ? როგორია დღეს კავკასიის უნივერსიტეტის პოზიციონირება?
25 წელი საუკუნის ერთი მეოთხედია, რომელმაც ზღვა გამოცდილება და გამოწვევებით სავსე თავგადასავლები გვაჩუქა, დაგვანახა ახალი საჭიროებები და გზები მათი გადაწყვეტისთვის. ამ "მოგზაურობის" პროცესში კავკასიის უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა ქართული საგანმანათლებლო სივრცის ნოვატორად, ეგრეთ წოდებულ პიონერად, რომელსაც არათუ არ ეშინია გამოწვევების, არამედ სიხარულით ეჭიდება მათ და მუდმივად ნერგავს ისეთ სიახლეებს, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება სხვას შეუძლებლადაც კი მოეჩვენოს.
ახსენეთ, რომ კავკასიის ბიზნესის სკოლით დაიწყო CU-ის ისტორია და მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენი უნივერსიტეტი არა ერთს, არამედ 11 სკოლას აერთიანებს და სწავლის მსურველებს დისციპლინების ფართო სპექტრს სთავაზობს, რაც იმის ნიშანია, რომ მუდმივად ვიზრდებით, არ ვწყვეტთ განვითარებას და წლიდან წლამდე ჩვენი მისაღწევი მიზნების თამასა მუდმივად იზრდება.
გადავინაცვლოთ დროში უკან და დავიწყოთ 1998 წლით. რა იყო ის მთავარი ღირებულებები, ფასეულობები და მისია, რომლებსაც ეფუძნებოდა კავკასიის ბიზნესის სკოლა და როგორ აისახება ყოველივე ეს კავკასიის უნივერსიტეტის დღევანდელ მოცემულობაში?
თავდაპირველი ღირებულებები, მისია თუ ხედვა, რომლებსაც კავკასიის ბიზნესის სკოლა ეფუძნებოდა, დღეს უკვე კავკასიის უნივერსიტეტის საძირკველია და რა თქმა უნდა, რომ დღესაც მოგვყვება ეს ყველაფერი და ერთმანეთთან კავშირშია, ვხელმძღვანელობთ ამ ღირებულებებით, ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად ლავირებას ვუკეთებთ მათ და ვარგებთ თანამედროვე გამოწვევებს.
ჩვენი უნივერსიტეტის მისია კვლევებზე ორიენტირებული სწავლებისა და სწავლის დანერგვით ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების ერთგული სპეციალისტების მომზადებაა. აქედან გამომდინარეობს სწორედ ჩვენი ღირებულებებიც, გვქონდეს ნოვატორული სულისკვეთება, ვიყოთ ღია მრავალფეროვნებისთვის, პატივი ვცეთ მათ, ვისი თვალსაზრისი, ღირებულებები, წარმოდგენები, ტრადიციები და მსოფლმხედველობა განსხვავებულია. რადგან მხოლოდ განსხვავებული გამოცდილების, ისტორიისა და თვალსაზრისის მქონე ადამიანებთან ურთიერთობით არის შესაძლებელი თანამედროვე სამყაროს შესახებ თვალსაწიერის გაფართოება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ვიყოთ თავისუფლები, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო საზოგადოებასთან სიახლოვეზე. კავკასიის უნივერსიტეტის დევიზიც ხომ ესაა: Studium Pretium Libertatis – "ცოდნა თავისუფლების საწინდარია".
CU შეიძლება ითქვას გამორჩეულად ნოვატორი მოთამაშეა საგანმანათლებლო სივრცეში თავისი მიდგომებით, პროგრამებით თუ ხარისხით. ვინ/რა აყალიბებს უნივერსიტეტის ამგვარ იმიჯს?
მჯერა, რომ უნივერსიტეტს და მის იმიჯს, უპირველესად ის სოციუმი აყალიბებს, რომელიც CU-ის ნაწილია − იქნებიან ეს ჩვენი კურსდამთავრებულები, სტუდენტები, აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით ამ ბრენდს! ხშირად კავკასიის უნივერსიტეტზე საუბრისას, ვამბობ, რომ ის ჩვენია და არა კონკრეტულად ჩემი ან ვინმე სხვის, რადგან თითოეული ადამიანის ძალისხმევა, შრომა, ენერგია თუ ნებისმიერი სახის რესურსი არის ის, რამაც 25 წელი "გვამოგზაურა" და მოგვცა საშუალება, ვიყოთ იქ, სადაც დღეს ვართ.
კავკასიის უნივერსიტეტმა საქართველოს უამრავი წარმატებული და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი აჩუქა, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ კერძო თუ საჯარო სექტორის კომპანიებში − იქნება ეს ქართული თუ საერთაშორისო დონის, და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. მე ვამაყობ თითოეული ჩემი კურსდამთავრებულით და მჯერა, რომ მათი წარმატება კავკასიის უნივერსიტეტისთვის შემატებული კიდევ ერთი აგურია, რომელიც CU-ს გაცილებით მეტ მოტივაციას სძენს, რათა საუკეთესოები ვიყოთ.
CU არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და ასევე, ყოველდღიურად იზრდება მისი პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვი. ვისაუბროთ უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირებზე. რას აძლევს ასეთი კონტაქტები საგანმანათლებლო დაწესებულებას და როგორია სამომავლო ვექტორი ამ კუთხით?
კავკასიის უნივერსიტეტის ძირითადი სამი სტრატეგიული მიმართულებიდან ერთ-ერთი, სწორედ ინტერნაციონალიზაციაა. მის სტრატეგიულ მიზნად იდენტიფიცირება კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიის ლოგიკური გაგრძელებაა. უნივერსიტეტის ისტორია 1998 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებითა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ატლანტა, აშშ) თანამშრომლობით იწყება. ეს იყო ის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლითაც დასავლური ცოდნის, სასწავლო პროცესისადმი მიდგომებისა და სტანდარტების საქართველოში დამკვიდრება დავიწყეთ და ამ ხაზს დღემდე მივყვებით.
დღეს უკვე, 54 ქვეყნის 200-მდე უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ, CU ათეულობით საერთაშორისო ასოციაციისა და ორგანიზაციის წევრია. ვიყავი უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტი, ამჯერად კი მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ვიკავებ ამავე ასოციაციაში – ამ გზით უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი საერთაშორისო პარტნიორი შეიძინა და ჩვენი ცნობადობაც უმჯობესდება უმაღლესი განათლების გლობალურ სივრცეში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მაძიებლებში ცნობადობის გასაზრდელად და ნდობის მოსაპოვებლად, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ნდობა გარკვეულწილად უკვე მოვიპოვეთ.
საერთო ჯამში, ჩვენი ხედვა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ყოვლისმომცველი და გრძელვადიანია, რომელიც დიდ შრომას, ძალისხმევას მოითხოვს, რომელსაც, ვფიქრობ, კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი წარმატებით უმკლავდება.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმ სიახლეებს, ერთობლივ 3-წლიან პროგრამებს, რომლებსაც საბაკალავრო საფეხურზე ახორციელებთ. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ სტუდენტი ბაკალავრის საფეხურს ამთავრებს 3 წელიწადში და იღებს როგორც ქართული, ასევე უცხოური უნივერსიტეტის დიპლომებს ერთდროულად. რას გვეტყვით ამ პროგრამებზე? როდის ან როგორ ჩაისახა მათი შექმნის იდეა და რა სახის სიახლეებს სთავაზობს ეს პროგრამები სტუდენტებს?
სწორად ახსენეთ − ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. კავკასიის უნივერსიტეტი არის ერთადერთი, რომელმაც ერთობლივი 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამები შეიმუშავა და სწორედ ეს იყო ჩვენი იდეაც, რომ შემოგვეტანა და დაგვემკვიდრებინა ისეთი სიახლე, რომელიც ჯერ არავის დაუნერგავს საქართველოში. თანაც, სპეციალურად შევარჩიეთ მიმართულებები, რომლებიც დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი. ესენია: ბიზნესის ადმინისტრირება რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად (საფრანგეთი); კიბერუსაფრთხოება ნიუ ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად (აშშ) და მასპინძლობის მენეჯმენტი ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად (აშშ).
ამ პროგრამების უნიკალურობა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ სტუდენტი 3 წელი სწავლობს საბაკალავრო პროგრამაზე, უნიკალურია იმ მხრივაც, რომ სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს ორი უნივერსიტეტის დიპლომს, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის, ასევე იმ პარტნიორი უნივერსიტეტისა, რომელთან ერთადაც ვახორციელებთ პროგრამას. ფაქტობრივად, "ერთი გასროლით ორ კურდღელს იჭერს". გარდა ამისა, სტუდენტები პირველ ორ წელს CU-ში ისწავლიან, ხოლო ბოლო წელს სწავლას გააგრძელებენ პარტნიორ უნივერსიტეტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს პროგრამები მათთვის, ვისაც სურთ უცხოურ უნივერსიტეტში განათლების მიღება, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებენ საბაკალავრო საფეხურზე საზღვარგარეთ სწავლას. მოგეხსენებათ, უცხოეთში წასვლა, ცხოვრება, უცხო კულტურასა და გარემოში სწავლა ბევრ სირთულესთან ასოცირდება, განსაკუთრებით ასეთ პატარა ასაკში. ეს დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობების, სიახლეებთან შეჯახების მთელი პროცესია. აღნიშნული პროგრამები კი იძლევა ლავირების საშუალებას, რათა დაიწყო საქართველოში და გააგრძელო უცხოეთში.
მიუხედავად იმისა, რომ CU-ს გზა ბიზნესის სკოლის წარმატებით იწყება, დღეს უნივერსიტეტი არაერთ სკოლას, პროგრამას, პროექტს აერთიანებს და სწავლის მსურველებს დისციპლინების ფართო სპექტრს სთავაზობს. ვისაუბროთ თითოეული მათგანის მნიშვნელობაზე, რომელმაც ერთი ბრენდის ქვეშ ამდენი მიმართულების გაერთიანება განაპირობა.
კავკასიის უნივერსიტეტი არ არის ორიენტირებული მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე, რადგან მოთხოვნა სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის მიმართულებით დიდია. და თუ უნივერსიტეტს აქვს იმის სურვილი, რესურსი და შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა მიმართულებით დანერგოს სიახლეები და შექმნას ახალი პროგრამები, რატომაც არა. ჩვენ ამ გამოწვევას ვიღებთ და წარმატებითაც ვუმკლავდებით. სწორედ ამიტომ, ვაერთიანებთ დღეს 11 სკოლას და 51 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას. საგანმანათლებლო სივრცეში არსებულმა მოთხოვნამ გარკვეულ პროგრამებზე განაპირობა ჩვენი მრავალფეროვნება.
მაგალითად, ციფრული ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც TH Wildau-ის უნივერსიტეტთან (გერმანია) ერთად ვახორციელებთ და რომელზეც პირველი მიღება უკვე გვაქვს. ეს არის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პროფესია, საქართველო კი თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით ხელსაყრელი ლოგისტიკური ქვეყანაა და ამ დროს რა ხდება ბაზარზე? არ არსებობს იმდენი პროფესიონალი კადრი, რამდენი მოთხოვნაცაა და მერწმუნეთ, მოთხოვნა საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე მივხვდით, რომ საჭირო იყო ამ მიმართულებით ჩვენი გააქტიურება და შესაბამისი პროგრამის შექმნა, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებზე იქნებოდა მორგებული. თითოეული პროექტი თუ პროგრამა სტარტს ასე იღებს, ყოველ შემთხვევაში, კავკასიის უნივერსიტეტში ასეა.
როგორც აღნიშნეთ, IAUP-ის პრეზიდენტი ბრძანდებოდით, ხოლო ამჟამად, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე. ორიოდ სიტყვით გვიამბეთ ამ პოზიციისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. რას ნიშნავს თქვენთვის ამ დონის თანამდებობის დაკავება?
ჩემთვის ეს იყო და არის ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება და დაფასება ჩემს ცხოვრებაში, რაც კი ქართველ განმანათლებელს ოდესმე მიუღია. უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტობა, შემდეგ კი ამ ასოციაციის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეობა არის გამორჩეული თანამდებობა, რომელიც არასდროს დაუკავებია აღმოსავლეთ ევროპელს და მე ვიყავი პირველი, ვინც IAUP-ის პრეზიდენტი გახდა. 900 უნივერსიტეტის რექტორების რექტორი გახლდით 4 წლის განმავლობაში. არ ვიცი, განმანათლებელმა ადამიანმა მეტი რა უნდა ისურვოს თავის საქმიანობაში.
უშუალოდ CU-ს რომ მოვუბრუნდეთ, კავკასიის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კამპუსი ისტორიული შენობაა და საუკუნეზე მეტს ითვლის. რა შეგვიძლია ვთქვათ ინფრასტრუქტურის ნაწილზე? რამდენადაა უნივერსიტეტი ადაპტირებული თანამედროვე სწავლების საჭიროებებთან და რა სახის რესურსებთან აქვთ წვდომა სტუდენტებს? უნივერსიტეტის წარმატების საიდუმლო უამრავ კომპონენტს მოიცავს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო კამპუსია. სტუდენტები დროის უმეტეს ნაწილს უნივერსიტეტის შენობაში ატარებენ, სადაც ლექციებს ესწრებიან, ბიბლიოთეკაში მეცადინეობენ, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მონაწილეობენ და ა.შ. სწორედ ეს ხდის სტუდენტობის წლებს განსაკუთრებულს. ვფიქრობ, ჩვენი კამპუსი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში საუკეთესოა. CU-ში სტუდენტებისთვის მოწყობილია როგორც უნარ-ჩვევების ლაბორატორიები, ასევე სხვადასხვა ინტერაქციული და მოსასვენებელი სივრცე.
რაც შეეხება უშუალოდ უნივერსიტეტის შენობას, ნამდვილად ისტორიულია და თავდაპირველად ნერსესიანთა სემინარია იყო, რომლის ისტორიას მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევრამდე მივყავართ. პირველად რომ ვნახე ეს შენობა, აღფრთოვანებული დავრჩი. მაშინ ამერიკელები იყვნენ დაინტერესებულნი მისი შესყიდვით და დასათვალიერებლად ერთად მივედით. აღმოჩნდა, რომ ამერიკელებისთვის ზედმეტად დიდი შენობა იყო. მას შემდეგ მუდამ იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს ადგილი უნივერსიტეტის კამპუსისთვის იდეალური იქნებოდა და ასეც მოხდა.
შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნება, რესტავრაცია და მისი თანამედროვეობასთან სინთეზი, ერთ-ერთი დიდი მიზანი იყო. მსურდა შენობისთვის წარსული იერსახე შემენარჩუნებინა და კიდევ უფრო მიმზიდველი გამეხადა. მით უმეტეს, რომ შენობის გარეგნული მდგომარეობა მძიმე გახლდათ, ფაქტობრივად ყველაფერი შესაცვლელი და გასამაგრებელი იყო.
მინდა აღვნიშნო, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიული შენობის პროექტმა პირველად, "არქიტექტურული პრემიის" ისტორიაში, ნომინაციაში "რესტავრაცია-რეკონსტრუქცია" − გაიმარჯვა, რაც ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ ჩემი მიზანი შესრულდა.
განსაკუთრებით საამაყოა ჩემთვის ფაქტი, რომ აღნიშნული პროექტის ინტერიერის დიზაინი ჩვენს კურსდამთავრებულ მარიტა ჭანჭალეიშვილს და მის არქიტექტურულ სტუდია "ქომჰაივს" ეკუთვნის.
უნივერსიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით იგეგმება თუ არა რაიმე სახის აქტივობები?
როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, 25 წელი საუკუნის ერთი მეოთხედია და მას ჩვენთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. რა თქმა უნდა, რომ ეს საიუბილეო წელი საზეიმო იქნება მრავალი შემეცნებითი, ინტერაქციული და გასართობი აქტივობებით, რომელშიც ჩართული იქნებიან ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ასევე, პარტნიორი ორგანიზაციები თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. კონკრეტულად რა სახის აქტივობები და ღონისძიებები იგეგმება, ამას წინასწარ ვერ გაგიმხელთ. სიურპრიზად დავტოვოთ დეტალები.
ვფიქრობ, კავკასიის უნივერსიტეტი ცნობილია იმ აქტივობებით, რომლებსაც წლის განმავლობაში ჩვენი სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის, ვახორციელებთ ხოლმე − იქნება ეს სტუდენტური წვეულება, დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი, 26 მაისი − CU თავისუფლებისთვის თუ სხვა. აქედან გამომდინარე, წლევანდელი გეგმები კიდევ უფრო გრანდიოზულია − უკვე 25 წლის ვართ. დაგველოდეთ, წინ დიდებული ამბები გველოდება CU-ში.
რა მიმართულებით ვითარდება კავკასიის უნივერსიტეტი? როგორია უახლოესი სამომავლო გეგმები?
განვითარებას, რა თქმა უნდა, არ ვწყვეტთ. გვაქვს უამრავი პროექტი და გეგმა, რომლებზე მუშაობაც უკვე დავიწყეთ და მალე ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ. ამ გეგმებშია საუნივერსიტეტო კამპუსი ბათუმში, რომელიც მალე გაიხსნება და არაჩვეულებრივი ამბები გველის. უნივერსიტეტში, ასევე, იქნება საზღვაო სკოლა, კულინარიის აკადემია და სტუდენტური საცხოვრებელი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იქნება მხოლოდ საუნივერსიტეტო კამპუსი, მასთან ერთად შენდება სკოლაც, რომელიც პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მიიღებს მოსწავლეებს.
მეორე პროექტი არის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, რომელსაც თბილისში ვაშენებთ და რომელსაც ექნება თავისი საერთო საცხოვრებელი, ასევე, დამატებითი სასწავლო კამპუსი.
მესამე პროექტი არის გურჯაანში, კავკასიის გასტრონომიის აკადემია, რომელსაც ბასკეთის კულინარიულ ცენტრთან თანამშრომლობით ვახორციელებთ და რომელიც კულინარიით დაინტერესებულ ადამიანებს მისცემს საშუალებას, შეისწავლონ მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან გასტრონომიის სფერო.
ეს მცირედი ნაწილია იმ დიდი მიზნებისა, რომელიც ჩვენ დავისახეთ და დარწმუნებული ვარ, თითოეული პროექტი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორსაც მოვიაზრებთ.
დასკვნისათვის, რას ურჩევდით აბიტურიენტებს, რომლებიც სულ მალე სტუდენტები გახდებიან და რას ურჩევდით სტუდენტებს, რომლებიც კარიერულ/პროფესიულ გზაზე თავიანთ პირველ ნაბიჯებს დგამენ? უპირველეს ყოვლისა, მათ ვეტყოდი, რომ "ცოდნა თავისუფლების საწინდარია". ამიტომ, ბევრი იშრომეთ, დაისახეთ მიზანი, რადგან მიზნის გარეშე რთულია გზის პოვნა. მარცხის შიშმა არ მოგცეთ საშუალება, რომ თქვენს წარმატებაზე უარი თქვათ. დიდებულ გზაზე ბევრჯერ დაეცემით, მაგრამ ამან მხოლოდ და მხოლოდ მოტივაცია უნდა მოგცეთ. აბიტურიენტებსაც, ჩემს სტუდენტებსაც და კურსდამთავრებულებსაც უამრავ წარმატებას ვუსურვებ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.