Get All Access for $5/mo

ტანსაცმლისა და მოდის ინდუსტრიაში წარმოდგენილი ქართული ბრენდების გაციფრულების მხარდაჭერა პროექტისაგან - "კლასტერები განვითარებისათვის"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად და პროდუქტის მიზნობრივ აუდიტორიამდე მისატანად, გაციფრულების, ე.წ. "დიგიტალიზაციის" პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისათვის. პანდემიურ პერიოდში შეცვლილმა სამომხმარებლო ქცევამ კომპანიებს თავიანთი ციფრული არხების კიდევ უფრო აქტიური განვითარებისაკენ უბიძგა, რამაც ელ.კომერციის მნიშვნელობა სრულიად ახლებურად დაანახა კერძო სექტორს.

სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი "კლასტერები განვითარებისათვის", რომელიც GIZ-ის მიერ ხორციელდება, გასული 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) წევრებისათვის გაციფრულების მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. პროექტის ფარგლებში კლასტერის წევრი 10 ბრენდისათვის შეიქმნა სრულფასოვანი ვებგვერდები, ციფრული კატალოგებითა და ელ.კომერციის გამართული ფუნქციონალით.

ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდის პერსპექტივის გარდა, ვებგვერდების არსებობას სრულიად ახალ ეტაპზე აჰყავს ქართული მოდის ინდუსტრიის წარმომადგენელთა ბიზნესსაქმიანობა, რომელთა საერთაშორისო ბაზარზე გასვლისა და თავის დამკვიდრების შანსი კიდევ უფრო იზრდება. გარდა ამისა, აღსანიშნავია GIZ-ისა და GAFA-ს აქტიური ჩართულობა ბრენდებისათვის ფოტოგადაღებებისა და შიდა პროცესების ავტომატიზაციის ნაწილში ტრენინგების ორგანიზების კუთხითაც, რაც ქართველ დიზაინერებს თავიანთი სამეწარმეო უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.

Entrepreneur გაციფრულების პროექტის შესახებ GAFA-ს კლასტერის მენეჯერს, ქეთი მეფარიშვილს ესაუბრა, რომელმაც მიმდინარე პროცესების მნიშვნელობაზე ბევრი საინტერესო დეტალი გაგვიზიარა.

"პანდემიამ ნათლად აჩვენა ის გამოწვევები, რომლის წინაშე ტანსაცმლისა და მოდის ინდუსტრია აღმოჩნდა. უპირველესი პრობლემა იყო ის, რომ ბრენდები არ გახლდათ წარმოდგენილი ონლაინარხებში. ჩვენ დავინახეთ მოთხოვნა ამ მიმართულებით და გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ასოციაციის წევრებს ონლაინსივრცეში პოზიციონირებაში. ჩვენი ძირითადი ფოკუსი ქართული ბრენდების საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის გამართული ელექტრონული კომერციის პლატფორმების შექმნა. სწორედ GIZ-ის მხარდაჭერით დავაფინანსეთ 10 ბრენდი, რომელთათვისაც შეიქმნა გამართული ელ.კომერციის გვერდები საგადახდო სისტემებით, ლოგისტიკასთან და საბუღალტრო აღრიცხვის სისტემებთან ინტეგრაციით, სრულფასოვანი კატალოგით და ა.შ. პროექტის ფარგლებში შედგა ფოტოგადაღებაც, ხოლო ვებგვერდებზე განსათავსებელი კონტენტი დიზაინერებმა თავად შეარჩიეს. პლატფორმის შექმნაში დაგვეხმარა კომპანია B2C, რომელმაც ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიების ინდივიდუალური მოთხოვნები გაითვალისწინა და ელ.კომერციისათვის აუცილებელ "ფლაგინებს" მოარგო. ზოგიერთი ბრენდისთვის შემუშავდა ახალი ვებგვერდები, ხოლო ზოგიერთისთვის არსებულის მოდიფიკაცია გახდა საჭირო. ამჟამად, ელ.კომერციის პლატფორმებზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და გადავდივართ ტესტირების ეტაპზე, ხოლო გაციფრულების პროცესის ხელშეწყობა წევრი კომპანიისათვის 2023 წლის ივნისამდე გასტანს", − აცხადებს ქეთი მეფარიშვილი.

რაც შეეხება პროექტის შედეგებს, GAFA-ს მენეჯერის თქმით, ბრენდებს უკვე შეუძლიათ პლატფორმების გამოყენება გაყიდვების დამატებით არხებად როგორც ლოკალურ ბაზარზე, ისე საერთაშორისო მასშტაბით. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მისიაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოხდეს ქართული ბრენდების მაქსიმალური ხელშეწყობა საერთაშორისო ბაზრების ათვისების მიმართულებით. ამჟამად, GAFA ევროპისა და აზიის მასშტაბით 8 შოურუმშია წარმოდგენილი, სადაც ასოციაციის წევრი ბრენდები საზოგადოებას აცნობენ თავიანთ ნაწარმს, ცვლიან კონტაქტებს და საქმიან ურთიერთობას აყალიბებენ უცხოელ პოტენციურ შემსყიდველებთან, რაშიც ონლაინარხების არსებობა კრიტიკულ როლს თამაშობს.

როგორც GIZ-ის პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" პროგრამის ექსპერტი სალომე არღვლიანი გვიამბობს, ბიზნესების გაციფრულების პროცესის მხარდაჭერა სექტორებისათვის მათი თავდაპირველი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო. დიგიტალიზაცია კლასტერის წევრი კომპანიებისათვის ორ მიმართულებას აერთიანებს − პირველი, ბიზნესებისათვის ციფრული წარმომადგენლობის გაძლიერებაა, რაც ვებგვერდების, სოციალური მედიამენეჯმენტის და ელ.კომერციის განვითარების ხელშეწყობას მოიცავს, ხოლო მეორე − უშუალოდ სამუშაო პროცესების გაციფრულება და ბიზნესოპტიმიზაციისათვის საჭირო თანამედროვე მიდგომებისა და დანადგარების დანერგვა გახლავთ.

"საწყის ეტაპზე, კლასტერის წევრ კომპანიებთან მათი ციფრული საჭიროებების კვლევა ჩავატარეთ და დავადგინეთ, რომ ბევრ კომპანიას არ ჰქონდა განვითარებული, კარგი ხარისხისა და სტანდარტის პლატფორმები. შემდგომმა ჩაღრმავებულმა კვლევამ შესაძლებლობა მოგვცა შეგვერჩია კომპანიები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ჩვენი მხარდაჭერა და დავიწყეთ პროექტის რეალიზება, რაც მოიცავდა პლატფორმების შემქმნელი სერვისპროვაიდერის იდენტიფიცირებას, მისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას და ა.შ. ეს თანამშრომლობა მოიცავს შემდგომში დამზადებული ვებგვერდების გადაცემას კომპანიებისთვის მუდმივ სარგებლობაში, თუმცა პროვაიდერი სამომავლოდაც განაგრძობს პლატფორმების ტექნიკურ მხარდაჭერას", − აღნიშნავს სალომე არღვლიანი, − "რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინდივიდუალური ტრენინგები, რომლებიც განხორციელდა თითოეული წევრი კომპანიისათვის, რათა მათ თანამშრომლებს დეტალურად ესწავლათ პლატფორმების მართვა. ეს არის ე.წ. სამაგალითო ქმედება იმისათვის, რომ დავადასტუროთ დიგიტალიზაციის აუცილებლობა სექტორში, რომელიც ზრდის გაყიდვებს, ამაღლებს მათ საერთაშორისო ცნობადობას და კლიენტთან ურთიერთობა სხვა საფეხურზე გადაჰყავს. ასეთი გამართული საიტი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მარტივად შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქტი და ეს კომპანიების მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია შემოსავალთან, რეალიზაციის გაზრდასთან. მეორე მხრივ, დიგიტალიზაცია ამ ფორმით ეხმარება კომპანიებს გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე და შეძლონ საერთაშორისო კლიენტებს მიაწვდინონ ხმა, გააცნონ თავიანთი პროდუქცია. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ექსპორტის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ნაწილში. ბრენდებს გადავცემთ ცოდნას, თუ როგორ განახორციელონ ექსპორტი და რა არის საჭირო ამისთვის. ამ ნაწილში აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში", რომელიც ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს".

Entrepreneur-ი GIZ-ის პროექტის "კლასტერები განვითარებისთვის" ბენეფიციარებსაც ესაუბრა, რომლებმაც გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება დიგიტალიზაციის პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით და ბიზნესისათვის ციფრული არხების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ქართული ტანსაცმლის მწარმოებელი სერიული ბრენდი "ანაბეჭდი" და მისი დამფუძნებელი, გიორგი ბარნაბიშვილი გახლავთ. გიორგი აღნიშნავს, რომ გაციფრულების პროექტში მისი ბრენდისათვის მოხდა ელ.კომერციის ვებგვერდის დანერგვა-გამართვა, რაც "ანაბეჭდისათვის" უმნიშვნელოვანესია ბრენდის სამომავლო, ექსპორტთან დაკავშირებული გეგმების ჭრილში.

"ჩვენ გვაქვს ახალი პროექტი, რომელიც 500 ადამიანს დაასაქმებს და მიზნად ისახავს სპეციალურად საექსპორტო პროდუქციის წარმოებას. შესაბამისად, ჩვენ ურთიერთობა გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან, ევროპელ დამკვეთებთან, სხვადასხვა ბრენდთან და მათთან კომუნიკაციის ნაწილში საკმაოდ მნიშვნელოვანია იყოს გამართული ვებსაიტი, სადაც ისინი ციფრულ ფორმატში შეძლებდნენ ეხილათ ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი ბრენდი სთავაზობს. ესაა ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რითაც ჩვენი პოტენციური დამკვეთები ინტერესდებიან. სხვა შემთხვევაში, თუკი ჩვენ მათ დაინტერესებას დისტანციურად ვერ უზრუნველვყოფთ, მათ არ გაუჩნდებათ სურვილი ჩვენთან ვიზიტის და ადგილზე წარმოების გაცნობის. ასე რომ, "ანაბეჭდისთვის" მისი სამომავლო გეგმების განსახორციელებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაციფრულების პროცესი, რაშიც პროექტი და GAFA დაგვეხმარა", − გვიამბობს გიორგი ბარნაბიშვილი.

გიორგის თქმით, ამ ეტაპზე ხელშესახები შედეგების იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია, ვინაიდან პლატფორმა ტესტირების რეჟიმში ფუნქციონირებს, თუმცა სახეზეა სარგებელი, რომელიც ციფრული წარმომადგენლობის გაჩენას საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში მოჰყვა. ამჟამად, "ანაბეჭდი" აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიაში, იტალიაში, ბრიტანეთსა და ისრაელში დაინტერესებულ პოტენციურ კლიენტებთან, რომლებიც კომპანიის დეტალურ შესწავლას ახორციელებენ და ახლო მომავალში წარმოების ადგილზე ნახვასაც გეგმავენ. როგორც "ანაბეჭდის" დამფუძნებელი აღნიშნავს, ბრენდი ძირითად აქცენტს ევროპულ ბაზარზე ამახვილებს, რისთვისაც გამართული ციფრული არხების არსებობა წარმატებული პოზიციონირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

GAFA-ს კიდევ ერთი წევრი, რომელმაც გაციფრულების პროექტში მიიღო მონაწილეობა, ბრენდი Maroma Collection და მისი დამფუძნებელი − მადო რომანაძეა, რომელიც თბილისში კონცეპტუალურ მაღაზიებს ფლობს და ქართველი დიზაინერების ნაშრომებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს აცნობს.

უშუალოდ Maroma Collection ქალის სამოსის ხაზის ბრენდი გახლავთ, რომელიც ევროკავშირისა და "აწარმოე საქართველოში" დახმარებით წარდგენილი იყო პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გამოფენებზე, და საერთაშორისო დამკვეთების დიდი ინტერესიც დაიმსახურა. მიუხედავად დიდი ინტერესისა და გაზრდილი მოთხოვნისა, ბრენდს ამჟამად არ აქვს საკუთარი საწარმოო ფართი და ახლო მომავალში, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სწორედ ამ კუთხით აპირებს განვითარებას.

"გაციფრულება ჩვენთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი თანამედროვე ბრენდისთვის, მნიშვნელოვანი და უმთავრესი პროცესია. ჩვენ გვაქვს არსებული ვებგვერდი საკუთარი კონცეპტუალური მაღაზიებისათვის, თუმცა არ გვქონდა კონკრეტულად Maroma Collection-ის საიტი, რომელიც ახლახან შემუშავდა პროექტის "კლასტერები განვითარებისთვის" მხარდაჭერით და აქტიური ტესტირების პროცესშია. ვფიქრობთ, მიმდინარე წლის მარტიდან სრულფასოვნად დაიტვირთება ვებგვერდი და მოხდება მისი აქტიური პოპულარიზაცია. ციფრულ სამყაროში აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ვინაიდან ერთი მხრივ, ვართ მწარმოებელი, რომელიც ფიზიკურ სივრცეში შოურუმებითაა წარმოდგენილი, თუმცა არ გვქონდა შესაძლებლობა მომხმარებლისთვის მარტივი დისტანციური სერვისი გაგვეწია. ამიერიდან, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ადგილზე ნახოს პროდუქტი, დარწმუნდეს ერთხელ, რომ კარგ პროდუქტს ვაწარმოებთ და შემდეგ ციფრული არხებით შეიძინოს, სწრაფად, მარტივად და კომფორტულად", − ამბობს მადო რომანაძე.

როგორც მადომ გვიამბო, გაციფრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს ბრენდის საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენის კუთხითაც, ვინაიდან მსხვილი დამკვეთები ყოველთვის ითვალისწინებენ ბრენდების ციფრულ არხებს, მათ გამართულობას და ხელმისაწვდომობას. უახლოეს მომავალში, Maroma Collection ტოკიოს ერთ-ერთ გამოფენას ესტუმრება, სადაც დაინტერესებულ პირებს, პროდუქციის გარდა, უკვე საკუთარ ელექტრონულ პლატფორმასაც გააცნობს.

რაც შეეხება მაღალი მოდის წარმომადგენელ ქართულ ბრენდს − "ტატუნა", მან დაარსებიდან მალევე აქტიურად დაიწყო მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენასა თუ შოურუმში და თბილისის მოდის კვირეულში (Mercedes Benz Fashion Week). ბრენდი გამოირჩევა მინიმალიზმით და მისი თითქმის ყველა კოლექცია ამოცნობადია გეომეტრიული ფიგურებითა და მოყვანილობით. "ტატუნა" არაერთი ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი და ასეთი ტიპის ბრენდისათვის ციფრული არხების გამართულობა საერთაშორისო მასშტაბით თავის დამკვიდრების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია.

"ტატუნა" საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების დიდი გამოცდილებით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, გაციფრულება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მისი განვითარებისთვის. ვინაიდან თანამედროვე ბიზნესი მთლიანად დამოკიდებული ხდება ინფორმაციულ სივრცეზე და დღესდღეობით ინფორმაციის მიმოცვლის სივრცე არის ვირტუალური, როგორც ჩვენთვის, ასევე ყველა სხვა ბრენდისთვის აუცილებელია ციფრული წარმომადგენლობის გაფართოება. ჩვენი ბიზნესპრაქტიკიდან გამომდინარე, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმების გამოყენება საგრძნობლად ამცირებს ორგანიზაციულ, დროით და ბიზნესის მთლიან ინფრასტრუქტურულ ხარჯებს", − აცხადებს ეკატერინე ნანავა, "ტატუნას" ბრენდმენეჯერი, − "პროექტისა და GAFA-ს ერთობლივი ხელშეწყობის მეშვეობით კი, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა გავაუმჯობესოთ ბრენდი ექსპორტის მიმართულებით. ჩვენი ვებგვერდი ჯერ კიდევ გამართვის პროცესშია და შედეგებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი წარმატებული და მდგრადი განვითარების საფუძველი იქნება".

აღსანიშნავია, რომ ქართული ტანსაცმლის მწარმოებლებისა და დიზაინერების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდა საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) უმთავრეს მისიას წარმოადგენს. ამისათვის GAFA ეხმარება თავის წევრ კომპანიებს ცოდნის ამაღლებაში, საერთაშორისო მასშტაბით კონტაქტების დამყარებასა და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში. მდგრადი წარმოების, ხარისხის ამაღლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქმიანობის წარმოების ხელშეწყობა მისიის რეალიზების გარანტია. საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია 35 წევრი კომპანიისგან შედგება, ესენია: ტექსტილის მწარმოებლები, მოდის დიზაინერები, ტანსაცმლის ფაბრიკები და ატელიეები.

ცნობისათვის, "კლასტერების განვითარებისათვის" მიზნად ისახავს საქართველოში ბიზნესკლასტერების შექმნის გზით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ოთხი კლასტერი: GAFA − საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია, GCMC − სამშენებლო მასალების კლასტერი და ტურიზმის ორი კლასტერი კახეთსა და იმერეთში, ხოლო ოთხივე კლასტერი ჯამურად 105 მცირე და საშუალო მეწარმეს აერთიანებს.

კლასტერები საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ ბიზნესგაერთიანებას წარმოადგენს. ბიზნესკლასტერების მუშაობის მეთოდი უკვე არის დანერგილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის არსებობს კლასტერის წარმატების ქეისები ევროპის ბაზარზე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia