"23 წელი, სამი სკოლა სამ ქალაქში, ერთი ქალი – პროგრესის სკოლა Kotler Impact-ის მარკეტინგის სახელმძღვანელოში"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
განათლების სფეროში, სადაც მუდმივად მიმდინარეობს ცვლილებები და ინერგება ინოვაციები, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ისტორიებს, რომლებიც ეროვნული ხედვიდან გლობალურ წარმატებამდე მიდიან. ასეთი ისტორიის ავტორია ნინა ჩიკვაშვილი – "პროგრესის" ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის შემქმნელი.
23 წლის წინ, როდესაც მან სრულიად ახალი ტიპის სკოლის შექმნა გადაწყვიტა, ეს ნაბიჯი მხოლოდ ბიზნესგადაწყვეტილება არ ყოფილა – ეს იყო მისია: დაეარსებინა სკოლა, რომელიც გააერთიანებდა საერთაშორისო სტანდარტებს, ქართულ საგანმანათლებლო პროგრამასა და კულტურაზე მორგებულ მიდგომებს.
დღეს "პროგრესი" არის არა მხოლოდ სკოლა, არამედ ძლიერი საგანმანათლებლო ბრენდი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. ნინას მიერ შექმნილმა მოდელმა და მიდგომებმა ადგილი დაიმკვიდრა დოქტორ ფილიპ კოტლერის წიგნში "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ ქართულ გამოცემაში – რაც უდიდესი აღიარებაა ბიზნესისა და განათლების სფეროსთვის.
Kotler Impact - ეს არის კომპანია, რომელიც ეკუთვნის თანამედროვე მარკეტინგის მამად აღიარებულ დოქტორ ფილიპ კოტლერს. მისი მისიაა გლობალური გარემოს გაუმჯობესება და ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობა განათლების, ტრენინგებისა და ჰოლისტური მიდგომების საშუალებით.
"თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები" ფილიპ კოტლერის მიერ გამოცემული მონუმენტური სახელმძღვანელოა, რომლის პირველი ქართული გამოცემა ეფუძნება ადგილობრივი კომპანიების წარმატებულ გამოცდილებებს. პროექტი ხორციელდება AWE კონსალტინგის (Kotler Impact-ის ოფიციალური წარმომადგენელი რეგიონში) ხელშეწყობით და წამყვან ბიზნესლიტერატურის გამომცემლობა "ლურჯ ოკეანესთან" პარტნიორობით.
ეს გლობალური პროექტი მოიცავს სახელმძღვანელოს ლოკალურ გამოცემებს 50-მდე ქვეყანაში. სხვადასხვა ეროვნული გამოცემები მოიცავს ისეთი მსხვილი კომპანიების ქეისებს, როგორებიცაა: Danone, Meta, Oracle, Lamborghini, Google, Porsche, Heineken, Ferrari, Accenture და სხვა.
რას ნიშნავს, Kotler Impact-ის პროექტში მონაწილეობა ნინასთვის, როგორ იმოქმედებს ეს კომპანიის წინსვლაზე და რა მოლოდინები აქვთ ორგანიზაციაში? ამის შესახებ მან Entrepreneur Georgia-სთან ისაუბრა:
როგორ მოხვდა "პროგრესი" პროექტში, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა, რამაც, თქვენი აზრით, ყურადღება მიიქცია?
სკოლა "პროგრესი" 23 წლის წინ, 2002 წელს დავაარსე. იმ დროისთვის ახალი სკოლის დაარსება უზარმაზარი გამოწვევა იყო. მაგრამ მქონდა ხედვა – შემექმნა სკოლა საერთაშორისო სტანდარტებით, მორგებული ქართულ პროგრამასა და კულტურაზე.
მქონდა რწმენა, რომ ხარისხი ყოველთვის მოიპოვებს ნდობას. სიახლის გზაზე შევხვდით ტრადიციულ სკეპტიციზმსა და ბიუროკრატიულ გამოწვევებს, თუმცა ინოვაციებისა და თანამედროვე გარემოს მიმართ ჩვენი ინტერესი არ განელებულა. პირიქით, ჩვენ პირველებმა დავნერგეთ უახლესი მეთოდოლოგია, ტექნოლოგიები და ინკლუზიური მიდგომა.
თანამედროვე მარკეტინგის დინამიკურ სამყაროში, სადაც ბიზნესი მუდმივად ეძებს ინოვაციებსა და სტრატეგიულ გზებს, ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ სკოლა "პროგრესის" ბრენდის ისტორია, როგორც ერთ-ერთი განსაკუთრებული ბიზნესისტორია, შევიდა დოქტორ ფილიპ კოტლერის მიერ გამოცემულ თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლებში (Essentials of Modern Marketing) – წიგნში, რომელიც მარკეტინგის ტრანსფორმაციულ ძალასა და მის გლობალურ როლს ასახავს. ამ კონტექსტში ჩვენი სკოლის ისტორია – ინფრასტრუქტურის ზრდა, ადამიანებზე მორგებული მიდგომები, საერთაშორისო სტანდარტები და ინოვაციური ინსტრუმენტები – გახდა წარმატების მაგალითი, რომელიც ქართველ სტუდენტებს მოტივაციას აძლევს ისწავლონ ქართული ბიზნესის გამოცდილებაზე.
ვამაყობ, რომ ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ საქართველოს წარმატება. როგორც ქალი, რომელმაც მნიშვნელოვანი გზა გაიარა და შექმნა ძლიერი და სამაგალითო საგანმანათლებლო ბიზნესისტორია. მოხარული ვარ, რომ ჩემი გზა გახდა ნაწილი წიგნისა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით სწავლობენ და ეცნობიან.
"პროგრესის" სკოლები – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი – დღეს ათასობით მოსწავლეს აერთიანებს. 2019-2021 წლებში გაზრდილმა მოთხოვნამ დაგვანახა გაფართოების აუცილებლობა. ბაზრის კვლევამ აჩვენა კერძო განათლების სწრაფი ზრდა, რამაც მეტი პასუხისმგებლობის აღება და ინფრასტრუქტურის, სერვისებისა და პროფესიული/წინა-საუნივერსიტეტო მიმართულებების განვითარება გადაგვაწყვეტინა.
ინვესტიციები არ ყოფილა მცირე – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საერთო ინვესტიცია 47 მილიონ ლარს გადასცდა. მხოლოდ ბათუმის კამპუსი 1000 მოსწავლეზეა გათვლილი. ROI ადასტურებს სწორი სტრატეგიის არჩევას – რეგიონებში 13-15%-იანი ზრდით, თბილისში კი 18%-იანი მოლოდინით. სკოლების გამორჩეული ინფრასტრუქტურა მოიცავს სპორტულ ცენტრებს, სამეცნიერო ლაბორატორიებს, ბოტანიკურ ბაღს, არაფორმალურ განათლებას და პროფესიულ განათლებას.
იმერეთისა და აჭარის რეგიონებში, ჩვენ ერთ-ერთმა პირველებმა შემოვიღეთ სტემის (STEM), კოდირებისა და რობოტიკის, უცხო ენების საერთაშორისო გამოცდებისა და საბაკალავრო სწავლება, რაც ჩვენს მოსწავლეებს აუცილებელი გლობალური, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. თანამედროვე მიდგომებმა, ინსტრუმენტებმა და მეთოდებმა გაკვეთილები უფრო დინამიკური, ინტეგრირებული (ინტერდისციპლინური) და საინტერესო გახადა. საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პროგრამებს და პროგრესულ საგანმანათლებლო სტრატეგიებს. განათლების მიღების პროცესი უწყვეტი უნდა იყოს. მისი შეწყვეტის შემთხვევაში შედეგის მიღწევა შეუძლებელი ხდება. ამ მთავარ კონცეფციას ჩვენი სამივე სკოლა თანაბრად იზიარებს.
სკოლა ლიცენზირებულია, როგორც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ასევე აკრედიტირებულია ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს მიერ. "პროგრესი" სრულად აკრედიტებულია COGNIA-ს მიერ K-12 საფეხურზე, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ორმაგ დიპლომს.
რა მნიშვნელობა აქვს პროექტში მონაწილეობას თქვენთვის?
კოტლერის წიგნში მოხვედრა ჩემთვის არის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაც, ეს ქართველ სტუდენტებს, სტარტაპერებსა და მეწარმეებს საშუალებას აძლევს დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები გლობალურ კონტექსტში. სკოლა "პროგრესის" მაგალითი მათ აჩვენებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა რეალურია, რომ ბიზნესის ამოცანაა არა მხოლოდ მოგება, არამედ ღირებულების შექმნა.
როგორ იმოქმედებს ეს თქვენს სამომავლო გეგმებზე?
სამომავლოდ ჩვენი მიზნები სცდება ქვეყნის საზღვრებს – გვსურს დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ საერთაშორისო სივრცეში და დავნერგოთ სწავლების გლობალური სტანდარტები სხვადასხვა ქვეყანაში.
როცა სკოლაში მიდიხარ და ხედავ, როგორ ასრულებენ აქტივობებს თუ პროექტებს ლაბორატორიებში, როგორ იმეცნებენ მინიბოტანიკურ თუ სტემის ცოდნას საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პროგრამირების ლაბორატორიებში, როგორ არიან დაკავებული სპორტით და ჯანსაღი ცხოვრებით ან ხელოვნებით, როგორ ავითარებენ ყოველდღიურად ემოციურ ინტელექტს და ზრუნავენ პიროვნულ განვითარებაზე, თანამედროვე სასწავლო გარემოში – იცი, რომ ეს ყველაფერი შრომით, დიდი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობით იქმნება, შრომით, რომელიც ერთმა ქალმა დაიწყო და დიდ გუნდად აქცია.
როცა ხედავ, რომ "პროგრესის" კურსდამთავრებული აგრძელებს უწყვეტ განათლებას და პროგრესს როგორც მშობლიურ ქვეყანაში, ისე მსოფლიოში, თითოეული მათგანი თავის სიტყვას ამბობს თავისსავე შერჩეულ ინდუსტრიაში, და, რაც მთავარია, ჩამოყალიბებული, წარმატებული, ბედნიერი და სრულფასოვანი მოქალაქეა, მაშინ ხვდები, რომ ყველა შენი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა, ყველა გამოწვევა შესაძლებლობად აქციე, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებთან ერთად აგრძელებ თანამეგობრობას, თანამოაზრეობას, თანამშრომლობას და ერთად ვქმნით უფრო მეტ სიკეთესა და პროგრესს ჩვენი საზოგადოებისთვის.
ამიტომ დღეს, როცა მკითხავენ – როგორ მიაღწიე ამ შედეგს? ვპასუხობ: ვერ მიაღწევ ვერაფერს, თუ არ გაქვს შენი ხედვის მტკიცე რწმენა. რწმენა, რომელიც დაგეხმარება ნებისმიერი გამოწვევის დროს და თუ ქალი ხარ ბიზნესში, ორმაგად მოგიწევს ბრძოლის გზის გავლა, სამაგიეროდ, ორმაგად იგრძნობ წარმატებას.
მე ვარ ნინა ჩიკვაშვილი, "პროგრესის" ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, ბრენდის ავტორი და ქალი, რომელმაც ბიზნესი წიგნში გადაიყვანა.