Get All Access for $5/mo

24 რჩევა 2024 წელს წარმატების მისაღწევად გახდი მეტად გაბედული და უშიშარი 2024 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

  1. ახალი წელი გასული წლის შეჯამებითა და გაანალიზებით დაიწყე. შეცდომების გარეშე ვერც შარშანდელი წელი ჩაივლიდა. კარგად ჩაუღრმავდი ყველაფერს და 2024 წელს იგივე შეცდომები აღარ გაიმეორო.
  2. "ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება" (ლუკას სახარება) – ახალი წლისგან ადამიანები მეტ ბედნიერებასა და კეთილდღეობას ელიან, მაგრამ ავიწყდებათ, რომ რაც მეტად ვძლიერდებით, მით მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება საკუთარი თავის, ოჯახის, ახლობლებისა და ქვეყნის წინაშე.
  3. "მე ვიღებ მარმარილოს ლოდს და ყოველივე ზედმეტს ვაცილებ" (როდენი) – მოაცილე და მოიცილე ყოველივე ზედმეტი 2024 წელს. ასე იქმნება შედევრები...
  4. "პავლეს სიტყვები პეტრეზე პავლეზე უფრო მეტს გვეუბნებიან, ვიდრე პეტრეზე" (სპინოზა) – ნუ იქნები "პავლე". აი "პეტრე" იქნები თუ არა, ეს შენი ასარჩევი მაინც არაა. სჯობს იმაზე იმუშაო, რომ არასდროს დაემსგავსო "პავლეს".
  5. დაიბრუნე შენში ბავშვი – ბავშვივით სათუთი გულით, ცნობისმოყვარეობით, შემოქმედებითი აზროვნებით, სიხარულის განცდის ბავშვური უნარით, გულწრფელობითა და სისპეტაკით.
  6. ერთხელ სოკრატეს ბაზარში უთქვამს: რამდენი რამაა, რის გარეშეც თავისუფლად შეიძლება გაძლოს კაცმაო – 2024 წელს მაინც ნუღარ შეიძენ უსარგებლო ნივთებს. ნუ აღმოჩნდები რეკლამის მსხვერპლი. დღეს მინიმალიზმია მოდაში.
  7. ყველა შენ გაქებსო, − უთხრეს ერთ ბერძენ ფილოსოფოსს, სოკრატეს მოსწავლეს. რა დავაშავეო? − იკითხა მან, – ნუ იზრუნებ ქებისთვის და ხოტბა-დიდებისთვის, იზრუნე იმისათვის, რათა მუდმივად გესმოდეს ობიექტური კრიტიკა, რაც ბევრად დაგეხმარება სრულყოფილების მიღწევაში, ვიდრე უსარგებლო, უმრავლეს შემთხვევაში არაგულწრფელი, ქება.
  8. ლომმა არ იცის, რომ ცხოველთა მეფეა – აღიარების, სტატუსის, რეგალიისა თუ ოფიციალური თანამდებობისთვის კი ნუ გაირჯები, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღე და იმოქმედე ღირსეულად და სამართლიანად!
  9. ნებისყოფა სულის კუნთებია (იგორ მოისეევი) – მუდმივად იმუშავე ნებისყოფის გაძლიერებაზე. სუსტი ნებისყოფის ადამიანები მაღალ მწვერვალებს ვერ იპყრობენ.
  10. "შური არს მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა" (ბასილი დიდი) – შეცვალე მწუხარება სიხარულით. ამით შენს თავსაც მეტ სიხარულსა და ბედნიერებას მიანიჭებ და სხვასაც.
  11. ადამიანთა უმრავლესობა ახალი წლისგან ელის ცვლილებას, ჰგონიათ, რომ სამყარომ უნდა მოუვლინოს სასწაულები, სამყარო უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ, თავად კი არაფრის შეცვლა არ სურთ. ის კი ავიწყდებათ, რომ ცვლილება, უპირველესად, საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლით იწყება. შეიცვალე და შეცვალე 2024 წელს!
  12. "რასაც ვერ აკონტროლებ, იმას ვერც მართავ" (პიტერ დრუკერი) – კონტროლი მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი რგოლია. გააძლიერე კონტროლის მექანიზმები და საქმეც უფრო სწორად და სწრაფად წავა წინ.
  13. დაიწყე იმით, რაც გაქვს და იქიდან, სადაც ხარ. საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრას ნუ დაელოდები. ეს დრო, შესაძლოა, არც დადგეს, თუ თავად არ იმოქმედე!
  14. ბიზნესპარტნიორის სწორად შერჩევაზე წარმატების დიდი წილი მოდის. ამ საკითხს წელს ბევრად დიდი ყურადღებით მოეკიდე, ვიდრე აქამდე.
  15. "ქართველს აკლია "დაჟინებითი" მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ" (დიმიტრი უზნაძე) – გახსოვდეს დიდი ქართველი მეცნიერის ეს სწორი ანალიზი. დაიჟინე, არ დანებდე დაბრკოლებების წინაშე და დასახული მიზნის მიღწევამდე, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანამდე არ დაკარგო ენთუზიაზმი!
  16. იჩქარე ნელა! ზოგჯერ ნელა სვლა ყველაზე სწრაფი გზაა დანიშნულების წერტილამდე მისაღწევად.
  17. იპოვე შენში სუსტი წერტილები და იმუშავე მათ გასაძლიერებლად. ასევე არ დაგავიწყდეს, რომ შენს ძლიერ მხარესაც, ისევე, როგორც ძლიერ კუნთებს, ვარჯიში მუდმივად სჭირდება.
  18. "საუკეთესო ბრძოლა ის არის, როდესაც ბრძოლა არ გჭირდება" (სუნ ძი) – ისწავლე უბრძოლველად გამარჯვება!
  19. მოემზადე. მოემზადე. მოემზადე! სათანადო მომზადების გარეშე საკმარისად თავდაჯერებული ვერ იქნები. გახსოვდეს: შენი წარმატება დიდწილად შენივე მომზადების დონეზეა დამოკიდებული.
  20. გამიჯნე ადამიანი პრობლემისგან. კამათში მხოლოდ ღირებული არგუმენტები მოიშველიე და მიზნად არა ოპონენტის დამარცხება, არამედ პრობლემის მოგვარება დაისახე.
  21. ისწავლე მადლობის გადახდა. ეს არ დაგაკნინებს. პირიქით − მეტ ღირსებასა და თავდაჯერებას შეგმატებს.
  22. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის მოუხმე როგორც დადებით, ისე უარყოფით არგუმენტებს. ნუ იქნები სუბიექტური და შენს წინასწარ ჩამოყალიბებულ განწყობას მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების საშუალებას ნუ მისცემ.
  23. "გულწრფელი ღიმილი გვაძლევს სიახლის შეგრძნებას. თუ სწორად ასეთი ღიმილები გვჭირდება, ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ პირობები მათი გაჩენისთვის" (დალაი ლამა) – 2024 წელს მეტი გულწრფელი ღიმილი აჩუქე საკუთარ თავს, გარესამყაროს და გარშემომყოფებს.
  24. რაც აქამდე გაშინებდა და ვერ ბედავდი, ახლა გაბედე. გახდი მეტად გაბედული და უშიშარი 2024 წელს.

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

როგორ უნდა ენდოთ ინტუიციას, რომ სწორი ბიზნესგადაწყვეტილება მიიღოთ

ანტრეპრენერები გადაწყვეტილებების უმრავლესობას, როგორც წესი, მონაცემებზე დამყარებით იღებენ, მაგრამ ასეთ დროს, ასევე მნიშვნელოვანი, თქვენი ინსტინქტებია