350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში გიორგი აგლაძე: "ინოვაცია რეალურ ღირებულებად მაშინ იქცევა, როცა მომხმარებელი მის შედეგს საკუთარ ფინანსებში ხედავს"

Key Takeaways

  • Kursi.ge-ს თანადამფუძნებელი — სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერაზე, GITA-ს გრანტზე, 200,000-ზე მეტ მომხმარებელზე, ეკონომიკისთვის შექმნილ 350 მლნ ლარის დანაზოგსა და ქართული ფინტექის შემდეგ ეტაპზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში ინოვაციური ფინანსური ბიზნესის განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიის საკითხი არ არის — მას სჭირდება მომხმარებლის ნდობა, ხარისხიანი პროდუქტი, რეგულაციური ჩარჩო და ინსტიტუციური მხარდაჭერა. Kursi.ge ამ პროცესის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია: კომპანიამ საქმიანობა 2024 წლის მარტში დაიწყო, საქართველოს ეროვნული ბანკის სარეგულაციო სენდბოქსი გაიარა და 2025 წლის ოქტომბერში სრული საოპერაციო ლიცენზია მიიღო. დღეს პლატფორმას 200,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის 6,000 ბიზნესი, ხოლო გაშვების დღიდან 8.4 მილიარდი ლარის ეკვივალენტი თანხა აქვს დაკონვერტირებული. ქართული ეკონომიკისთვის — მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის — შექმნილი დანაზოგი დაახლოებით 350 მილიონ ლარს აღწევს.

Entrepreneur გიორგი აგლაძეს ესაუბრა იმაზე, როგორ გადაიზარდა სახელმწიფო ინსტიტუტების — მთავრობის, GITA-სა და ეროვნული ბანკის — მხარდაჭერა გაზომვად ეკონომიკურ შედეგში: მომხმარებლის დანაზოგში, ახალ სამუშაო ადგილებსა და ახალ ბიზნესში.

Kursi.ge-ს განვითარების ერთ-ერთი საკვანძო ეტაპი ეროვნული ბანკის სარეგულაციო სენდბოქსი იყო, რის შემდეგაც სრულად ციფრული სავალუტო პლატფორმებისთვის ახალი რეგულაციური ჩარჩო ჩამოყალიბდა, 2025 წლის ოქტომბერში კი სრული საოპერაციო ლიცენზია მიიღეთ. რას ნიშნავდა ეს პროცესი თქვენთვის და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რეგულატორი ინოვაციას განვითარების სივრცეს უქმნიდეს?

ფინანსურ სექტორში ინოვაცია რეგულაციისგან დამოუკიდებლად ვერ განვითარდება. პირიქით — თუ გვინდა, რომ ახალი ფინანსური მოდელი მასშტაბური, სანდო და მდგრადი გახდეს, ტექნოლოგიურ ინოვაციასა და რეგულატორს შორის პრაქტიკული დიალოგი აუცილებელია. ჩვენთვის სარეგულაციო სენდბოქსი სწორედ ასეთი მექანიზმი იყო: იდეა მხოლოდ თეორიულად კი არ შეფასდა, არამედ რეალურ გარემოში, ზედამხედველობის პირობებში გამოიცადა.

2023 წლის ზაფხულში ეროვნულმა ბანკმა ინოვაციური ციფრული სავალუტო პლატფორმებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო, ჩვენ სექტემბერში მივმართეთ მათ, 2024 წლის მარტში სენდბოქსში ჩვენი მონაწილეობა დამტკიცდა, 2025 წლის ივლისში კი სრულად ციფრული სავალუტო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციური ჩარჩო ამოქმედდა. იმავე წლის ოქტომბერში Kursi.ge-მ სრული საოპერაციო ლიცენზია მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო — საქართველოში ინოვაცია შეიძლება არა მხოლოდ შეიქმნას, არამედ სრულფასოვან, რეგულირებულ ფინანსურ პროდუქტადაც ჩამოყალიბდეს.

ჩვენი მაგალითი კარგად აჩვენებს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს სახელმწიფო ინსტიტუტების თანმიმდევრულმა მხარდაჭერამ. მთავრობამ ინოვაციური სტარტაპის სტატუსით ზრდისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა, GITA-მ ყველაზე რთულ, საწყის ეტაპზე გრანტით დაგვიჭირა მხარი, ეროვნულმა ბანკმა კი სენდბოქსისა და ლიცენზირების გზით ინოვაციას რეგულირებულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა მისცა. ეს ნაბიჯები ერთმანეთს ავსებდა და სწორედ მათი ერთობლიობა იქცა პასუხისმგებლიანი ზრდის საფუძვლად.

ეს მხარდაჭერა მხოლოდ ერთი კომპანიის წარმატებად არ დარჩენილა — ის ეკონომიკას ხელშესახები შედეგით დაუბრუნდა. სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ შექმნილმა შესაძლებლობამ მომხმარებლებსა და ბიზნესებს დაახლოებით 350 მილიონი ლარის დანაზოგი მოუტანა, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, ბაზარზე გაჩნდა ახალი ბიზნესი და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების შეთავაზება გაფართოვდა. ეს ნიშნავს ნაკლებ ფინანსურ ხარჯს ოჯახებისა და კომპანიებისთვის, დამატებით წვლილს ეკონომიკურ განვითარებაში და უფრო ძლიერ ინოვაციურ ფინტექ სექტორს. ჩემთვის სწორედ ეს არის სახელმწიფო მხარდაჭერის მთავარი საზომი — რამდენად გარდაიქმნება ის რეალურ ეკონომიკურ ეფექტად.

"სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერამ ეკონომიკას დაახლოებით 350 მილიონი ლარის დანაზოგი, ახალი სამუშაო ადგილები და ახალი ბიზნესი მოუტანა."

2024 წლის ნოემბერში GITA-ს 150,000-ლარიანი ინოვაციური გრანტი მოიპოვეთ, დღეს კი კომპანიის შიდა შეფასება დაახლოებით 100 მილიონ ლარს აღწევს. რა როლი ითამაშა ამ პირველმა ინსტიტუციურმა მხარდაჭერამ Kursi.ge-ს სწრაფ ზრდასა და ბიზნესმოდელის ვალიდაციაში?

GITA-ს გრანტის მნიშვნელობა მხოლოდ 150,000 ლარით არ შემოიფარგლებოდა. სტარტაპის ადრეულ ეტაპზე ფულზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ვალიდაცია — სიგნალი, რომ შენს იდეას განვითარების პოტენციალი აქვს და ამას დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტიც ხედავს, რომელიც თავისმხრივ გამოცდილ ვენჩერულ ინვესტორებსა თუ ე.წ. ეინჯელ ინვესტორებს ეყრდნობა. ჩვენთვის ეს ერთდროულად იყო ფინანსური რესურსი, ნდობის მანდატი და პასუხისმგებლობა — იდეა რეალურ პროდუქტად და მომხმარებლისთვის ხელშესახებ ღირებულებად გვექცია.

გრანტი არასოდეს უნდა აღიქვა, როგორც წარმატების ფინალი — მისი ღირებულება იმით იზომება, რა იქმნება მის შემდეგ. ჩვენს შემთხვევაში საწყის მხარდაჭერას მოჰყვა სრული საოპერაციო ლიცენზია, EBRD-ის Star Venture-ის 40,000-ევროიანი ჯილდო, "ინოვაციური სტარტაპის" სტატუსი, საერთაშორისო დაფინანსება და კომპანიის დაახლოებით 100 მილიონი ლარის შიდა შეფასება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბაზრის შედეგია — რამდენი ადამიანი იყენებს პროდუქტს და რა ფინანსურ სარგებელს იღებს.

ამიტომ GITA-ს პირველ მხარდაჭერას დღეს უფრო ფართო, ეკონომიკურ კონტექსტში ვუყურებ. 150,000-ლარიანი საწყისი მხარდაჭერით დაწყებული გზა დღეს ეკონომიკას დაახლოებით 350 მილიონი ლარის დანაზოგით, ახალი სამუშაო ადგილებითა და ახალი ბიზნესით უბრუნდება. სახელმწიფომ შექმნა შესაძლებლობა, რომ სტარტაპს დასაწყისშივე მიეღო რესურსი და ნდობა, ჩვენი პასუხისმგებლობა კი ამ რესურსის ბიზნესად გარდაქმნა იყო. როდესაც ინოვაციური კომპანია პროდუქტულ შეთავაზებას აფართოებს, ადამიანებს ასაქმებს, მომხმარებელს თანხას უზოგავს და ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს ავითარებს, საწყისი სახელმწიფო მხარდაჭერა ეკონომიკას მრავალჯერ მეტი ეფექტით უბრუნდება.

დღეს Kursi.ge-ს მასშტაბი უკვე კონკრეტული ციფრებით ჩანს: 8.4 მილიარდი ლარის ეკვივალენტი დაკონვერტირებული თანხა, 200,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი, მათ შორის 6,000 ბიზნესი, 440,000 Open Banking ტრანზაქცია და მომხმარებლებისთვის დაახლოებით 350 მილიონი ლარის დანაზოგი. თქვენი შეფასებით, რამ შექმნა ასეთი სწრაფი ნდობა სრულად ციფრული მოდელის მიმართ?

მომხმარებლის ნდობა ტექნოლოგიით არ იწყება — ის შედეგით იწყება. ადამიანისთვისაც და ბიზნესისთვისაც საბოლოოდ რამდენიმე კითხვა წყვეტს ყველაფერს: უკეთეს კურსს ვიღებ? პროცესი მარტივი და სწრაფია? პირობები გამჭვირვალეა? თუ პასუხი დადებითია, ციფრული არხი ძალიან სწრაფად ხდება ყოველდღიური არჩევანი.

მოდელი თავიდანვე ფილიალების გარეშე ავაშენეთ — ონლაინ რეგისტრაციით, ციფრული პროცესებითა და Open Banking ინფრასტრუქტურით, რომლის ჩარჩოც ეროვნულმა ბანკმა დანერგა. დღემდე 440,000-ზე მეტი Open Banking ტრანზაქცია გვაქვს შესრულებული და ამ მაჩვენებლით საქართველოში Open Banking-ის უმსხვილესი მომხმარებელი ვართ. დღეში საშუალოდ დაახლოებით 6,500 ტრანზაქცია სრულდება და 5,500 მომხმარებელს ვემსახურებით. ეს აჩვენებს, რომ ციფრულმა მოდელმა ექსპერიმენტის ეტაპს გადააბიჯა და მასობრივი ფინანსური ქცევის ნაწილად იქცა.

ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი კი მომხმარებლის ეკონომიკური სარგებელია. 2025 წელს მომხმარებელთა ჯამურმა დანაზოგმა დაახლოებით 203.4 მილიონი ლარი შეადგინა, 2026 წლის პირველ შვიდ თვეში — კიდევ დაახლოებით 139.4 მილიონი, ჯამში კი 342.8 მილიონ ლარზე მეტი. ამიტომ, როდესაც დაახლოებით 350 მილიონ ლარზე ვსაუბრობთ, ეს აბსტრაქტული შეფასება კი არ არის, არამედ ოჯახებისა და ბიზნესების ჯიბეში — ანუ ქართულ ეკონომიკაში — დარჩენილი რეალური თანხაა: როგორც უკეთესი კურსის პირდაპირი ეფექტი, ისე გაფართოებული პროდუქტული შეთავაზების შედეგად შემცირებული სპრედები და ხარჯები.

ამ თვალსაზრისით, Kursi.ge-ს მთავარი პროდუქტი მხოლოდ ვალუტის გადაცვლა არ არის. ჩვენი პროდუქტი არჩევანი, გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობაა — და სწორედ ეს ქმნის ყველაზე დიდ სამომხმარებლო ღირებულებას. ეს შედეგი კი შეუძლებელი იქნებოდა იმ ინსტიტუციური საფუძვლის გარეშე, რომელიც სახელმწიფომ ინოვაციისთვის შექმნა.

მომხმარებლის ნდობა ტექნოლოგიით არ იწყება — ის შედეგით იწყება.

კომპანიის განვითარების შემდეგ ეტაპზე საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობაც გამოჩნდა — EBRD Star Venture-ის ჯილდო და Symbiotics-ისგან 1.75 მილიონი დოლარის უზრუნველყოფის გარეშე დაფინანსება. რას ხედავენ საერთაშორისო ინვესტორები ქართულ ფინტექში და რა სიგნალს აგზავნის ასეთი გარიგება საერთაშორისო ბაზრისთვის?

საერთაშორისო ინსტიტუციური კაპიტალი მხოლოდ კარგ იდეას არ აფინანსებს. მას სჭირდება რეგულაციური სიცხადე, გამჭვირვალე მონაცემები, ძლიერი გამოცდილი მენეჯმენტი, ჩამოყალიბებული პოლიტიკა - პროცედურები, რისკების მართვის სტანდარტები და ზრდის დადასტურებული მოდელი. ამიტომ Symbiotics-ისგან 1.75 მილიონი დოლარის უზრუნველყოფის გარეშე დაფინანსება ჩვენთვის მხოლოდ კაპიტალი არ არის — ეს დამოუკიდებელი საერთაშორისო შეფასებაა იმისა, რომ საქართველოში შექმნილი ფინტექ-კომპანია ინსტიტუციური ინვესტორისთვის სანდო პარტნიორი შეიძლება გახდეს.

ამას წინ უძღოდა EBRD-ის Star Venture-ის 40,000-ევროიანი ჯილდო და კომპანიის სხვა ინსტიტუციური ეტაპები. თითოეული ასეთი ნაბიჯი მხოლოდ Kursi.ge-ს არ ეხება. როდესაც საერთაშორისო განვითარების საფინანსო ორგანიზაცია ქართულ ფინტექს აფინანსებს, მით უმეტეს უზრუნველყოფის გარეშე, ეს მთელ ეკოსისტემას დამატებით რეპუტაციულ კაპიტალს აძლევს.

საქართველოს უპირატესობა ის არის, რომ შედარებით მცირე ბაზარზე ტექნოლოგიის დანერგვა სწრაფად შეიძლება, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი სწორი რეგულაციური გარემო კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტი რეალურ მომხმარებელზე გამოსცადოს და შემდეგ მასშტაბირებისთვის მოამზადოს. გლობალური ინვესტორისთვის მთავარი სიგნალი სწორედ ესაა: საქართველოში შესაძლებელია არა მხოლოდ იდეის შექმნა, არამედ რეგულირებული, მონაცემებით დადასტურებული და საერთაშორისო კაპიტალისთვის გასაგები ფინანსური ბიზნესის აშენება.

თუ წინ გავიხედავთ, რა იქნება Kursi.ge-ს განვითარების შემდეგი ფაზა 2026 წლის ბოლომდე — რა ახალი ფინანსური პროდუქტები შეიძლება დაემატოს პლატფორმას და რამდენად რეალურია რეგიონული გაფართოება, მათ შორის მეზობელ ბაზრებზე?

ჩვენთვის შემდეგი ეტაპი Kursi.ge-ს ვალუტის გადაცვლის მიღმა განვითარებაა. 2026 წლის ბოლომდე საქართველოში ახალი მიმართულებების დამატებას ვგეგმავთ — ფულად გზავნილებს, ინოვაციურ დანაზოგის პროდუქტებსა და თანამედროვე გადახდებს. მიზანია, მომხმარებელს ერთ ციფრულ სივრცეში უფრო ფართო ფინანსური ფუნქციონალი შევთავაზოთ და ამავდროულად შევინარჩუნოთ ის პრინციპები, რომლებზეც ჩვენი ზრდა აშენდა: გამჭვირვალობა, ხელსაყრელი პირობები და მომხმარებლის მარტივი გამოცდილება. ყოველი ახალი მიმართულება საქართველოში ახალ სამუშაო ადგილებსა და ახალ კომპეტენციებსაც ნიშნავს.

მასშტაბირებას მხოლოდ ახალი ფუნქციების რაოდენობით არ ვზომავთ. ზრდასთან ერთად უნდა გაძლიერდეს ინფრასტრუქტურა, Open Banking ინტეგრაციები, ოპერაციული მდგრადობა, უსაფრთხოება და შესაბამისობის პროცესები. როცა ყოველდღიურად ათასობით ტრანზაქციას ამუშავებ, ზრდის ხარისხი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზრდის სიჩქარე.

რეგიონული მიმართულებაც დღის წესრიგშია — სომხეთი 2027 წლისთვის შესაძლო პირველ ბაზრად განიხილება. თუმცა აქაც პრაგმატულად ვუდგებით საკითხს: ექსპანსია მხოლოდ გეოგრაფიული გაფართოება არ უნდა იყოს. მნიშვნელოვანია დავამტკიცოთ, რომ ტექნოლოგია, ბიზნესმოდელი და შესაბამისობის ჩარჩო სხვა ბაზარზეც განმეორებადია. თუ ამას სწორად გავაკეთებთ, Kursi.ge-ს ამბიცია გაცილებით ფართო იქნება, ვიდრე წარმატებული ადგილობრივი FX პლატფორმა — გვინდა, საქართველოში შეიქმნას ფინანსური ტექნოლოგიების ბიზნესი, რომელიც მომხმარებელს გაზომვად სარგებელს მოუტანს და რეგიონულ ბაზრებზეც წარმატებით გაიზრდება.

ზრდის ხარისხი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზრდის სიჩქარე.

KURSI.GE — ძირითადი მაჩვენებლები

რედაქციული შენიშვნა: რაოდენობრივი მაჩვენებლები ეფუძნება Kursi.ge-ს 2026 წლის სექტემბრის საინფორმაციო პაკეტს. მომხმარებელთა ჯამური დანაზოგის ზუსტი მაჩვენებელია 342.8 მლნ ლარი; ინტერვიუში იგი მოცემულია როგორც "დაახლოებით 350 მლნ ლარი".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი