4 რამ, რაც საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე უნდა იცოდეთ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ნიჭიერი ან მოტივირებული ხართ, ბიზნესის დაწყება არის რთული და დამღლელი საქმე. 2021 წელს დავტოვე ჩემი 21-წლიანი კარიერა ფინანსებში და გავხდი წარმატების ქოუჩი, ლიდერობის კონსულტანტი და ავტორი. მსმენოდა სტატისტიკა, რომ მცირე ბიზნესების 90% ვერ აღწევს წარმატებას, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი ბიზნესის დაწყება რაღაც საოცრად მარტივი იქნებოდა - ასე არ აღმოჩნდა. აი ოთხი რამ, რაც მას შემდეგ ვისწავლე.
1. თვითდისციპლინა უფრო რთულია, ვიდრე გგონიათ
ბიზნესის ფლობა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ უფროსი. არ არსებობს დასარიგებელი დავალებები და შესასრულებელი ვადები. არავინ წერს თქვენზე შეფასებას. თუმცა, ეს შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს ზოგიერთისთვის - და მეც ამ გაკვეთილის სწავლა რთული გზით მომიხდა.
ყოველთვის ძალიან ორგანიზებული და სტრუქტურირებული ვიყავი. ჩემი პროფესიული კარიერის ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, წინასწარ იყო გაწერილი და დაგეგმილი. როცა დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა, ყველაფერი შეიცვალა. საკონფერენციო ზარები და შეხვედრები აღარ იყო რეგულარული და ამის გამო ჩემს კალენდარში დიდი ხვრელები გაჩნდა.
თავიდან მიჭირდა რიტმში ჩაჯდომა. შევამჩნიე, რომ ცუდად ვმართავდი დროს. როცა ვამბობდი, რომ 10 წუთით ელფოსტას გადავხედავდი, ეს ხშირად ერთ საათად იქცეოდა. გავაცნობიერე, რომ ვაძლევდი თავს საშუალებას, დღის განმავლობაში ყურადღება გამეფანტა, რადგან აღარ მქონდა ძველებური, მკაცრი განრიგი.
სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, დავიწყე ჩემთვის განრიგის გაწერა. ერთადერთი გზა, რომლითაც პირველ ორ წელიწადში ორი წიგნი დავწერე, იყო ის, რომ ვგეგმავდი წერის დროს. ყოველი კვირის დასაწყისში ვწერდი კვირის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტებს და ვისახავდი მიზნებს. ვწერდი, რა ქმედებები მჭირდებოდა მიზნების მისაღწევად. ვსვამდი მათ კალენდარში. შემდეგ ვასრულებდი. ეს მოითხოვს ნებისყოფას, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებთ, დროს დაკარგავთ.
რაც გაზომვადია, ის საქმე სრულდება კიდეც - ამიტომ ვსახავ მიზნებს და KPI-ებს ჩემთვის. ადვილია მოტივაციის დაკარგვა, როცა არავინ გაწვდით შედეგების დაფას - ამიტომ ვისახავდი მიზნებს კვირაში რამდენი საათის, გვერდისა ან სიტყვის დაწერაზე; ვისახავდი მიზნებს, რამდენ ადამიანს ვუპასუხებდი და რამდენ პოტენციურ ზარს განვახორციელებდი. როცა ჩემი წიგნები გამოვიდა ბაზარზე, ვაკვირდებოდი გაყიდვებს, შემოსავალს და მოგებას. სოციალურ ქსელებში ვაყენებდი KPI-ებს ჩართულობის მაჩვენებლებზე. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომელი მეტრიკები უნდა აკონტროლოთ წარმატებისთვის.
2. შეარჩიეთ სწორ კლიენტები და პარტნიორები
ყველა ვერ იქნება შესაფერისი თქვენი სერვისებისა და პროდუქტებისთვის, და თქვენც არ იქნებით შესაფერისი ყველას საჭიროებისთვის. ჩემი პირველი წლის ერთ-ერთი შეცდომა იყო ის, რომ ვიღებდი ყველას, ვინც მინდოდა კლიენტი ან პარტნიორი ყოფილიყო. ადამიანები, რომლებიც ენერგიას ისრუტავენ ან დროს გაკარგვინებენ სისულელეებით, არ უნდა იყვნენ თქვენს კალენდარში.
"გათავისუფლებული" მომხმარებლების შემთხვევა სხვა იყო - ისინი ეჭვის თვალით უყურებდნენ ჩემს ყველა შეთავაზებას და უჭირდათ ჩემი რჩევების მიღება. საბოლოოდ მივხვდი, რომ არცერთი მხარე ბევრს არ იღებდა ამ ურთიერთობიდან. სასიამოვნოა კალენდარში ადგილი შევინახო მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც აზროვნებით მემთხვევა და სურს შესაბამისი მიღწევები. თავდაპირველად, რადგან მხოლოდ ვიწყებდი, მეშინოდა შემოსავლის დაკარგვის. თუ ვინმე მზად იყო გადაეხადა, მეც ვიღებდი მათ ფულს. ახლა ასე აღარ არის. შესანიშნავი ბიზნესები მუშაობენ მხოლოდ შესანიშნავ კლიენტებთან.
რაც შეეხება მომწოდებლებს - ახლაც ვეძებ ვარიანტებს. ადრე ვქირაობდი პირველივე ქოუჩს, ვებსაიტის დიზაინერს და გამომცემლობას, რომელსაც ვპოულობდი. ზოგიერთი ეს გადაწყვეტილება შეცდომა აღმოჩნდა. მას შემდეგ გადავწყვიტე, უფრო დაკვირვებით მოვძებნო მომწოდებლები. ვიკვლევ ინფორმაციას და ვითხოვ რეკომენდაციებს. ზოგ შემთხვევაში, მსურს ვნახო მათი წინა ნამუშევრები. როცა მომწოდებლებს არ შეუძლიათ ამის ჩვენება (ან ღიზიანდებიან, როცა ამაზე ვეკითხები), ვიცი, რომ სწორ პარტნიორთან არ მაქვს საქმე.
3. ზოგჯერ შეიძლება იგრძნოთ მარტოობა - იპოვეთ გზები ადამიანურ ურთიერთობებში ჩასართავად
დამოუკიდებლად მუშაობამდე ყოველთვის ვიყავი გუნდის ნაწილი. ჩემს კარიერაში უმეტესად ვურთიერთობდი ასობით ადამიანთან. ყველაფერი შეიცვალა, როცა პირადი ქოუჩი და კონსულტანტი გავხდი - მოულოდნელად მხოლოდ მე დავრჩი. როცა თანამშრომელი ხარ, მუდმივად ხარ ჩართული სხვებთან საუბარში. როცა დამოუკიდებელი გავხდი, დღეში რამდენიმე საათი ვიყავი დიალოგის გარეშე. მაშინვე ვიგრძენი მარტოობის სიმცირე.
ახლა ვცდილობ, კვირაში რამდენჯერმე დავნიშნო ლანჩი კლიენტებთან, პოტენციურ კლიენტებთან ან კოლეგებთან. ასევე, სიამოვნებას ვპოულობ იმაში, რასაც ვუწოდებ "ტრანსფორმაციის სამშაბათს" - ვიდეოების გაზიარებას ჩემს ქსელში და რამდენიმე სოციალურ პლატფორმაზე თანამოაზრეებთან რეგულარულ კომუნიკაციას. როცა ვაზიარებ ვიდეოებს და სტატიებს ლიდერობასა ან აზროვნებაზე, ამას მივყავარ დიალოგებამდე სხვა ადამიანებთან, რაც მეხმარება მარტოობის განცდის დაძლევაში. თუ თქვენი სამსახური ძირითადად სოლოა და ზოგჯერ თავს მარტო გრძნობთ, იპოვეთ გზები სხვებთან რეგულარულად დასაკავშირებლად.
4. თანამოაზრეების ქსელის შექმნა აუცილებელია
თავდაპირველად მეშინოდა სხვა ავტორებსა და ქოუჩებთან შეხვედრის. გარკვეულწილად მათ კონკურენტებად აღვიქვამდი. მას შემდეგ აბსოლუტურად შევიცვალე აზრი. შარშან ერთი ქოუჩი გამაცნეს, რომელიც ზუსტად იმავე საქმეს აკეთებს, რასაც მე. როდესაც შევხვდით, ორივეს პირველი წიგნი გვქონდა გამოქვეყნებული. მას შემდეგ ერთმანეთს ვწერთ მეორე წიგნების წინასიტყვაობას! ეს დიდი პატივი და სიამოვნებაა.
მესამე წიგნისთვის მინდა გამომცემლობასთან ვითანამშრომლო. ცოტა ხნის წინ შევუერთდი ავტორების, აგენტებისა და გამომცემლების ჯგუფს და მათ ღონისძიებაზე წავედი. ვერ დავიჯერე, რა თანადგომა და ურთიერთობები ვიპოვე იქ. შევხვდი სხვა ავტორებს, რომლებიც იმავე გამოწვევების წინაშე დგანან, რასაც მე ვაწყდები.
ასევე, შევხვდი უამრავ აგენტსა და გამომცემელს, რომლებიც შეიძლება დამეხმარონ. ამ შეხვედრებით დავინახე, რომ ძალა ერთობაშია, ერთად უფრო ძლიერები ვართ. ნეთვორქინგი იმ ადამიანებთან, რომლებიც ზუსტად თქვენს საქმეს აკეთებენ (და წარმატებით), მხოლოდ წაგადგებათ და არ დაგაზარალებთ.
ვისურვებდი, რომ ეს ოთხი რამ მცოდნოდა დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყების პირველ დღესვე. თუმცა, მადლიერი ვარ, რომ ახლა მაინც ვიცი. მათი შესრულება მხოლოდ გაგაძლიერებთ როგორც თქვენ, ასევე თქვენს ბიზნესს - ამას საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით.
თარგმანი: თინათინ ლუხუტაშვილი