5 ქართველი, რომელმაც მსოფლიო ასპარეზზე ახალი სტანდარტები დაამკვიდრა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამყაროს განვითარებას ყოველთვის ისინი აჩქარებენ, ვინც არსებულ ჩარჩოებს არ ეთანხმება და საკუთარი გზის გაკვალვას ცდილობს. ხშირად, ასეთი ადამიანები პატარა ქვეყნებიდან მოდიან, თუმცა საკუთარი ნიჭითა და ინდივიდუალიზმით მსოფლიოს აოცებენ.

ამ ბლოგში გიამბობთ ხუთ ქართველზე, რომლებიც გასცდნენ საქართველოს ფარგლებს და საერთაშორისო ასპარეზზე დაიმკვიდრეს ადგილი.

ქართველი, რომელმაც ახალი წელი გააფერადა - ჯორჯ კობი

უცხოეთში მოღვაწე ქართველებზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით ჯორჯ კობის, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა საქართველო, აფასებდა განვლილ გზას და მუდმივად ახლის ძიებაში იყო. მისი ისტორია ფილმის სცენარს ჰგავს. კერძოდ, ისეთ სცენარს რომლის სიუჟეტიც პატარა, ღარიბ სოფელში იწყება და ბოლოს დიდ სცენაზე, საჯარო აღიარებით სრულდება.

ჯორჯ კობი, ანუ გრიგოლ კობახიძე, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში რაჭველი გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველად, ბორჯომში მინის ქარხანაში მემანქანედ დაიწყო მუშაობა. შემდეგ იყო გრძელი გზა.

გზა, რომელმაც ის ჯერ თბილისამდე, შემდეგ პოლონეთამდე, გერმანიამდე, ინგლისამდე და ბოლოს ამერიკამდე მიიყვანა.

ნიუ-იორკში დასახლების შემდეგ, 1919 წელს მან დააფუძნა The Coby Glass Products Company, რომლის პროდუქტები მოიცავდა ლაბორატორიულ, სამედიცინო და ტექნიკურ მინის მოწყობილობებს. კომპანიამ სწრაფად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ლიდერად იქცა.

კობის შემოქმედება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბიზნესით. ის მუდმივად ეძებდა ინოვაციურ მიდგომებს წარმოების პროცესში, იყენებდა ახალ ტექნოლოგიებს, დახვეწილ დიზაინს და ხარისხის მკაცრ სტანდარტებს. მისი მინის პროდუქტები გამოიყენებოდა სამედიცინო ლაბორატორიებში, ქიმიურ კვლევებში და მშენებლობაში, მათ შორის ინოვაციურ წყალგამძლე ცემენტსა და მინა-ბლოკებში, რაც თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას უწყობდა ხელს.

აღსანიშნავია, რომ ის არასდროს ივიწყებდა საქართველოს. მეტიც, 1924-28 წლებში ორჯერ ჩამოვიდა სამშობლოში. მშობლიურ რაჭაში ააშენა სკოლა, აფთიაქი, მღვდლის სახლი, მდინარე შარეულაზე - ორი ხიდი.

სწორედ ამ დროს, ამერიკაში "დიდი დეპრესია" დაიწყო. კობის საწარმომ მაშინ დიდი ფინანსური დანაკარგი განიცადა, მიუხედავად უკიდურესი პრობლემებისა, კობიმ შეძლო რთული მდგომარეობიდან გამოსვლა და მინის მცირე, წვრილმანი ნივთების ფაბრიკის გახსნა. რის შემდეგაც მისი აღორძინების ხანა დაიწყო.

დღეს, ჯორჯ კობის მიერ დაარსებული Coby Glass Products Co. განსხვავებული პროფილით კვლავ ფუნქციონირებს და ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს ფანჯრების შეკეთების სერვისს სთავაზობს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, Coby Glass რჩება კომპანიად, რომლითაც თითოეული ამერიკელი ამაყობს.

თამარ დე ლეტე - ვაჩნაძე

ანდრონიკაშვილებისა და ჯორჯაძეების შთამომავალი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მე-20 საუკუნეში მოღვაწე წარმოშობით ქართველი დიზაინერი და მხატვარია, რომელსაც საფრანგეთსა და ბრაზილიაში კარგად იცნობენ.

ის მრავალი მიმართულებით მუშაობდა - ქმნიდა საბალეტო დადგმებს - წერდა ამბავს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა სცენარებს, ქმნიდა კოსტიუმებს… ის მუშაობდა კოსტიუმების სერიაზე "რეალმონტისათვის", ქმნიდა დეკორაციებსა და კოსტიუმების ესკიზებს ბალეტისთვის "რომეო და ჯულიეტა", "Dyade", სპექტაკლებისთვის "ტერფსიქორას მკვლელები", "ნატალი და ტაქსი-ბირდი", "გაუბედავი", "მეფეთა ნამცხვარი", "კალიგულა" და მრავალი სხვა.

ამასთან, 1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრების გამოფენები იმართებოდა პარიზში, "XVI უბნის გალერეაში", პარიზის სალონ "სოფიტელ გრუპ 36-ში", საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგში ფრანგული კულტურის ცენტრში. მისი 1980 წელს გახსნილი გამოფენა გაზეთ ფიგაროს ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 1985 წელს კი მისი გამოფენები მოეწყო პარიზის ისეთ გალერეებში, როგორებიცაა: "მონპარნასი", "შემოდგომის სალონი", "მწიგნობარი"…

თამარ დე ლეტეს საქართველოსთან კავშირი არ დაუკარგავს. ამის დასტურია ისიც, რომ მისი შემოქმედება აერთიანებს ევროპულ ელეგანტურობასა და ქართული კულტურის ტრადიციულ მოტივებს. კერძოდ, რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, სან-პაულუს თეატრში მუშაობისას, "ტრისტანი და იზოლდას" საბალეტო წარმოდგენაზე თამარმა მთავარი გმირი ქართული ჩიხტიკოპით შემოსა, ხოლო დანარჩენ პერსონაჟებს ხორუმის კოსტიუმები მოარგო. 1960-იან წლებში თამარი თანამშრომლობდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდის სახლთან, Christian Dior, რომლისთვისაც რამდენიმე ესკიზი შექმნა. მისი კომპოზიციები დღესაც აღიარებულია როგორც მოდის, ისე თეატრალური დიზაინის სფეროში.

სიჩუმის მხატვარი - ვერა ფაღავა

წარმოშობით ქართველი, ვერა ფაღავა პარიზული სკოლის წარმომადგენლებს მიეკუთვნება, თუმცა მის მხატვრობაში თვალსაჩინოა ქართული კულტურის გავლენაც. ფაღავას ნამუშევრებში ჭარბობს ჰარმონიული კომპოზიციები, მინიმალიზმი და დახვეწილი ტექნიკა, რომლებიც ქმნიან სიჩუმის, სიმშვიდისა და წონასწორობის განცდას. ამიტომაცაა, რომ მას ხშირად უწოდებენ "სიჩუმის მხატვარს".

ქართველი ემიგრანტი საფრანგეთში ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი გამოფენა პიკასოს მეუღლის გვერდით მოეწყო. გამოფენას ესწრებოდა მრავალი ცნობილი მხატვარი, მათ შორის პაბლო პიკასო და ჟორჟ ბრაკი.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს ქალი მხატვრები საკმაოდ იშვიათი იყო თუმცა გამორჩეული ნიჭით, ვერამ შეძლო ადგილი დაემკვიდრებინა ისეთი მოდერნისტების გვერდით, როგორებიც არიან პიკასო, მატისი, ბრანკუჩი, მოდილიანი, შაგალი, კანდინსკი და სხვა.

ბალეტის გენიოსი - ჯორჯ ბალანჩინი

"ადრე თუ გვიან ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი. იმიტომ, რომ მე ვასწავლე ამერიკას ბალეტი" - ეს სიტყვები, ჯორჯ ბალანჩინს იგივე გიორგი ბალანჩივაძეს ეკუთვნის. ქართველ ქორეოგრაფს, რომელიც ამერიკაში ეროვნული კლასიკური ბალეტის დამფუძნებლად ითვლება.

წლების განმავლობაში ბალანჩინმა დადგა 100-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი, მათ შორის ყველაზე დიდი წარმატება ჩაიკოვსკის "მაკნატუნას" ხვდა წილად, რომლის შესრულებაც სულ მალე საშობაო ტრადიციად იქცა.

ბალანჩინმა, ჩაიკოვსკის ნაწარმოებს ქართული ელემენტები შემატა, რაც უპრეცედენტო მოვლენა გახდა საბალეტო ისტორიაში.

საინტერესოა რომ პირველი აფრო-ამერიკელი ბალერინა დებრა ოსტიტი, სწორედ ბალანჩინის მოწვევით მოხვდა ნიუ იორკის საბალეტო დასში.

სუნამოების პრინცი - გიორგი მაჩაბელი

"სუნამოების პრინცი" - ასე იცნობდნენ 1920-30-იან წლებში სახელგანთქმულ ქართველ პარფიუმერს გიორგი მაჩაბელს, რომელმაც ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდში პარფიუმერული კომპანია - Prince Matchabelli Perfume Company დააფუძნა.

მაჩაბლის უნიკალური ხედვა გამოიხატებოდა როგორც კონცეპტუალურ სუნამოებში, ისე შეფუთვის დიზაინში. მაგალითისთვის, სამეფო გვირგვინის ფორმის ბოთლებში, რომელიც მის ოჯახურ სიმბოლოს ასახავდა. მისი პარფიუმები ისეთივე განუმეორებელი იყო, როგორც თავად ავტორი, რომელმაც შეძლო ქართული ინსპირაცია გლობალურ სუნამოების ინდუსტრიაში დაემკვიდრებინა.

მაჩაბლის მიერ გამოშვებული პირველი სუნამოს სახელწოდებაა "საქართველოს დედოფალი", ასევე თავისი ცოლის სახელი ჰქვია სურნელს ფლაკონში - "პრინცესა ნორინა".

ცნობისთვის, ქართველი მეწარმისთვის, სუნამოს ფლაკონებს ჯორჯ კობის იგივე გრიგოლ კობახიძის კომპანია ამზადებდა.