6 ნაბიჯი, რითიც თავი დავიხსენი ვალებისგან და ვაქციე კრიზისი კონკურენტულ უპირატესობად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2000 წელს მექსიკაში პირველი ფინტექ კომპანიის, Finanzas Web-ის ხელმძღვანელი ვიყავი. კომპანია იმდენად ინოვაციური იყო, რომ ჩვენ გადავურჩით ბაზრის კრახს, როდესაც dot-com სივრცე გასკდა, რადგან გაგვაჩნდა კაპიტალის რეზერვები და მკაფიო შესრულების გეგმა.
2008 წელს დიდი რეცესია დაიწყო და მე ქარიშხლის შუაგულში მოვყევი, რადგან ჩემი ბიზნესი ესპანური ბაზრისთვის იპოთეკური სესხების გაცემაზე სპეციალიზდებოდა. როდესაც ბანკმა ერთ ღამეში შეგვიმცირა სესხების გაცემა, დავკარგე კომპანია და მილიონი დოლარის ოდენობის პერსონალური ვალი დამრჩა.
2020 წელს, COVID-ის პანდემიის ფონზე, ჩემი ამჟამინდელი კომპანია, Growth Institute, ბაზარზე გამოჩნდა. ჩვენ გავაორმაგეთ შემოსავალი და ზედიზედ მესამე წელია, რაც Inc. 5000-ის სიაში მოვხვდით. ჩვენ უფრო ძლიერები გავხდით, ვიდრე ოდესმე ვიყავით.
იგივე აღმასრულებელი დირექტორი. იგივე სამყარო. განსხვავებული შედეგები.
მაშ, რა შეიცვალა? უკეთესი სისტემა, უფრო ღრმა ცნობიერება და დისციპლინირებული აზროვნება.
ნაბიჯი 1: დაარქვით შიშს სახელი
შიშის მართვის პირველი ნაბიჯი მისთვის სახელის დარქმევაა. ფსიქოლოგები, ჯასტინ მილანო და დენ კორდარო ხაზს უსვამენ, რომ მაღალი დონის მეწარმეები არ უარყოფენ შიშს - ისინი მას სწავლობენ. როდესაც შიში გაგიჩნდებათ, ნუ ჩაახშობთ მას. იკითხეთ: რა არის შიში? სად იგრძნობა ის ჩემს სხეულში? წარმოადგენს თუ არა ის რეალურ საფრთხეს თუ მომავალს, რომელიც შესაძლოა არასდროს განხორციელდეს?
შფოთვა ხშირად კონკრეტული ფაქტების ნაცვლად, მენტალური ციკლებიდან გამომდინარეობს. მაგალითად: "რა მოხდება, თუ ფული გამოგველევა?" ან "რა მოხდება, თუ პროდუქტი გაფუჭდება?" ეს შიშები ავიწროებს თქვენს აზროვნებას, ამცირებს პრობლემების გადაჭრის უნარს. როდესაც შიშს იარლიყს ანიჭებ, მასზე ძალაუფლებას იბრუნებ.
ნაბიჯი 2: შეცვალეთ ობიექტივი
შიში პოტენციურ დანაკარგზე მიანიშნებს. მაგრამ რა ხდება, თუკი ეს შესაძლებლობაზე მიუთითებს?
მილანო და კორდარო შიშის სამ გავრცელებულ აზროვნებას გამოყოფენ:
- დეფიციტი: რწმენა, რომ არასდროს არის საკმარისი.
- ზიზღი: რეალობის ისეთისადმი წინააღმდეგობა, როგორიც არის სინამდვილეში.
- უღირსობა: არასრულფასოვნების შეგრძნება.
იმ მომენტიდან, როდესაც ნაცვლად კითხვისა, "რა შეიძლება დავკარგო?" დასვამთ კითხვას "რა შემიძლია მივიღო?", კონტროლის სადავეებს დაიბრუნებთ.
ნაბიჯი 3: სისტემების შექმნა ქარიშხლამდე
ჯიმ კოლინზმა შემოიღო ტერმინი "იღბლის დაბრუნება", რომელსაც იგი განსაზღვრავს, როგორც მოულოდნელი მოვლენების - კარგისა თუ ცუდის - მასშტაბირების იმპულსად გადაქცევის უნარს. აქედან მთავარი დასკვნა ეს არის: წარმატებულ და წარუმატებელ კომპანიებს ერთნაირად უმართლებთ. განსხვავება ისაა, თუ რას აკეთებენ ისინი ამ იღბლით.
როგორ გავზარდოთ იღბლის ანაზღაურება:
- იყავით ფხიზლად: თავიდან შესაძლებლობები იშვიათად გამოიყურება შესაძლებლობებად.
- იმოქმედეთ დისციპლინირებულად: შეამცირეთ ემოციები. დაეყრდენით მონაცემებსა და სტრატეგიას.
- სწრაფად ისწავლეთ: ყველა კრიზისს თავისი გაკვეთილი მოაქვს.
- იყავით თანმიმდევრული: ნუ შეიცვლით კურსს ყოველი ნიავის ქროლისას. დისციპლინა გათავისუფლებთ.
ROL-მა ჩემს კომპანიებს საშუალება მისცა, ჩვენი მზადყოფნის მიხედვით, დაეშვათ ან გაეზარდათ მასშტაბები. ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს:
- გვაქვს თუ არა ფულადი ნაკადების მართვის სისტემა?
- გვაქვს თუ არა KPI-ები, რომლებსაც ყოველკვირეულად ვაკვირდებით?
- შეუძლია თუ არა ჩვენს გუნდს მუშაობა მიკრომენეჯმენტის გარეშე?
იღბალი არაპროგნოზირებადია, მაგრამ თქვენი რეაქცია მასზე - არა. დისციპლინირებული აზროვნების ჩამოყალიბებამ შესაძლოა გაურკვევლობა ზრდად და ხანგრძლივ წარმატებად აქციოს. ივარჯიშეთ ქაოსისთვის, სანამ ის თქვენამდე მოვა.
ნაბიჯი 4: გაამკაცრეთ სამუშაოს შესრულების დისციპლინა
გაურკვევლობის დროს ოპერაციული დისციპლინა თქვენი უსაფრთხოების ბადე ხდება. წარმოდგენა იქონიეთ თქვენს ბიზნესზე, როგორც მანქანაზე. დაფის - მკაფიო KPI-ების, პრიორიტეტებისა და კომუნიკაციის რიტმების გარეშე - თქვენ ბრმად მართავთ მას.
დავუბრუნდეთ მნიშვნელოვან საფუძვლებს:
- განსაზღვრეთ თქვენი მთავარი პრიორიტეტები.
- გამართეთ ყოველდღიური და ყოველკვირეული შეხვედრები ჰარმონიის შესანარჩუნებლად.
- გახადეთ თქვენი მაჩვენებლები თვალსაჩინო და თანმიმდევრულად გადახედეთ.
მექანიკური მხარის მიღმა, ყოველ შეხვედრაზე გააძლიერეთ თქვენი კომპანიის სტრატეგია და ღირებულებები. იყავით ხმამაღალი. იყავით განმეორებადი. ლიდერობა ნიშნავს, გახდეთ თქვენი ხედვის მუდმივი მაცნე.
ნუ ენდობით მხოლოდ თქვენს ინტუიციას - გამოიყენეთ მონაცემები. გაურკვეველ ბაზრებზე ინსტინქტმა შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ. იყავით ყურადღებით ტენდენციების მიმართ, შეაფასეთ თქვენი სამუშაოს შესრულების დონე და დროულად გამოასწორეთ კურსი.
დაბოლოს, გააძლიერეთ თქვენი გუნდი. მიეცით მკაფიო მიმართულება, შემდეგ კი უკან დაიხიეთ. მოქნილობა მოდის თავდაჯერებული, დეცენტრალიზებული შესრულებით და არა მიკრომენეჯმენტით.
ნაბიჯი 5. იხელმძღვანელეთ გამჭვირვალობითა და სტრატეგიით
კრიზისის დროს კომუნიკაცია თქვენი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ხდება. სტრატეგიის ქონა საკმარისი არ არის, საჭიროა სათქმელი გადმოიცეს ნათლად და თანმიმდევრულად.
ეს ნიშნავს:
- თქვენი ხედვის მარტივი, განმეორებადი ტერმინებით ჩამოყალიბებას.
- თქვენი გუნდის შეშფოთების მოსმენას განსჯის გარეშე.
- გამჭვირვალობის შენარჩუნებას რთული საუბრების დროს.
ლიდერობა ნიშნავს არა ყველა კითხვაზე პასუხის ქონას, არამედ წინსვლის გზის ჩვენებას.
ნაბიჯი 6. აწარმოეთ მოლაპარაკებები, როგორც პროფესიონალმა
ეკონომიკური არასტაბილურობის დროს ერთ-ერთი ყველაზე უგულებელყოფილი ბერკეტი მომწოდებლებთან ურთიერთობაა. მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი დირექტორების უმეტესობა ჩქარობს თანამშრომლების შემცირებას ან მარკეტინგის შეჩერებას, ჭკვიანები ასეთ დროს მომწოდებლებს ურეკავენ.
განვიხილოთ ეს მიდგომა:
"თქვენ მსგავსად, ჩვენც ვგრძნობთ ზეწოლას. მოდი, გადავხედოთ ჩვენს შეთანხმებას და ვიპოვოთ ორმხრივად მოგებიანი გამოსავალი".
შესაძლოა გაგიკვირდეთ, რამდენად მოქნილები ხდებიან მომწოდებლები, როდესაც ურთიერთობა ძლიერია. აქ მოცემულია სწრაფი მოგებიანი გადაწყვეტილებები, რომელთა განხილვაც შეგიძლიათ:
- გადახდის გახანგრძლივებული პირობები.
- მინიმალური ვალდებულებების შემცირება.
- ფასების ფიქსირება უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
გაურკვევლობის დროს პროაქტიული მოლაპარაკება არ არის რისკი. ეს სტრატეგიული ლიდერობაა.
შიშის გაქრობა შეუძლებელია, მაგრამ მისი დაძლევა შესაძლებელია
შიში არ ქრება თქვენი განვითარების პროცესში; ის ვითარდება. თუმცა, ასევე, შესაძლოა განვითარდეს თქვენი სტრატეგიები და მდგრადობა. საუკეთესო მეწარმეები არ ელოდებიან თავდაჯერებულობას მოქმედებისთვის. ისინი მოქმედებენ და იმყარებენ თავდაჯერებულობას.
ჩემი, როგორც ადამიანის, რომელმაც სამი დიდი კრიზისი განიცადა და ამ ყველაფრიდან უფრო ძლიერი გამოვიდა, რჩევა ასეთია: ნუ ეცდებით შიშისგან თავის დაღწევას - აქციეთ ის თქვენს მოკავშირედ.
თარგმანი: მარიამ ქობალია