7 რამ, რასაც ყველაზე წარმატებული აღმასრულებელი დირექტორებიც კი ნანობენ: და რა შეგიძლიათ მათგან ისწავლოთ
By Sam Reese
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ყველაზე წარმატებულ აღმასრულებელ დირექტორებსაც კი შეუძლიათ დაასახელონ გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაც, მათი შეფასებით, სხვაგვარად ჯობდა. დიდ ლიდერებს შეცდომების არარსებობა კი არ გამოარჩევს, არამედ ის, თუ როგორ რეაგირებენ ისინი ამ შეცდომებზე.
კარიერის განმავლობაში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ყველაზე ეფექტიანი ლიდერები სინანულს თავმდაბლობით ეკიდებიან და მას იყენებენ როგორც ინსტრუმენტს, გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად და ლიდერული უნარების განსავითარებლად.
ქვემოთ მოგიყვებით, თუ როგორ იყენებენ წარმატებული ლიდერები ამ გამოცდილებას უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.
1. არყოფნა
ბევრი აღმასრულებელი დირექტორი ნანობს, თუ როგორ ანაწილებს დროს. სამსახურში ყოფნისას ისინი ფიქრობენ იმაზე, რაც სახლში ელოდებათ, ხოლო სახლში – სამუშაოზე. ბიზნესის მართვის მაღალი მოთხოვნების ფონზე, ხშირად რთულია საყვარელ ადამიანებთან საკმარისი დროის გატარება.
დროთა განმავლობაში ლიდერები აცნობიერებენ, რომ მნიშვნელოვანია სრულად ყოფნა იმ გარემოში, სადაც იმყოფებიან, იქნება ეს ოჯახთან, მეგობრებთან თუ სამუშაო შეხვედრაზე. ისინი ცდილობენ დროის გააზრებულად გამოყენებას და პრიორიტეტს ანიჭებენ მართლაც მნიშვნელოვან საკითხებს როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. ეს მიდგომა მათ საშუალებას აძლევს, ყოველდღიურად მაქსიმალურად ეფექტიანად წარმოაჩინონ თავი როგორც სახლში, ისე სამსახურში.
2. ოპერაციულ დეტალებში ჩაძირვა
ბევრი აღმასრულებელი დირექტორი ნანობს, რომ ზედმეტ დროს ხარჯავს ყოველდღიურ ოპერაციულ საკითხებში ჩაღრმავებაზე, სტრატეგიულ ხედვაზე კონცენტრირების ნაცვლად, რაც ორგანიზაციის ზრდისთვის გაცილებით მეტ შესაძლებლობას ქმნის.
წარმატებული ლიდერები აცნობიერებენ, რომ როდესაც დელეგირების ნაცვლად უშუალო შესრულებაზე არიან ორიენტირებულნი, ისინი უგულებელყოფენ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომლებიც მხოლოდ მათ კომპეტენციაში შედის. ასეთ ამოცანებს მიეკუთვნება ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ორგანიზაციის განვითარების მიმართულების განსაზღვრა და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება.
3. ადამიანურ საკითხებზე დროული რეაგირების ნაკლებობა
აღმასრულებელი დირექტორების კიდევ ერთი გავრცელებული სინანული ადამიანურ საკითხებზე დაგვიანებული რეაგირებაა. ხშირად, მაშინაც კი, როდესაც ადრეულ ეტაპზე აშკარაა, რომ თანამშრომელი პოზიციას ვერ შეესაბამება, ლიდერები გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებენ.
ასეთი დაყოვნება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს როგორც ორგანიზაციის ოპერაციულ პროცესებზე, ისე მის კულტურაზე. გარდა ამისა, ეს საფრთხეს უქმნის ლიდერის სანდოობას, რადგან ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მას რთული გადაწყვეტილებების მიღება უჭირს.
წარმატებული აღმასრულებელი დირექტორები დროულად იღებენ ადამიანურ გადაწყვეტილებებს და მოქმედებენ ორგანიზაციული კულტურისა და ღირებულებების შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც ეს რთულია.
4. გადაწყვეტილებების იზოლაციაში მიღება
აღმასრულებელ დირექტორებს ხშირად ეგო უბიძგებს იმ აზრისკენ, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად უნდა მიიღონ. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ იზოლაციაში მიღებული გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში სინანულით სრულდება.
ძლიერი ლიდერები შეგნებულად ქმნიან დროსა და სივრცეს უკუკავშირისთვის, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებიც შესაძლოა არ ეთანხმებოდნენ მათ პოზიციას. განსხვავებული პერსპექტივების გათვალისწინება, განსაკუთრებით კრიტიკული აზრის მქონე პირებისგან, ლიდერებს უფრო გააზრებული და თავდაჯერებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
ლიდერები, რომლებიც პროფესიულ საზოგადოებებში ერთვებიან, იქნება ეს თანატოლთა საკონსულტაციო ჯგუფები თუ ნაკლებად ფორმალური ქსელები, შესაძლებლობას იღებენ, კოლეგების გამოცდილებიდან ისწავლონ. სწრაფად ცვალებად ბიზნესგარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკუკავშირის მიღება იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც მომხმარებლებთან უშუალოდ ურთიერთობენ. ეს ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, მომხმარებელთა საჭიროებების ცვლილებებს დროულად მოერგოს.
5. რისკის თავიდან არიდება
აღმასრულებელი დირექტორებისგან ხშირად ისმის სინანული იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც არ მიიღეს, და იმ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც არ გამოიყენეს. როგორც წესი, ისინი მეტად ნანობენ უმოქმედობას, ვიდრე მცდარ ნაბიჯებს.
წარმატებული ლიდერები აცნობიერებენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ერთზე მეტი სწორი გადაწყვეტილება არსებობს. გაურკვევლობის ნაცვლად, ისინი მოქმედებენ დისციპლინირებული რისკის შეფასების საფუძველზე: საჭირო ინფორმაციას აგროვებენ, შესაძლო უარყოფით შედეგებს აფასებენ, მკაფიო საზღვრებს ადგენენ და შემდეგ გადაწყვეტილებას იღებენ.
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ისინი შედეგებზე პასუხისმგებლობას სრულად იღებენ. ასეთი მიდგომა მათ საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში გადააკეთონ სტრატეგია და მიღებული გამოცდილება ორგანიზაციის განვითარებისთვის გამოიყენონ. ძლიერი სარეზერვო გეგმის პირობებში, გაბედული, თუნდაც წარუმატებელი ნაბიჯი, როგორც წესი, ნაკლებად საზიანოა, ვიდრე საერთოდ უმოქმედობა.
6. ღირებულებებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებების გამართლება
გადაწყვეტილებები, რომლებიც წინააღმდეგობაშია კომპანიის ორგანიზაციულ ღირებულებებთან, პირდაპირ აზიანებს კომპანიის კულტურას. წარმატების პერიოდში შედარებით მარტივია ქმედებების ამ ღირებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა, თუმცა გამოწვევების დროს ეს პრინციპები ყველაზე დიდ გამოცდას გადის.
ძლიერი ლიდერები ასეთ დროსაც ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებების ერთგულები რჩებიან და არჩეული კურსიდან არ უხვევენ. ისინი თითოეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აკავშირებენ კომპანიის მისიასთან, ხედვასთან, მიზნებსა და ღირებულებებთან.
ამასთან, ისინი უზრუნველყოფენ, რომ აღმასრულებელი გუნდის ყველა წევრი საკუთარ ქმედებებს, ორგანიზაციის საერთო სტრატეგიასა და პრინციპებს შეუსაბამონ, რაც ერთიანობასა და გრძელვადიან მდგრადობას აძლიერებს.
7. შეცდომების დაფარვა
ხშირად ის, თუ როგორ რეაგირებენ აღმასრულებელი დირექტორები დაშვებულ შეცდომებზე, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად შეცდომა. ეფექტიანი ლიდერები აცნობიერებენ, რომ პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების გამჭვირვალედ გაანალიზება ნდობას ამყარებს და პრობლემების უფრო სწრაფად გადაჭრას უწყობს ხელს.
ისინი დეტალურად განიხილავენ, როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, აფასებენ შედეგებს და აანალიზებენ იმ გარემოებებს, რომლებმაც შეცდომამდე მიიყვანეს. ასეთ შემთხვევებში ყურადღება ნაკლებად ეთმობა გამართლებას და მეტი – გამოსწორებასა და პასუხისმგებლობის აღებას.
წარმატებული აღმასრულებელი დირექტორები სინანულს იყენებენ განვითარებისა და მომავალში უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს პროცესი მოითხოვს დისციპლინას: გულწრფელი უკუკავშირის მიღებას, შეცდომების აღიარებასა და წარუმატებლობის შესაძლებლობებად გარდაქმნას.
ლიდერები, რომლებიც ამ მიდგომას სისტემურად იყენებენ, მუდმივად აუმჯობესებენ გადაწყვეტილების მიღების უნარებს და, საბოლოო ჯამში, აღწევენ უფრო მაღალ ლიდერულ ეფექტიანობას.
თარგმანი: ანო ტვილდიანი