91 – თავისუფალი საქართველოს იდეით შთაგონებული ღვინის ახალი ბრენდი

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახლახან ქართულ ბაზარზე ახალი ღვინის ბრენდი "91" გამოჩნდა, რომელიც საინტერესო შეფუთვით გამოირჩევა.

ბრენდის შესახებ მის დამფუძნებელს, თამარ მარკოზაშვილს, ვესაუბრეთ:

რა იყო თქვენთვის "91"-ის შექმნის ინსპირაცია?

ამ ღვინის შექმნის იდეა უკვე რამდენიმე წელია, რაც თავში მიტრიალებს. ვეძებდი ფორმას, რითაც ეს იდეა ხორცს შეისხამდა. ღვინო უბრალოდ კიდევ ერთი პროდუქტი არ არის, რომელსაც ქართველები ვქმნით. ის თავისი არსით უნიკალურია და ჩემი რწმენით, უდიდესი ღირებულების მატარებელი, რადგან ღვინო ქართული სულის განუყოფელი ნაწილია – იმ კოლექტიური ცნობიერების, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა. არაფერია ღვინოზე უკეთესი მედიუმი, რომლითაც ქართულ სულს მსოფლიოს გავაცნობთ. ამ იდეით შევქმენით ღვინო, რომელსაც "91" დავარქვით – ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის გამომხატველი თარიღი.

როგორ ფიქრობთ, რითაა თქვენი ბრენდი ბაზარზე გამორჩეული?

ჩვენი ბრენდი თავისუფლების იდეას ეყრდნობა. თავისუფლება მუდმივი განვითარების უფლებაა. არაფერი გამოხატავს ამ იდეას ღვინოზე უკეთ – ის ყოველთვის ცოცხალია, ყოველთვის ახლებური, თუმცა ეს სიახლე ძველ ღირებულებებზეა დაფუძნებული – იმ მომენტზე, როცა ყურძენი ღვინოდ იქცევა. ჩვენი პროდუქტიც ზუსტად ამ იდეას მიჰყვება. წარმოებისას უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ ყურძნის ხარისხსა და ჯიშობრივ მახასიათებლებს, რაც საშუალებას გვაძლევს, ღვინის გემოვნური თვისებები მაქსიმალურად გამოვავლინოთ. ვცდილობთ, მაქსიმალურად თავისუფლები ვიყოთ ბაზარზე დამკვიდრებული სტერეოტიპებისგან და აქცენტი ახალ შესაძლებლობებზე გავაკეთოთ.

როგორ ფიქრობთ, კონსერვატიული ქართული ღვინის ინდუსტრია მიიღებს ამ ბრენდს?

ღვინის ინდუსტრიაში დიდი ხანია ვმუშაობ და კარგად ვიცი, რამდენად დიდ წინაღობას ქმნის სტერეოტიპები ქართული ღვინის განვითარებისთვის. სტერეოტიპების დამსხვრევის გარეშე პროგრესი ნებისმიერ სფეროში შეუძლებელია. საბჭოთა პერიოდში ქართული ღვინო მასობრივად პოპულარული გახდა დაბალფასიანი, მოტკბო "ალაზნის ველით". იმის ნაცვლად, რომ ჩვენი უნიკალური მიწისა და ადგილწარმოშობების პოტენციალი, ჯიშების მრავალფეროვნება და ტრადიციული ტექნოლოგიები ეფექტურად გამოგვეყენებინა, ისე როგორც ეს ევროპაში მოხდა, ინდუსტრია "ალაზნის ველის" მასიურ წარმოებაზე გადავიდა. სწორედ ამის გამოა, რომ დღესაც კი საზღვარგარეთ ქართული ღვინო ხშირად საშუალო ან დაბალი ხარისხის პროდუქტთან ასოცირდება.

ამ გზით ჩვენ უზარმაზარ პოტენციალს ვკარგავთ.

ჩვენ გადავწყვიტეთ, სიმამაცე გამოგვეჩინა და ალაზნის ველი ეტიკეტზევე გადაგვეხაზა – რადგან გვჯერა, რომ ქართული ღვინო გაცილებით დიდი ღირებულების მატარებელია და მისი ადგილი პრემიუმ, ლიმიტირებული ღვინოების თაროზეა.

მოგვიყევით ღვინის ვიზუალურ მხარეზეც

ეს პროცესი ძალიან რთული აღმოჩნდა. როგორც აღვნიშნე, ამ იდეაზე რამდენიმე წელია ვფიქრობ, მაგრამ ვერ ვპოულობდი გადაწყვეტას, რომელიც ბრენდის არსს ზუსტად გადმოსცემდა.

მინდოდა, ეტიკეტი მინიმალისტური ყოფილიყო. ბრენდის კონცეფციის სირთულის გამო, მნიშვნელოვანი იყო მკაფიო მესიჯები, სიმსუბუქე და თავისუფლების განცდა. ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხზე ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "აკერმა" იმუშავა. ვფიქრობ, მათ შესანიშნავად გაართვეს თავი ამოცანას და დახვეწილი, ელეგანტური ვიზუალი შექმნეს.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

"91"მხოლოდ დასაწყისია. ის ერთ-ერთი ბრენდია სერიიდან, რომელთა ეტაპობრივად გამოშვებასაც ვგეგმავთ. შემდეგი ღვინოები ადგილწარმოშობის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული.

გულწრფელად გეტყვით, ერთი სული მაქვს, როდის წარვადგენთ ბაზარზე ახალ ღვინოებს.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს