Get All Access for $5/mo

აღმოაჩინეთ, ამოძრავეთ საკუთარი თავი და უერთგულეთ მას ასე ყველაფერი მართლაც შესაძლებელი ხდება!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩემი გზა მედიცინაში ადამიანების მიმართ უდიდესი სიყვარულითა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვით დაიწყო. პანდემიის დროს კი როგორც უმეტესობის, ისე ჩემი ცხოვრება, მიზნებიც ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა არსებული ღირებულებები იგივე დარჩა. ამ რთულ პერიოდში კოვიდ პაციენტებთან მუშაობამ და მათი ვირუსთან ბრძოლის უუნარობამ, განსაკუთრებით კი ისეთ ადამიანებთან, რომელთაც ჰქონდათ გულ-სისხძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, სიმსუქნე, მეტაბოლური დარღვევები უმეტესად არაჯანსაღი კვებით განპირობებული, მკაფიოდ დამანახა საკვების მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. სწორედ ამან მიბიძგა, დამოუკიდებლად უფრო ღრმად შემესწავლა ნუტრიციოლოგია: მოვძებნე ყველა ის მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, რომელიც იკვლევდა სხვადასხვა საკვები ინგრედიენტების დანიშნულებას, როლს, ღირებულებასა და მათ კავშირს ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბებასთან თუ შესაძლებლობებს ამ უკანასკნელთა პრევენციისთვის. მათი კურსებისა და სამიტების საშუალებით აღმოვჩნდი ძალიან საინტერესო და საჭირო "სამყაროში", რომელსაც კვების მეცნიერება ჰქვია. როცა ვახსენე ღირებულებები იგივე დამრჩა-მეთქი, ზუსტად ამას ვგულისხმობდი, ამ დროიდან გადავწყვიტე, მინდოდა გავმხდარიყავი პროფესიონალი, რომელიც შეძლებდა დაავადებების პრევენციასა და სრულიად განკურნებას ჯანსაღი კვებითა და ამ მიმართულებით მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული ინფორმაციის გამოყენებით, მინიმალური მედიკამენტებით ან მათ გარეშე.

საკუთარი და ოჯახის წევრების ქრონიკული დაავადებების დამარცხება, მხოლოდ ჯანსაღი კვების პრინციპების გამოყენებით, იყო ყველაფრის დასაწყისი. ამას კი მალევე მოჰყვა მრავალი იმ ადამიანის გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში, რომელთაც იმავე გზით გაიუმჯობესეს ცხოვრების ხარისხი, განკურნეს თავიანთი დაავადებები და მიაღწიეს საერთო საწადელს- სრულყოფილსა და ბედნიერ ცხოვრებას მრავალი მედიკამენტის, მტანჯველი პროცედურებისა თუ უშინაარსო კვებითი შეზღუდვების, მითების გარეშე.

ყველა ეს ადამიანი და ჯანმრთელობის პოზიტიური ცვლილებები ყოველდღიურად მარწმუნებდა ჩემი საქმის სინამდვილესა და სიკეთეში. დავიწყე ჯანსაღი რეცეპტების შემუშავება კულინარიულ ესთეტიზმთან ერთად, მათი მორგება სხვადასხვა დაავადებასა თუ მათ პრევენციაზე, პაციენტებთან ჯანსაღი კვების პრინციპებისა და ჩემი რეცეპტების გაცნობა, გაზიარება და ამასთანავე მათ განათლებაზე ზრუნვა, რათა ისინი თავად გამხდარიყვნენ გამოჯანმრთელების გზის აქტიური წევრი. ამ პროცესებზე დაკვირვებამ კი დამანახა არსებული გამოწვევა, მზა ჯანსაღი საკვებისა და საკვები ინგრედიენტების არასაკმარისი რაოდენობა, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ბაზარზე, რაც აუცილებელს ხდის მეცნიერების, ექიმების, ნუტრიციოლოგების, ტექნოლოგების, ანტრეპრენერების, ბიზნესმენების გაერთიანებასა და კოოპერატიულ მუშაობას, რათა გაიზარდოს ნატურალური, მცენარეული, ჯანსაღი საკვებისა და მათი ინგრედიენტების ხელმისაწვდომობა, როგორც ადგილობრივ, ისე ნაციონალურ და გლობალურ დონეზე.

სწორედ ამ იდეამ მიმიყვანა იმ შესაძლებლობამდე, რომელიც დღეს უკვე ასე რეალური გახდა ჩემთვის. 2 წლიანი შრომის, გამოცდებისა და მრავალეტაპიანი არჩევითი შეხვედრების შემდეგ ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (EIT), რომელიც ინოვაციებისა და კონკრეტული გლობალური გამოწვევის ეფექტური გადაწყვეტისთვის აერთიანებს წამყვან ბიზნეს, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებს დინამიკური გლობალური პარტნიორობის შესაქმნელად, მაძლევს შესაძლებლობას, რომ გავხდე პირველი ქართველი წევრი მათი ინოვაციური კავშირის EIT food-ის, რომელიც მოიაზრებს ინოვაციების გაზრდას მომავალი კვების სისტემების შესაქმნელად, რათა გაფართოვდეს ჯანსაღი და მდგრადი საკვების წარმოება ყველასთვის, გავაგრძელო სწავლა ჩემს სამიზნე სამეცნიერო სამაგისტრო პროგრამაზე "კვების სისტემები"- ტარგეტული ნუტრიციოლოგია და ჯანმრთელობის მენეჯმენტი, რომელიც მოიაზრებს პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის, კვებითი სტრუქტურების, ხარისხისა და მდგრადი განვითარების პროცესების შესწავლას მათი მხრიდან მაქსიმალური დაფინანსებით 2 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, დანიასა და შვედეთში: დიდი ბრიტანეთი - The University of Reading, დანია- Aarhus University, შვედეთი - Lund University

ამ შედეგის მისაღწევად აქტიური მუშაობის 2 წელი ნამდვილად არ იყო მარტივი. თუმცა აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და ცხოვრებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტის მომასწავებელი. უპირველეს ყოვლისა, იმის, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან განმარტოვება, საკუთარი სურვილების აღმოჩენა და მათი ერთგულება, ვინაიდან მხოლოდ ჩვენი ნამდვილი სურვილებითა და მიზნებით სწავლასა და მუშაობას აქვს ჩვენი ცხოვრების ფასეულობა. ვიღაცის ჩემთვის ნათქვამი "არა" ნიშნავს, რომ მან დაკარგა ჩემი განვითარებისა და რესურსის გამოყენების შესაძლებლობა, ჩემთვის კი სწორი გზის მანიშნებელს - იარე, სასურველი ჯერ კიდევ წინ არის! ... და მაშინაც კი, თუ გეგონებათ, რომ ყველა კარი გეხურებათ, სინამდვილეში ის, თქვენი, მუდამ ღიაა და სწორედ თქვენ გელოდებათ.

აღმოაჩინეთ, ამოძრავეთ საკუთარი თავი და უერთგულეთ მას. ასე ყველაფერი მართლაც შესაძლებელი ხდება!