AgileSchool: საჯარო სექტორის მოდერნიზაცია - რატომ არ მუშაობს Agile საჯარო სექტორში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საჯარო სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს და სერვისების მიმწოდებელს საქართველოში. ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 308 000 ადამიანი იღებს, ეს ქვეყნის სამუშაო ძალის 20% და დასაქმებულების 24%-ია.
საჯარო სამსახურები უზრუნველყოფენ მოქალაქეებს ფუნდამენტური სერვისებით, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით, დამთავრებული ინფრასტრუქტურითა და უსაფრთხოებით. საჯარო სექტორი ასევე წარმოადგენს ყველაზე დიდ ციფრული სერვისების მიმწოდებელ ფუნქციას.
თუმცა, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, საჯარო სექტორი დგას მრავალი გამოწვევის წინაშე. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა კადრების გადინება. ხშირად, გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლები ტოვებენ საჯარო სამსახურს კერძო სექტორში უკეთესი ანაზღაურებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობების გამო. ამას ემატება მოუქნელი და ბიუროკრატიული პროცესები, რომლებიც ართულებენ ინოვაციების დანერგვასა და ეფექტურ მუშაობას. კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და მენეჯმენტის არაეფექტური მეთოდები კიდევ უფრო ამწვავებენ არსებულ პრობლემებს.
საჯარო სექტორში მართვის თანამედროვე მიდგომების ადაპტირების ხარისხი ხშირად ძალიან დაბალია. ტრადიციული, იერარქიული მართვის მეთოდები კვლავ დომინირებს. ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა ხშირად გამოწვეულია როგორც ორგანიზაციული კულტურით, ასევე ინდივიდუალური თანამშრომლების მხრიდან კომფორტის ზონიდან გამოსვლის სურვილის ნაკლებობით.
რატომ არ ინტერესდება საჯარო სექტორი Agile ტრანსფორმაციით?
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, საჯარო სექტორი, ბიზნესისგან განსხვავებით, არ არის პირდაპირ კონკურენციაში. მომხმარებელს, ანუ მოქალაქეს, ხშირად არ აქვს არჩევანი - მას უწევს იმ სერვისის გამოყენება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს სერვისი. ეს ამცირებს მოტივაციას გაუმჯობესებისა და ინოვაციებისთვის.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ე.წ. "Silo მენტალიტეტი". საჯარო სამსახურები ხშირად მოქცეულია იზოლირებულ დეპარტამენტებში, რომლებიც მინიმალურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ეს იწვევს სიტუაციას, სადაც თითოეული დეპარტამენტი ცდილობს მხოლოდ საკუთარი პერფორმანსის გაუმჯობესებას, ნაცვლად იმისა, რომ იფიქროს კოლექტიურ ბენეფიტებზე. ასევე, საკმაოდ იშვიათად გვხვდება საჯარო სამსახურები, რომლებიც ერთი საერთო მიზნის ქვეშ არიან გაერთიანებულები.
როგორ შეიძლება ამის მიღწევა?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დაისახოს ნათელი სტრატეგიული მიზნები, რომელთა გარშემოც გაერთიანდება ყველა დეპარტამენტი. ეს დაეხმარება ორგანიზაციას დაძლიოს "Silo მენტალიტეტი" და შექმნას ერთიანი ხედვა.
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ეს მოიცავს როგორც ტექნიკურ უნარებს, ასევე Agile მეთოდოლოგიების შესწავლას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლება, რადგან სწორედ ისინი არიან ცვლილებების მთავარი ლოკომოტივები.
მესამე, აუცილებელია ხშირი სინქრონიზაცია და კომუნიკაცია დეპარტამენტებს შორის. ეს დაეხმარება ორგანიზაციას გახდეს უფრო მოქნილი და სწრაფად რეაგირებდეს ცვლილებებზე.
საბოლოო ჯამში, საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და Agile მიდგომების დანერგვა არის არა მხოლოდ ორგანიზაციული საკითხი, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის განვითარებისკენ. ეს პროცესი მოითხოვს დროს, რესურსებს და, რაც მთავარია, ნებას ცვლილებებისთვის. თუმცა, შედეგი - უფრო ეფექტური, მოქნილი და მოქალაქეებზე ორიენტირებული საჯარო სექტორი - ნამდვილად ღირს ამ ძალისხმევად.