AI – ადამიანის კონკურენტი თუ პარტნიორი?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო გენერირებულია AI-ს მიერ
ბოლო რამდენიმე წელია, ხელოვნური ინტელექტი (AI) ბიზნესისა და შრომის ბაზრის მთავარ განსახილველ თემად იქცა. ერთი ნაწილი მას ადამიანის პირდაპირ კონკურენტად აღიქვამს, რომელიც სამუშაო ადგილებს "წაგვართმევს", მეორე კი მასში დიდ შესაძლებლობას ხედავს.
რეალობა, როგორც წესი, ამ ორ უკიდურესობას შორისაა.
მთავარი კითხვა ის კი არ არის, ჩაანაცვლებს თუ არა AI ადამიანს, არამედ, ვინ გამოიყენებს მას ეფექტიანად და ვინ ჩამორჩება ცვლილებებს?
ტექნოლოგიური პროგრესი ყოველთვის იწვევდა შიშს. ინდუსტრიული რევოლუციის დროს მანქანები სამუშაო ძალას ანაცვლებდნენ, კომპიუტერის გამოგონებამ კი ოფისებში მუშაობის წესები მთლიანად შეცვალა.
თუმცა საბოლოოდ, ტექნოლოგიამ მეტი სამუშაო შექმნა, ვიდრე გააქრო. AI ამ მხრივ გამონაკლისი არ არის, თუმცა მისი მასშტაბი და სიჩქარე განსაკუთრებულია.
ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით ეფექტურია იქ, სადაც საქმე გვაქვს რუტინულ, განმეორებად და მონაცემებზე დაფუძნებულ პროცესებთან.
ბუღალტერია, ლოგისტიკა, მომხმარებელთა მხარდაჭერის პირველი დონე, მონაცემთა ანალიზი, ანგარიშგება. AI განსაკუთრებით წარმატებულია ისეთ რუტინულ პროცესებში, რომლებიც დროსა და რესურსს უსარგებლოდ ხარჯავს.
ეს სფეროები უკვე აქტიურად იყენებენ AI-ის. ასეთ შემთხვევებში AI მართლაც შეიძლება აღვიქვათ როგორც ადამიანის კონკურენტი, რადგან ის იმავე სამუშაოს უფრო სწრაფად და ნაკლები ხარჯით ასრულებს.
მაგრამ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: ვის გაუწევს AI კონკურენციას?
რეალურად, AI კონკურენციას გაუწევს არა ზოგადად, ადამიანს, არამედ ადამიანის გარკვეულ უნარებს. უფრო ზუსტად, იმ უნარებს, რომლებიც ადვილად ფორმალიზდება და ალგორითმებად გარდაიქმნება.
ბიზნესისთვის ეს ნიშნავს ერთ რამეს: გამარჯვებული იქნება ის, ვინც AI-ს კონკურენტად კი არა, პარტნიორად აღიქვამს, ის, ვინც სწრაფად ადაპტირდება.
ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გახდეს ძლიერი ინსტრუმენტი იდეების ტესტირებისთვის, ბაზრის ანალიზისთვის, პროცესების ავტომატიზაციისა და მომხმარებელზე უკეთ მორგებული სერვისების შესაქმნელად, მაგრამ სტრატეგიული ხედვა, საბოლოო გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა კვლავ ადამიანის ხელში რჩება.
მომავალში წარმატებული ანტრეპრენერი იქნება არა ის, ვინც ყველაფერს თავად აკეთებს, არამედ ის, ვინც იცის, როგორ მართოს AI, როგორ დასვას სწორი კითხვები და როგორ გადააქციოს ტექნოლოგიის შედეგები რეალურ ღირებულებად.
სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების ცოდნა დღეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსების ან მენეჯმენტის.
ვინც საკუთარ უნარებს მხოლოდ რუტინაზე აგებს, ნამდვილად აღმოჩნდება კონკურენციის წნეხში. ხოლო ვინც ფიქრობს, ქმნის, ურთიერთობს და პასუხისმგებლობას იღებს, მისთვის AI გახდება არა კონკურენტი, არამედ ყველაზე ძლიერი პარტნიორი ბიზნესის განვითარებაში.
არსებობს სფეროები, სადაც AI ადამიანის ჩანაცვლებას ვერ ახერხებს და მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია: ემოციური ინტელექტი, კრეატიული და სტრატეგიული აზროვნება, ეთიკური გადაწყვეტილებები, ლიდერობა და პასუხისმგებლობა.
კონკურენტული უპირატესობა ადამიანურ უნარებშია. მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა, ბიზნესის წარმატება კვლავ ადამიანურ უნარებზე დგას.
AI-ის ეპოქაში წარმატებულია ის, ვინც ცვლილებას საფრთხედ არ აღიქვამს. ინვესტიცია განათლებაში, თანამშრომლების გადამზადება და ტექნოლოგიური ექსპერიმენტები ბიზნესისთვის აღარ არის არჩევანი. ეს აუცილებლობაა.
ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ბაზრის დასასრული არ არის. ის ახალი ეტაპის დასაწყისია, სადაც იმარჯვებენ ის კომპანიები და მეწარმეები, რომლებიც სწრაფად სწავლობენ, ადაპტირდებიან და ტექნოლოგიას სტრატეგიულ პარტნიორად იყენებენ. საბოლოოდ, AI არ ცვლის ადამიანს. ის აძლიერებს მას.
AI ვერ გახდება კარგი ფსიქოლოგი ან ფსიქოთერაპევტი, რადგან მას არ შეუძლია იგრძნოს ადამიანის რეალური პრობლემა, ვერც კარგი რეჟისორი ან დიზაინერი, სადაც მეტი კრეატიულობაა და შემოქმედებაა საჭირო.
იქ, სადაც ნდობა, ავტორიტეტი და პირადი ურთიერთობა გადამწყვეტია, სადაც ლიდერობის, დიპლომატიისა და დარწმუნების უნარებია საჭირო, ადამიანი შეუცვლელია.
აქ, AI უფრო ასისტენტის და არა შემცვლელის როლში თუ მოგვევლინება, რადგან შემოქმედებითი აზროვნება, ადამიანური ურთიერთობები და რთული ემოციური გადაწყვეტილებების მიღების უნარი ის სიმდიდრეა, რომლის გამოყენება მხოლოდ ადამიანს შეუძლია, რა თქმა უნდა, მისი მთავარი პარტნიორის – ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
და შენ როგორ ფიქრობ, AI ადამიანის კონკურენტია თუ პარტნიორი?
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge