Alchemist 404: პირველი ქართული სამეცნიერო და შემეცნებითი ვიდეოთამაში მსოფლიო ბაზარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Alchemist 404 წარმოადგენს როუგლაიქ (roguelike) ჟანრის სვლებზე დამოკიდებულ სტრატეგიულ ვიდეოთამაშს, რომელიც მოთამაშეს ფანტასტიკურ სამყაროში ამოგზაურებს. თამაშის მთავარი მექანიკა დრაკონებთან ბრძოლაზეა აგებული, თუმცა მისი უნიკალურობა ისაა, რომ თითოეული დაპირისპირება ქიმიის შესწავლასთან არის დაკავშირებული.

"მოთამაშე ამარცხებს დრაკონებს და გზადაგზა სწავლობს ნამდვილ ქიმიას. ამასთან, პროექტი მხოლოდ ქიმიით არ შემოიფარგლება, მომდევნო თამაშები იქნება დაფუძნებული სხვა დისციპლინებზეც, მათ შორის ფიზიკაზე, ასტრონომიასა და ისტორიაზე".

2018 წელს, მაშინ, როცა ტასო გეგიას პროფესიული გზა ჯერ კიდევ მუსიკასთან იყო დაკავშირებული, მოულოდნელად იგი სრულიად განსხვავებულ სფეროში, საერთაშორისო გაყიდვებში, ენერგეტიკის ინდუსტრიაში აღმოჩნდა.

მისთვის სწორედ ეს პერიოდი იქცა გარდამტეხ ეტაპად, რომელმაც ბიზნესის მიმართ ინტერესი გააღვიძა და პირველი დიდი წარმატებებისთვის საფუძველი შექმნა. დროთა განმავლობაში გაჩნდა სურვილი, რომ მიღებული გამოცდილება საკუთარ საქმეში გადაეტანა.

"ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემი საკუთარი ბიზნესის დაწყება მსურდა".

ამავე პერიოდში დაიწყო თანამშრომლობა ამერიკულ საგანმანათლებლო YouTube არხებთან, MinutePhysics-სა და MinuteEarth-სთან, რომლებიც ამ ჟანრში მსოფლიო ლიდერებად მიიჩნევიან.

გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში დაიწყო მათი კონტენტის გაქართულება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული არხების ორიგინალურ პროექტებს აფინანსებენ ისეთი გლობალური ფიგურები და კომპანიები, როგორებიც არიან ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და Google, ხოლო ლოკალურად პროექტი TBC ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. სწორედ ამ პროცესში დაიბადა ახალი იდეა, საგანმანათლებლო ვიდეოთამაშის შექმნა, რომელიც ცოდნის მიღებასა და გართობას გააერთიანებდა. ასე გაჩნდა Alchemist 404.

როგორც ტასო იხსენებს, პროექტის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო კონკურსი "მე ამისგან გავაკეთებ", სადაც მისმა იდეამ გაიმარჯვა. ავტორის შეფასებით, ჟიურის ყურადღება პირველ რიგში პროექტის საერთაშორისო პოტენციალმა და უნიკალურობამ მიიპყრო.

მიღწევები ამით არ დასრულებულა, პროექტი საერთაშორისო პროგრამაშიც მოხვდა, სადაც 1 500 მონაწილიდან საუკეთესო ოცეულში აღმოჩნდა. ეს ეტაპი ტასოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით.

"ეს გამარჯვება იყო ჩემთვის დიდი სტიმული, აბსოლუტური ნულიდან, ძლიერი კონკურენციის პირობებში, მივიღე პირველი ფინანსური მხარდაჭერა, რამაც ენთუზიაზმი გამიორმაგა და თამაშის განვითარების პროცესი დააჩქარა".

ამ ეტაპზე პროექტი აქტიურად ეძებს ინვესტორებს. ტასო დარწმუნებულია, რომ Alchemist 404-ს მასშტაბური კომერციული პოტენციალი აქვს, რაც პირდაპირ უკავშირდება გლობალური გეიმინგ ინდუსტრიის სწრაფ ზრდას.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის წარმატებულ თამაშებს ძალიან მოკლე დროში, ზოგჯერ ორ-სამ კვირაშიც კი, შეუძლიათ მილიონობით შემოსავლის გენერირება.

"ჩემი მიზანია მაღალი ROI-ის მიღწევა და ინვესტორთან თანამშრომლობისას სრულად გავითვალისწინებ მის ინტერესებს".

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობაცაა. იგეგმება, რომ სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებს თამაშის დემო ვერსია უფასოდ მიეწოდოთ, ხოლო წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში სრული ვერსიის შეძენა შეღავათიან პირობებში შეეძლოთ.

Alchemist 404 განსაკუთრებით საინტერესოა აბიტურიენტებისთვის, რადგან ის მოიცავს ქიმიის იმ ფორმულებს, რომლებიც საგამოცდოდ აუცილებელია. შედეგად, თამაში არა მხოლოდ გასართობ ფუნქციას ასრულებს, არამედ ეფექტურ საგანმანათლებლო ინსტრუმენტადაც ყალიბდება.

"ეს მიდგომა მნიშვნელოვნად გაამარტივებს სწავლების პროცესს იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც აქამდე ფორმულების დაზეპირებაში დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავდა. Alchemist 404 იქნება პირველი ქართული სამეცნიერო-შემეცნებითი ვიდეოთამაში მსოფლიო ბაზარზე".