Get All Access for $5/mo

ალექს პიჯიანი - ახალგაზრდა მეცნიერი საქართველოდან, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი განათლების სფერო საკმაოდ კონკურენტუნარიანია, რადგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ წარმატებულ და პერსპექტიულ ახალგაზრდას სურს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ცოდნისა და გამოცდილების გადაცემაში. სწორედ ასეთ ადამიანთა რიგს განეკუთვნება ალექს პიჯიანი − ახალგაზრდა მეცნიერი საქართველოდან, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, კოლუმბიის უნივერსიტეტის (Columbia University) სტატისტიკის კათედრაზე ლექციებს კითხულობს როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის კურსის სტუდენტებისთვის.

რას ნიშნავს, იყო ლექტორი კოლუმბიის უნივერსიტეტში, რა უნდა გაითვალისწინო საზღვარგარეთ სწავლისას/მუშაობისას და რით განსხვავდება ქართული და ამერიკული სასწავლო გარემო ერთმანეთისგან? − Entrepreneur გთავაზობთ ინტერვიუს ალექს პიჯიანთან.

მოგვიყევით მეტი თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ უშუალოდ რას მოიცავს თქვენი სამუშაო?
როგორც უკვე გითხარით, ამჟამად დასაქმებული ვარ კოლუმბიის უნივერსიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტში. კერძოდ, ლექციებს ვუკითხავ როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებს. ლექციათა კურსები მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ზოგადი სტატისტიკა, სტატისტიკური პროგრამირება, machine learning-ი, deep learning-ი და ა.შ. ჩვენი დეპარტამენტი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციაა ჩვენს დარგში, შესაბამისად, ყოველდღიურად საკმაოდ ძლიერი ბექგრაუნდის მქონე და მონდომებულ სტუდენტებთან მიწევს მუშაობა, რაც თავის მხრივ სტუდენტებთან ურთიერთობას უფრო საინტერესოს ხდის.

გარდა უშუალოდ ლექციების კითხვისა, ასევე ვარ მაგისტრატურის პროგრამის მიმღები კომისიის წევრი. ყოველწლიურად მიწევს ათასობით აპლიკანტიდან საუკეთესოების შერჩევა. ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია, მაგრამ ამავდროულად არასასიამოვნოც, რადგან უზარმაზარი კონკურენციის გამო, ხშირად ძალიან ძლიერ აპლიკანტებს ვეუბნებით უარს.

ასევე ვარ ჩართული რამდენი პროექტში, რაც ითვალისწინებს ჩვენი სტუდენტებისა და წამყვანი კომპანიების (მაგალითად Meta, Google, Pfizer, LinkedIn) ერთმანეთთან დაკავშირებას, მომავალში დასაქმების პერსპექტივით.

რა გზა გაიარეთ ამ ეტაპამდე მოსასვლელად?
2011 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკის მიმართულებაზე. ბაკალავრიატზე სწავლისას, დავინტერესდი ალბათობის თეორიითა და სტატისტიკით, და აქტიურად დავიწყე ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება. ვიმუშავე ჩვენი დარგის ერთ-ერთ წამყვან მეცნიერებთან, ბატონ ელიზბარ ნადარაიასთან და გრიგოლ სოხაძესთან. ამ ნაყოფიერი კოლაბორაციის შედეგად, გამოქვეყნდა ჩემი პირველი სამეცნიერო ნაშრომი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ "მოამბეში".

ბავშვობიდანვე მქონდა იმის ამბიცია და სურვილი, რომ წავსულიყავი საზღვარგარეთ, გამომეცადა საკუთარი თავი და შესაძლებლობები, და წარმატებისთვის მიმეღწია უკვე საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ, თსუ-ში სწავლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩავირიცხე მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Michigan State University), დოქტორანტურის პროგრამაზე სტატისტიკის მიმართულებით. უნივერსიტეტისგან მივიღე სრული დაფინანსება და ასევე დავსაქმდი ჩემს დეპარტამენტში, Graduate Teaching Assistant-ის პოზიციაზე. კერძოდ, ყოველკვირეულად ვუტარებდი ე.წ. სემინარებს დაახლოებით 120 სტუდენტს, ვადგენდი გამოცდებს, და ჩართული ვიყავი სხვა აქტივობებში. ამის შედეგად, სტატისტიკის დეპარტამენტმა მომანიჭა ჯილდო (Outstanding Graduate Student Teaching Award), რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ერთ სტუდენტს.

მიჩიგანში სწავლისას, გავიარე არაერთი სტაჟირება ამერიკის წამყვან კომპანიებში. მაგალითად, 2019 წელს გავიარე სტაჟირება Pfizer-ში, სადაც ვმუშაობდი კლინიკური ცდებიდან მიღებულ მონაცემებზე და ვქმნიდი სხვადასხვა აპლიკაციას ლაბორატორიებში მომუშავე მეცნიერთათვის. ასევე, 2021 წელს გავიარე სტაჟირება New York Life Insurance Company-ში, სადაც ვმუშაობდი machine learning და deep learning-მოდელებზე, რაც ითვალისწინებდა კომპანიის აგენტების პროდუქტიულობის გამოკვლევას.

2022 წელს დავიცავი დოქტორის ხარისხი სტატისტიკაში და გადავწყვიტე საქმიანობა გამეგრძელებინა განათლების სფეროში. საბედნიეროდ, შევძელი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან − კოლუმბიის უნივერსიტეტში (Columbia University), სამუშაოს დაწყება.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენთვის, როდესაც სწავლა საზღვარგარეთ განაგრძეთ?
ალბათ შედარებით დიდი გამოწვევა (ამას მაინცდამაინც გამოწვევას ვერ ვუწოდებ) იყო სხვა გარემოსთან შეგუება. როცა სასწავლებლად მიემგზავრები საზღვარგარეთ, გიწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან შეხება, რაც თავიდან შესაძლოა უჩვეულო იყოს და გაუცხოებასაც იწვევდეს. მაგრამ, დროთა განმავლობაში ამას ეჩვევი და პირიქით − ეს მრავალფეროვნება ხელს უწყობს შენს პიროვნულ ზრდასა და განვითარებას.

თქვენი შეხედულებით, რამდენად განსხვავებულია სწავლის პროცესი საქართველოსა და შშ-ში? შეგხვდათ თუ არა სწავლის განსხვავებული დგომები?
სწავლის პროცესი ამერიკაში ნამდვილად განსხვავდება ჩვენი პროცესისგან. ყველა დარგს თავისებური მიდგომა ახასიათებს, ამიტომ მე ჩემს დარგზე ვისაუბრებ (მათემატიკა/სტატისტიკა). საქართველოში უფრო მკაცრი მიდგომაა სწავლის პროცესის მიმართ. მაგალითად, ბევრი რამ დასაზეპირებელია, გამოცდაზე დამხმარე მასალის შეტანა აკრძალულია და ა.შ.

ამერიკაში კი ყურადღება უფრო კონცეპტუალურ ცოდნას ეთმობა. სტუდენტებს არ უწევთ რომელიღაც კონკრეტული ინფორმაციის (თეორემა თუ ფორმულა) დამახსოვრება, არამედ დიდი ყურადღება ექცევა კრიტიკულ აზროვნებას. მაგალითად, ესა თუ ის მეთოდი სად უნდა გამოიყენო, როდის და როგორ.

ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ საუკეთესო შედეგი მიიღწევა ამ ორი მიდგომის სინთეზით, რომელსაც ჩემს ლექციებში ხშირად ვიყენებ.

უამრავ ადამიანს სურს საკუთარი თავი გამოცადოს და წავიდეს საზღვარგარეთ სასწავლებლად. რას ურჩევდით ასეთ ადამიანებს? რა უნდა გააკეთონ წინასწარ იმისთვის, რომ საზღვარგარეთ იყვნენ წარმატებულები?
არ მგონია წარმატების რაიმე ერთი კონკრეტული ფორმულა არსებობდეს. ვფიქრობ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის თანხვედრაა საჭირო წარმატების მისაღწევად. ამ ფაქტორებს ორ ნაწილად დავყოფდი: ტექნიკური და პიროვნული.

ტექნიკურ ნაწილში ვგულისხმობ პროფესიულ ცოდნასა და ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობას. ენის ცოდნა დაგეხმარებათ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში (უფრო მარტივად გაივლით ადაპტაციას უცხო ქვეყანაში და ადგილობრივი სოციუმის ნაწილი გახდებით), ასევე − კარიერულ წინსვლაში. თუ სწავლის გაგრძელებას აპირებთ მაგისტრატურაზე ან უფრო მაღალ საფეხურზე, გირჩევთ ბაკალავრის ხარისხის მიღებას საქართველოში და თქვენი დარგის საფუძვლიან შესწავლას. საქართველოში ამის მიღწევა (ყოველ შემთხვევაში, ჩემს დარგში) ნამდვილად შესაძლებელია.

რას შეეხება პიროვნულ ფაქტორებს, მხოლოდ სწავლა და განათლება არ არის საკმარისი წარმატების მისაღწევად. თქვენ ყოველთვის უნდა გქონდეთ იმის სურვილი და ამბიცია, რომ მეტს მიაღწიოთ და არ დასჯერდეთ იმას, რაც გაქვთ. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ჯანსაღ ამბიციას, რომელიც ეფუძნება საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებას. სამწუხაროდ, სიტყვა "ამბიცია" ბევრისთვის ქედმაღლობისა და ამპარტავნების სინონიმია, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. საკუთარი ნიჭის წარმოჩენასა და თავის დამკვიდრებაში ცუდი არაფერია. ზედმეტი თავმდაბლობა (მით უმეტეს, თანამედროვე რეალობაში) არაფერში გამოგადგებათ.

გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებ უფრო აქტიურად ჩავერთო უნივერსიტეტისა და ჩემი დეპარტამენტის საქმიანობაში და შესაძლოა, რომელიღაც პროგრამის ხელმძღვანელობაც შევითავსო. ასევე, მაქვს რამდენიმე იდეა ტექსტარტაპთან დაკავშირებით, რომელზეც უკვე დაწყებულია მუშაობა და სამომავლოდ უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ საქმიანობას ამ მიმართულებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფრანჩაიზი

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში

საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა