ალესე ხერხი! ...და შენ ბედნიერი ხარ?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"დღეს ვხვდებით ინდივიდს, რომლის ქცევაც მექანიკურია.
მას არ ესმის საკუთარი თავის, სხვები როგორც ხედავენ,
საკუთარ თავს მხოლოდ იმ ადამიანად იცნობს".

"მაღალეფექტიანი ადამიანების 7 ჩვევა" – პირველად როდის გავიგე ამ წიგნის შესახებ, არ მახსოვს, თუმცა მახსოვს ის მნიშვნელოვანი, რაც ამ წიგნში წაკითხულის გააზრებით მოვიდა. როგორი ლინზით უყურებ ცხოვრებას, ეს განსაზღვრავს შენ ცხოვრებას! თუ ღრმად გწამს, რომ სიცოცხლეში ყველაფერს მარტივად აღწევ, ასეც იქნება და პირიქით. ზუსტად ეს პარადიგმები განსაზღვრავს ადამიანის ქცევასა და დამოკიდებულებას მოვლენებისა თუ სხვათა მიმართ. მაგალითად, მშობელს რომ ჰკითხო, რა სურს შვილისთვის, გიპასუხებს, რომ ყველაფერი საუკეთესო. თუმცა სტეფან კოვის ამ წიგნში ნათელი მაგალითი მოჰყავს, როგორ შეიძლება აღიქმებოდეს საზოგადოებაში "კარგი მშობლის" იმიჯის შექმნის ფარული სურვილი ბავშვთან ურთიერთობაში – "შენ არ შეგიძლია ჩვენი დახმარების გარეშე!" ასეთი რეალური და ძალიან ცხოვრებისეული მაგალითები ხდის ამ წიგნს 35 წლის შემდეგაც აქტუალურს და რაც მთავარია, მისი კითხვისას საკუთარ თავში აღმოჩენებით სავსე მოგზაურობა გელის.

კოვის უკვე კლასიკად ქცეულ წიგნში ვხვდებით შვიდ ჩვევას, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ყველა სფეროში მაღალეფექტიანობისთვის სჭირდება. თუმცა, რა გჭირდება შენ რეალურად? ვინ ხარ მაშინ, როდესაც მარტო რჩები?

I ჩვევაიყავი პროაქტიული

რამდენად ახდენს გავლენას გარემო შენზე? მაგალითად, რამდენჯერ გითქვამს თანხმობა მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოება ამას მოელის შენგან? ამ ჩვევის უკეთ გასაგებად წიგნში ებრაელი ფსიქიატრის, ვიქტორ ფრანკლის გასაოცარი მაგალითი შეგხვდება. მან საკონცენტრაციო ბანაკში აღმოაჩინა ის, რასაც მოგვიანებით "ადამიანის უკანასკნელი თავისუფლება უწოდა". "ეს იყო თავისუფლება, რომელსაც ნაცისტი ჯალათები ვერ წაართმევდნენ. მათ შეეძლოთ გაეკონტროლებინათ მის ირგვლივ ყველაფერი, მისი სხეულისთვის მიეყენებინათ აუტანელი ტკივილი, მაგრამ ვიქტორ ფრანკლი თვითცნობიერი ადამიანი გახლდათ, საკუთარი გარემოს დამკვირვებლის პოზიციიდან დანახვა ხელეწიფებოდა".

II ჩვევა დაიწყე ფიქრით დასასრულზე, საბოლოო შედეგზე

"როდესაც ვხედავ მეფეებს, მათი ტახტიდან ჩამომგდებლების გვერდით მწოლიარეთ, გვერდიგვერდ დაკრძალულ იდეურად დაპირისპირებულ ადამიანებს, ანდა რჩეულ უხუცესებს, რომლებმაც თავიანთი დავითა და კამათით გახლიჩეს ქვეყნიერება, სევდა და გაოცება მიპყრობს კაცობრიობის ფუჭი შეჯიბრებების, უთანხმოებებისა თუ ფარული დაპირისპირებების გამო".

ჯოზეფ ადისონი

ამ ჩვევასთან დაკავშირებით დაგხვდებათ სავარჯიშო, რომელიც შემოგთავაზებთ საკუთარი დაკრძალვის წარმოდგენასა და ცერემონიალზე ოთხ გამომსვლელს, რომლებიც გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოთქვამენ. უნდა მოიფიქროთ, რა გსურთ თქვან თქვენზე: როგორ ქმრად/ცოლად ან დედად/მამად გსურთ წარმოჩინდეთ? როგორი შვილი ან ბიძაშვილი, მეგობარი, კოლეგა იქნებოდით. ამ სავარჯიშოს გაკეთების შემდეგ ავტორი გვარწმუნებს, რომ თქვენს ღრმა და ფუნდამენტურ ღირებულებებს შეეხებით. გულწრფელად გეტყვით, ამ სვეტის წერისას ამ სავარჯიშოს ხელახლა წაკითხვაც კი თავზარს მცემს! მე გამოვტოვე :)

თუმცა არ არის დრამატიზმი საჭირო, ეს მიდგომა შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი პროექტის შესრულებისთვის ან მიზნების დასახვისთვის: როგორ ვხედავთ საკუთარ თავს, ბიზნესს, ოჯახს ათი წლის შემდეგ. ცხადად წარმოვიდგინოთ ჩვენი ნებისმიერი იდეა თუ პროექტი, რომ რეალურად შევძლოთ მისი აღსრულება.

III ჩვევაჯერ უმთავრესი და შემდეგ სხვა დანარჩენი

პარეტოს პრინციპი ყველაზე ნათლად და მარტივად ხსნის მესამე ჩვევას: 80/20 გულისხმობს, რომ შედეგების 80 პროცენტი აქტოვობების 20 პროცენტიდან გამომდინარეობს. დააკვირდით საკუთარ თავს დღის განმავლობაში. თქვენთვის რამდენ უსარგებლო ზარს, შეტყობინებასა და წერილს პასუხობთ. ამით იქმნით გადატვირთული დღის განცდას და რეალურადაც ასეა – თქვენ ქაოსში ხართ, ვერ იღებთ სასურველ შედეგს, რადგან გასაკეთებელი საქმეების სია პრიორიტებებისა და აუცილებლობის მიხედვით არ გაქვთ დალაგებული. და თუ გონებისა და დროის სხვადასხვა გამფანტველს ჩახსნით თქვენი ყოველდღიურობიდან, აღმოაჩენთ, რომ საკმაოდ დიდი დრო გაქვთ საქმეების აღსრულებისთვის.

IV ჩვევა იფიქრეთ მოგება/მოგებაზე

ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება მოლაპარაკებების ეთიკის სწავლებისას, თუმცა გუნდის მართვის ან პარტნიორულ ან ოჯახურ ურთიერთობებში ამ პარადიგმაზე კოვი დაგაფიქრებთ. ხშირად კორპორაციულ სამყაროში მენეჯერს სურს ადამიანები ერთი საერთო საზრისის გარშემო გააერთიანოს და ამას აკეთებს ისე, რომ კვარტალის ბოლოს ერთი გამარჯვებული გამოვლინდება საუკეთესო შედეგებით. შესაბამისად, სადაც არსებობს გამარჯვებული, იქვე ჩნდება დამარცხებული. ამ შემთხვევაში კი დამარცხებული გამოდის ყველა სხვა დანარჩენი. მაშ, როგორ უნდა შეიკრას გუნდი, როდესაც დოღის პრინციპი მოქმედებს და შეჯიბრებითობა წახალისებულია? იგივე შეიძლება გადმოვიტანოთ პირად ურთიერთობებში, არ შეიძლება მუდმივად ერთს უხდებოდეს დათმობა და კომპრომისზე წასვლა. კოვი წიგნში ბევრ სხვა საინტერესო მაგალითს ეხება, რომელმაც შესაძლოა თქვენი ყურადღება მიიქციოს.

V ჩვევაჯერ სხვებს გაუგეთ, რათა გაგიგონ

აქ აღმოაჩენთ ემპათიური კომუნიკაციის პრინციპებს. აქვე წაიკითხავთ ცხოვრებისეულ შემთხვევებს, უწყინარ დიალოგებში ამოიცნობთ საკუთარ თავს. ვუსმენთ მხოლოდ იმიტომ, რომ პასუხი გავცეთ, თუ ვუსმენთ იმიტომ, რომ დიაგნოზი დავსვათ და ამის მიხედვით გავცეთ პასუხი, მივცეთ რჩევა და გავიგოთ, რა აწუხებს ჩვენს თანამოსაუბრეს: კოლეგას, შვილს, მეუღლეს, მშობელს, მეგობარს!

VI ჩვევა სინერგია

როდესაც სერ უინსტონ ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის პრემიერად და თავდაცვის მინისტრად დანიშნეს, მან თქვა, რომ მთელმა განვლილმა ცხოვრებამ ამ წუთისთვის მოამზადა. ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ: ყველა სხვა ჩვევა სინერგიის ჩვევებისთვის გვამზადებს. სინერგიის მთავარი არსი განსხავებების დაფასებაა, ადამიანებს შორის გონებრივი, ემოციური და ფსიქოლოგიური განსხვავებების დაფასება. ამისთვის კი მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანი ისე აღიქვამს სამყაროს, როგორიც თავად არის და არა ისე, როგორც რეალურადაა.

VII ჩვევა ალესეთ ხერხი

ეს თავი ასე იწყება: წარმოიდგინეთ, ტყეში ხვდებით ადამიანს, რომელიც გამალებით ხერხავს ხეს – 5 საათია ამას აკეთებს. გათანგულია, თუმცა გაუჩერებლად აგრძელებს ხერხვას, თქვენ კი ხერხის გალესვას სთავაზობთ, რომ უფრო ეფექტურად განაგრძოს თავისი საქმე. მას კი დრო არ აქვს ასალესად. გეცნოთ სიტუაცია? ეს პატარა ალეგორიაა ჩვენი ცხოვრებიდან – გაჩერება და "ხერხის გალესვა" დროის კარგვა გვგონია. სინამდვილეში კი ეს ჩვევა ეხება "ხერხის ალესვისთვის" დროის გამონახვას. კოვი განახლების ოთხ განზომილებას გამოყოფს: ფიზიკური (ვარჯიში, კვება); სოციალურ/ემოციური (ემპათია, სინერგია); სულიერი (სწავლა, ლოცვა); გონებრივი (კითხვა, ვიზუალიზაცია, დაგეგმვა, წერა). მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: დროის, გონებრივი თუ ემოციური რესურსი, რომელსაც ხარჯავთ საქმეზე, ამოწურვადია, თუ მის აღდგენასა და შევსებაზე არ იზრუნებთ. ხშირად თქვენს პროექტს წარმატებისგან მხოლოდ თქვენი ურესურსობა აშორებს. შეავსეთ ის!

როგორიც არ უნდა იყოს შენი ლინზა, ყოველ ჯერზე, როდესაც "დაგეორთქლება", ეს წიგნი დაგეხმარება მის "გაწმენდაში" და, მეტსაც გეტყვი, ხშირად შეგაცვლევინებს იმ რაკურსს, საიდანაც უყურებ მოვლენებს.

და თუ ამ წიგნში მოცემულ პრაქტიკებს საკუთარ ცხოვრებას მოარგებ, გამიზიარე შედეგები: mgiorgadze@bubblehead.ge

გამომცემელი, გამომცემლობა „ბაბლჰედი“