Alterme – ფინანსური განათლება, როგორც მართვის ხელოვნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს, როცა ფინანსური გადაწყვეტილებები პირდაპირ განსაზღვრავს როგორც ინდივიდის, ისე ბიზნესის სტაბილურობას, ფინანსურ განათლებაზე წვდომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი ხდება.

ფინანსური განათლება, როგორც მართვის ხელოვნება – სწორედ ამ ხედვით გამოჩნდა ქართულ ბაზარზე Alterme. ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსურ განათლებაზე წვდომის ხელშეწყობას.

Alterme-ს დამფუძნებელი, ხატია ჭონქაძე, წლებია აკვირდება რეალობას, სადაც ფინანსები მეტწილად ფულთან ასოცირდება და არა გადაწყვეტილებებთან, უსაფრთხოებასა და გრძელვადიან სტრატეგიასთან. მისი გამოცდილებით, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს სივრცე, რომელიც პრაქტიკულ ცოდნას შესთავაზებს ყველას – ახალგაზრდებიდან დაწყებული, მცირე მეწარმეებით დასრულებული. Alterme-ს შექმნისკენ ხატიას სწორედ ამ გამოწვევებმა უბიძგა.

"როდესაც ადამიანებს ესმით სიტყვა "ფინანსები", ხშირად ჰგონიათ, რომ საუბარია მხოლოდ ფულზე. რეალურად კი ფინანსები არის სტრატეგია, ბიუჯეტირება და უსაფრთხოება – ის ყოველდღიური გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ვფიქრობ, ფინანსური განათლება მართვის ხელოვნებაა. 2025 წელს სხვადასხვა პროფესიის სტუდენტების მენტორი ვიყავი ფინანსური განათლების მიმართულებით. ამ დროს გავაცნობიერე, რომ დროა შეიქმნას სივრცე, რომელიც ფინანსურ განათლებას ქვეყნის მასშტაბით სისტემურად გაავრცელებს. სწორედ ამ მიზნით, 2025 წლის ბოლოს ოფიციალურად დავაფუძნეთ Alterme. პლატფორმა აერთიანებს როგორც სოციალურ, ისე კომერციულ პროექტებს, რათა ცოდნაზე ხელმისაწვდომობა რეალურად გახდეს ყველასთვის შესაძლებელი – იქნებიან ეს ფიზიკური თუ იურიდი პირები", – ამბობს ხატია ჭონქაძე Entrepreneur-თან საუბრისას.

ახალი საქმის დაწყება ყოველთვის დაკავშირებულია რისკთან, პასუხისმგებლობასა და იმ პირველ ნაბიჯთან, რომელსაც ყველაზე მეტი გამბედაობა სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროექტი არა მხოლოდ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, არამედ საგანმანათლებლო რესურსით უზრუნველყოფს, რაც ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავების წინაპირობა უნდა იყოს.

ხატია ჭონქაძის თქმით, Alterme-ს საქმიანობაში ყველაზე დიდი გამოწვევა მიმღებლობაა. სამიზნე აუდიტორიასთან დასაახლოებლად და მათთვის პლატფორმის მნიშვნელობის უკეთ გასაცნობად, Alterme-ს გუნდი გეგმავს პრეზენტაციებს ჯერ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში სტუდენტებთან, ხოლო შემდეგ – ბიზნესსექტორთან.

ინსპირაციასა და მოტივაციაზე საუბრისას ხატია ჭონქაძე ამბობს, რომ ყოველდღიურ და ბიზნესსაქმიანობაში მისთვის შთაგონების წყარო თავისუფლება და დამოუკიდებლობაა.

"ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს მენტორობა, სტარტაპებთან მუშაობა და მათი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ქალების მხარდაჭერა. ვფიქრობ, ქალების ფინანსური დამოუკიდებლობა აუცილებელია. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ფინანსური განათლების მიღებას, მომავალში უფრო მეტი შესაძლებლობები გვექნება".

ამ ხედვიდან გამომდინარე, Alterme საკუთარ საქმიანობაში მნიშვნელოვან ღირებულებად მიიჩნევს არა მხოლოდ ცოდნის გავრცელებას, არამედ ინდივიდის ფინანსური დამოუკიდებლობისა და თვითმართვის უნარების გაძლიერებას.

როგორც პლატფორმის დამფუძნებელი აღნიშნავს, Alterme-ს ერთ-ერთი მთავარი კონცეფციაა წელიწადის ყოველ თვეს ფინანსური განათლების მიმართულებით სხვადასხვა თემის წარდგენა. მაგალითად, იანვარში – სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრია და ფინანსები, თებერვალში — ფრილანსერები, მარტში – ქალი ანტრეპრენერები და ასე შემდეგ.

"ჩვენი მიზანია აქტიური ჩართულობის შექმნა. აუდიტორიის ასაკობრივი კატეგორია იწყება 14 წლიდან. ამ მიზნის მისაღწევად ვაპირებთ აქტიურ თანამშრომლობას სკოლებთან, კოლეჯებთან, სტუდენტებთან, მეწარმეებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან", – აღნიშნავს ხატია ჭონქაძე.

Alterme-ს მნიშვნელობა, იდეა და იდენტობა მრავალმხრივ გამოიხატება. საზოგადოებრივ იმიჯსა და ბრენდის ფილოსოფიას თან ერთვის ვიზუალური სიმბოლო: თეთრი პეპელა ფორთოხლისფერ ფონზე. მისი ინსპირაცია უძველესი ფორთოხლისფერი ლილიებია. როგორც ხატია ჭონქაძე ამბობს, ისინი ასახავენ თავდაჯერებულობას, სიამაყესა და თავისუფლებას – სწორედ იმ თვისებებს, რომელთა გაღვივებასაც Alterme საკუთარ მომხმარებლებში ცდილობს.