Amare – მარკეტინგი, როგორც პარტნიორობა და არა უბრალოდ სერვისი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესმა ყოველთვის იცის, რომ რაღაც უნდა გაყიდოს – იქნება ეს პროდუქცია თუ სერვისი. თუმცა სათქმელის მომხმარებლამდე მიტანა ხშირად რთულდება ხოლმე. ციფრული მარკეტინგის ბაზარი დატვირთულია "ლამაზი პოსტებით", მაგრამ ბევრ კომპანიას მაინც აკლია ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სტრატეგია, თანმიმდევრული კომუნიკაცია და კონტენტი, რომელიც არა მხოლოდ ყურადღებას იპყრობს, არამედ ამ ყურადღებას ინარჩუნებს კიდეც.

ასეთ რეალობაში გამოჩნდა Amare – კრეატიული სააგენტო, რომლის თანადამფუძნებლები ანა კერესელიძე და მარიამ მთაწმინდელი არიან. მათი ამბავი ერთი შეხედვით კლასიკური "სტარტაპის ისტორიაა", თუმცა ერთი დიდი განსხვავებით – აქ მთავარი გმირები ბრენდები და ადამიანები არიან, რომელთა ისტორიებსაც ეს გუნდი პროფესიონალურ ნარატივად აქცევს.

"ამარეს" იდეა თანდათან აშენდა იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც ანას და მარიამს სხვადასხვა კომპანიაში მუშაობისას დაუგროვდათ.

"ბევრ კომპანიას აქვს კარგი პროდუქტი ან იდეა, მაგრამ ვერ ასახავს მას სწორად კომუნიკაციაში. ხშირად ბიზნესებს აკლიათ სტრატეგიული ხედვა, თანმიმდევრული კომუნიკაცია და ისეთი კონტენტი, რომელიც რეალურად მუშაობს და არა უბრალოდ მათ ესთეტიკას შეეფერება", ამბობს ანა კერესელიძე.

"ამარეს" ფუნდამენტი სწორედ ამ ხარვეზების დანახვამ შექმნა. მათთვის მარკეტინგი არ არის მხოლოდ სოციალური მედიის ვიზუალები, პოსტები და ენთუზიაზმზე აგებული კამპანიები, რომლებიც სწრაფად იკარგებიან სოცმედიას ხმაურში.

"ყურადღების მიპყრობა ყველას შეუძლია, თუმცა მომხმარებლების შესანარჩუნებლად ბევრია რამეა საჭირო, რაშიც Amare დაგეხმარებათ", ამბობს მარიამ მთაწმინდელი.

Amare დღეს სრულ ციფრულ ეკოსისტემას ქმნის იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც სწრაფ შედეგზე კი არა, გამართულ, გრძელვადიან განვითარებაზე ფიქრობენ.

სააგენტოს სერვისები მოიცავს:

  • ციფრულ მარკეტინგს
  • კონტენტის შექმნას
  • ვებდიზაინსა და ბრენდინგს
  • კრეატიულ ფოტო- და ვიდეოგრაფიას
  • გარე კლამებს
  • SEO-ს
  • სოციალური მედიის მენეჯმენტს
  • გრაფიკულ დიზაინს

მაგრამ მათი მთავარი განსხვავება ფორმალურად სერვისების ჩამონათვალში კი არა, თანამშრომლობის ფილოსოფიაში ჩანს.

"ცალკეული სერვისების გარდა გვაქვს პაკეტები, რომლებსაც სრულიად მოვარგებთ თქვენს ბიზნესს გარკვეული კვლევების შემდეგ, რათა იმ მიზანს მივაღწიოთ, რაც ჩაფიქრებული გაქვთ თქვენი ბრენდისთვის. ჩვენ ვართ თქვენი პარტნიორები და თქვენს ბრენდს ჩვენი საკუთარივით მოვუვლით", – ამბობენ ანა და მარიამი.

Amare-ში თითოეული პროექტი პასუხისმგებლობაა – რა შედეგს მიიღებს ბრენდი, როგორ შეიცვლება მისი აღქმა, რამდენად გაუგებს მას აუდიტორია.

"ჩვენ მიზანი იყო ბაზარზე შემოგვეტანა ორი რამ: პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული მარკეტინგი, რომელიც არ არის მხოლოდ პოსტები და კამპანიები, არამედ პროცესის სრული მართვაიდეიდან ანალიზამდე; და ადამიანზე მორგებული თანამშრომლობა, სადაც ბიზნესები გრძნობენ, რომ ჰყავთ პარტნიორი და არა უბრალოდ დაქირავებული სააგენტო", გვიმხელს ანა.

როგორც ყველა ახალ ბიზნესს, "ამარესაც" ჰქონდა გამოწვევები – პირველ რიგში, ეს იყო პროექტების სიმრავლე.

"ბევრი პროექტი დაგვიგროვდა მოკლე დროში და ვნერვიულობდი, რომ დამატებითი კადრი დაგვჭირდებოდა პროექტების გადასანაწილებლად და სამუშაოს იმ დონეზე შესასრულებლად, როგორიც გვინდოდა", – იხსენებს ანა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს სტრესი ზრდის წინაპირობად იქცა – ამ გამოწვევით აღმოაჩინეს, რომ უფრო მეტის გაკეთება შეეძლოთ, ვიდრე იფიქრებდნენ.

"საბედნიეროდ, ჯერ არ შეგვხვედრია ისეთი პრობლემა და გამოწვევა, რაც გადაუჭრელად გვეჩვენებოდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ და ვიქნებით", ამბობს მარიამი.

ორივე დამფუძნებელი აღიარებს, რომ რისკების მიუხედავად, გამოცდილებაში, საკუთარ რესურსებსა და ხედვაში თავიდანვე იყვნენ დარწმუნებულები. ამბობენ, რომ რისკები ყოველთვის არსებობს, თუმცა, ამას მათ მოტივაციასა და შემართებაზე არ ჰქონია გავლენა.

Amare-ში არ აქვთ ინსპირაციის ძიების რიტუალები. ამისთვის მათი მთავარი წყარო რეალობაა – ბრენდები და აუდიტორია, რომელთანაც ეს ბრენდები საუბრობენ.

"ყველაზე დიდი მოტივაცია არის პროცესი, როცა იდეა რეალობად გადაიქცევა და შედეგი სახეზეა: ბრენდი იზრდება, იცვლება, ძლიერდება", აღნიშნავს მარიამი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

ამიტომაც მათთვის მარკეტინგი არცერთ შემთხვევაში არ არის მხოლოდ "კრეატივის გაკეთება". ის არის პროცესის მართვა, მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები და მუდმივი კითხვები – რა მუშაობს, რატომ და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაუმჯობესება.

Amare არ შექმნილა იმისთვის, რომ ბაზარზე კიდევ ერთი "სტანდარტული" სააგენტო დამატებულიყო. მათი მიზანი გაცილებით ამბიციურია.

"ჩვენი მიზანია ლიდერების შექმნა და პოტენციალის გარდაქმნა რეალურ შედეგად", ამბობს ანა.

ამ ხედვაში მთავარი ღერძი უწყვეტი განათლება და პროფესიული განვითარებაა. კომპანიის დამფუძნებლებს სჯერათ, რომ "კარგი მარკეტინგი იწყება თვითგანვითარებით როცა თავად იზრდები, შედეგი ბუნებრივად აისახება როგორც ჩვენს კომპანიაზე, ისე იმ ბრენდებზე, რომლებთანაც ვმუშაობთ".

უახლოესი 1 წლის გეგმები უკვე გაწერილი აქვთ:

  • ცოდნის გაღრმავება განსაკუთრებით სტრატეგიებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებში;
  • სერვისების დახვეწა, რომ მორგებული, მაღალი ხარისხის მარკეტინგული პროდუქტები შესთავაზონ კომპანიებს;
  • კრეატიული მიმართულების გაძლიერება, რათა ბრენდებს მეტი ინდივიდუალიზმი და ზუსტი პოზიციონირება მისცენ;
  • სტაბილური, გრძელვადიანი პარტნიორობების ჩამოყალიბება იმ ბიზნესებთან, რომელთაც სურთ განვითარება და სწორი კომუნიკაცია.

"ჩვენს ხედვაში განვითარება არ არის მხოლოდ კომპანიის გაფართოება ეს არის ხარისხის მუდმივი ამაღლება, პროცესების დახვეწა და ისეთი სამუშაოების შექმნა, რომლის შედეგებითაც თავად ვამაყობთ".

"ამარეს" ისტორია ჯერ მხოლოდ იწყება, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია: ეს არის სააგენტო, რომელიც არ ქმნის უბრალოდ სერვისს. ის ბიზნესს სთავაზობს ისეთ პარტნიორობას, სადაც მარკეტინგი არ არის ხარჯი, არამედ ინვესტიცია, და სადაც ბრენდის ისტორია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ფინანსური შედეგები.