ანალიტიკოსების აზრით, აი, რამდენი დაჯდებოდა iPhone, თუკი ის აშშ-ში დამზადდებოდა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ამ კვირაში, Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Apple-მა ინდოეთიდან შეერთებულ შტატებში ექვსი სატვირთო თვითმფრინავი გაგზავნა, სადაც დაახლოებით 1,5 მილიონი iPhone-ი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტექნოლოგიურმა გიგანტმა iPhone-ის მარაგის გაზრდა აშშ-ში მარტში დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად გამოაცხადა ტარიფების დაწესების შესაძლებლობის შესახებ ჩინეთსა და სხვა სავაჭრო პარტნიორებზე.
თუმცა ტელეფონების სწრაფი მიწოდება, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება.
ტრამპის ადმინისტრაციამ პარასკევს განაცხადა, რომ პეკინზე აშშ-ის გადასახადები ახლა 145%-ია, ხოლო ჩინეთმა საპასუხო ტარიფები ამერიკულ იმპორტზე 125%-მდე გაზარდა. ამავდროულად კი, Apple-ი თავისი პროდუქციის დაახლოებით 80%-ს ჩინეთში აწარმოებს, რაც ახლა დამატებით 145%-იან გადასახადს ნიშნავს იმპორტის დროს.
CNBC-ის მიხედვით, საკუთარ შენიშვნაში Bank of America Securities-ის ანალიტიკოსმა, ვამსი მოჰანმა შეაფასა, რომ $1 199 ღირებულების iPhone 16 Pro-ს ფასი შესაძლოა მინიმუმ 25%-ით გაიზარდოს, რაც ამჟამინდელ ფასს, $300-ს დაამატებს.
თუმცა, 1500$-იანი iPhone-ი გაცილებით იაფია, ვიდრე მისი აშშ-ში დამზადების შემთხვევაში იქნებოდა.
ამ კვირის დასაწყისში Wedbush-ის დენ აივზმა განაცხადა, რომ თუ iPhone-ის წარმოება აშშ-ში გადავა, ღირებულება შეიძლება $3 500-მდე გაიზარდოს - და, შესაძლოა, დასჭირდეს სამი წელი და $30 მილიარდი მხოლოდ იმისთვის, რომ Apple-მ თავისი მიწოდების ჯაჭვის 10% გადაიტანოს აშშ-ში.
მიუხედავად ამისა, კვირას, CBS-თან ინტერვიუში, კომერციის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა ივარაუდა iPhone-ების დამზადების შესაძლებლობა შეერთებული შტატების ქარხნებში.
"მილიონობით და მილიონობით ადამიანის არმია, რომელიც ამზადებს პატარა ხრახნებს iPhone-ების შესაქმნელად - ასეთი რამ ამერიკაში მოვა", - თქვა ლუტნიკმა.
Bloomberg-ის თანახმად, ამ სიახლეების გამო მყიდველები იბრძვიან iPhone-ების შესაძენად.
"თითქმის ყველა მომხმარებელმა მკითხა, მალე გაიზრდება თუ არა ფასები", - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა თანამშრომელმა.