ანო ჭედლიანი - "ხმაურების" არტისტი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ანო ჭედლიანი 21 წლისაა, იგი Foley არტისტია და ხმის პოსტპროდუქციის სერვისების კომპანია "უზუპოს" გუნდის წევრია. Entrepreneur-თან ინტერვიუში იგი საკუთარ პროფესიაზე, თავგადასავალსა და იმ ინდუსტრიაზე გვიამბობს, სადაც მომუშავე ადამიანთა რიცხვი ერთ ხელზეც კი დაითვლება, აქედან ქალ Foley არტისტთა რიცხვი კიდევ უფრო მცირეა.
საიდან გაჩნდა თავდაპირველი ინტერესი და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
ჩემი საქმიანობა და პროფესია განსხვავებული ხელოვნებაა, რაშიც სმენასა და მხედველობას ვაერთიანებ. ბავშვობაში ხელოვნებასთან დიდი სიყვარული მაკავშირებდა, თუმცა მედიუმი, რომელშიც ჩემს ინტერესებს გამოვხატავდი, თითქოს აქამდე ბუნდოვანი იყო.
ეს პროფესია სამყაროს სხვანაირად აღქმაში დამეხმარა. ადრე არ მიფიქრია, რომ გარემოს სხვა კუთხით დანახვა და მისი გაგება შემეძლო, ახლა კი, ყველაფერი უფრო ნათელი და მკაფიოა.
ადრე არ მსმენოდა ამ საოცარი და უნიკალური საქმიანობის შესახებ. ერთ დღეს, შემთხვევით, არტისტებზე ვიდეოები ვნახე და ძალიან დავინტერესდი. ცოტა ხანში ჩემს პროფესიაზე სოციალური ქსელების ალგორითმმა თავად იზრუნა და ის საოცარი ადამიანები და გუნდი გამაცნო, რომელთან ერთადაც ახლა ვმუშაობ.
როგორ დაიწყო და განვითარდა თქვენი საქმიანობა "უზუპოში"?
ყველაფერი ნელ-ნელა დაიწყო. "უზუპოში" ყოფნის პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაც ნამდვილად შემიყვარდებოდა და იქნებოდა ის პროფესია, რომელიც პატარა "მე"-ს გააღვიძებდა.
"უზუპოს" გუნდში მოსვლის დღიდან, როდესაც გიო ჭარელი დამიკავშირდა, ცხოვრების სხვა ეტაპი დაიწყო. იმ დღიდან, როცა სტუდიაში ფეხი შევაბიჯე, სწავლის პროცესი გრძელდება, რადგან ხმაურების არტისტობა მუდმივ კრეატივს საჭიროებს. დროთა განმავლობაში იხვეწები, ვითარდები და სხვა საფეხურებზე ადიხარ.
როდესაც განვლილ გზას აკვირდები, ხვდები, რომ შენი შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა და ახლა უკვე შეგიძლია, რეჟისორებს უკეთ დაეხმარო მათი ამბების გაცოცხლებაში. მაყურებლამდე სათქმელი ბევრად უფრო დახვეწილად, გამძაფრებულად და ემოციურად მიიტანო.
როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს პროფესიაში?
საკმაოდ ბევრი გამოწვევა მქონდა. როდესაც ვიწყებდი, ყველა პატარა დეტალი მერთულებოდა. ერთი სცენა მახსოვს, რომელშიც პერსონაჟი ნივთს ამსხვრევდა. ამ უცნაურ ნივთს მინა და ბევრი პატარა რკინის ნაწილი ჰქონდა, რომელიც ნელ-ნელა იატაკზე უნდა დამსხვრეულიყო. უნიკალური სცენა იყო, შესაბამისად, კადრი გამორჩეულ ხმასაც ითხოვდა. მაშინ გავიფიქრე, რომ ამას ვერ შევძლებდი. ამ ხმის მიღება ძალიან ბევრჯერ ვცადე და მაინც არ მომწონდა. როდესაც დავაჯერე საკუთარი თავი, რომ მე ეს შემეძლო, მაშინვე გამოსავალი ვიპოვე და სხვა ნივთები გამოვიყენე. სწორედ ამ განსხვავებულმა ნივთებმა მიმაღებინა ის ხმა, რასაც ვეძებდი.
ვფიქრობ, რომ როდესაც შენს შესაძლებლობებს ირწმუნებ და დაუღალავად იმუშავებ, აუცილებლად იპოვი იმ ხერხს, რომელიც შენს შედეგს სრულყოფილს გახდის.
რამდენად არის საქართველოში განვითარებული ხმის პოსტპროდუქციის სერვისები, აწყდებით თუ არა ამ მხრივ სირთულეებსა და გამოწვევებს?
საქართველოში ეს პროფესია უფრო მეტად უნდა განვითარდეს. გვყავდა და დღესაც გვყავს ძალიან მაგარი ხმის არტისტები ქვეყანაში, რომლებიც საკმაოდ დიდ მასშტაბზე მუშაობენ, თუმცა, ვფიქრობ, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ჩვენი სფერო ბევრად უფრო განვითარდება და დაიხვეწება.
ყველა არტისტი, განსაკუთრებით ხმის პოსტპროდუქციაში მომუშავე, აუცილებელია იყოს დაკვირვებული, ძალიან კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული, თუ რას აკეთებს იმ წამს და იცოდეს, რომ არიან ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები საქართველოშიც და დასავლეთშიც, რომლებიც ფუჭად არცერთ წუთს არ ფლანგავენ და ძალიან ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებულები იყვნენ.
იმ ფაქტორმა, რომ კონკურენცია ძალიან დიდია, შენს ემოციებზე,მუშაობის ხარისხსა და მოტივაციაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. დაუღალავი შრომით და საკუთარ თავზე მუშაობით ყველა გამოწვევას გადალახავ.
ძალიან გამიხარდება, თუ ჩემ გარდა ქვეყანაში სხვა აქტიური პროფესიონალი ქალი არტისტებიც გვეყოლება. "უზუპოც" ამ იდეის მხარდამჭერია და სწორედ ამიტომ, ჩემში ძალიან დიდი ნდობა და რესურსი ჩადო. მიმაჩნია, რომ მათი იმედები გავამართლე.
როგორ მიმდინარეობს ხმის დამუშავებისა და ჩაწერის პროცესი, რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული?
ხმის დამუშავებას ბევრი ეტაპი აქვს. ჩემს ხელოვნებაში, რომელსაც ქართულად "ხმაურები" ჰქვია, ემოცია ხმით უნდა გადმოსცე და სწორად უნდა მიაგნო მსახიობის, და უფრო მეტად, რეჟისორის გრძნობებს.
ეს შესაძლებელია გადმოცემული იყოს ფეხის ნაბიჯებით, სუნთქვით, კარებზე ხელის მირტყმით, უხეშად ჩაცმული ქურთუკის ხმით, ნივთის დახეთქებით და ასე შემდეგ.
ხმა ძალიან ბევრ რამეს გვიყვება. გარდა ემოციური გამოხატულებისა, ხმამ, შესაძლოა, ადამიანის სოციალური და მატერიალური მდგომარეობის შესახებ მიგვანიშნოს. დღის რომელ მონაკვეთში ხდება მოქმედება, წლის რომელ სეზონზე, სად ცხოვრობს ადამიანი ე.წ. იტალიურ ეზოში თუ ბინაში, რომელ უბანში, ფანჯრიდან რა ხმები შემოდის, რას ლაპარაკობენ და ა.შ.
ყველა ეს ხმა სტუდიაში იქმნება. ხმაურების არტისტის და ზოგადად, ხმის შექმნის მთავარი ამოცანა და სირთულე ამბის თხრობის გამდიდრებაა. ერთმა ცნობილმა არტისტმა თქვა, რომ ჩვენ თუ ჩვენი საქმე მაღალ დონეზე შევასრულეთ, მაყურებელი ვერც მიხვდება, რომ ვიმუშავეთ. საერთოდ, სირთულეც სწორედ ამაშია, რომ შენი შექმნილი ხმა სურათს ძალიან ბუნებრივად უნდა ერწყმოდეს.
რა არის ყველაზე უცნაური მეთოდი, რაც ხმის შესაქმნელად გამოგიყენებიათ?
ქალს ეცვა ძალიან უცნაური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ბევრი ფეხსაცმელი გამოვიცვალე და მაინც, თითქოს, რაღაც მაკლდა. სწორედ ამ დროს, ფეხსაცმელი ავიღე და მისი გადაკეთება დავიწყე. ქუსლის ბოლოები მთლიანად მოვჭერი და ჩაქუჩით ლურსმნის თავები დავამაგრე.
რამდენად ხშირად მიმართავთ იმპროვიზაციას, თუ პროცესი გეგმის მიხედვით არ მიდის?
როდესაც ფილმზე, ანიმაციაზე ან რეკლამაზე ვიწყებთ მუშაობას, ჩვენს მთავარ ხმის დიზაინერთან ერთად ყველა წამს განვიხილავთ. ზოგადად ვგეგმავთ, როგორ უნდა ჟღერდეს ესა თუ ის პროექტი, რა გავითვალისწინოთ და რა არა.
როდესაც ჩაწერას ვიწყებთ, საბოლოო ჯამში, მთელი პროცესი მაინც იპროვიზაციაზე დგას. ნივთების გარშემო ვდგავარ და მოძრაობას მოულოდნელად ვიწყებ, თითქოს ნივთები თვითონ მეძახიან. და რომ ვუყურებ, უკვე წარმომიდგენია, ხმას როგორ მივიღებ.
რაც დრო გადის და მეტს ვმუშაობ, ეს ფიქრის პროცესიც და გადაწყვეტილების მიღების დროც ნელ-ნელა უფრო მცირდება.
ყველაზე ხშირად რა მეთოდებს იყენებთ?
ყოველთვის განსხვავებულ მეთოდებს ვიყენებთ. ხშირად ბაზრობებზეც დავდივართ და უნიკალურ ნივთებს ვეძებთ. ერთხელ ჩვენივე ხელით ვაწყობდით ე.წ. ჭრიალის ყუთს, რომელიც სხვადასხვაგვარ ხის ჭრიალს გამოსცემს და სამშენებლო მასალების მაღაზიაში გასვლა დაგვჭირდა. ამას გარდა, სხვა ნივთებიც წამოვიღეთ, რომელიც მოგვეწონა და საინტერესო ხმებს გამოსცემდა.
თქვენი შესრულებული პროექტებიდან რომელს გამოარჩევდით?
ალბათ იმას, რომელზეც ბოლოს ვიმუშავე, ჩვენმა კომპანია "უზუპომ" ხათუნა ტატუაშვილის ანიმაციის, "ოჰ, დედა, დედა", ხმის პოსტპროდუქცია ჩაიბარა. ეს ანიმაცია, თავისებურად, რთული და საკმაოდ საინტერესო იყო.
როდესაც ანიმაციის ხმას ქმნი, მის აშენებას ნულიდან იწყებ. მისი სირთულე და უნიკალურობაც სწორედ ეს არის. ანიმაციაზე მუშაობისას ხმაურების არსტისტის ვალია, მისი შექმნილი ხმა იყოს ძალიან მსუყე, ცოტა გაზვიადებული და, რა თქმა უნდა, ავთენტური.
როგორ ფიქრობთ, როგორია საქართველოში ხმის პოსტპროდუქციის მომავალი და როგორ უნდა განვითარდეს ეს პროფესია?
მე ვფიქრობ, ხმის პოსტპროდუქციას დიდი მომავალი აქვს საქართველოში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა. შეგვიძლია განვითარება ღირსეულად გავაგრძელოთ. მთავარია, ჩვენი ინდუსტრია მეტად პოპულარული გავხადოთ.
ინფორმაცია ქართველ და უცხოელ ფილმმეიქერებთან, პროდიუსერებთან, სხვა მსგავს კომპანიებთან უნდა მივიტანოთ, რომ საქართველოში ნიჭიერი ხმის არტისტები არსებობენ, ხმის პოსტპროდუქციის პროფესიონალთა გუნდები, რომლებსაც აქვთ ამბიცია, იყვნენ კონკურენტუნარიანები და მეტიც, საუკეთესოები მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი გუნდი "უზუპო" ამისთვის ყოველდღიურად მუშაობს.