ანტრეპრენერული ინსტინქტი და ანამარია ბობოხიძის პროფესიული ექსპანსია Deutsche Bahn-ში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ამბიციური შედეგები ყველაზე პრაგმატული დღეებიდან მოდის. როდესაც ვიწყებდი, ნაკლებად მქონდა განცდა, რომ აღმოვჩნდებოდი იმ უდიდესი ინფრასტრუქტურის შიგნით, რომელიც კონტინენტებს აკავშირებს. ყოველდღიური რეალობა გაცილებით პრაქტიკული და ნაკლებად რომანტიკულია: ზარები დილის რვაზე, საბუთებთან საათობით მუშაობა, კონტრაქტების შეთანხმება, ანგარიშების შედგენა, გადახდების კონტროლი, პარტნიორებთან კომუნიკაცია, მოულოდნელი პრობლემების გადაჭრა, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და პასუხისმგებლობა, რომელიც არცერთ კონტრაქტში ბოლომდე არ წერია, თუმცა მთლიანად შენზეა დამოკიდებული", – ამბობს კომპანია "ჰორიზონტის ლოგიკის" თანადამფუძნებელი, ანამარია ბობოხიძე.
ის მიიჩნევს, რომ ანტრეპრენერული ინსტინქტი სწორედ ასეთ გარემოში ყალიბდება და მას განმარტავს, როგორც რისკის სიყვარულს, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარს – მდგომარეობას, როდესაც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებ და ხედავ შესაძლო სირთულეს მანამდე, სანამ ის პრობლემად გადაიქცევა, რის შემდეგაც მოქმედებ წინასწარ, ზედმეტი ხმაურის გარეშე.
"ასეთ გარემოში სწავლობ სიმშვიდის მნიშვნელობას გაურკვევლობის დროს, ხოლო ზომიერებას – წარმატებისას. ნელ-ნელა ხვდები, რომ ინსტინქტი იმპულსურობის ნაცვლად პასუხისმგებლობით გამყარებული ინტუიციაა, რომელიც სწორ მიმართულებას გაჩვენებს მაშინაც კი, როცა სრული სურათი ჯერ კიდევ არ ჩანს. ბიზნესის მართვა ოპერაციულ საქმიანობასთან ერთად აყალიბებს აზროვნების სისტემას, სადაც თითოეული გადაწყვეტილება გრძელვადიან შედეგს ქმნის და ყოველი ნაბიჯი ფართო კონტექსტს ესადაგება".
შინაგანი მექანიზმის რეალური გამოცდა მოგვიანებით, უკვე საერთაშორისო გარემოში შეძლო. მისი პროფესიული გზა გერმანიაში Deutsche Bahn-ში გაგრძელდა, სადაც ტრანსკასპიური სარკინიგზო მარშრუტის მიმართულებით ხანგრძლივი მუშაობის შესაძლებლობა მიეცა. ეს არის დერეფანი, სადაც სხვადასხვა ეკონომიკური სისტემები ერთ ოპერაციულ ქსელში თავსდება. აღნიშნულ პროექტზე მუშაობამ პროცესების გლობალურად ხედვა ასწავლა – სად იკარგება დრო, სად ჩერდება ინფორმაცია, სად შეიძლება ერთი მცირე გაუმჯობესება მთელ სისტემაზე აისახოს.
"ამავე საქმიანობის ფარგლებში მივიღე მოწვევა ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან, CEEC Logistics Cooperation Secretariat-ის ფორმატში გამართულ კონფერენციაზე. ეს იყო სივრცე, სადაც ქვეყნები უკვე ღიად საუბრობდნენ საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებზე, ალტერნატიულ მარშრუტებსა და ინფრასტრუქტურულ გავლენაზე. ჩინეთში მკაფიოდ იგრძნობოდა სტრატეგიული აზროვნება – როგორ გეგმავენ მომავალს ათწლეულებით წინ და როგორ უკავშირებენ დიგიტალიზაციას კონკურენტუნარიანობას. შემდეგ იყო ყაზახეთის ლოგისტიკური კონფერენცია. თუ ჩინეთში ხედვა დავინახე, ყაზახეთში რეალობა შევიგრძენი. აქ აქცენტი იყო საზღვრებზე, საბაჟოზე, კოორდინაციაზე, და – თუ სად იკარგება დრო პრაქტიკაში. შევძელი გამეაზრებინა კავშირის წერტილის მნიშვნელობა ხედვასა და ფაქტობრივ მდგომარეობას შორის, სტრატეგიასა და პროცესს შორის. ხოლო როცა ამ ყველაფერს თავი მოვუყარე, ერთიანად წამოვიღე ჩემს ქვეყანაში", – ამბობს ანამარია ბობოხიძე.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დაიწყო პროცესების გადალაგება, დოკუმენტაციის ოპტიმიზაცია, ციფრული კომუნიკაციის გაძლიერება, რისკების შემცირება.
"ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ, სანდო და დაბალრისკიან სარკინიგზო სერვისების პროვაიდერ კომპანიას ვხელმძღვანელობ. მწამს, რომ ეს შემთხვევითი არ არის. მიხარია, რომ შევძელი ადგილობრივი გამოცდილება საერთაშორისო დონეზე გადამემუშავებინა, გლობალურ სივრცეში გამეფართოებინა და საბოლოოდ სახლში უკვე სხვა მასშტაბით დამებრუნებინა.
დღეს უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ თავის დროზე ჩვენს გადამზიდავ კომპანიას სახელი "ჰორიზონტის ლოგიკა" ზუსტად შევურჩიეთ. მაშინ ეს მხოლოდ ინტუიციური არჩევანი იყო. თუმცა ჰორიზონტი ჩემთვის არასოდეს ყოფილა უბრალოდ სივრცითი ცნება. მას ვხედავ, როგორც წერტილს, რომელიც მუდმივად იწევს წინ, მაგრამ ამავე დროს, ექვემდებარება "ლოგიკას"– ამ შემთხვევაში, შინაგან წესრიგს, რომელიც ქაოსშიც კი პოულობს სტრუქტურას. "ჰორიზონტის ლოგიკა" ნიშნავს გაიაზრო შენი ლოგიკური წერტილი, რასაც არისტოტელე ტელოსს უწოდებდა – მიზნის დასრულებული ფორმა, შენი შესაძლებლობის საუკეთესო ვერსია. ჩემი პროფესიული გზა საქართველოდან გლობალურ სტრუქტურებში რეალურად ამ ტელოსის ძიება იყო – სრულყოფილი ფუნქციის, ადგილის, სადაც ჩემი ანტრეპრენერული უნარი ყველაზე სწორად მუშაობს. მაშასადამე, სრული სვლით მივდივარ იქითკენ, სადაც ჩემი მიზნის საუკეთესო ვერსია მელოდება", – ამბობს ანამარია ბობოხიძე, "ჰორიზონტის ლოგიკის" თანადამფუძნებელი.