"აპანი" - საბავშვო ტანსაცმელი და აქსესუარები დაბადების პირველივე წუთებიდან 15 წლის ასაკამდე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მარიამ თათხაშვილი 13 წელია ადამიანური რესურსების სფეროშია, ხოლო ამჟამად ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორის პოზიციაზე მუშაობს კლინიკების ქსელ "ჯეო ჰოსპიტალსში".
მისი განათლება და გამოცდილება ადამიანური რესურსების სფეროსთან არის დაკავშირებული, "აპანი" კი, მისი თქმით, სრულიად განსხვავებულ გამოცდილებად მოევლინა.
"აპანი" ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინმაღაზიაა ბავშვებისთვის დაბადებიდან 15 წლის ასაკამდე, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ წამოვიწყეთ. ეს სტარტაპი დედაჩემის მხარდასაჭერად შევქმენი", - ამბობს მარიამ თათხაშვილი.
სტარტაპის საწყისები: იდეა და სახელწოდება
მარიამ თათხაშვილი ამბობს, რომ "აპანის" შექმნაზე მუშაობდნენ პროფესიონალები: მისი მეგობრები სხვადასხვა სფეროდან, რაც მოიცავდა ბრენდს, დიზაინსა და მარკეტინგს.
"სახელი "აპანი" ძველ ქართულში ნიშნავდა იანვარს - რაღაც ახლის დასაწყისს, დასაბამს. ზოგიერთი პატარასთვის "აპანის" ტანსაცმელი არის ის პირველი სამოსი, რომლითაც ის დაბადების შემდეგ იმოსება. "აპანი" სწორედ დაბადების პირველი წამებიდან, სამშობიაროდან გამოწერის პირველი ლუქით იწყებს და 15 წლის ასაკამდე სხვადასხვა ინტერესის გათვალისწინებით ქმნის სხვადასხვა აქსესუარს", - ამბობს ის.
მარიამის თქმით, ბრენდის კონცეფციის შექმნის პროცესში სწორედ ამ იდეაზე შეჯერდნენ და ლოგოც - პატარა პინგვინიც - პატარების გამოკითხვის შემდეგ შეირჩა და საბოლოოდ დიზაინერებმა სწორედ ეს, სახასიათო და საყვარელი არსება ლოგოში გადაზარდეს.
"იდეის ჩანასახი გაჩნდა მაშინ, როდესაც მე თვითონ, როგორც მშობელს, მქონდა ხოლმე სხვადასხვა საჭიროება, მჭირდებოდა სხვადასხვა ტიპის პროდუქტი, რომლებსაც ვერ ვშოულობდი. მიწევდა, საგანგებოდ მიმემართა ვინმესთვის და ინდივიდუალურად ისეთი შეკერილიყო, როგორიც მინდოდა, ან გამომეწერა მიმსგავსებული, მაგრამ არა იდენტურად ისეთი, როგორიც მსურდა. განსაკუთრებით ეს ეხებოდა სახასიათო და გამორჩეულ აქსესუარებს. ამის პარალელურად ვიცოდი დედას ინტერესები და შესაძლებლობები. მან სხვადასხვა დიზაინერთან მუშაობის გამოცდილების შედეგად კერვის, ქარგვისა და დიზაინების შექმნის ჰობი პროფესიად აქცია და იმდენად ღირებული პროდუქტი იქმნებოდა, იმდენი ადამიანისგან მოდიოდა დაკვეთა, გაჩნდა იდეა, რომ მისცემოდა ამ ამბავს ფართო მასშტაბი. უბრალოდ, ჩემი ძალიან მწირი დროის გამო, რომელიც, ფაქტობრივად, სრულად არის ჩემი პროფესიისკენ მიმართული, აქამდე ვერ მოხერხდა ამაში რესურსების ჩადება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს ამბავი პრიორიტეტად იქცა და დაიბადა მეგობრებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების მხარდაჭერით ეს ბრენდი, რომელიც დღეს უკვე პოზიციონირებს საბავშვო აქსეუსარებისა და ტანსაცმლის მაღაზიის ნიშაში",- ჰყვება მარიამი.
მისი თქმით, იდეა თავდაპირველად მის გონებაში გაჩნდა, თუმცა ინსპირაცია სხვა ადამიანების მხრიდან მოდიოდა. ერთი იყო ის, რომ სუბიექტურად ძალიან მოსწონდა იდეა, ხოლო, მეორე მხრივ, ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის ქუჩაში გამვლელებს, შვილების ბაღისა და სკოლის მეგობრებს, აინტერესებდა, სად შეეძლოთ შეეძინათ ეს ორიგინალური ტანსაცმელი ან აქსესუარი, რომელიც შვილებს ეცვათ.
"ყოველი ასეთი კითხვა იყო მოტივაცია და ინსპირაცია, რომ დაბადებულიყო ბრენდი, ახლა ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, რადგან უკვე არსებობს "აპანი".
როგორ ქმნის "აპანი" საბავშვო ტანსაცმელსა და აქსესუარებს?
მარიამი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, როგორც წესი, დიზაინის იდეა მას ეკუთვნის, რის შემდეგაც იქმნება ესკიზი, რომელსაც დედამისი პარტნიორებთან ერთად აცოცხლებს. როგორც კი ტანსაცმელი შეიკერება, უღებენ ფოტოსურათებს, შემდგომ კი გაყიდვა იწყება.
საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინმაღაზია ქმნის ქუდებს, შარფებს, სხვადასხვა ტიპისა და ზომის ჩანთებს. ჩვილებისთვის იქმნება ფაჩუჩები, საფენები, პირსახოცები, წინსაფრები, ქუდები, ჩვილის ჩასასმელი, მოსაცმელები.
"სხვადასხვა წარმომადგენელთანაც ვთანამშრომლობთ - მაგალითად, სამშობიაროსთან, საიდანაც ძირითადი დაკვეთა მოდის სამშობიაროდან ჩვილის გამოსაყვან ტანსაცმელზე - ფაჩუჩით დაწყებული, ქუდით დამთავრებული. ჩვილებისთვის მსგავსი დაკვეთები არის ხოლმე გასახვევებზე, კომფორტულ მთლიან ჩასაცმელზე, რაშიც პატარა მოთავსდება".
რაც შეეხება აქსესუარებს, ახალშობილების გარდა, უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც იკერება. მეტწილად, სტატისტიკაზე დაყრდნობით, იქმნება ხოლმე პატარების საყვარელი პერსონაჟების, ცხოველებისა და სხვა ილუსტრაციებით. მარიამი აღნიშნავს, რომ ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც მშობლები თავად შეხმიანებიან, უთქვამთ, რა კონკრეტული ილუსტრაცია მოსწონთ მათ შვილებს, შეუქმნიათ მსგავსი პროდუქცია და აღმოჩენილა, რომ სხვა ადამიანებსაც დიდი ინტერესი ჰქონიათ ამ ნახატით შექმნილი ტანსაცმლისა თუ აქსესუარის მიმართ.
"როგორც წესი, ჩვენ ვდებთ იმ მოდელების ფოტოსურათებს, რომლებიც უკვე შექმნილია, მაგრამ თუ ზუსტად იდენტური მოდელი მომხმარებელს არ უნდა, გვეუბნება, როგორი წარმოუდგენია, დეტალებს განვიხილავთ და თუ შეგვიძლია, ვამზადებთ. ასე იბადება ახალი მოდელები. ამის მაგალითი არის ერთი კონკრეტული ცხოველის ჩანთა, რომელიც სამნაირი დიზაინის არსებობს: გვქონდა კონკრეტული ერთი დიზაინი, დამატებით ორი სხვადასხვის შექმნა გვთხოვეს და ახლა სამი გამოდის მათი ინტერესების გათვალისწინებით".
პირველი აქსესუარების დიზაინის განსაზღვრა თავდაპირველად განაპირობეს მარიამის შვილებმა, რომლებიც სხვადასხვა ასაკის არიან. სწორედ მათ ინტერესებზე დაყრდნობით მოხდა პირველი მოდელების შექმნა. გარდა ამისა, სამკერვალო, სადაც იქმნება "აპანის" პროდუქცია, სხვადასხვა ბაღთან თანაშრომლობს, კერავს განსხვავებული ტიპის ფორმებს. გათვალისწინებულია ისიც, თუ რაზე მოდის სტატისტიკურად დაკვეთა ყველაზე ხშირად.
"გამოკითხვებსაც ვატარებთ ხოლმე. ჩავატარეთ მაშინაც, როდესაც სახელი შევარჩიეთ. მოდელის დიზაინით დამთავრებული, ყველაფერს ვეკითხებოდით პოტენციურ მომხმარებლებს, მშობლებს და, ასე ვთქვათ, მუდმივად გვიდევს ხოლმე პულსზე ხელი. გვსურს გვქონდეს განახლებული ინფორმაცია, ვინაიდან ერთია, ჩემს შეგრძნებაში რა იმუშავებს კარგად და მეორე - მათ რა სჭირდებათ, ვინც არიან ჩვენი მომხმარებლები ან პოტენციური მომხმარებლები. ვგულისხმობ ადამიანებს, ვისაც ჰყავთ ამ ასაკის პატარები ან უბრალოდ, სასაჩუქრედ იყენებენ პროდუქციას. ამ ადამიანებთან პატარ-პატარა გამოკითხვებს ვატარებთ და ამ გზით ჩვენი ჰიპოთეზების დატესტვა ხდება ხოლმე. ეს შეიძლება იყოს მეგობრების ჩართულობით, მათი საერთო მეგობრებისგან გავრცელებული გამოკითხვით კოლეგებში. ბოლო კვლევით გვქონდა განსაზღვრული, რა არის მათთვის ყველაზე სასურველი პროდუქტი, რაც შეიძლება "აპანში" ნახონ და მეტი აქცენტი გაკეთდა აქსესუარებზე. ეს ჩემს შეგრძნებაშიც ასე წარმომედგინა, თუმცა ამის გადამოწმება იყო ძალიან მნიშვნელოვანი".
რაც შეეხება მასალას, რისგანაც ამზადებენ პროდუქციას, მარიამი აღნიშნავს, რომ სამოსი იქმნება ბუნებრივი ქსოვილებისგან. ვინაიდან მომხმარებლები არიან ბავშვები, მნიშვნელოვანია, რომ ნაჭერი სუნთქავდეს, არ იწვევდეს ალერგიულ რეაქციასა და დისკომფორტს.
"ასევე, მშობლები აქცენტს აკეთებენ აქსესუარების ვიზუალზეც. ხშირია ბაზარზე შემთხვევები, როცა აქსესუარი გამოყურება ლამაზად, მაგრამ დეტალები არ არის დახვეწილი ან შიდა მხრიდან არის დაუმუშავებელი, რაც სხეულთან შეხებისას ქმნის დისკომფორტს და არ იწვევს მომხმარებლებში კმაყოფილებას. "აპანის" შემთხვევაში კი ეს ასე არ არის. ორივე მხარეს მაღალი ხარისხითაა დამუშავებული. გარდა ბუნებრივი ქსოვილებისა, არის საკმაოდ მაღალი ხარისხის ნამუშევრები, რაშიც ვგულისხმობ, რომ როცა ხელნაკეთია ხოლმე, მითუმეტეს მინიატიურული პროდუქცია, პატარა ზომისაა და მით უფრო რთულია დამუშავება. "აპანი" დიდ ყურადღებას აქცევს დეტალებს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც პროდუქტი არ გამოსულა ისეთი, როგორიც დედას წარმოედგინა და თავიდან შეუქმნია და დაუმუშავებია, რათა ყოფილიყო ზუსტად ისეთი, როგორიც ფოტოსურათზეა. ამიტომ ესეც "აპანის" ერთ-ერთი მახასიათებელია, რითაც, ვიტყოდი, რომ ნამდვილად შეუძლია დაიკვეხნოს".
სად პოზიციონირებს "აპანი"?
"აპანი" ჯერჯერობით ონლაინმაღაზიაა. როგორც მარიამი აღნიშნავს, არის "აპანის" სამკერვალო, თუმცა არ არსებობს ადგილზე მაღაზია და შოურუმი.
"სამკერვალო საბურთალოზე მდებარეობს, თუმცა ადგილზე რომ შეძლონ მზა პროდუქტების ნახვა, ასე არ ხდება. ძირითადად ონლაინგაყიდვები ხორციელდება, მაგრამ, გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ რამდენიმე დაწესებულებასთან, რომლებიც, ბუნებრივია, ბავშვებთან არიან კავშირში - სამშობიარო, საბავშვო ბაღი, სადღესასწაულო ცენტრი... როდესაც მათ სჭირდებათ, გვიგზავნიან სხვადასხვა შეკვეთას, ჩვენ ვაგროვებთ ამ ნივთებს, ვუგზავნით და მერე ადგილზე ხდება გაყიდვები".
მარიამი მიიჩნევს, რომ ახალშექმნილ "აპანს" წინ ბევრი შესაძლებლობა აქვს. სტარტაპი შაბათ-კვირას ბათუმში მიემგზავრება ბათუმობის აღსანიშნავად, სადაც გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ორი სრული დღის განმავლობაში. გარდა ამისა, მარიამ თათხაშვილი ამბობს, რომ სეზონურად პატარა იდეებიც აქვთ, სად შეიძლება გამოჩნდეს "აპანი", გარდა ონლაინსივრცისა, რასაც პერიოდულად სოციალურ ქსელებში დააანონსებენ.
"გვაქვს რამდენიმე მოლაპარაკება და ახლა აქტიურად ვართ იმ ეტაპზე, როდესაც გვსურს, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ ბრენდის შესახებ, იმიტომ, რომ მაქვს ღრმა რწმენა პროდუქტის ხარისხისა და შინარსიის, ასევე, დეფიციტურობიდან გამომდინარე, როდესაც სწორი ადამიანები იგებენ ამ პროდუქტის არსებობის შესახებ, იმავე ეტაპზე იმატებს ხოლმე გაყიდვები. ვინც იცის ამ სფეროში რა ხდება, იცის როგორი დეფიციტურია მაღალი ხარისხის პროდუქცია ზუსტად იმ დიზაინის, როგორიც შენთვის მისაღებია. იქიდან გამომდინარე, რომ იდეის და დედას შესაძლებლობების ძალიან მჯერა, სრულიად მივმართე დედას მხარდასაჭერად ჩემი ეს რესურსები, განრიგის მიუხედავად.
ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს პატარა ცნობადობის არეალი გავაფართოოთ, რისი ნახვის შესაძლებლობაც ადამიანებს ჩვენს Facebook და Instagram გვერდებზე ექნებათ".
მოტივაცია, დაბრკოლებები და სამომავლო გეგმები
მნიშვნელოვანი მიზანი, რაც "აპანის" პროდუქციას გააჩნია, მარიამის თქმით, პირველ რიგში, არის დეფიციტური, ხარისხიანი და განსხვავებული დიზაინის მქონე ნივთების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
"პატარები ჩვენი ზრუნვის მნიშვნელოვანი ობიექტები არიან, ამიტომ, როგორც მათ შეშვენით, იმ ხარისხში ხდება "აპანში"მათთვის სასურველ პროდუქტზე მუშაობა. ჩვენ "აპანის" პროდუქტებს მეგობარ აქსესუარებს ვუწოდებთ ხოლმე. ეს, სხვათ აშორის, მომხმარებლისგან მიღებული ინსპირაციაა, რომელმაც თქვა, რომ თქვენ, უბრალოდ, აქსესუარებს კი არა, ბავშვების მეგობარ აქსესუარებს ქმნითო, რადგან კონკრეტული ჩანთა, საყვარელი ანიმაციის პერსონაჟით ილუსტრირებული შარფი, რომლითაც დადიხარ ყველგან - თან დაგყვება და შენთან არის მთელი დღის განმავლობაში, შენი მეგობარია.
გარდა იმისა, რომ თავისი დანიშნულებით, სითბოს შენარჩუნების მიზნით დაიხუროს ბავშვმა ქუდი, მისი არჩევა და ტარება უნდა იყოს სასიამოვნო და კომფორტული. პატარები აქსესუარებით აღფრთოვანებულები და ბედნიერები არიან ხოლმე და სწორედ ამ ბედნიერების შექმნა არის დიდი მისია".
მთავარი მოტივაციის წყაროდ მარიამ თათხაშვილი ადამიანებს ასახელებს, რომლებსაც პროდუქცია მოსწონთ. მისი თქმით, მათ შორის ისინიც გამოხატავენ სიმპათიას, ვინც საერთოდ არ იციან, რა შემხებლობაში არის კონკრეტული აქსესუარი ჩვენთან.
"ის, რომ უბრალოდ, უცხო ადამიანს შეუძლია მოვიდეს და იკითხოს, სად შეუძლია იყიდოს პროდუქტი იმისთვის, რომ სხვა პატარა გაახაროს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივაცია. დედას შესაძლებლობა და რესურსები გადაითარგმნა სარგებელში პატარებისთვის, ხოლო მისთვის ეს გახდა იდეა, რომელიც ბიზნესად იქცა უკვე ორი თვეა, რაც ყველაზე დიდი მოტივაციაა ჩემთვის. ჩვენი პირველი ხუთი მომხმარებელი განსაკუთრებულად, ყველა სათითაოდ გვახსოვს. არცერთი არ ყოფილა ჩვენი ახლობელი ან მეგობარი, სრულიად უცხო ადამიანებმა გამოუცხადეს ნდობა პროდუქციას. ახლა კი ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან გაზრდილია და ეს არის ის მთავარი მოტივაცია, რაც ყოველდღიურად გვაძლევს ენერგიას, რომ არ გაჩერდეს "აპანი" და სხვადასხვა საინტერესო პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს".
მარიამი აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდ გამოწვევად დასაწყისშივე იყო დეფიციტური დროითი რესურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა მისი მთავარი საქმიანობის მიღმა - სამსახურის შემდეგ, შაბათ-კვირას, დასვენების დღეს, გვიან ღამით და ისეთ პერიოდში, როდესაც ჰქონდა სივრცე ფიქრისთვის.
"მერე იყო ამ ყველაფრის პროექტად ქცევა, შესაბამისი სწორი ადამიანების შემოერთება, ბოლოს კი ისეთი საქმის საკუთარ თავზე აღება, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ახალი და მე არასდროს მიკეთებია. ეს არის დღემდე ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან ჩემი პროფესია იმდენად ორგანულია ჩემთვის და იმდენი წელია ადამიანური რესურსების სფეროში ვარ, რომ ამ კუთხით ვერ წარმომიდგენია არსებობდეს გამოწვევა, რომელსაც ვერ გავუმკლავდებით".
მარიამ თათხაშვილი ამბობს, რომ ყველა ის უნარი და შესაძლებლობა, რაც პროდუქციის შესაქმნელად არის საჭირო, დედამისს აქვს და საკუთარ მოვალეობად მიიჩნია, რომ მისი გამორჩეული ნიჭი ბიზნესად ექცია.
მას ისეთ დეტალებშიც მოუწია გარკვევამ, როგორიც არის Facebook-ის ალგორითმები, ონლაინგაყიდვები და იმ სხვადასხვა უნარის გავარჯიშება, რომელიც მისთვის ახალი იყო.
"ამდენი ფაქტორის მიუხედავად, ჩვენთვის პრიორიტეტი "აპანის" დაბადება იყო. გამოწვევები გადავდეთ გვერდით და დაისვა კითხვა, როგორ შეიძლება ამ გამოწვევების პარალელურად ჩვენ ვაკეთოთ საქმე ისე, რომ გავძლიერდეთ და ავკრიფოთ ახალი კომპეტენციები პროცესების სწორად წარმართვისთვის".
სამომავლო გეგმებზე საუბრისას მარიამი ამბობს, რომ "აპანი" ცალსახად გააგრძელებს პატარებზე აქცენტირებას.
"ნიშა, რომელიც "აპანს" ექნება, იქნება დაბადებიდან 15 წლამდე პატარების ინტერესების გათვალისწინება. ცალსახად დიდი აქცენტი იქნება აქსესუარებზე, იმიტომ, რომ ამას, ფაქტობრივად, მუდმივ რეჟიმში უკვეთენ და გვთხოვენ. ასევე, უნდა ველოდოთ ბევრ ახალ მოდელს ამავე ნიშის ფარგლებში.
გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა კოლაბორაცია. შესაძლოა, სხვადასხვა სივრცეშიც გამოჩნდეს "აპანი" ისევე, როგორც ფესტივალებზე, რომლებიც მრავლადაა ხოლმე ზაფხულის განმავლობაში", - ამბობს მარიამ თათხაშვილი.