Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი პოზიციას ტოვებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტიმ კუკი, აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც Apple 4-ტრილიონიან კომპანიად აქცია და სტივ ჯობსის შემდგომ ეპოქაში მისი იდენტობა განსაზღვრა, პოზიციას ტოვებს. ამის შესახებ Apple-მა ორშაბათს განაცხადა.

1 სექტემბრიდან კომპანიის CEO-ს პოზიციას ჯონ ტერნუსი დაიკავებს, რომელიც ამჟამად Apple-ის Hardware ინჟინერიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტია. კუკი დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდება. კომპანიის განცხადებით, პროცესის შეუფერხებელი გადაბარების მიზნით, კუკი ზაფხულის ბოლომდე შეინარჩუნებს აღმასრულებელი დირექტორის პოსტს.

"ჩემი ცხოვრების უდიდესი პრივილეგია იყო ვყოფილიყავი Apple-ის CEO და მქონოდა პატივი, მეხელმძღვანელა ასეთი არაჩვეულებრივი კომპანიისთვის", - აღნიშნა კუკმა პრესრელიზში.

ეს სიახლე Apple-ის ხელმძღვანელ რგოლებში 2025 წლის ბოლოს მომხდარი საკადრო ცვლილებების სერიის ფონზე გავრცელდა, რაც მოიცავდა ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელის, პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსისა და ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერის წასვლას.

კუკი, რომელიც Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი 2011 წელს მას შემდეგ გახდა, რაც მანამდე ოპერაციული დირექტორის პოზიციას იკავებდა, პასუხისმგებელი იყო კომპანიის გაფართოებაზე იმ რამდენიმე ძირითადი პროდუქტის მიღმა, რომლებითაც Apple თავდაპირველად იყო ცნობილი (როგორებიცაა Mac, iPod და iPhone). კუკის ლიდერობით Apple გახდა მნიშვნელოვანი მოთამაშე ისეთ ახალ სფეროებში, როგორიცაა გართობა, ჯანდაცვა და სატარებელი ტექნიკა.

მან ასევე გაატარა კომპანია მსოფლიო ისტორიის იმ გარდამტეხ მომენტებში, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს Apple-ზე. მათ შორის იყო COVID-19-ის პანდემია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების პოლიტიკა და სავაჭრო ომი ჩინეთთან.