Apple-მა წარადგინა თავისი ყველაზე ძვირადღირებული და ინოვაციური აიფონი – 1999-დოლარიანი დასაკეცი iPhone Duo

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ოთხშაბათს გამართულ პრეზენტაციაზე Apple-მა ახალი პროდუქტები, მათ შორის დასაკეცი iPhone Duo და განახლებული ფუნქციების მქონე Apple Watch წარადგინა. ღონისძიებაზე ასევე განიხილეს სმარტფონების, საათებისა და ყურსასმენების უახლესი თაობა.

ეს იყო კომპანიის წლის მთავარი პრეზენტაცია, რომელმაც ლიდერობის ცვლილებაც აჩვენა: კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, აპარატურული ინჟინერიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯონ ტერნუსმა, რომელიც თანამდებობაზე 1-ელ სექტემბერს დაინიშნა, სიტყვით გამოსვლისას მთავარი აქცენტი ხელოვნურ ინტელექტზე, ხანგრძლივ ბატარეასა და გაუმჯობესებულ ვიზუალურ გამოცდილებაზე გააკეთა.

აი, კიდევ რა დააანონსა კომპანიამ.

დასაკეცი სმარტფონი iPhone Duo

"სხვებმა შექმნეს დასაკეცი მოწყობილობები, რომლებიც ისე გამოიყურება, თითქოს ერთმანეთზე მიწებებული ორი ეკრანია. ჩვენ კი იმ გამოცდილებით დავიწყეთ, რომელიც თავად გვსურს გვქონდეს", – აღნიშნა ტერნუსმა.

iPhone Duo აღჭურვილია 5,4-ინჩიანი გარე ეკრანით, რომელიც გაშლისას ,.6 დუიმამდე იზრდება. მოწყობილობის კუთხის ნებისმიერ პოზიციაზე მორგებაა შესაძლებელი, ეკრანი კი ავტომატურად ეწყობა, რაც ფოტოგრაფიისა და ვიდეოგრაფიის სრულიად ახალ ჰორიზონტებს ხსნის.

"გაშლილ მდგომარეობაში ეს ჩვენი ყველაზე თხელი აიფონია", – აღნიშნა ტერნუსმა.

ახალი დიზაინი მომხმარებელს დიდ ეკრანს სთავაზობს ისე, რომ ტელეფონი ჯიბეშიც მარტივად ეტევა. გარდა ამისა, ეს პირველი აიფონია, რომელიც Apple Pencil-თან არის თავსებადი, რაც დოკუმენტებზე მუშაობასა და ტექსტების მონიშვნას აადვილებს.

ტიტანის კორპუსის მქონე ახალი აიფონი მტვრისა და წყლისგან არის დაცული.

"iPhone Duo, ორიგინალური მოდელის შემდეგ, აიფონის ისტორიაში პირველი ასეთი მასშტაბური ტრანსფორმაციაა", – აღნიშნა ტერნუსმა.

მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეკრანის ნაკეცისა და მისი გამძლეობის გამო ნერვიულობენ, აპარატურული უზრუნველყოფის მთავარმა დირექტორმა, ჯონი სრუჯიმ განმარტა, რომ კომპანიამ თითოეული ანჯამა მაქსიმალური გამძლეობისთვის ზუსტად გათვალა.

iPhone Duo-ს საბაზისო ფასი 256-გიგაბაიტიანი მეხსიერებით 1999 დოლარიდან იწყება. მოდელი ხელმისაწვდომია თეთრ და მუქლურჯ ფერებში. წინასწარი შეკვეთები 16 ოქტომბრიდან იწყება, ხოლო გაყიდვები – 23 ოქტომბრიდან.

iPhone 18 Pro და Pro Max

მათთვის, ვინც ჯერ არ არის მზად დასაკეცი ტელეფონისთვის, Apple-მა ახალი Pro და Pro Max მოდელები წარმოადგინა. ახალი A20 Pro ჩიპის წყალობით, iPhone 18 Pro-მ უდიდესი წინსვლა განიცადა: მოდელი 36-საათიან, ხოლო 18 Pro Max რეკორდულ, 45-საათიან ბატარეის მუშაობის დროს სთავაზობს მომხმარებელს.

მოწყობილობები ახალ ფერებში – ღია ლურჯსა და ბორდოსფერში გამოჩნდება და, პრეზენტაციის თანახმად, კომპანიის ისტორიაში ყველაზე სრულყოფილი კამერა ექნებათ.

iPhone 18 Pro-ს ფასი 256-გიგაბაიტიანი ვერსიისთვის 1 199 დოლარიდან იწყება, ხოლო Pro Max – 1 299 დოლარიდან. მოდელებს შორის მთავარი განსხვავება ეკრანის ზომა და ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობაა: iPhone 18 Pro 6,3-დუიმიანი ეკრანითაა წარმოდგენილი, ხოლო უფრო დიდი iPhone 18 Pro Max – 6,9-დუიმიანით.

წინასწარი შეკვეთები 12 სექტემბრიდან იწყება, ხოლო გაყიდვები – 18 სექტემბრიდან.

განახლებული Siri

ხმოვან ასისტენტს სერიოზული განახლება შეეხო: მას ახლა პერსონალური კონტექსტის გათვალისწინება და პასუხების მოსაძებნად Mail-ისა თუ Messages-ის მსგავს აპლიკაციებში ძიება შეუძლია. Siri 3 000-ზე მეტ აპლიკაციასთან ინტეგრირდება და უშუალოდ კამერაშიცაა ჩაშენებული, ხოლო ექსპრესიული ხმების ფართო არჩევანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ასისტენტის ჟღერადობა და ემოციურობა თავის გემოვნებას მოარგოს.

გარდა ამისა, Siri-ს დახმარებით ტექსტის დაწერა თუ რედაქტირება ნებისმიერ ველშია შესაძლებელი (მაგალითად, გზაში ყოფნის დროს ელფოსტის მომზადება).

განახლებული ასისტენტი ჯერჯერობით ინგლისურენოვან ბეტა ვერსიაშია ხელმისაწვდომი, სხვა ენების მხარდაჭერა კი მომდევნო თვიდან დაემატება.

AirPods 5

Apple-მა პოპულარული AirPods ხმაურის ჩახშობის გაუმჯობესებული სისტემით განაახლა. 129-დოლარიან საბაზისო მოდელს ახლა უკვე აქტიური ხმაურის ჩახშობის (ANC) ფუნქცია აქვს, ხოლო უსადენო დამტენი ქეისის მქონე ვერსია 149 დოლარი ღირს.

"მოხარულები ვართ, რომ AirPods 5-ის წყალობით, ხმაურის აქტიური ჩახშობა, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფუნქცია, ყველაზე ხელმისაწვდომ მოდელზეც გავრცელდა", – აღნიშნა აპარატურული ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტმა დეივ პაკულამ.

Apple Watch Series 12 და Ultra Watch 4

Apple-მა ჭკვიანი საათების უახლესი თაობა, Series 12 და ჯანმრთელობის მონიტორინგის ახალი სისტემა წარადგინა. განახლებული სენსორები გულისცემის მონაცემებს ყოველ ხუთ წამში ზომავს, რაც წინა მოდელებთან შედარებით 60-ჯერ უფრო ხშირია.

კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით, პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ Apple Watch-ს სხვა წამყვან მოწყობილობებთან შედარებით გულისცემის გაზომვის ყველაზე ზუსტი სისტემა აქვს.

კომპანიამ ასევე წარადგინა მზაობის ახალი ინდიკატორი (Readiness score), რომელიც გულისცემის მონაცემებზე დაყრდნობით ჯანმრთელობის ზოგად სურათს ქმნის.

გარდა ამისა, დებიუტი ჰქონდა ახალ ფუნქციას – Audio Intelligence-ს, რომელიც Apple Intelligence-ის მეშვეობით გარემოს ხმებს (მაგ. განგაშის სიგნალს, სირენასა თუ კარის ზარს) ცნობს. მასში გაერთიანებულია Siri Recap, რომელიც აუდიოდან ჩანაწერებისა და ტრანსკრიპციების გენერირებას ახდენს, და Live Rewind, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია 15 წამით უკან გადახვევა და ახლახან ნათქვამის ტექსტად გარდაქმნა.

Apple Watch Series 12 (399 დოლარი) და Ultra 4 (799 დოლარი) წინასწარი შეკვეთისთვის უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო ოფიციალური გაყიდვები 18 სექტემბრიდან დაიწყება.

მათ შორის მთავარი განსხვავება ბატარეის გამძლეობასა და კორპუსის მასალებშია: Ultra 4 შექმნილია შედარებით ექსტრემალური პირობებისთვის: მას აქვს ტიტანის კორპუსი და ბატარეის 50 საათამდე მუშაობის რესურსი, ხოლო Series 12 ალუმინისა და კერამიკის ვერსიებად გამოდის და ბატარეის სტანდარტულ, მთელი დღის გამძლეობას ინარჩუნებს.