არ გაინტერესებთ ხალხი რას ფიქრობს თქვენზე?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წლების წინ, მეგობრებთან შეხვედრის დროს, გავაკეთეთ აქტივობა, რომლის ფარგლებშიც გავაზიარეთ გულწრფელი უკუკავშირი, როგორ ვხედავდით ერთმანეთს.
უახლოესმა მეგობარმა ის შემაფასა, რომ გაოცებული დავრჩი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ახლობელს, ვინც, წესით, ყველაფერი იცოდა ჩემ შესახებ, რატომ გაუჩნდა განცდა, რომელიც არაფერ შუაში იყო ჩემთან?
არ მოვეშვი, ჩავეძიე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი კონკრეტული ქმედება მის აღქმაში ამ ფორმით ითარგმნებოდა, ტრანსფორმირდებოდა და შესაბამის ასოციაციას იწვევდა.
თუკი უახლოეს მეგობარსაც რაღაცას არასწორად ვაწვდი, მაშინ რა ხდება ნაცნობებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან?
ამ ერთი შემთხვევით ცხადი გახდა ჩემი სუბიექტური რეალობიდან გამოსვლისა და ობიექტური ანალიზის საჭიროება.
ერთია, თქვენ როგორ ხედავთ თქვენს თავს: რა ღირებულები გაქვთ, რა ასოციაციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, რა ემოციას ატარებთ და ა. შ.
მაგრამ მეორეა, სხვები როგორ აღგიქვამენ თქვენ!
და ეს შესაძლოა სულაც არ დაემთხვეს ერთმანეთს!
რა გვაცვია, სად დავდივართ, რას და როგორ ვსაუბრობთ, რა პოსტებს ვდებთ სოციალურ ქსელებში, სად ვერთობით, სად ვმუშაობთ და ა.შ.
ყველაფრის ერთობლიობით ვიწვევთ კონკრეტულ აღქმას და ასოციაციას ჩვენს შესახებ.
რაში გვჭირდება იმაზე ზრუნვა, ხალხი როგორ აღგვიქვამს ჩვენ?
პასუხი მხოლოდ ერთია - ეს ხალხი განსაზღვრავს ჩვენს რეალობას!
ჩვენ გარშემო სამიზნე ჯგუფების შეფასება, აღქმა და დამოკიდებულება განსაზღვრავს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობას.
არსებობს ასეთი გამოთქმა: თუ 3 ადამიანი ამბობს, რომ ცხენი ხარ, დროა უნაგირი იყიდოო და დიახ, თუ რამდენიმე ადამიანი იზიარებს შენ შესახებ რაიმე კონკრეტულ ასოციაციას, გირჩევთ სერიოზულობით მოეკიდოთ ამ საკითხს!
მოდი, კიდევ უფრო გავამარტივოთ საკითხი და განვიხილოთ ქეისი:
დავუშვათ, თქვენი კოლეგები, პოტენციური დამსაქმებლები და პარტნიორები თქვენზე ფიქრობენ, რომ არ გაქვთ მენეჯერული თვისებები, არ ფლობთ კომუნიკაციის კარგ უნარებს, ნეგატიურად უდგებით ნებისმიერ საკითხს.
გადაწყვეტენ თუ არა ისინი თქვენთან თანამშრომლობას ან გაგიწევენ თუ არა რეკომენდაციას საჭირო ადამიანებთან?
ნამდვილად არა!
ე.ი. ამ ხალხის აღქმა და შეფასება განსაზღვრავს თქვენს შემდეგ როლს, დაწინაურებას, დასაქმებას, ახალ პროექტს და ა.შ.
აქ ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა:
გადასარევად შემიძლია მენეჯერული საქმის შესრულება და რატომ არ გამიწევენ რეკომენდაციას?
არ აქვს მნიშვნელობა, ობიექტურად როგორ არის საქმე, ამ შემთხვევაში ხალხის აღქმაა რეალობა.
მაშინ ხალხის აღქმა რატომ არის ასეთი, თუკი რეალურად მაქვს ყველა საჭირო უნარიც, ცოდნაც და გამოცდილებაც?
იმიტომ, რომ შესაბამისად ვერ გამოხატავთ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს!
თქვენი ქმედებებით, კომუნიკაციით, იმიჯით არასწორ მესიჯებს აგზავნით და ეს იწვევს ხალხში თქვენთვის არასასურველ ასოციაციებსა და შეფასებას.
პერსონალური ბრენდინგის მთავარი იდეა სწორედ ეს არის: იდენტიფიცირდეს თქვენი რაციონალური და ემოციური ღირებულებები, განისაზღვროს გზები და არხები, როგორ პოზიციონირდეთ სწორად ამ ღირებულებებით სამიზნე ჯგუფებში!
აქვე ძალიან მარტივ 4 ნაბიჯს გაგიზიარებთ, როგორ გაიგოთ, სასურველი რეპუტაცია გაქვთ თუ არა საზოგადოებაში?
- საკუთარი თავის ანალიზი - იკვლიეთ საკუთარი თავი, თავად როგორ ხედავთ თქვენს თავს, რა ასოციაციები მოგდით საკუთარ პიროვნებაზე, პირადად როგორი პოზიციონირებთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში.
- უკუკავშირი - ჰკითხეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, კოლეგებს, რას ფიქრობენ თქვენზე, როგორია პირველი ასოციაციები თქვენი სახელის გაგონებაზე, რა ემოცია ეუფლებათ. მნიშვნელოვანია გულწრფელი პასუხების მიღება, ამიტომ კარგი იქნება, ანონიმურად შეავსებინოთ კითხვარი.
- დაკვირვება - დააკვირდით მათ ქცევის პატერნებს თქვენ მიმართ, რისთვის მოგმართავენ, რა შემთხვევაში ურთიერთობენ თქვენთან, ამ სიტუაციებში მთავარი გმირი ხართ თუ მასას ავსებთ.
- შედარება - შეადარეთ თქვენი და მათი აღქმები ერთმანეთს. თუ ისინი არ ემთხვევა, გაანალიზეთ, რა ნაწილშია აცდენა, რა მოქმედებს მათ აღქმაზე და იფიქრეთ, რა შეგიძლია შეცვალოთ, რომ სასურველი რეპუტაცია მოიპოვოთ.
ახლა რას იტყვით, არ გაინტერესებთ ხალხი რას ფიქრობს თქვენზე?