"არ უნდა გაჩერდე, საკუთარი მწვერვალები ყოველთვის უნდა გქონდეს" – ბიძინა გუჯაბიძე ანტარქტიდის ახალ ექსპედიციაზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2026 წლის ნოემბერში სამი ქართველი ანტარქტიდის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მარშრუტს გაივლის. "ცისკარი S90"-ის ფარგლებში ბიძინა გუჯაბიძე, გიორგი გოცირიძე და ნიკა ლებანიძე ჯერ ანტარქტიდის უმაღლეს მწვერვალზე – ვინსონზე ავლენ, შემდეგ კი თხილამურებით 111-კილომეტრიან Last Degree-ის მარშრუტს გაივლიან სამხრეთ პოლუსამდე. ამ კომბინირებული მარშრუტის სრულად გავლა მსოფლიოში დღემდე დაახლოებით 150 ადამიანს აქვს მოხერხებული.
ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილე ბიძინა გუჯაბიძეა – 66 წლის საერთაშორისო სამთო გამყოლი და ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რომლისთვისაც ეს კიდევ ერთი ახალი გამოწვევაა მრავალწლიანი სამთო გამოცდილების შემდეგ.
"ცისკარი S90" მხოლოდ რთული მარშრუტის გავლას არ გულისხმობს – ექსპედიციის მიზანს წარმოადგენს ანტარქტიდაზე მიღებული გამოცდილების საზოგადოებისთვის ცოდნად ქცევა და კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვისა და ადაპტაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
რა ამოძრავებს ადამიანს, რომელიც ათწლეულების შემდეგაც ახალ მწვერვალებს ეძებს? სად გადის ზღვარი ამბიციასა და გაუმართლებელ რისკს შორის? და რატომ არ ნიშნავს მთაში უკან დახევა დამარცხებას? ბიძინა გუჯაბიძის მრავალწლიანი გამოცდილება ალპინიზმში რისკის შეფასების, პასუხისმგებლობის, ლიდერობისა და ახალი გამოწვევების მიღების არაერთ მნიშვნელოვან გაკვეთილებს აერთიანებს.
"რაც შარშან შემეძლო, ის წელსაც უნდა შემეძლოს" – რატომ მიდის 66 წლის ალპინისტი ახალი გამოწვევისკენ?
"მთელი სიცოცხლე უფრო რთულზე და რთულზე ვფიქრობდი. ყველა სეზონის ბოლოს ვფიქრობდი, რა მომემატა, რა გავაკეთე უფრო მაგარი, ვიდრე შარშან. ბოლო წლებია დავიწყე დაკვირვება, რაიმე ხომ არ მომაკლდა. ასე რომ, მოტივაცია ისაა, რომ რაც შარშან შემეძლო, ის შემეძლოს. ის კი არა, ახლა უკეთესად ვცოცავ, ვიდრე ახალგაზრდობაში. ჯერჯეობით არ მაქვს რეგრესი. ერთადერთი, სისწრაფე აღარ მივარგა დაღმართში, თუმცა ამასწინათ ულტრამარათონელების ჯგუფი მყავდა. ეს ხალხი ერთ კვირაში დარბის 500 კმ-ს, ანუ დღეში 71 კმ-ს. მომდევდნენ და უკან რჩებოდნენ. ორმა თქვა, მთაში წამომსვლელები აღარ ვართო", – ამბობს 66 წლის ალპინისტი, გეოლოგი და საერთაშორისო სამთო გამყოლი ბიძინა გუჯაბიძე.
ის აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ცოცვის ფსიქოლოგია რადიკალურად შეიცვალა. წარსულში, აღჭურვილობის ნაკლებობის გამო, შეცდომის დაშვებისა და მოწყვეტის უფლება არავის ჰქონდა, ამიტომაც მხოლოდ შედარებით მარტივ მარშრუტებს სჯერდებოდნენ. თანამედროვე აღჭურვილობამ კი მიდგომები სრულად შეცვალა – ახლა მოწყვეტა პრობლემა აღარ არის, უფრო მეტიც – სპორტსმენები საგანგებოდ ვარჯიშობენ. ბიძინა გუჯაბიძის თქმით, აღჭურვილობის გაუმჯობესებამ მათ გაცილებით რთული და გამოწვევებით სავსე მარშრუტების დაძლევისკენ უბიძგა. ის მიიჩნევს, რომ მიუხედავად ხშირი მოწყვეტისა და დაუბრკოლებლად ასვლის სირთულისა, წინანდელთან შედარებით სპორტსმენის კლასი სწორედ ამ სირთულეების ხარჯზე იზრდება.
ბიძინა გუჯაბიძეს სირთულეები არ აბრკოლებს, პირიქით, დიდი შემართებით ხვდება ახალ გამოწვევასაც – "ცისკარი S90"-ის ფარგლებში ანტარქტიდის უმაღლეს მწვერვალზე ასვლასა და სამხრეთ პოლუსისკენ 111-კილომეტრიანი მარშრუტის გავლას.
"ნანახი მაქვს, რომ 95 წლისანიც კი ცოცავენ. 66-ის ვარ, ე. ი. ჯერ ბევრი დამრჩა. სხვა სპორტებს ამხელა ზედა ზღვარი არ აქვს, 95 წლის კაცი ფეხბურთს ვერ ითამაშებს, ვერ იჭიდავებს... ერთადერთი, მაგ ასაკში სრიალებენ, ცურავენ – ხანგრძლივობით ეს ორი სპორტი შეიძლება შევადარო ალპინიზმს".
"უკან დაბრუნება დამარცხებას არ ნიშნავს" – რისკი, შიში და სწორი გადაწყვეტილება
"უშბაზე ვარ 16-ჯერ ნამყოფი და დაახლოებით მაგდენჯერვე ვარ მობრუნებული. როცა მარტო ვიყავი, ერთხელ მოვბრუნდი. უფრო მეტჯერ კლიენტთან ერთად მოვბრუნებულვარ. ამ სპორტში უკან დაბრუნება დამარცხებას არ ნიშნავს, მითუმეტეს დანებებას. ყოველთვის შეგიძლია უკეთ მოემზადო ან უკეთეს სიტუაციას დაელოდო და ხელახლა სცადო", – აღნიშნავს ბიძინა გუჯაბიძე.
როგორც იხსენებს, ალპინიზმის დაუწერელი კანონია: ყველაზე დიდი შეცდომა, რამაც შეიძლება უკან დაგხიოს, შენივე შესაძლებლობების არასწორად აღქმაა. მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე შიში ყოველთვის უნდა გქონდეს, რადგან ის ერთგვარი დამცავი მექანიზმია, რომელიც გამუდმებით გაფხიზლებს. და თუ გრძნობ, რომ არაფრის გეშინია, ე. ი. ზღვარს გადახვედი – ორგანიზმი იმდენად არის გადაღლილი და გამოფიტული, რომ გადარჩენის ინსტინქტი დაჩლუნგდა. ამ დროს რეალობის აღქმა იკარგება და სიტუაციას უკვე ვეღარ აკონტროლებ.
ლიდერობა იწყება პასუხისმგებლობით – როგორ ზრდის ბიძინა გუჯაბიძე ალპინისტთა ახალ თაობას
ბიძინა გუჯაბიძისთვის ალპინიზმის სწავლება მხოლოდ ტექნიკური უნარების გადაცემას არ ნიშნავს. მისი თქმით, მწვრთნელი მოსწავლესთან ერთად გადის გზას – მარტივი მარშრუტიდან რთულამდე, სწავლება კი დისციპლინასა და წესების დაცვასაც მოიცავს.
"მარტო წვერზე ასვლის პროცესი არაა, მანამდე არის მომზადება, საბანაკე ცხოვრება, დისციპლინა.
ასეთი მოლაპარაკება გვაქვს – კი, გადავწყვიტე შენი წაყვანა, მაგრამ იმ პირობით, რომ, რასაც გეტყვი, იმას აკეთებ. ყველა შენიშვნა, ყველა მოთხოვნა იქნება შენი უსაფრთხოებისთვის და შენ ამას უნდა გაუძლო. თუ ამ გზას მოჰყვები და გაითვალისწინებ, შენიშვნები აღარც მექნება. მე ერთხელ რომ გეტყვი, ვთქვათ, ჭურჭელს მაგიდაზე ნუ დატოვებ, უნდა ვიცოდე, რომ ეს აუცილებლად შესრულდება. თუ არა, უკვე იმაშიც ეჭვი შემეპარება, თოკის ბოლოს კვანძი გააკეთე თუ არა. ესაა დისციპლინა და წესების დაცვა. მე პირადად შეიძლება არაფერი მომივიდეს, მაგრამ შენ რომ რამე დაგემართოს, პასუხისმგებლობა მე მეკისრება".
ბიძინა გუჯაბიძე აღნიშნავს, რომ მთაში მანძილი სულ სხვანაირად იზომება – ზოგჯერ ისეც ხდება, რომ 50 მეტრშიც კი ვერ აწვდენ ხმას მეწყვილეს, ამ დროს თოკი არის ნერვივით და მისი მოძრაობით ხვდები, რა სჭირდება მას. მისი თქმით, მთაში ძალიან ცოტა სიტყვა რჩება ურთიერთობისთვის, ბევრ რამეს ინტონაციით ხვდები.
"მაგალითად, სიტყვა "ქვა" შეიძლება დაიძახო ათასნაირი ინტონაციით და ამის მიხედვით მიხვდება შენი მეწყვილე, რამდენად საშიშია. შეიძლება იმასაც კი მიხვდეს, რა მიმართულებით უნდა წავიდეს".
მისი თქმით, მთაში ხშირად ხდება, რომ საერთო საქმის კეთება სრულიად უცნობ ადამიანებთან გიწევს. მაგალითად იხსენებს 7 439 მეტრის სიმაღლეზე ჩატარებულ ურთულეს სამაშველო ოპერაციას, როდესაც ორი ადამიანის ჩამოსაყვანად, მასთან ერთად, ორი სრულიად უცნობი პირი მიფრინდა.
"როცა პროფესიულად ერთ დონეზე ხართ, როგორც ერთი ორგანიზმი, ისე მუშაობთ. მაშინ წყდება, ვინ იქნება ხელმძღვანელი და ვინ აიღებს პასუხისმგებლობას".
"საკუთარი მწვერვალები ყოველთვის უნდა გქონდეს" – ცხოვრება ახალი გამოწვევების შემდეგ
ახალი ექსპედიცია მისთვის მხოლოდ კიდევ ერთ რთულ მარშრუტს არ წარმოადგენს. ის იმავე პრინციპის გაგრძელებაა, რომლითაც ბიძინა გუჯაბიძე წლებია ცხოვრობს – არ გაჩერდე, შეინარჩუნო ცნობისმოყვარეობა და საკუთარ თავს ახალი მწვერვალები დაუსახო.
"მუდმივად შეიძლება ახალ გამოწვევებზე შეჭიდება. მაგალითად, დიდი იმედი მაქვს, რომ მოტოციკლეტს ვიყიდი და ვივლი, ხატვის სწავლა მქონდა დაწყებული და მინდა გავაგრძელო, დაივინგის სერტიფიკატი მაქვს აღებული და უფრო პროფესიონალურ დონეზე გადავალ. ადრე დავფრინავდი, მაგრამ ახლა ვეღარ ვიმეტებ თავს პარაპლანისთვის, დიდი რისკია. კიდევ ბევრ რამეს ვაკეთებ.
არ უნდა გაჩერდე, რანაირად შეიძლება გაჩერდე?! თუ დაიბერებ თავს, ბებერი ხარ. საკუთარი მწვერვალები, საკუთარი მიზნები ყოველთვის უნდა გქონდეს", – ამბობს ბიძინა გუჯაბიძე.
ექსპედიციის მხარდაჭერისთვის:
GE71TB7185645067800009
GE50BG0000000613073472
paypal: gotsa@geographic.ge
