Get All Access for $5/mo

"არასდროს თქვათ უარი თქვენს მიზნებზე" - ალექსი ქიძინიძის გზა წარმატებისკენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur-თან ინტერვიუში საქართველოს ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საკრედიტო რისკების მენეჯერი ამბობს, რომ მრავალფეროვანი გამოცდილების მიუხედავად, ფინანსების კარიერაზე უარი არასდროს უთქვამს.

სკოლაში სწავლის დროს, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მოსწონდა, გამორჩეულად ფიზიკა და მათემატიკა. აღსანიშნავია, რომ ალექსი აჭარის ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებულია და ასევე სკოლა მედალზე აქვს დამთავრებული.

ალექსი იხსენებს, რომ დასავლური განათლების მიღება სკოლის პერიოდშივე ჰქონდა გადაწყვეტილი. ყოველთვის მოსწონდა იდეა, მიეღო მაღალხარისხიანი განათლება, განსხვავებული გამოცდილება და შემდეგ ეს ყველაფერი საქართველოში გამოეყენებინა.

სწორედ სკოლაში სწავლის პერიოდში შეიტყო American University in Bulgaria-ს (AUBG) შესახებ. ამ უნივერსიტეტმა ალექსის ყურადღება ორი მიზეზით მიიპყრო: ორმაგი (ევროპულ-ამერიკული) აკრედიტირებული დიპლომი და, შანსი, შტატებში წასულიყო შესაბამისი გამოცდილების მისაღებად.

"უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. ვინაიდან თავიდანვე ფინანსური დამოუკიდებლობა მინდოდა, AUBG-ში სწავლას გრანტის გარეშე არც კი განვიხილავდი. ამიტომაც, დავიწყე მომზადება SAT და TOEFL გამოცდებისთვის, თუმცა, ამავდროულად, ეროვნული გამოცდებისთვისაც ვემზადებოდი. გამოცდებისა და მისაღები ეტაპების განხილვის შემდეგ, მივიღე საგრანტო დაფინანსება და გადავედი ბულგარეთში საცხოვრებლად. უნივერსიტეტში ძირითადი მიმართულება ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები იყო, თუმცა, არ დამვიწყებია ჩემი ინტერესი მათემატიკის მიმართ და მაინორი სწორედ მათემატიკასა და ეკონომიკაში დავიცავი", - გვიყვება ალექსი.

ალექსის პროფილი მრავალფეროვანია. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მისი თქმით, სამსახიობო გამოცდილების მიღებით სურდა გადმოცემისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა უნივერსიტეტში დადგმულ მიუზიკლში მოცეკვავედ ეცადა ბედი. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული მიუზიკლი ბროდვეის ლიცენზიით ყოველწლიურად იდგმებოდა AUBG-ის სცენაზე.

"ამ პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ 10-მდე კონცერტი ბულგარეთის სხვადასხვა ქალაქში. ყველაზე მეტად გამოვარჩევდი სოფიაში ორ კონცერტს, რომლებზეც სრული ანშლაგი იყო. მიუზიკლის შემდეგ საკუთარი თავი სპექტაკლში მთავარ როლზეც გამოვცადე, რამაც დიდი როლი შეასრულა პრეზენტაციისა და სცენაზე გამოსვლის უნარების დახვეწაში", - იხსენებს ალექსი.

AUBG-ის სტუდენტები ცდილობდნენ საზაფხულო არდადეგებისას ემუშავათ შტატებში. იქ წასასვლელად ყველაზე რთული ეტაპი სამუშაო მოწვევის მიღება იყო.

"მახსოვს, პირველი წასვლისას 254 მეილი გავგზავნე სხვადასხვა დამსაქმებლებთან და აქედან მხოლოდ 4-მა მიპასუხა. ამ ოთხიდან მხოლოდ ერთმა ჩამინიშნა გასაუბრება და სამუშაოდ მიმიწვია".

აშშ-ში ალექსიმ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ "State Road Restaurant"-ში მზარეულის დამხმარედ დაიწყო მუშაობა. ის გვიყვება, რომ რესტორანი მდებარეობს ქალაქ ბოსტონთან ახლოს მდებარე კუნძულ Martha's Vineyard-ზე, რომელიც ცნობადი და გამორჩეული ადამიანების საყვარელი ადგილია.

კულინარიაში მუშაობისას მიხვდა, რომ ეს საქმე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. რესტორანში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ დროში "Sous-Chef"-ის პოზიციაზე დაწინაურდა.

რესტორანს უამრავი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ჰოლივუდის მსახიობი და სხვა ცნობილი პერსონა სტუმრობდა. მათ შორის - ბრიუს უილისი, ოსკაროსანი - ბილ მიური და სხვები. განსაკუთრებით კარგად ახსენდება ბილ კლინტონი, რომელმაც თავისი იუბილე მეუღლესთან, ჰილარი კლინტონთან ერთად, ამ რესტორანში აღნიშნა, ხოლო ყველაზე ემოციური - შტატების პრეზიდენტის - ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის სტუმრობა იყო. 2016 წელს, პრეზიდენტისა და პირველი ლედის ვიზიტს ალექსი ასე იხსენებს:

"პრეზიდენტის სტუმრობის დრო გასაიდუმლებული იყო და ჩვენ მხოლოდ 1 საათით ადრე გავიგეთ, რომ რესტორანი დაიხურებოდა და დაიშვებოდნენ მხოლოდ პრეზიდენტ ობამასთან დაახლოებული პირები. პრეზიდენტს თან მოჰყვა საიდუმლო სამსახურის აგენტების ესკორტი და ჩვენ მომენტალურად გაგვეთიშა წვდომა მობილურის ქსელებზე. კერძების მომზადებისას, თითოეულ ჩვენგანს გვაკვირდებოდნენ ბატონ ობამას პირადი შეფები, საიდუმლო სამსახურის აგენტები და გაწვრთნილი ძაღლებიც კი. ჩემთვის ეს დღე პირველი დიდი გამოწვევა იყო კულინარიის სფეროში და ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი. სადილის შემდგომ ბატონმა ობამამ ჩემთან და კიდევ რამდენიმე თანამშრომელთან ერთად გასაუბრება ითხოვა. ეს ჩემთვის ისეთი სურპრიზი იყო, რომ სიხარულისგან საერთოდ აღარ მახსოვს, როდის შემამოწმეს საიდუმლო სამსახურის აგენტებმა და როგორ აღმოვჩნდი მასთან და მის მეუღლესთან ერთად დარბაზში. ის მეგობრულად გადამეხვია და მადლობა გადამიხადა. შემდეგ გადავიღეთ სამახსოვრო ფოტო და პრეზიდენტი გავაცილეთ. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული დღე იყო. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა რამდენიმე თვის შემდეგ, საახალწლოდ, თეთრი სახლიდან ბულგარეთის უნივერსიტეტში მივიღე ამანათი, რომელშიც სამახსოვრო ფოტო, წერილი და საპრეზიდენტო საჩუქრები იდო. წერილში შობას მილოცავდნენ და ასევე ეწერა, რომ ფოტოს ასლი თეთრი სახლის არქივში ინახებოდა."

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ალექსის სურდა მიღებული ცოდნის საქართველოში გამოყენება. ის იხსნებს, რომ სამშობლოში დაბრუნება გამოწვევებით იყო სავსე და მალევე კოვიდპანდემიაც დაიწყო. რამდენიმე შემოთავაზების განხილვის შემდეგ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ბანკზე შეეჩერებინა არჩევანი - საკრედიტო რისკების მენეჯმენტზე.

"5 წლის განმავლობაში, არაჩვეულებრივი მენტორებისა და კოლეგების დახმარებით, მქონდა სხვადასხვა წინსვლა და დაწინაურება (ექსპრესსესხები, მიკროსესხები, SME-სესხები, კორპორატიული სესხები). ახლა ვმუშობ კორპორატიული საკრედიტო რისკების მიმართულებით, რაც ფოკუსირდება საქართველოში ოპერირებად უმსხვილეს კომპანიებზე. ჩემი საკრედიტო პორტფელის მთავარი ფოკუსი არის დეველოპმენტის, სამშენებლო მასალების, ავტოდილერებისა და განათლების სექტორები", - გვიყვება ალექსი ქიძინიძე.

ალექსი 2024 წელს საქართველოს ბანკის საუკეთესო თანამშრომლებს შორის დასახელდა. ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი საფინანსო სექტორში მეტი და მეტი წინსვლაა. ის აღნიშნავს, რომ ფინანსები ერთ-ერთი უძველესი სფეროა, მუდმივად ვითარდება და ყოველთვის არის მისი გაუმჯობესების საშუალება, რაც ძალიან საინტერესო პროცესია.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"