არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა. აღმოჩენა განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობისაა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ძეგლებზე სამარხი აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული. მოპოვებული მასალები დამატებით სამეცნიერო კვლევებს საჭიროებს, რის შემდეგაც აღმოჩენის ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი.
არქეოლოგიური გათხრების ადგილი დაათვალიერეს: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, თეა ონიანმა, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ და მისმა მოადგილემ, მიხეილ წერეთელმა, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ და მისმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ. ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ჯონი აბულაძემ, წარმოადგინა ინფორმაცია აღმოჩენის სავარაუდო დათარიღებისა და მნიშვნელობის შესახებ.
არქეოლოგიურ სამუშაოებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია ახორციელებს.
მაშავერას გორა მსოფლიოში ცნობილი შულავერი-შომუთეფეს არქეოლოგიური კულტურის (ძვ. წ. VI ათასწლეული) გამორჩეული ძეგლია. იგი, ნეოლითურთან ერთად, ასევე მოიცავს შუა საუკუნეების კულტურულ ფენებს, რაც ამ ტერიტორიაზე ადამიანის ხანგრძლივ ცხოვრებაზე მიუთითებს.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძეგლზე გამოვლენილია ძვ. წ. VI ათასწლეულისთვის დამახასიათებელი, წრიული და ოვალური გეგმარების მქონე ალიზის (გამოუწვავი თიხის აგურის) საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. მოპოვებული არტეფაქტები მკაფიოდ ასახავს უძველესი მიწათმოქმედი საზოგადოების ყოფასა და განვითარების დონეს.
წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო