არქიტექტურა, როგორც პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე – AMMA Design განვითარებასა და გლობალურ ხედვებზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

AMMA Design ქართულ არქიტექტურულ და დიზაინბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ნოდარ ჭალაგანიძე იხსენებს, სტუდიის შექმნის იდეა სპონტანურად არ დაბადებულა. ის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ბაზარზე არსებული კონკრეტული საჭიროების პასუხად შეიქმნა. AMMA Design-ის მიზანი იმთავითვე იყო, ამოცანები ვიწრო არქიტექტურულ ჩარჩოებს მიღმა, გაცილებით ფართო კონტექსტში განეხილა.

კომპანიის უნიკალურობა მისივე სტრუქტურაშია კოდირებული. სტუდია აერთიანებს არქიტექტურას, ინტერიერს, ურბანულ და ლანდშაფტურ დიზაინს ერთ სივრცეში, რაც გუნდს საშუალებას აძლევს, პროექტი ტერიტორიის განვითარების საწყისი შესაძლებლობებიდან კონკრეტული სივრცის მოწყობამდე სრულყოფილად და თანმიმდევრულად მართოს.

"გვინდოდა შეგვექმნა გუნდი, რომელიც ერთიან პროცესს მთლიანად გაუძღვებოდა და სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტებზე იმუშავებდა. ამის საფუძველი იყო სურვილი, პროფესიული გამოცდილება ისეთ ნამუშევრებად გვექცია, რომლებიც რეალურ საჭიროებებს უპასუხებდა და გააზრებული დაგეგმარებით გამოირჩეოდა. ასე ჩამოყალიბდა AMMA-ს მრავალპროფილური მუშაობის პრინციპი", – იხსენებს ნოდარ ჭალაგანიძე.

AMMA Design-ის პორტფელში ისეთი კომპლექსური პროექტებია, როგორიცაა, მაგალითად, საჩხერის სტადიონის რეკონსტრუქცია-განახლება, რომელიც "თბილქალაქპროექტსა" და UEFA-ს ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტი მოითხოვდა სპორტული ფუნქციების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ისეთი არქიტექტურული გადაწყვეტის სინთეზს, რომელიც ტრანსფორმირების შემთხვევაში ფეხბურთისა და რაგბის მატჩებისთვის იქნებოდა გამოყენებული.

სრულიად განსხვავებული მასშტაბის გამოწვევა იყო წავკისში, სადაც გუნდმა 300 000 კვადრატული მეტრი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა მოამზადა და განვითარების პოტენციალი ფართო ურბანულ კონტექსტში შესთავაზა.

"ჩვენთვის განვითარება ყოველდღიური პროცესია. თითოეულ პროექტს თავისი ამოცანა და გამოწვევა აქვს. წარმატებას მხოლოდ მასშტაბი არ განსაზღვრავს – მცირე სივრცესაც შეიძლება არაერთი რთული გადაწყვეტილება სჭირდებოდეს. მთავარია, რამდენად ზუსტად ვუპასუხეთ ამოცანას და რა შედეგს მივიღეთ. ყოველი პროექტიდან მიღებული ცოდნა შემდეგ ამოცანაზე მუშაობაში გადაგვაქვს – ასე იზრდება გუნდის გამოცდილებაც და შესაძლებლობებიც", – აღნიშნავს ნოდარ ჭალაგანიძე.

ნებისმიერ წარმატებულ ბიზნესს გამართული კომუნიკაცია და დამკვეთთან მუშაობის სწორი ფილოსოფია უდევს საფუძვლად. AMMA Design-ში ეს პროცესი განსაკუთრებულ ბალანსს მოითხოვს: ერთი მხრივ, არსებობს დამკვეთის ინდივიდუალური მოთხოვნები, მეორე მხრივ კი სივრცის ფუნქციურობა და ესთეტიკურ-არქიტექტურული სტანდარტები.

სტუდიაში კონცეფციის შემუშავებისთანავე, საწყის ეტაპზევე განიხილავენ შესაძლო განაშენიანებას, ფუნქციების განაწილებას, შენობის პროპორციებსა და საბაზრო დანიშნულებას. ნოდარ ჭალაგანიძის თქმით, ეს მულტიდისციპლინური სინთეზი წინასწარ იცავს პროექტს შეუსაბამობებისგან და ინარჩუნებს გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობას.

"ბალანსის პოვნა ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად რთული ნაწილია. დამკვეთის მოთხოვნები, სივრცის ფუნქციურობა და არქიტექტურული ხარისხი ერთმანეთზე მოქმედებს. დამკვეთთან დისკუსიისას ვხსნით თითოეული ვარიანტის უპირატესობებსა და შეზღუდვებს. ეს გვეხმარება, საჭიროების შემთხვევაში საწყისი ჩანაფიქრი ერთად გადავამუშაოთ და მივიდეთ გადაწყვეტამდე, რომელიც მის მთავარ მოთხოვნებს პასუხობს, ფუნქციურად გამართულია და არქიტექტურულ მთლიანობას ინარჩუნებს".

ბიზნესი და არქიტექტურა ვერ იარსებებს ეკოლოგიური მდგრადობისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციის გარეშე. AMMA Design-ისთვის ენერგოეფექტურობა, რომელიც დღეს უკვე საქართველოს კანონმდებლობითაც რეგულირდება, პროფესიული მიდგომის განუყოფელი ნაწილია. შენობის განთავსება, შემინვა, მზისგან დაცვა თუ მასალების შერჩევა საინჟინრო სისტემებთან ერთად მუშავდება, რათა ობიექტის ექსპლუატაცია გრძელვადიან პერსპექტივაშიც გონივრული და ეკონომიური იყოს.

სწორედ ამ გრძელვადიანმა, ხარისხზე ორიენტირებულმა ხედვამ განაპირობა კომპანიის საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც. AMMA Design-მა უკვე წარმატებით იმუშავა შვეიცარიაში ინდივიდუალურ და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე. მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში კი სტუდია მიზნად ისახავს, ქართული და საერთაშორისო პროექტების წილი თანაბარი გახადოს.

"დიდი ქალაქების ცენტრალურ რაიონებში ინტენსიური განაშენიანება გვიბიძგებს, განვითარების შესაძლებლობები უფრო ფართო გეოგრაფიით განვიხილოთ. ქალაქგარეთ და რეგიონებში მუშაობას ჩვენი გამოცდილების გამოყენებისა და პროექტების გეოგრაფიის გაფართოების შესაძლებლობად ვხედავთ. საერთაშორისო პროექტები კი გუნდისთვისაც მნიშვნელოვანია, განსხვავებულ მოთხოვნებთან მუშაობა ცოდნას აფართოებს და თანამედროვე მიდგომების გაცნობაში გვეხმარება".

შთაგონება და კრეატიულობა მხოლოდ ჯანსაღ კორპორაციულ გარემოში იზრდება. AMMA-ს გუნდის მთავარი ძალა ურთიერთპატივისცემა, პროფესიული ნდობა და იდეების თავისუფალი გაზიარებაა. აქ ყველა პროექტი თანაბარ შემოქმედებით გამოწვევად აღიქმება. შთაგონება კი უშუალოდ ადგილის პოტენციალიდან მოდის – რთულმა რელიეფმა თუ სწორად დაგეგმილმა კავშირებმა შეიძლება ყველაზე საინტერესო არქიტექტურულ პასუხამდე მიიყვანოს გუნდი. საერთაშორისო და წარმატებული პრაქტიკის ანალიზი კი ეხმარებათ, ადგილობრივ პროექტებში გადაწყვეტილებების გრძელვადიან შედეგებზე იფიქრონ.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემო. იდეის განხილვა გულისხმობს კითხვების დასმას, არგუმენტების მოსმენასა და, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტის გადამუშავებას. მნიშვნელოვანია, კოლეგას რჩევისთვის თავისუფლად მიმართო, სირთულე დროულად გაუზიარო და იცოდე, რომ გამოსავლის ძიებაში გუნდის მხარდაჭერა გექნება. სწორედ ასეთი ყოველდღიური ურთიერთობით ყალიბდება AMMA-ს სამუშაო კულტურა".

საბოლოო ჯამში, კომპანიის მისია არქიტექტურით ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. AMMA Design-ის ფილოსოფია სცდება მხოლოდ კომერციულ მიზნებს და საზოგადოებრივ ღირებულებებზეა ფოკუსირებული და ფიქრობს იმაზე, თუ რას შესძენს ობიექტი კონკრეტულ ლოკაციას ათწლეულების შემდეგაც. ნოდარ ჭალაგანიძისთვის თითოეული შექმნილი სივრცე არა მხოლოდ დღევანდელობის გამოძახილი, არამედ სამომავლო მემკვიდრეობაა.

"გვინდა ჩვენს ნამუშევრებში იგრძნობოდეს ყურადღება და პასუხისმგებლობა, რომ მათ უკან დგას ფიქრი იმაზე, როგორ გამოიყენებენ სივრცეს დღეს და რა მნიშვნელობა ექნება მას წლების შემდეგ. არქიტექტურა დღევანდელ საჭიროებებს პასუხობს და ამავე დროს გარემოს აყალიბებს. გვინდა მომავალ თაობებს დავუტოვოთ არქიტექტურა, რომელიც წლების შემდეგაც შეინარჩუნებს ღირებულებას და ახალი საჭიროებების შესაბამისად განვითარების შესაძლებლობას მისცემს".