"ათანელი" – მეღვინეობა, რომელიც ხარისხს ოჯახური ვენახიდან იწყებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეღვინეობა "ათანელი" მიზნად ისახავს პრემიუმ ხარისხის ღვინის წარმოებასა და მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქციის შეთავაზებას, რომლის ისტორიაც დამფუძნებლის ოჯახურ ვენახში იწყება.

კომპანიის დამფუძნებელი და მეღვინე, ირაკლი ათანელიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ბაზარზე ხშირად მთავარი აქცენტი წარმოების მოცულობაზე კეთდება, მისი სურვილი კი მეტი ყურადღების გამახვილებაა ხარისხზე, თითოეულ დეტალსა და ღვინის ისტორიაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია, გადავწყვიტე ეს ნაბიჯი გადამედგა, რადგან მჯერა, რომ ხარისხიან ღვინოს ყოველთვის ექნება თავისი ადგილი როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ეს იდეა ბავშვობიდან მოდის. ზაფხულის არდადეგებს ყოველთვის კახეთში ვატარებდი. მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა პაპას ვენახში დავყვებოდი და მასთან ერთად სხვადასხვა საქმეს ვაკეთებდი. სწორედ მაშინ შემიყვარდა ვაზი, მიწა და ღვინო. მოგვიანებით ეს საქმე მამასთან ერთად გავაგრძელე. სწორედ მისგან ვისწავლე მთავარი პრინციპი – თუ საქმეს სიყვარულითა და თავდადებით აკეთებ, შედეგიც აუცილებლად მოვა.

25 წლის ასაკში შევძელი კახეთში, სოფელ ტიბაანში, საკუთარი მარნის აშენება, სადაც სექტემბრიდან აქტიურად დაიწყება "ათანელის" ღვინის წარმოება. მჯერა, რომ ქართულ ღვინოს მსოფლიოში იმაზე მეტი აღიარება ეკუთვნის, ვიდრე დღეს აქვს, და მინდა ამ გზაზე ჩემი წვლილიც შევიტანო", – ამბობს ირაკლი ათანელიშვილი.

ის აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში, საქართველოში ღვინის ბიზნესის აქტუალობიდან გამომდინარე, თავდაპირველად წარმატების მიღწევასა და ქართულ ბაზარზე ხარისხიანი ღვინის მწარმოებლად თავის დამკვიდრებაში ეჭვი ეპარებოდა.

"მე კონკურენციას არასოდეს აღვიქვამ, როგორც დაბრკოლებას. პირიქით, ის ყოველდღიურად მაიძულებს, ვიყო უკეთესი და მუდმივად ვიზრუნო განვითარებაზე. დღეს 12 ჰექტრამდე ვენახი მაქვს, სადაც ხუთი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გაშენებული. ეს მაძლევს შესაძლებლობას, თავად ვაკონტროლო პროდუქტის შექმნის თითოეული ეტაპი ვენახის მოვლიდან, ყურძნის კრეფამდე და საბოლოოდ ღვინის ჩამოსხმამდე. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა მეღვინეების გამოჩენა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს ახალ იდეებს, ახალ ენერგიასა და თანამედროვე ხედვას, რაც საბოლოოდ ქართული ღვინის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს".

ირაკლისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ცხოვრების რიტმის შეცვლა იყო. ის თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ოჯახი, მეგობრები და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული გარემოც სწორედ იქ აქვს.

"ამიტომ რთულად წარმომედგინა კახეთში გადასვლა და დროის უმეტესი ნაწილის იქ გატარება. ამასთანავე, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი მარნის აშენება და ღვინის წარმოების დაწყება იყო. ეს მხოლოდ ფინანსური ინვესტიცია არ არის – ეს დიდი შრომა, მოთმინება და ყოველდღიური სწავლაა. თუმცა ჩემმა ევროპულმა გამოცდილებამ და მიღებულმა ცოდნამ მომცა თავდაჯერება, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადამედგა და საკუთარი ხედვა რეალობად მექცია".

კომპანიის დამფუძნებლისთვის ყველაზე დიდი ინსპირაციის წყარო ვაზისა და ღვინის სიყვარულია. მისი თქმით, კახეთში თითქმის ყველა ოჯახს აქვს საკუთარი ვენახი და ღვინის დაყენების ტრადიცია, ისიც ამ გარემოში გაიზარდა და ბავშვობიდან აკვირდებოდა ამ პროცესს. ირაკლი აღნიშნავს, რომ ყოველთვის სურდა, ეს ტრადიცია თანამედროვე ცოდნასა და გამოცდილებასთან შეერწყა და ჩამოესხა ღვინო, რომელიც საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

"ვფიქრობ, ნებისმიერ ბიზნესში მიზნის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი მოთმინებაა, თუმცა მეღვინეობაში ამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ხარისხიანი ღვინო დროს, ზრუნვასა და სწორ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ამაში განსაკუთრებით გერმანიაში გატარებულმა პერიოდმა დამარწმუნა. იქ, კომპანია Dr. Heger-ში მუშაობის პერიოდში, დამფუძნებელი ხშირად ამბობდა, რომ ღვინის ხარისხზე დრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფაქტორია.

სწორედ ამიტომ, მჯერა, რომ ნელი, მაგრამ სწორი ნაბიჯებით ბევრად უფრო მყარ შედეგს მივაღწევ. რაც შეეხება უახლოესი ერთი წლის გეგმას, მინდა გავაფართოო წარმოება და ჩემი ღვინო ევროპულ ბაზარზეც გავიტანო. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ჩემი მიზანია კახეთში ავაშენო შატო, რომელიც ხარისხიან ღვინოს, ღვინის ტურიზმსა და ქართულ სტუმართმოყვარეობას გააერთიანებს", – ამბობს ირაკლი ათანელიშვილი, მეღვინეობა "ათანელის" დამფუძნებელი.