Get All Access for $5/mo

ავტოდილერის მოსამზადებელი ტრენინგ-კურსი - რას გულისხმობს Lion Trans-ისა და სტუ-ს ერთობლივი პროგრამა

By თეკლა ადამია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

16 მაისს, კომპანია Lion Trans-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში "ავტოდილერის მოსამზადებელი" ტრენინგ-კურსი დაიწყო.

კურსის ფარგლებში სტუ-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დამატებითი პროფესია შეიძინონ და ავტომობილის სადილერო საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს გაეცნონ. აღსანიშნავია, რომ კურსის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულად აითვისონ ამერიკის ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი ავტოაუქციონის პლატფორმა IAA და საბოლოოდ კომპანია Lion Trans-შიც დასაქმდნენ.

Lion Trans-ი აქტიურად უჭერს მხარს არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ საგანმანათლებლო სფეროს განვითარებას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იგი არაერთ საინტერესო პროექტს გეგმავს. უფრო ვრცლად იმის შესახებ, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს Lion Trans-ი სტუს-სთან თანამშრომლობით, Entrepreneur-ი კომპანიის გენერალურ დირექტორს, ლევან სუხიტაშვილს ესაუბრა.

როგორ მუშაობს "ავტოდლიერის მოსამზადებელი" ტრენინგ-კურსი?

მრავალი წელია, რაც Lion Trans-ი ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს ერთი ფანჯრის პრინციპით ავტომობილების იმპორტის სრულ ციკლს სთავაზობს - შესყიდვა, ჩამოტანა, სატერმინალო მომსახურება და ა.შ. ლევან სუხიტაშვილის თქმით, აღნიშნული სერვისი და მისი განვითარება კომპანიის ნიშური მხარეა, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პარტნიორ დილერებსა თუ მომხმარებლებზე, რომლებიც Lion Trans-ის მომსახურებით სარგებლობენ.

როგორც ლევანი აღნიშნავს, სერვისის განვითარების მიზნით საჭიროა გუნდის მუდმივი განახლება ისეთი ადამიანებით, რომლებიც შესაბამის ცოდნასა და უნარებს ფლობენ. სწორედ აქედან გაჩნდა "ავტოდილერის მოსამზადებელი" კურსის შექმნის იდეა, რომელიც სტუდენტს საშუალებას მისცემს, დაეუფლოს დამატებით სპეციალობას და უზრუნველყოფს ფინანსური დამოუკიდებლობა.

2-თვიანი ტრენინგ-კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სალექციო შეხვედრებს. თეორიული სალექციო სესია სამი ნაწილისგან შედგება - ავტომობილების ზოგადი კურსი, აუქციონზე მუშაობის ტექნიკური მხარეები და მომხმარებლებთან ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ლექტორები უხელმძღვანელებენ. მაგალითად, ავტომობილების ზოგად კურსს სტუ-ს ასოცირებული პროფესორი, დავით ფრიდონაშვილი გაუძღვება. ლექციების ფარგლებშიც სტუდენტები ავტომობილების ზოგად აგებულებას, ძრავებს, ტექნიკურ მახასიათებლებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს გაეცნობიან, რათა მუშაობის პროცესში სწორად შეძლონ ავტომობილების მდგომარეობის შეფასება. აუქციონზე მუშაობის ტექნიკურ დეტალებსა და რჩევებს სტუდენტებს მირიან კვესიეიშვილი გაუზიარებს, რომელიც უკვე არაერთი წელია ამ სფეროში მუშაობს. რაც შეეხება მომსახურების ხარისხის კონტროლს და მომხმარებელთან ურთიერთობის ნაწილს, აღნიშნულ სესიას ეთო ლობჟანიძე უხელმძღვანელებს, რომელიც Lion Trans-ის მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელია.

თეორიული მოდულების დასრულების შემდეგ, პრაქტიკულ მოდულს სტუდენტები Lion Trans-ის სათავო ოფისში გაივლიან. კურსის პრაქტიკულ მოდულს მხარს უჭერს ამერიკის ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი ავტოაუქციონი IAA, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ, IAA-ს პლატფორმა სრულად აითვისონ და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.

თეორიული და პრაქტიკული სესიების დასრულების შემდეგ მონაწილეები გაივლიან შესაბამის ტესტირებას და მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. აღსანიშნავია, რომ კურსი სრულიად უფასოა.

პირველი ტრენინგ-კურსისთვის მონაწილეები ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტიდან შეირჩნენ. მომდევნო კურსების განხორციელებას კი კომპანია უფრო ფართო აუდიტორიისთვისაც გეგმავს - არა მხოლოდ სტუს სტუდენტისთვის, არამედ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლისთვისაც.

თანამშრომლობა Lion Trans-სა და სტუს შორის

Lion Group-ი ჰოლდინგური კორპორაციაა, რომელიც საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზარზე ლოჯისტიკური მიმართულებით ოპერირებს. კომპანია ახორციელებს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს ამერიკიდან მსოფლიოს ყველა მიმართულებით.

Lion Trans-ის ერთ-ერთი მიმართულება ელექტროავტომობილების საქართველოში იმპორტი და რეალიზაციაა. პროდუქტის სწორად დანერგვის მიზნით, კომპანია საზოგადოებაში ელექტროავტომობილების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს.

ამ მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2023 წლის 7 დეკემბერს "ლაიონ ტრანსის" სახელობის ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია შეიქმნა. ლაბორატორია დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარების მიზნით მუშაობს, რომლებიც ელექტროავტომობილების სრულ შესწავლას უზრუნველყოფენ.

"ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიიღო თანამედროვე კვლევითი ლაბორატორია, რომელიც სიმულატორებითა და შესაბამისი ტექნიკური ხელსაწყოებითაა აღჭურვილი. ძალიან ვამაყობთ, რომ ორივე მხარის სურვილით შედგა საინტერესო პროექტი, რომელიც როგორც მომავალ თაობას, ასევე დღეს არსებულ გუნდს მისცემს შესაძლებლობას, განვითარდნენ და განავითარონ პროცესები, პროდუქტები, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს", - აღნიშნავს ლევან სუხიტაშვილი Entrepreneur-თან.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი