ბალანსი თუ ჰარმონია? სამსახური ენერგიას გართმევს თუ პირიქით, ენერგიას განიჭებს?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსზე ბევრი თქმულა და დაწერილა. თანამედროვე ცხოვრების რიტმი და გაზრდილი კონკურენცია უფრო მეტად აქტუალურს ხდის საკითხს – როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა წარმატების მიღწევა პროფესიულ საქმიანობაში ისე, რომ ეს მისი პირადი ცხოვრების ხარჯზე არ მოხდეს და პირიქით, როგორ უნდა იცხოვროს ღირსეულად და ხარისხიანად ისე, რომ არ ჩამორჩეს კარიერულ განვითარებას და შეძლოს საკუთარ საქმეს და გატაცებას ბოლომდე ემსახუროს?
რა უფრო სწორია – დროის მკაფიო სეგმენტაცია მოახდინო, დრო ბლოკებად და მონაკვეთებად დაყო, თუ ასეთი გამიჯვნის ნაცვლად ჰარმონიული თანაარსებობის საშუალება მისცე პირად ცხოვრებას და პროფესიულ საქმიანობას, როცა ისინი მუდმივ წინააღმდეგობაში კი არ არიან ერთმანეთთან, არამედ მხარს უჭერენ და აძლიერებენ ერთმანეთს?
სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსზე საინტერესო და განსხვავებულ მოსაზრებას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი გამოთქვამს.
"არ მიყვარს ფრაზა "მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი" (Work-Life Balance), ეს მცდარი და სუსტი ფრაზაა. უფრო მეტად მომწონს ფრაზა "მუშაობასა და ცხოვრებას შორის ჰარმონია" (Work-Life Harmony).
ბეზოსის აზრით, "მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი" ერთგვარ საზღვრებს აწესებს და ადამიანს ზღუდავს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციაში და მაღალი მიზნების მიღწევაში აფერხებს. მისთვის მთავარია, საქმე, რომელსაც ემსახურები, ენერგიას კი არ გართმევდეს, არამედ პირიქით, ენერგიით გავსებდეს, რაც შემდეგ პირადი ცხოვრების ხარისხზეც აისახება.
ჯეფ ბეზოსი: "თუ სამსახურში ენერგიით ვივსები, თუ ბედნიერი ვარ, ვგრძნობ, რომ ღირებულს ვაკეთებ, გუნდის ნაწილი ვარ, თუ ვგრძნობ ნებისმიერ რამეს, რაც ენერგიას მაძლევს – ეს სახლშიც უკეთესს მხდის. ეს მაქცევს უკეთეს ქმრად, უკეთეს მამად. და თუ ბედნიერი ვარ სახლში, ანალოგიურად, უკეთესი თანამშრომელი და უკეთესი უფროსიც ვხდები. შესაძლოა, არსებობდეს რთული პერიოდები, სადაც საუბარია კვირაში სამუშაო საათების რაოდენობაზე, მაგრამ ეს არ არის მთავარი. როგორც წესი, საქმე ეხება იმას, გაქვს თუ არა ენერგია. შენი საქმე ენერგიას გართმევს, თუ პირიქით – შენი საქმე ენერგიას გმატებს?"
ბეზოსის აზრით, "Work-Life Balance" სუსტი და შეუსაბამო ფრაზაა, რადგან მკაცრ კომპრომისს გულისხმობს – ან საქმე უნდა დათმო პირადი ცხოვრების სასარგებლოდ, ან პირიქით – პირადი ცხოვრებას უნდა შეელიო სამსახურისა და კარიერის გამო. "Work-Life Harmony" მიდგომა კი დათმობებს არ მოითხოვს – საქმე და ცხოვრება ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს.
ბეზოსისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფორმულაა, რომ ის Amazon-ის ახალგაზრდა თანამშრომლებსა და მაღალი რგოლის აღმასრულებლებს ამ თემაზე ხშირად ესაუბრება, რადგან მიაჩნია, რომ ასეთი მოქნილი სამუშაო გამოცდილება, როცა პირადი ცხოვრება და საქმე ერთმანეთს ავსებენ, გაცილებით მაღალი შედეგების მიღწევის წინაპირობაა.
ბალანსის იდეა დროისა და ენერგიის თანაბრად ან გარკვეული პროპორციით გადანაწილებას ნიშნავს, ჰარმონიის ბეზოსისეული კონცეფცია კი ერთგვარი წრეა, სადაც საქმე და ცხოვრება ერთმანეთისგან განუყოფელია და ავსებს და აძლიერებს ერთმანეთს.
"Work-Life Harmony" პირადი ცხოვრების მნიშვნელობას კი არ აკნინებს და აუფასურებს, არამედ პირიქით – ეს წარმატების ახალ ფორმულირებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ახალი წესრიგის სამყაროსთვის, რომელიც აღარ ოპერირებს "ცხრიდან ექვსამდე" სამუშაოს პრინციპით და სადაც პირადი და სამსახურებრივი ჰარმონიულად თანაარსებობენ და აძლიერებენ ერთმანეთს.
ბეზოსს Amazon-ში არ სურს თანამშრომლები, რომლებიც ენერგიას ერთმანეთს ართმევენ. მისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ბედნიერი და ენერგიული იყოს და ეს ენერგია სხვებსაც გადასდოს.
სამსახურში თავდაჯერებული ადამიანი უფრო ბედნიერი და ენერგიულია სახლში და პირიქით. როცა პირადი და საქმიანი ჰარმონიულად შერწყმული და ინტეგრირებულია ერთმანეთთან, ადამიანი სახლშიც და სამსახურშიც პოზიტიურ ენერგიას ასხივებს.
სამსახური ენერგიას გართმევს თუ პირიქით, ენერგიას განიჭებს? ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც მხოლოდ დასვენების საათების სიმრავლე არ განსაზღვრავს. შეიძლება სამსახურს გარეთ, ოჯახსა და მეგობრებთან ერთად ბევრ დროს ატარებდე, მაგრამ მაინც არ იყო ბედნიერი და ენერგიული.
ცხოვრების ორივე მნიშვნელოვანი მხარე, საქმეც და პირადი ცხოვრებაც, ენერგიას უნდა განიჭებდნენ და ავსებდნენ ერთმანეთს – ასე ფიქრობს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და რას ფიქრობ შენ?
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge