ბანკი "კრისტალი" – ღირებულებები, ადამიანები და დამოუკიდებელი მომავალი ბანკი "კრისტალის" დამფუძნებლის, არჩილ ბაკურაძის ღია წერილი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, ქუთაისში, "კრისტალი" ერთი მარტივი იდეით დაიწყო: ადამიანს, რომელსაც აქვს მიზანი, მონდომება და შრომის სურვილი, უნდა ჰქონდეს საკუთარი ხელით უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა.
ახალგაზრდები ვიყავით, რომელთა ცხოვრებაც აფხაზეთის ომმა და იძულებით გადაადგილებამ თავდაყირა დააყენა. გაურკვევლობა და გაჭირვება საკუთარ თავზე ვიწვნიეთ, მაგრამ იმედი არასოდეს დაგვიკარგავს. გვჯეროდა ერთმანეთის თანადგომის, ადამიანის გამძლეობისა და სამეწარმეო სულისკვეთების ძალის. "კრისტალის" შექმნით გვინდოდა, რომ ოჯახებს, ფერმერებსა და მცირე მეწარმეებს ის შესაძლებლობა მისცემოდათ, რომელიც მაშინდელ ფინანსურ სისტემაში ბევრისთვის მიუწვდომელი იყო.
მოკრძალებული წამოწყებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზარდა ინსტიტუტი, რომელსაც დღეს ათიათასობით მომხმარებელი ენდობა და რომელიც, უკვე მიკრობანკის სტატუსით, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
დამფუძნებლის მისია და ადამიანების ძალა
ყოველთვის მჯეროდა, რომ დამფუძნებლის მიერ შექმნილი წარმატებული ბიზნესი საზოგადოებას გაცილებით მეტს აძლევს, ვიდრე მხოლოდ მოგებაა. ასეთი ბიზნესი, როგორც წესი, იწყება პრობლემის მოგვარების გულწრფელი სურვილით, დამკვიდრებული წესების შეცვლის ამბიციითა და უკეთესი მომავლის რწმენით. წარმატების შემთხვევაში მას შეუძლია შექმნას მდგრადი ინსტიტუტი, საერთო ღირებულებების გარშემო გააერთიანოს ადამიანები და ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
მსხვილ კორპორაციებს აქვთ მასშტაბი, რესურსები და პროფესიონალიზმი. დამფუძნებლის ხედვით შექმნილ ბიზნესს კი - მკაფიო მისია, სამეწარმეო სული, ინსტიტუციური მეხსიერება და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. "კრისტალს" შეუძლია ორივეს საუკეთესო თვისებები გააერთიანოს: თანამედროვე ბანკის პროფესიონალიზმი და ეფექტიანობა - დამფუძნებლების მისიასთან, ღირებულებებთან და ისტორიულ მემკვიდრეობასთან.
მაგრამ წარმატებულ ინსტიტუტს ვერცერთი დამფუძნებელი მარტო ვერ შექმნის. "კრისტალის" მიღწევები თანამშრომელთა რამდენიმე თაობის დამსახურებაა - მათ შორის იმ ადამიანების, ვინც ბანკს 10, 15, 20 და მეტი წელი მიუძღვნა. სწორედ მათ ცოდნამ, შრომამ და მომხმარებლებთან ნდობაზე აგებულმა ურთიერთობებმა შექმნა ის "კრისტალი", რომელსაც დღეს ვიცნობთ.
მათი ერთგულება არ ეკუთვნის არც დამფუძნებელს, არც ხელმძღვანელს და არც რომელიმე ცალკეულ ადამიანს. ეს არის ერთგულება საერთო მისიისა და ღირებულებების მიმართ - იმისა, რაც ყველას გვაერთიანებს და რაც ნებისმიერ ჩვენგანზე მაღლა დგას.
მჯერა, რომ ძლიერ ორგანიზაციაში თანამშრომელი თავს საერთო საქმის თანამონაწილედ გრძნობს: მის აზრს ყურს უგდებენ, მის წვლილს აფასებენ, ინსტიტუტის წარმატებას კი საკუთარ წარმატებად აღიქვამს. ასეთი კულტურა ეფუძნება ნდობას, განსხვავებული აზრის პატივისცემას, გამჭვირვალობას, პროფესიულ დამოუკიდებლობას და ისეთ ხელმძღვანელობას, რომელსაც ადამიანების მოსმენა და საერთო მისიის სამსახური შეუძლია.
მომხმარებლის ნდობა და პასუხისმგებლიანი ბანკირობა
"კრისტალი" შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, რომელთა მისწრაფებები ხშირად მათ ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატებოდა. ეს დანიშნულება დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მეოთხედი საუკუნის წინ.
ბანკისთვის ნდობა გადამწყვეტია. პასუხისმგებლიანი საბანკო საქმე ნიშნავს, გაიგო მომხმარებლის საჭიროება, ელაპარაკო მას გასაგებ ენაზე, შესთავაზო მისთვის სწორი ფინანსური გადაწყვეტა და განუხრელად დაიცვა მისი ინტერესები. ბანკს კი შეუძლია მომხმარებელს კრედიტზე ბევრად მეტი შესთავაზოს - ცოდნა, ტექნოლოგიები, რჩევა და საქმიანი კავშირები, რაც მეწარმეობასაც აძლიერებს და ოჯახების ფინანსურ მდგრადობასაც.
ეთიკური საბანკო საქმე და კომერციული წარმატება ერთმანეთს არ გამორიცხავს. მდგრადი მოგება აუცილებელია ზრდისა და ინოვაციებისთვის, მაგრამ ის წარმატების ერთადერთი საზომი არ უნდა იყოს. ბანკის მიერ შექმნილი ღირებულება სამართლიანად უნდა გადანაწილდეს მომხმარებლებს, თანამშრომლებს, აქციონერებსა და საზოგადოებას შორის.
დამოუკიდებლობა და კონკურენცია
საქართველოს ფინანსურმა სექტორმა დიდი გზა გაიარა. მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მომავლისთვის ძლიერ და დამოუკიდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
კონკურენცია მხოლოდ ბანკებს შორის შეჯიბრი არ არის. ის მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, ინოვაციების წახალისების, მომსახურების გაუმჯობესებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების მნიშვნელოვანი მექანიზმია.
მრავალფეროვანი ფინანსური სექტორი, სადაც განსხვავებული ბიზნესმოდელის მქონე ინსტიტუტები მოქმედებენ, ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, ქალებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის.
ამ სურათში "კრისტალს" საკუთარი, გამორჩეული ადგილი უჭირავს.
დამოუკიდებლობა "კრისტალისთვის" ამბიციური ზრდის, ძლიერი კორპორაციული მმართველობის, ტექნოლოგიური გარდაქმნისა და საერთაშორისო ინვესტორებთან და კრედიტორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველია. მთავარია, ბანკმა შეინარჩუნოს შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს და განახორციელოს სტრატეგია, რომელიც მის მისიას, მომხმარებლების ინტერესებსა და გრძელვადიან მდგრადობას ემსახურება.
სწორედ ამ მომავლის მხარდასაჭერად 2023 წელს დავაფუძნე საინვესტიციო, კორპორაციული მმართველობისა და ტექნოლოგიური პლატფორმა სს "ლოტუს იმპექტ ფაინენსი".
"ლოტუსი" - "კრისტალის" ახალი ეტაპის კატალიზატორი
"ლოტუს იმპექტ ფაინენსის" მეშვეობით ვაერთიანებთ "კრისტალის" დამფუძნებლების გამოცდილებას, კაპიტალს და ახალ შესაძლებლობებს, რათა ბანკმა დამოუკიდებლად და გრძელვადიან პერსპექტივაში განაგრძოს განვითარება.
ჩვენი ამბიციაა, შევინარჩუნოთ საუკეთესო, რაც "კრისტალმა" წლების განმავლობაში დააგროვა, და ამავდროულად სრულად გამოვიყენოთ თანამედროვე საბანკო საქმის შესაძლებლობები: ციფრული ტექნოლოგიები, ძლიერი კორპორაციული მმართველობა, რეგიონული მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, მომავალში კი - საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლაც.
განსაკუთრებული მადლიერებით მინდა აღვნიშნო "კრისტალის" საერთაშორისო ინვესტორების, კრედიტორებისა და განვითარების პარტნიორების როლი. მათ ნდობამ, გამოცდილებამ და ფინანსურმა მხარდაჭერამ დიდი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის ზრდაში. განვითარების ახალი ეტაპი სწორედ ამ პარტნიორობებზე უნდა დაშენდეს და ახალი თანამშრომლობისთვისაც ღია იყოს.
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ეყრდნობოდეს იმ ადამიანებს, ვინც "კრისტალს" ყველაზე კარგად იცნობს - მის თანამშრომლებსა და მომხმარებლებს.
წარსული მიღწევები მომავალ წარმატებას თავისთავად ვერ უზრუნველყოფს. ამისთვის საჭიროა ცვლილებებისთვის მზადყოფნა, ახალი იდეებისადმი ღიაობა და მომხმარებლებისა და საზოგადოების ნდობის ყოველდღიური გამართლება. "კრისტალის" მომავალი უნდა ეფუძნებოდეს პროფესიონალიზმს, გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და საერთო მიზნის განცდას.
დიალოგისთვის მზაობა
გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც "კრისტალის" ისტორიაში წვლილი შეიტანა: მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, მომხმარებლებს, აქციონერებს, საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს - მათი მხარდაჭერა და თანამშრომლობა ორგანიზაციის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სიამოვნებით მოვისმენ ყველას მოსაზრებას, ვისთვისაც "კრისტალის" მომავალი მნიშვნელოვანია.
რა უნდა შევინარჩუნოთ იმ ინსტიტუტიდან, რომელიც ერთად შევქმენით? რა უნდა გავაუმჯობესოთ? როგორ დარჩეს "კრისტალი" კომერციულად წარმატებული, სოციალურად პასუხისმგებლიანი და დამოუკიდებელი ბანკის მაგალითად?
თქვენს მოსაზრებებს, იდეებსა და წინადადებებს სიამოვნებით გავეცნობი ჩემს Substack-ზე — @archilbakuradze, სადაც ამ თემებზე საუბრის გაგრძელებას ვგეგმავ.
არჩილ ბაკურაძე
ბანკი "კრისტალის" დამფუძნებელი
სს "ლოტუს იმპექტ ფაინენსის" დამფუძნებელი და დირექტორი
2026 წლის 16 ნოემბერი