"ბარბერ სვანი" – ხელოვნების, შრომისა და თავდადების ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყოველი წარმატებული ბრენდი ერთ განსაკუთრებულ იდეას ეფუძნება – იდეას, რომელიც ხშირად შინაგანი პროტესტიდან იბადება. მაცო ცაბაძის ისტორიაც სწორედ ასე დაიწყო.

ეს არ ყოფილა მხოლოდ ბიზნესის წამოწყების სურვილი, ეს იყო სურვილი, განსაკუთრებული რუდუნებით შეექმნა რაღაც ისეთი, რაც მას, როგორც მომხმარებელს, ყოველთვის აკლდა.

მაცოსთვის "ბარბერ სვანი" არა მხოლოდ წარმატებული ბიზნესი, არამედ ის გამოწვევაა, რომელიც პირველ რიგში საკუთარ თავს დაუწესა. ეს იყო ერთგვარი მესიჯი, რომ ყველაფერი შეიძლება უკეთესად გაკეთდეს, თუკი ამას გულით მოვინდომებთ და საქმეს სიყვარულით მივუდგებით.

მაცოს გზა ბიზნესის სამყაროში მარტივი არ ყოფილა. თუმცა მას ამ სფეროში მტკიცე საყრდენი ჰქონდა – მისი მეუღლე, გულადი გელოვანი, რომელიც 15-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია და ყოველთვის განსაკუთრებული ხედვით გამოირჩეოდა. სწორედ ამ ხედვამ და პროფესიონალიზმმა განსაზღვრა "ბარბერ სვანის" ბრენდის მიმართულება.

როგორ დაიწყო კომპანიის ისტორია, რა გზა გამოიარა გუნდმა და როგორია სამომავლო გეგმები - ამ ყველაფრის შესახებ Entrepreneur-თან "ბარბერ სვანის" დამფუძნებელმა, მაცო ცაბაძემ ისაუბრა:

რა პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი? როგორ გაჩნდა იდეა და რა ახალი გამოცდილების შემოტანა გსურდათ ბაზარზე?

მგონი ყველა დამფუძნებელი ასე შაბლონურად ვიწყებთ, იდეა გაჩნდა და წამოვიდა მაშინ, როცა ამ სფეროში სათანადო "სიტყვა ვერ თქვეს" ჩვენთან, როგორც მომხმარებელთან. რაიმეს შექმნის იდეა, სულ მგონია, რომ შინაგანი დიდ პროტესტია იმ დისკომფორტის, რაც ამა თუ იმ მომსახურების სფეროში შეგვხვდა და მიზანია, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცებისა, რომ ყველა შენს წინამორბედს შეეძლო უკეთესად გამოსვლოდა საქმე, თუკი გულით მოინდომებდა და საქმეს სიყვარულით გააკეთებდა. იდეის დაბადებაზე მკითხეთ. მოგახსენებთ - გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს სივრცეში 15-წლიანი გამოცდილებით და თავისივე განსაკუთრებული ხედვით წამყვანი სპეციალისტი გახლავთ ჩემი მეუღლე - გელოვანი გულადი, თავადაც მიმიხვდებით, რომ იდეა და ბრენდის საუცხოო დასახელება მარტივად გაჩნდებოდა. დღიდან "ბარბერ სვანის" დაარსებისა, მიზანი ერთადერთია - თუკი ვქმნით, დაე, შედევრი ერქვას!

ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ/ბიზნესის დამფუძნებლებს აღმოგაჩნდათ?

"ბარბერ სვანის" დაფუძნების იდეა და კოვიდი ერთ წელს - 2020ში აფეთქდა. მგონი მარტივი მისახვედრია, რამხელა გაბედულებას მოითხოვდა ეს ყოველივე - იმ დროში ბიზნესის დაწყება, როცა, ფაქტობრივად, ყველაფერი გაჩერდა.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?

ძალიან ბევრი რამ, რა ჩამოთვლის. შევეცდები, მოკლედ გითხრათ. პირველ რიგში, პანდემიის პერიოდი, რეგულაციების სრული დაცვა არამხოლოდ იმისთვის, რომ რაიმე სახის ჯარიმა თავიდან ამერიდებინა - ჩემი მთავარი მიზანი გახლდათ, მიუხედავად ხალხმრავლობისა, ჩემი სივრცე არ ყოფილიყო ადგილი, სადაც კოვიდი შეხვდებოდა ვინმეს ან უარეს შემთხვევაში, გავრცელდებოდა. სრული სიგიჟე იყო, წარმოუდგენელიც კი - მაგრამ თამამად გეტყვით, ჩვენ ეს შევძელით. შემდგომ უკვე ამ სფეროში რიგი წესებისა და საფუძვლების ჩამოყალიბება, საქართველოში ჯერ ახლაც და მით უფრო 5 წლის წინ, ძალინ ბევრი რამ თავად უნდა გეფიქრა, ინოვაცია შემოგეტანა და ინტერესი ჯერ უნდა ჩაგესახა, მერე გაგეღვივებინა და შეგექმნა რაღაც ისეთი, რაც მომხმარებლისთვის მიმზიდველი, საინტერესო, ამ სფეროში მყოფთათვის კი შთაგონების წყარო და სტიმული გახდებოდა. რთული იყო, მაგრამ ყოველთვის ვიტყვი - იშრომე, არ დაიზარო და წარმატება გარდაუვალია!

მოგიწიათ თუ არა გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?

გენდერული უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა როგორც ძლიერ ქალს, მიმაჩნია, რომ ჩვენს ხელთ ძალიან ბევრი ბერკეტია. ღმერთმა ადამიანი გონიერ ქმნილებად შექმნა, თუ სწორად წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას, კონკრეტულად კი ჩვენს საქმეს - უსიტყვოდ შეგვიძლია დავამსხვრიოთ ჩვენი წილი, საზოგადოებაში გავრცელებული არასწორი სტერეოტიპები. ხანდახან ამისთვის არც კია საჭირო რაიმეს თქმა, აკეთე სწორად საქმე და შედეგი შენ ნაცვლად იმეტყველებს!

რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევას მისცემდით დამწყებ ანტრეპრენერებს/ტოპმენეჯერებს?

დამოუკიდებელი საქმიანობა, რაიმეს დაფუძნება, საყვარელი საქმის მიგნება და იმის კეთება, რაც სიამოვნებას განიჭებს - ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ადვილია, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ სასიამოვნოა შემოქმედებითი პროცესი. ეს მითუფრო ცალსახაა, როცა ხედავ, შენი სივრცის აუარებელი მომხმარებლის უზომო კმაყოფილებას და ეს დამფუძნებლისთვის არაა ცოტა. ნებისმიერ მიზანდასახულ, შრომისმოყვარე ადამიანს, ვინც კი ფიქრობს, რომ დაიწყოს, ვეტყვი - აუცილებლად გადადგით ნაბიჯი, ნებისმიერი დაბრკოლების ლოდი იმდენ ხანს "ატრიალეთ", სანამ ძლიერ, მყარ საფეხურად არ აქცევთ და არ ააბიჯებთ ერთი საფეხურით მაღლა საქმისადმი სიყვარულით, შეუპოვარი შრომით, და თუნდაც დაღლით, მაგრამ წინსვლით!

ვინ არის თქვენთვის ანტრეპრენერი?

ანტრეპრენერი ლამაზად ჟღერს, მაგრამ მოდი, მე დამფუძნებელს, შემქმნელს დავარქმევ თქვენი ნებართვით და გეტყვით, რომ ჩემთვის ეს ტერმინი რისკის გაწევასთან, სტარტის აღებასთან, შეუპოვრობასა და, რაღა თქმა უნდა, გარკვეული სახის სითამამესთან ასოცირდება. ამ პროცესში გარდაუვალია დაღლა, დროდადრო შეცდომაც, მაგრამ დაუღალავი შრომის შედეგად ასევე გარდაუვალია წარმატებაც. ნებისმიერ დამფუძნებელს ესმის და თუ დასაწყისში არ ესმის, საქმის პროცესში ითავისებს, რომ ამ ყველაფრის ერთობლიობას მოიაზრებს ანტრეპრენერობა.

რა გაძლევთ ინსპირაციას საქმიანობაში?

როცა მომსახურების სფეროში ქმნით რაიმეს - მომხმარებლის პულსზე, მაჯისცემაზე გედოთ მუდამ ხელი, მათ მოთხოვნას ნურასოდეს უგულებელყოფთ. როგორც მადა მოდის ჭამაში, ისე შემოქმედებითი განწყობილებაც გზადაგზა იკინძება მარგალიტებად. თავიდანვე სრულყოფილ პროდუქტს ვერ შევქმნით, მაგრამ ნელ-ნელა ნამდვილად სრულფასოვანი შედევრი უნდა იყოს ის, რასაც ხელს ვკიდებთ.

როგორია თქვენი განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები?

სიმართლე გითხრათ, ყველაფერი ბუნებრივად მოვიდა, ვაკვირდები და სამომავლო თუ ახლანდელი გეგმა ჩემი და ჩემი მეუღლის დაუზარელ შრომაში ერთადერთია - საქმე, რომელსაც ვემსახურებით, ძალიან გვიყვარს და მიგვაჩნია, რომ თუ გვინდა საუკეთესო პროდუქტის შემქმნელები გვერქვას, ვეჯიბრებით და ვჯობნით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს.

Business News

გავლენის ძალა სტრატეგიულ კომუნიკაციაში

დაფიქრებულხართ, რა ზეგავლენის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეთ ან თავად როგორ ახდენთ გავლენას სხვებზე?!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია