ბილ გეიტსი 2045 წლისთვის თავისი ქონების უმეტესი ნაწილის გაცემას გეგმავს

By მარიამ ქობალია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში თავისი უზარმაზარი ქონების 99%-ის გაცემას გეგმავს.

გეიტსმა აღნიშნა, რომ ის აპირებს შემოწირულობების გაძლიერებას საკუთარი ფონდის მეშვეობით, რომლის ოპერაციების დასრულებაც 2045 წელს იგეგმება.

"ხალხი უამრავ რამეს იტყვის ჩემზე გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ფრაზა "ის მდიდარი გარდაიცვალა", მათ შორის არ იქნება", - დაწერა მან ხუთშაბათს ბლოგპოსტში.

69 წლის ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მისი სახელობის ფონდმა უკვე გამოყო 100 მილიარდი დოლარი ჯანდაცვისა და განვითარების პროექტებისთვის, ხოლო მისივე ვარაუდით, მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ფონდი კიდევ 200 მილიარდ დოლარს დახარჯავს ბაზრებისა და ინფლაციის გათვალისწინებით.

თავის ბლოგპოსტში გეიტსმა მაგალითად მოიყვანა ციტატა მაგნატ ენდრიუ კარნეგის 1889 წლის ესეიდან, სახელწოდებით "სიმდიდრის სახარება", სადაც ნათქვამია, რომ მდიდარ ადამიანებს აქვთ ვალდებულება, თავიანთი ქონება საზოგადოებას დაუბრუნონ.

"კაცი, რომელიც მდიდარი კვდება - შერცხვენილი კვდება", - ციტირებს გეიტსი ფრაზას წიგნიდან.

მისი უახლესი დაპირება საქველმოქმედო შემოწირულობების დაჩქარებას წარმოადგენს. თავდაპირველად მას და მის ყოფილ მეუღლეს, მელინდას, დაგეგმილი ჰქონდათ, რომ გეიტსის ფონდი მათი გარდაცვალების შემდეგაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გააგრძელებდა მუშაობას.

ამ ცვლილების შესახებ შეკითხვას ბატონმა გეიტსმა ხუთშაბათს BBC-ის Newshour-ში უპასუხა და აღნიშნა, რომ 20 წელიწადში სხვა მდიდარი ადამიანებიც გამოჩნდებიან, რომლებიც უკეთ გაუმკლავდებიან მომავლის გამოწვევებს.

"ეს საქმე რეალურად სასწრაფოა. ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია დავხარჯოთ, თუ არ ვეცდებით, რომ სამუდამოდ ვიცხოვროთ და მჯერა, რომ ხარჯები ჩემს ღირებულებებს შეესაბამება", - თქვა მან.

ქონების 99%-ის გაცემის შემდეგ შესაძლოა გეიტსი მაინც მილიარდერად დარჩეს - Bloomberg-ის ცნობით, Microsoft-ის დამფუძნებელი მსოფლიოში მეხუთე უმდიდრესი ადამიანია.

ბლოგპოსტში მან თავისი ქონების ქრონოლოგია გააზიარა, რომლითაც მისი ამჟამინდელი წმინდა ქონება 108 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა, ხოლო ხელით დახატული დიდი ისარი 2045 წელს ნულთან ახლოს ეცემოდა.

ბილ გეიტსმა ასევე განაცხადა, რომ ფონდი თავისი ქონებიდან 200 მილიარდ დოლარს გასცემს.

პოლ ალენთან ერთად ბილ გეიტსმა 1975 წელს დააარსა Microsoft-ი, რის შემდეგაც კომპანია კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნოლოგიური ინდუსტრიების დომინანტურ ძალად იქცა. გეიტსმა თანდათანობით დატოვა კომპანიაში მნიშვნელოვანი პოზიციები - 2000 წელს აღმასრულებელი დირექტორის, ხოლო 2014 წელს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა.

გეიტსმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ქონების გაცემა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა და სხვა ფილანთროპებმა შთააგონეს, თუმცა მისი ფონდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის მის საქველმოქმედო სტატუსს გადასახადებისგან თავის ასარიდებლად იყენებს და მას გადაჭარბებული გავლენა აქვს გლობალურ ჯანდაცვის სისტემაზე.

თავის ბლოგპოსტში მან ფონდის სამი მთავარი მიზანი გამოკვეთა: დედებისა და ბავშვების სიკვდილის თავიდან ასაცილებელი დაავადებების აღმოფხვრა; ინფექციური დაავადებების, მათ შორის მალარიისა და წითელას შეჩერება; ასობით მილიონი ადამიანის სიღარიბის მაჩვენებლის აღმოფხვრა.

გეიტსმა ასევე გააკრიტიკა აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საგარეო დახმარების ბიუჯეტების შემცირების გამო.

"გაურკვეველია, გააგრძელებენ თუ არა მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები თავიანთი უღარიბესი მოსახლეობის მხარდაჭერას, მაგრამ ერთი რამ, რაც გარანტირებულად შეგვიძლია, არის ის, რომ ნებისმიერი საქმიანობით გეიტსის ფონდი მხარს დაუჭერს ძალისხმევას, რათა დაეხმაროს ადამიანებსა და ქვეყნებს სიღარიბიდან გამოსავლის პოვნაში", - წერს ის.

ბილ გეიტსმა ასევე Newshour-თან ინტერვიუში უპასუხა კითხვას მისი კომენტარის შესახებ, სადაც ტექნოლოგიური მილიარდერი ილონ მასკი დაადანაშაულა ბავშვების მკვლელობაში მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (Doge) მიერ აშშ-ს დახმარების შემცირების გამო.

"ეს შემცირება უბრალოდ ბავშვებს კი არა, მილიონობით ბავშვს მოკლავს. თქვენ ალბათ არ ელოდით, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამას გააკეთებდა", - განაცხადა მან.

BBC-ის გადაცემაში გეიტსმა ასევე წამოჭრა საკითხი მოზამბიკში, ღაზას პროვინციაში მდებარე საავადმყოფოსთვის გრანტების გაუქმების შესახებ, რის შესახებაც დონალდ ტრამპმა შეცდომით განაცხადა, რომ ღაზას სექტორში "ჰამასისთვის" კონდომებს აფინანსებდა. მოგვიანებით მასკმა აღიარა, რომ ეს მტკიცება არასწორი იყო და განაცხადა, რომ "შეცდომებს დაუშვებდნენ", თუმცა ხარჯების შემცირება მაინც გაგრძელდა.

"იმედგაცრუებული ვარ, რომ [მასკმა] მკვეთრად შეამცირა ხარჯები და ისინი უსამართლოდ დაახასიათა. მათ შორის თქვა, რომ ფული ღაზაში იხარჯებოდა, სინამდვილეში კი ეს ფული დედებისთვის იყო განკუთვნილი, რათა თავიდან აეცილებინათ თავიანთი შვილების აივ ინფიცირება. მინდა ვთქვა, რომ ეს სერიოზული საკითხია", - განაცხადა ბილ გეიტსმა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი