ბიზნესი შელამაზების გარეშე: რადიკ ასგარლის ხედვა გულწრფელობაზე მენეჯმენტსა და კონტენტკრეატორობაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Kontakt Home-ის გენერალური დირექტორისთვის, რადიკ ასგარლისთვის, საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა ახალ გამოწვევებსა და უამრავ დაუვიწყარ მოგონებასთან იყო დაკავშირებული. თავდაპირველად მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ადამიანების უშუალობამ, თბილისის სილამაზემ და იმ ცხოვრების რიტმმა მოახდინა, რომელიც ბევრად უფრო მშვიდი და ხანდახან ქაოსურიც კი აღმოჩნდა, ვიდრე თვითონ იყო შეჩვეული.

თუმცა, ქვეყანაში გატარებული ხუთი წლის შემდეგ მისი დამოკიდებულება შეიცვალა და ადგილობრივი კულტურის ღრმა გააზრებასა და დაფასებაში გადაიზარდა:

"მივხვდი, რომ ამ გარეგნული სიმშვიდის მიღმა სინამდვილეში უდიდესი მოქნილობა და ადაპტაციის უნარი იმალებოდ. საქართველო არ არის ის ადგილი, სადაც შეგიძლია წინასწარ გაწერილი, ხისტი კორპორაიული შაბლონებით შემოხვიდე და ელოდო, რომ ეს იმუშავებს. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ურთიერთობებს, ნდობასა და პირად კავშირებს აქვს. დროთა განმავლობაში ვისწავლე ამ რიტმის დაფასება და მას აღარ ვებრძვი. მართალი რომ ვთქვა, ახლა აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ამის ყველაზე ნათელი დასტურია ის განცდა, როცა საზღვარგარეთ მივლინებიდან თბილისში ვბრუნდები: თვითმფრინავი დაჯდება თუ არა, მაშინვე ვფიქრობ - როგორც იქნა, შინ ვარ".

ადგილობრივებთან ყოველდღიურმა, მჭიდრო თანამშრომლობამ რადიკს საშუალება მისცა, ნათლად დაენახა ქართული სამუშაო კულტურის ძლიერი და თავისებური მხარეები. მისი აზრით, ქართველების ყველაზე დიდი ღირსება თანაგრძნობის უნარი, დახმარებისადმი მუდმივი მზაობა და კრიტიკულ მომენტებში ერთსულოვნებაა.

ამავდროულად, საქმიან გარემოში მუშაობას თავისი კულტურული სპეციფიკაც ახლავს:

"სირთულეებიდან, პირველ რიგში, გეგმის მიყოლასა და პუნქტუალურობას გამოვყოფდი. აქ ხანდახან დედლაინი უფრო შეთავაზებას ჰგავს, ვიდრე სავალდებულო ვადას. გარდა ამისა, ადამიანები ხშირად ერიდებიან პირდაპირ "არა"- თქმას ან შეცდომაზე მითითებას, რადგან ეშინიათ, ვინმეს არ აწყენინონ. ვფიქრობ, პროფესიულ გარემოში აუცილებელია ისეთი კულტურის დამკვიდრება, სადაც ჯანსაღი უკუკავშირი ჩვეულებრივი ამბავია და მას პირადად არავინ იღებს. შეგიძლია არ დაეთანხმო კოლეგას, მისცე ობიექტური შეფასება და ამით მასთან კარგი ურთიერთობა სულაც არ გაგიფუჭდეს".

ქართული ცხოვრების წესის გაცნობამ რადიკისთვის მოულოდნელი აღმოჩენებიც მოიტანა, განსაკუთრებით ტრადიციული სტუმართმოყვარეობისა და ქართული სუფრის კულტურის წყალობით. ის, რაც თავიდან უბრალო ლხინი ეგონა, ლიდერობისა და თანასწორობის უმნიშვნელოვანეს გაკვეთილად იქცა:

"სუფრასთან შენს თანამდებობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გენერალური დირექტორი ხარ, მენეჯერი თუ რიგითი თანამშრომელი, ყველანი უბრალო ადამიანები ვართ. ამან ერთი მთავარი რამ მასწავლა: პატივისცემას შენი სავარძელი ან სავიზიტო ბარათი არ განსაზღვრავს; მას შენი საქციელით, მოსმენის უნარითა და ადამიანებისადმი დამოკიდებულებით იმსახურებ. ეს ტრადიცია ძალიან შემიყვარდა და ხანდახან თამადობასაც კი ვითავსებ".

ადგილობრივი გუნდის მართვისას რადიკ ასგარლი უპირატესობას ანიჭებს თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის დელეგირებას, ვიდრე მუდმივ კონტროლსა და მიკრომენეჯმენტს. ნამდვილ ნდობას კი, მისი აზრით, პროცესებში უშუალო ჩართულობით, თანმიმდევრულობითა და თანამშრომლების განვითარებაზე გულწრფელი ზრუნვით იმსახურებ:

"ჩემი მიდგომა ასეთია: მივცე ადამიანებს მოქმედების თავისუფლება, თუმცა შედეგებზეც დავაკისრო პასუხისმგებლობა. არ მწამს მართვის ავტორიტარული, ზემოდან ქვემოთ მიმართული მოდელის. ამასთან, პროცესებში უშუალოდ უნდა იყო კიდევ ჩართული: მხოლოდ თათბირებზე ჯდომა და ანგარიშების კითხვა საკმარისი არ არის; უნდა იარო მაღაზიებში, ესაუბრო თანამშრომლებს, იცოდე, რა ხდება ადგილზე და მოუსმინო გუნდს. როცა ადამიანები ხედავენ, რომ მათზე გულწრფელად ზრუნავ და მათი ზრდა გიხარია, ნდობაც ბუნებრივად ჩნდება".

გარეშე თვალისთვის მაღალი რანგის ხელმძღვანელის პოსტი, როგორც წესი, მნიშვნელოვან შეხვედრებთან, სტრატეგიულ დაგეგმვასა და თვალსაჩინო წარმატებებთან ასოცირდება. თუმცა, ამ სტატუსის მიღმა უდიდესი პასუხისმგებლობა იმალება, რომელიც კორპორაციულ ცხოვრებაში უბრალო რიცხვებს სცდება და ასობით ოჯახის ბედ-იღბალს პირდაპირ ეხება.

როგორც რადიკ ასგარლი აღნიშნავს, 400-ზე მეტი თანამშრომლის ყოლა ნიშნავს, რომ დაკავშირებული ხარ ამდენივე ოჯახთან და ოფისში მიღებული თითოეული გადაწყვეტილება, შესაბამისად, მათზე აისახება. ეს არის დაახლოებით 1 600 ადამიანი, რომელთა ცხოვრებაც შეიძლება ბაზარზე არსებულმა გაურკვევლობამ, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ თუ სხვა კრიზისმა შეცვალოს, ასეთ დროს კი პანიკის უფლება, უბრალოდ, არ გაქვს.

"თანამშრომლები შენში (ხელმძღვანელში) სიმშვიდესა და სტაბილურობას ეძებენ, მაშინაც კი, როცა თავად არ გაქვს ყველა კითხვაზე პასუხი. ვფიქრობ, ეს ამ საქმის ყველაზე რთული მხარეა როცა გაცნობიერებული გაქვს, რომ შენი გადაწყვეტილებები მხოლოდ შენ კი არა, უამრავ ადამიანს ეხება".

კრიზისულ სიტუაციებსა თუ მოულოდნელ დაბრკოლებებთან შეჯახებისას რადიკ ასგარლი ცივ გონებასა და ეფექტიანობას ინარჩუნებს. სტრესის ქვეშ ემოციური რეაგირების ნაცვლად, იგი ჯერ სიტუაციას დისტანცირებულად აფასებს, ყოფს ფაქტორებს იმის მიხედვით, რისი გაკონტროლება შეუძლია და რისი არა, ხოლო ყურადღების მოსაკრებად ფიზიკურ აქტივობას (ჩოგბურთსა და ძალისმიერ ვარჯიშებს) მიმართავს. იგი ასევე ხელმძღვანელობს ნასიმ ტალების "შავი გედის" ფილოსოფიით – იღებს იმ რეალობას, რომ მოულოდნელობები გარდაუვალია და აქცენტს მდგრადობის გამომუშავებაზე აკეთებს.

"როდესაც წნეხის ქვეშ ხარ, ძალიან ადვილია ემოციური გადაწყვეტილების მიღება, ასეთი შეცდომები კი ძვირი ჯდება. ვცდილობ, ცოტა ხნით გვერდზე გავდგე, გავიგო, რეალურად რა ხდება და გავმიჯნო ის, რისი მართვაც შემიძლია იმისგან, რაც ჩემს ძალებს აღემატება. ხანდახან კი, უბრალოდ, გუნდის ოფისს გარეთ შეკრება და ღია საუბარიც გვშველის. როცა გარემო არაოფიციალური და უშუალოა, პრობლემასაც სულ სხვა თვალით შეხედავ".

აღმასრულებელის საქმიანობის პარალელურად სოციალურ მედიაში კონტენტის შექმნა ძველი კორპორაციული სტერეოტიპების მსხვრევის სურვილმა განაპირობა. რადიკს სურდა, უარი ეთქვა პიჯაკში გამოწყობილი და ოფიციალურ შეხვედრებზე ჩაკეტილი ხელმძღვანელის შაბლონურ იმიჯზე და საზოგადოებისთვის რითეილის, მენეჯმენტის, პიროვნული ზრდისა და საქართველოში ცხოვრების რეალური სურათი ეჩვენებინა:

"მინდოდა მეჩვენებინა, როგორია მმართველის ცხოვრება სინამდვილეში. ჯერ კიდევ არსებობს მითი, თითქოს ხელმძღვანელები მთელ დროს კოსტუმებში, თათბირებსა და გრანდიოზული სტრატეგიების შემუშავებაში ატარებენ. ყოველდღიური ბიზნესი სულ სხვაგვარია. მსურდა, უშუალოდ და გულწრფელად მესაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებთან შეხებაც რეალურად მიწევს, და მეჩვენებინა ის გუნდი, ვისი დაუღალავი შრომითაც მიიღწევა ეს ყველაფერი".

"გარდა ამისა, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. როცა დროს ვპოულობ, პირადად ვპასუხობ კომენტარებსა და შეტყობინებებს, რადგან ჩემთვის სოციალური მედია მხოლოდ პოსტების განთავსება არ არის; ეს, უპირველესად, ცოცხალი დიალოგია", – აღნიშნავს რადიკ ასგარლი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

სოციალურ ქსელებში გულწრფელობასა და პროფესიულ პასუხისმგებლობას შორის ბალანსის დასაცავად მკაფიო ზღვარია საჭირო. ჩვენს რესპონდენტს მარტივი პრინციპი აქვს: საჯარო ინფორმაციას გარკვეული მიზანი უნდა ჰქონდეს ან მკითხველისთვის/მაყურებლისთვის რაღაც ღირებულებას ქმნიდეს. იგი ღიად უზიარებს აუდიტორიას ბიზნესგამოცდილებას, შთაბეჭდილებებს წიგნებსა თუ სპორტზე და საქართველოში ცხოვრების დეტალებს, თუმცა დირექტორთა საბჭოს განხილვები, კონფიდენციალური მონაცემები და ოჯახური საკითხები კვლავ დახურულ თემებად რჩება.

გენერალური დირექტორის მოვალეობებთან კონტენტის შექმნის შეთავსებაში მას კარგად ორგანიზებული სამუშაო პროცესი ეხმარება:

"შემოქმედებით პროცესს ყოველდღიური საქმისგან არ ვმიჯნავ. ბევრი იდეა ბუნებრივად იბადება დღის განმავლობაში: მაღაზიების თვალიერებისას, თათბირზე, ვარჯიშისას თუ ოფისის მიმდინარე საქმეების კეთებისას. როგორც კი რამე აზრი მომივა, მაშინვე ვიწერ. ვიდეოების გადაღებას რაც შეეხება, მირჩევნია ერთბაშად რამდენიმე მასალა გადავიღო, ვიდრე ყოველდღე ვეცადო რაღაცის შექმნას. გადაღებებისთვის კონკრეტულ დროს გამოვყოფთ და პროცესში გუნდიც ეხმარება. ასეთი სისტემა საშუალებას მაძლევს, კონტენტი ისე შევქმნა, რომ ჩემს მენეჯერულ საქმიანობას ხელი არ შეეშალოს".

აუდიტორიასთან წვდომის გარდა, კონტენტის შექმნამ რადიკ ასგარლის ადამიანურ ურთიერთობებში ისეთი გაკვეთილი მისცა, რასაც ტრადიციული კორპორაციული გარემო იშვიათად ასწავლის. თუკი კლასიკური მენეჯმენტი ხელმძღვანელისგან სრული უშეცდომობისა და თავდაჯერებულობის ნიღბის ტარებას მოითხოვს, ციფრულმა სამყარომ აჩვენა, რომ ხალხი ბევრად უკეთ გულწრფელობასა და რეალურ გამოცდილებას ეხმაურება:

"ლიდერისგან ხშირად მოელიან, რომ მას ყველა კითხვაზე ექნება პასუხი და ყოველთვის უშეცდომოდ, სიტუაციის ბატონ-პატრონად გამოჩნდება. მაგრამ როდესაც კონტენტს ქმნი, სწრაფად ხვდები, რომ ადამიანებს იდეალურობა კი არ იზიდავთ, არამედ რეალური გამოცდილება. თუ ისაუბრებ იმაზე, რაც არ გამოგივიდა; პრობლემაზე, რომლის მოგვარებასაც ცდილობ; ან, უბრალოდ, აღიარებ, რომ ყველაფერი არ იცი, ხალხი ამას ბევრად უფრო თბილად მიიღებს. ამან ჩემი მართვის სტილიც შეცვალა. ახლა ბევრად უფრო თავისუფლად ვამჟღავნებ ჩემს ადამიანურ მხარეს".

საქართველოს ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარების ფონზე, რასაც ელექტრონული კომერცია, ფინტექი და კონტენტის მოხმარების ახალი ჩვევები განაპირობებს, რადიკ ასგარლი თვლის, რომ ლიდერებმა კომუნიკაციის ენა უნდა გადააფასონ. მომავალში თავის დამკვიდრება მშრალი კორპორაციული პიარგანცხადებების გვერდზე გადადებასა და აუდიტორიასთან უშუალო კავშირს, ნამდვილი ნდობის ჩამოყალიბებას მოითხოვს:

"მგონია, რომ ლიდერების უდიდესი შესაძლებლობა მხოლოდ ტრადიციულ, ოფიციალურ არხებზე უარის თქმაშია. ხალხს სურს იცოდეს, ვინ დგას კომპანიის უკან. ასევე მნიშვნელოვანია, გქონდეს საკუთარი პოზიცია და, რაც მთავარია, მოიპოვო ნდობა მანამ, სანამ აუდიტორიისგან რამე დაგჭირდება. ნუ გამოჩნდებით მხოლოდ მაშინ, როცა პროდუქტი გაქვთ გასაყიდი, ან რაიმე სახის კრიზისია მოსაგვარებელი. თუ ხალხი უკვე გენდობათ, საქმეც ბევრად მარტივდება".