Get All Access for $5/mo

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - 2023 წლის შეჯამება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ენუქიძე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რექტორი

2023 წელი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის ხელოვნური ინტელექტის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მიმართულებით იყო გარდამტეხი წელი. უნივერსიტეტმა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სადოქტორო პროგრამაზე მუშაობა, ამავე მიმართულებით ასევე დაემატა საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ამჟამად აკრედიტაციის პროცესშია.

წელს საკმაოდ აქტიური იყო BTU-ს AI-ლაბი. შევქმენით AI-პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა მულტიმედიურ მასალას − კვლევებს, სტატიებს, წიგნებს, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალას − ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნის.

ამავდროულად შევქმენით ქვეყნის მთავარი საინფორმაციო ფონდი, რომელიც აერთიანებს და ამუშავებს როგორც საარქივო საინფორმაციო მასალას, ასევე უახლეს ინფორმაციას.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალგაზრდა უნივერსიტეტია და ზრდის ძალიან სწრაფი ტემპი აქვს. ეს დიდ წარმატებასთან ერთად დიდი გამოწვევაცაა. მაგალითად, წელს უპრეცედენტო კონკურსი დაფიქსირდა უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების მსურველთა მხრიდან, შესაბამისად, გამოცდები ძალიან მაღალრეიტინგულმა სტუდენტებმა ჩააბარეს. მათი მოლოდინის გამართლება ყველა დეპარტამენტისა და თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რადგან ერთიორად მოგვიწია რესურსების გაძლიერება, აკადემიური გუნდის გაზრდა, კვლევითი საქმიანობის გაფართოება და სხვა. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ასეთი სწრაფი ზრდა გამოწვევაა ჩვენთვის, ვფიქრობთ, 2023 წელი საუკეთესო იყო უნივერსიტეტის ისტორიაში და ამ გამოწვევას თავი კარგად გავართვით.

ჩვენთვის უდიდესი მიღწევაა ის, რომ ხელმძღვანელად აგვირჩიეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად განხორციელდება. ეს არის განახლებადი ენერგორესურსების მიმართულებით განხორციელებული ინსტიტუციური განვითარების პროგრამა.

უპრეცედენტო მოვლენაა, რომ 7 წლის ისტორიის მქონე უნივერსიტეტს ხელმძღვანელის ფუნქცია მიანიჭეს ასეთ მასშტაბურ პროექტში. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი აღიარება ევროკავშირის იმ სააგენტოებისგან, რომლებიც მსგავს პროექტებზე მუშაობენ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში ცდილობს გაზარდოს ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში. 2023 წელს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორობით არაერთი პროექტი დავიწყეთ და განვახორციელეთ, რომელიც ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობის გაზრდას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ვფიქრობ, ბიზნესსამყარო ძალიან დიდი ტრანსფორმაციის პროცესშია. ერთი მხრივ, რევოლუციური ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის სახით ძალიან დიდწილად ინტეგრირდება უკვე ყველა ბიზნესპროცესსა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ პროცესს კი, ვინც ფეხს არ აუწყობს, ძალიან ჩამორჩება მოვლენებს და განვითარების ტემპს. მეორე მხრივ კი, ძალიან განვითარდა ეგრეთ წოდებული Soft Skills, რაც არის კომუნიკაციების უნარი და ემოციური ინტელექტი. მნიშვნელოვანია ადამიანს და თანამშრომელს ეს მახასიათებელი ჰქონდეს ასეთ დატვირთულ ტექნოლოგიურ და კომპლექსურ ბიზნესგარემოში. სწორედ ამიტომ ემოციური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებით ბევრ ინიციატივას განვახორციელებთ როგორც ჩვენი გუნდის შიგნით, ასევე გარეთ, სხვა ბენეფიციარების მხარდასაჭერად.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია