Join our Waitlist for Expert Advice!

Bloomers.ge - ანუკა და ხატია ფოლადიშვილების მწვანე გზა წარმატებამდე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანუკა და ხატია ფოლადიშვილებმა პანდემიის პერიოდში აღმოაჩინეს, რომ მუდმივად ლოქდაუნისა და კარანტინის პირობებში ბუნებასთან სიახლოვე, სიმწვანე მათ ყოველდღიურობას ძალიან დააკლდა. სწორედ მაშინ დაიწყეს დებმა სახლის მცენარეების ყიდვა და დაინახეს, რომ ეს ყველაფერი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა.

როგორც ანუკა იხსენებს, სჭირდებოდათ ცალკე ქოთნის, ცალკე ნიადაგის შეძენა. შემდეგ უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია, როგორ ეზრუნათ მცენარეზე - ეს ყველა კომპონენტი ხშირად სხვადასხვა პლატფორმაზე იყო გაბნეული და თავმოყრა რთულდებოდა.

"შევქმენით გვერდი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეიძინონ ეკოლოგიურად სუფთა, ხელნაკეთ თიხის ქოთნებში სპეციალურად მცენარის ფესვთა სისტემისთვის შერჩეულ ნიადაგში გადარგული მცენარეები. მომხმარებლებს გავუმარტივეთ მოვლის შესახებ ინფორმაციის მიღებაც და ყველა პოსტის აღწერაში მივუთითეთ მცენარის მოვლის მარტივი წესები", - ამბობს ხატია.

სწორედ ასე დაიწყო Bloomers.ge-ს ისტორია. კომპანია ადამიანებს ეხმარება მარტივად, სახლიდან გაუსვლელად აარჩიონ და მიიღონ სასურველი მცენარე, უკვე გადარგული შესაბამის ნიადაგსა და ქოთანში.

"ბლუმერსი" მომხმარებელს კორპორაციულ პაკეტებსაც სთავაზობს - კომპანიებს შეუძლიათ დიდი შეკვეთების განხორციელება, ოფისის გამწვანება ან უკვე არსებული მცენარეებისთვის მოვლის სერვისის მიღება.

ანუკა Entrepreneur-თან ინტერვიუში იხსენებს, რომ დამფუძნებლები თავიდანვე აცნობიერებდნენ, თუ რამდენად არაპროგნოზირებად დროში - პანდემიის პერიოდში - იწყებდნენ ბიზნესსაქმიანობას.

"მიუხედავად ამისა, შიში არ გვქონია. პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარა საკუთარი თავის რწმენა, რომ ჩვენი პროდუქტით დავაინტერესებდით ადამიანებს და საბედნიეროდ, მოლოდინები გამართლდა".

ყველაზე დიდ გამოწვევად ორივე დამფუძნებელი სამსახურიდან წამოსვლას მიიჩნევს - აწყობილი კარიერის უკან მოტოვება და საკუთარი ბიზნესის დაწყება მარტივი არ აღმოჩნდა. საწყის ეტაპზე, პანდემიის დროს, ორივე და თან მუშაობდა, თან Bloomers-ს უთმობდა დროს.

თუმცა გარკვეული ეტაპის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ბიზნესს მეტი დრო სჭირდებოდა. ანუკამ და ხატიამ არჩევანი გააკეთეს - კომფორტის ზონა დატოვეს და ახალ საქმეს მთელი შემართებით შეუდგნენ.

"მეორე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო და არიან შვილები, რომლებიც სამსახურებიდან წამოსვლის პარალელურად გაგვიჩნდა. ხშირად ბავშვებით ხელში დავდივართ სათბურებში, სახელოსნოში, შეხვედრებზეც კი. მათ უკვე ჩვენსავით უყვართ მცენარეები და მცენარეების მიწაში თამაში", - ამბობს ანუკა ინტერვიუში.

ანტრეპრენერი ქალების თქმით, რაიმე გენდერულ სტერეოტიპთან გამკლავება საქმიანობის თვალსაზრისით არ დასჭირვებიათ და აღნიშნავენ, რომ "ყოველწლიურად იმატებს მომხმარებელი მამაკაცების რაოდენობა".

რამდენიმეწლიანი ბიზნესსაქმიანობის შემდეგ ხატია და ანუკა დამწყებ ანტრეპრენერებს შემდეგ რჩევებს აძლევენ:

  • თუ რამე იდეა გაქვთ, ახლავე დაიწყეთ განხოციელება! არაფერს დაელოდოთ, გამოცდილება და დრო ზუსტად იქ მიგიყვანთ, სადაც საჭირო იქნება;
  • საქმე იმ ადამიანებთან ერთად აკეთეთ, ვინც გიყვართ და ვისთან ერთად მუშაობაც გსიამოვნებთ, რადგან ერთად დიდი დროის გატარება მოგიწევთ;
  • იყავით ადამიანურები და თუ მომხმარებლებთან აპირებთ კომუნიკაციას, გულწრფელად შეიყვარეთ ისინი. მომხმარებლები ამას სოციალური ქსელების მიმოწერაშიც გრძნობენ;
  • არ გაჩერდეთ! ჩვენც გვქონია მკვდარი პერიოდები და ჩამოგვიყრია ყურები, მაგრამ პარალელურად ეს გამხდარა ახალი იდეების ბიძგი;
  • თავად ისწავლეთ ყველაფერი, რაც მიგაჩნიათ, რომ თქვენს საქმიანობას სჭირდება;
  • სცადეთ ყველა იდეა, რომელიც გგონიათ, რომ თქვენ ბიზნესს წინ წასწევს - რომელიმე აუცილებლად გაამართლებს;
  • ყოველთვის ჩაიწერეთ იდეები და რთულ პერიოდებში გადახედეთ. თან თვალი ადევნეთ მოვლენებს თქვენ გარშემო და ტექნოლოგიებთან იმეგობრეთ.

ანუკასა და ხატიას საქმიანობაში მოტივაციასა და ინსპირაციას ის იდეები აძლევს, რომელთა განხორციელებაზეც ფიქრობენ და მუშაობენ. სამომავლოდ აპირებენ გახსნან ფიზიკური სივრცე, სადაც ინტეგრირებული იქნება ე.წ. co-working space.

"მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება, ზამთარ-ზაფხულ თავი იგრძნონ ბუნების შვილებად, იყვნენ მეტად კონცენტრირებული და პროდუქტიულები, რაშიც მცენარეები ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს", - ამბობენ ისინი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"