Cyber Week Sale! 50% Off All Access

BMCC Center - ისწავლე ბედნიერი მომავლისთვის საჭირო საქმიანობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საგანმანათლებლო ცენტრი BMCC რამდენიმე წელია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს და დაინტერესებულ პირებს 21 სხვადასხვა მიმართულების კურსს სთავაზობს. 2023 წლიდან კომპანია საერთაშორისო ბაზარზე გავიდა და ახლა მის პროდუქტებს შორის მოკლევადიან გაცვლით პროგრამებსაც შევხვდებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებსაც ძირითადად "ვორქშოფების" ხასიათი აქვს. BMCC მუშაობს ინდივიდუალურ პირებთან და ასევე, კომპანიებს კორპორაციულ სერვისსაც სთავაზობს.

ამჟამად ცენტრი 100-ზე მეტ კვალიფიციურ თანამშრომელსა და 5000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს, რომლებსაც დამატებით განვითარების არაერთ შესაძლებლობას აძლევს.

Entrepreneur დაინტერესდა, კონკრეტულად რა სახის სერვისებს აერთიანებს ცენტრი, ამიტომ ჩვენ BMCC-ის დამფუძნებელსა და დირექტორს მეგი საიქოძეს ვესაუბრეთ, რომელსაც ფინანსურ ინდუსტრიაში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში.

პანდემიის პერიოდში მეგი ერთ-ერთი ევროპული კომპანიის წამყვანი ტრენერი გახლდათ დუბაიში და ყოველდღიურად აკვირდებოდა, თუ როგორ ნერგავდნენ ისინი ონლაინგანათლების პროცესებს თავიანთ სისტემაში. ამ გამოცდილებამ მას საქართველოში დამოუკიდებელი საქმის წამოწყება გაუმარტივა.

"ცენტრის შექმნის იდეა წამოვიდა პანდემიის პერიოდში. ვფიქრობდი როგორ გამეკეთებინა კარგი საქმე შინიდან გაუსვლელად. სრულიად დამოუკიდებლად გადავწყვიტე ჩამომეყალიბებინა BMCC ცენტრი. BMCC ბედნიერი მომავლისთვის საჭირო საქმიანობას ნიშნავს − მიმაჩნია, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ძირითადად ისეთი პროფესიული მიმართულებები გავაერთიანეთ, რომლებიც ნამდვილად წარმოადგენს ბედნიერი მომავლისთვის საჭირო საქმიანობებს. გარდა ამისა, ძალიან დიდ სურვილი მაქვს, ევროპული განათლების ხარისხი საქართველოში იქნს დანერგილი და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამ ყველაფერში ჩემს წვლილს შევიტან", − ამბობს მეგი საიქოძე.

რატომ BMCC?

როგორც მეგი აღნიშნავს, "BMCC ცენტრს" ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან ფასმაჩვენებელი გამოარჩევს − "ჩვენი ღირებულება ყოველთვის იყო სხვა კონკურენტ ცენტრებთან მიმართებით დაბალი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ჩემი მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენი კურსების შეძენა შეეძლოს ყველას − ქალაქიდან, რეგიონებიდან და სხვ.".

აღსანიშნავია, რომ დაფუძნების დღიდან ცენტრმა არაერთი მსმენელი დააფინანსა და ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ყველა იმ ადამიანს, ვისაც განათლების მიღება სურს. იგი საკუთარ კურსდამთავრებულებს ყოველ მომდევნო კურსზე ფასდაკლებას სთავაზობს და ამასთან, დასაქმებაშიც ეხმარება.

"წარმატებულ კურსდამთავრებულს ჩვენი კომპანიის HR-ი უკავშირდება, რომელიც რეზიუმეს შექმნაში ეხმარება მას. მომდევნო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე HR-ი სხვადასხვა ვაკანსიას ამუშავებს, უკავშირდებიან კომპანიებს და სთავაზობენ კანდიდატებს ჩვენი კურსდამთავრებულების სახით. ძალიან ბევრი ადამიანი დაგვისაქმებია წამყვან კომპანიებში, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 100-ზე მეტი "ბიემსისიელი" დავასაქმეთ", − აღნიშნავს მეგი საიქოძე.

რას სთავაზობს BMCC მომხმარებლებს?

თავდაპირველად ცენტრს მხოლოდ ფინანსური მიმართულებით ჰქონდა კურსები, თუმცა მოგვიანებით ჩამონათვალს არაერთი სფერო დაემატა, მათ შორის HR, უცხო ენები და სხვა.

გაცვლითი კურსები სწავლების სწორედ ის კომპონენტია, რაც BMCC-ის სხვა ცენტრებისგან გამოარჩევს. მათ შორის აღსანიშნავია ლუდის ტექნოლოგიის კურსი, რომელიც საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებშიც კი არ ისწავლება. კურსის თეორიული ნაწილი 3 თვის განმავლობაში საქართველოში ტარდება, პრაქტიკული ნაწილი კი, რომელიც 1 კვირა გრძელდება გერმანიაში, ჰამბურგში იმართება. მსმენელებს ყოველდღიურად აქვთ დეგუსტაცია, უშუალო შეხება საწარმოო მასალებთან, დასკვნით დღეს კი თითოეული მათგანი მის მიერ დამზადებულ ლუდს წარმოადგენს. ცენტრი კურსდამთავრებულებს ხელს უწყობს დამოუკიდებლად დაიწყონ ლუდის წარმოება − მათ აქვთ შესაძლებლობა მასალების შესყიდვისთვის ითანამშრომლონ BMCC-ის მიერ მიწოდებულ ორგანიზაციებთან და სხვ.

"გერმანია ავირჩიეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ იგი ლუდის მიმართულებით საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა. საქართველოში, ჩვენდა სამწუხაროდ არ გაგვაჩნია ისეთი დანადგარები და რესურსები, რომ მსმენელმა სრულად შეისწავლოს აღნიშნული პროფესია და ნასწავლი პრაქტიკაში გამოცადოს", − აღნიშნავს მეგი.

გაცვლით პროგრამებს შორისაა ასევე ფოტოგრაფიის კურსი, რომლის დასკვნით ნაწილს მსმენელები უნგრეთში, კერძოდ ბუდაპეშტში გადიან და იქ საკუთარ პორტფოლიოს ქმნიან. კიდევ ერთი, სოციალური მედიის კურსი 4-თვიან თეორიულ ნაწილს მოიცავს საქართველოში და ერთკვირიან ვორქშოფს იტალიაში, კერძოდ მილანში, სადაც იტალიელი ტრენერების ხელმძღვანელობით მონაწილეები საკუთარ პროექტებს ქმნიან. რაც შეეხება კონტენტ-მარკეტინგის კურსს, იგი 3-თვიან თეორიულ ნაწილსა და 1-კვირიან პრაქტიკულ კურსს მოიცავს დუბაიში, სადაც მსმენელები კონტენტის შექმნაზე მუშაობენ.

BMCC-ის თითოეულ კურსზე გაიცემა სერტიფიკატი, საერთაშორისო პროექტების შემთხვევაში − საერთაშორისო, ხოლო ადგილობრივ კურსებზე BMCC-ის შიდა სერტიფიკატი.

როგორია სწავლების ფორმატი?

ცენტრი სწავლების სხვადასხვა მიდგომას იყენებს, აქვთ კურსები, რომლებიც სრულიად ონლაინ მიმდინარეობს, თუმცა არის კურსები, რომლებიც შერეული სახისაა, მაგალითად, მევენახეობა-მეღვინეობის კურსი. პროგრამის ფარგლებში საჭიროა სტუდენტი ფიზიკურად შეეხოს ნიადაგს, შეხედოს როგორც ღვინის წარმოების, ისე დეგუსტაციის პროცესებს. ამ მხრივ, ცენტრი არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორისაა მეღვინეობა "მოსმიერი", "შუმი", "8000 მოსავალი" და სხვა, სადაც მსმენელები სხვადასხვა მიმართულებით პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ.

გარდა ამისა, ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომლებიც სამსახურის პარალელურად ცდილობენ აითვისონ სხვადასხვა პროფესია − მათთვის შეხვედრები საღამოს საათებში იმართება.

აღსანიშნავია, რომ BMCC ხშირად ატარებს უფასო ვორქშოფებს კურსდამთავრებულებისთვის. ახლახან ჩატარდა Email-მარკეტინგის 4-საათიანი ვორქშოფი, სადაც მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიქმნას ზოგადად Email-კამპანია.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

BMCC-ის გუნდი ყოველდღიურად მუშაობს, რათა მომხმარებლებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს. იგეგმება არაერთი საინტერესო კურსი ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყანაში. მომდევნო ინოვაციური პროგრამა, რომელსაც ძალიან მალე იხილავს მომხმარებელი, გახლავთ სომელიეს კურსი, უშუალოდ საფრანგეთში, პარიზში.

როგორც მეგი აღნიშნავს, BMCC-ში მუდმივად ცდილობენ გააუმჯობესონ საკუთარი შედეგები, სწორედ ამიტომ, მიზნად დაისახეს 2024 წელს ევროპის 10 ქვეყანაში დაამატონ კურსები, რაც რაოდენობრივად, ცენტრის 3 წლის შედეგს − დამატებით 5000 "ბიემსისიელს" უდრის.

"საქმე არასდროს აკეთო იმისათვის, რომ ვინმემ შეგაქოს, ვინმემ იამაყოს შენით. ყველაზე რთულია მოიპოვო თვითკმაყოფილება ნებისმიერი საქმის კეთების დროს. ადამიანები ასე ვართ მოწყობილნი, ყოველთვის გვინდა უფრო და უფრო მეტი საკუთარი თავისგან, საქმისგან, ხოლო როდესაც გაქებენ, იყინები, ჩერდები და ანელებ ნაბიჯებს, რომლებსაც რეალურად ყოველდღე უფრო და უფრო მეტს უნდა დგამდე, რითაც სასურველი შედეგი აუცილებლად დადგება", − აღნიშნავს მეგი საიქოძე.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი