Books from Past – ადგილი, სადაც იშვიათ და საკოლექციო წიგნებს აღმოაჩენთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Books from Past ლიტერატურისა და ხელოვნების მოყვარულთათვის განსაკუთრებული სივრცეა, რადგან აქ იშვიათი და ძველ წიგნების აღმოაჩენაა შესაძლებელი.

ადრეული გატაცება, ხელოვნების დარგში პროფესიული ცოდნა და მოგზაურობისას მუზეუმებისა და გალერეების მონახულების გამოცდილება ლიკა რუსაძისთვის მაღაზიის შექმნის მთავარ ინსპირაციად იქცა და ასე ჩამოყალიბდა Books from Past-ის კონცეფცია.

წიგნების მაღაზია Books from Past ლიკა რუსაძემ იმ იდეით გახსნა, რომ კულტურული სივრცისთვის ის განსაკუთრებულ ადგილად ექცია და ერთგვარი ხიდი ყოფილიყო დასავლურ ევროპულ კულტურასა და საქართველოს შორის, სადაც განვითარება მხოლოდ ახალ გამოცემებს არ გულისხმობს, არამედ იშვიათ, საკოლექციო წიგნებსა და ძველ ვიზუალურ გამოსახულებებსაც მოიცავს.

"ვფიქრობ, განვითარება იწყება მაშინ, როდესაც ვუბრუნდებით წარსულს, ვკითხულობთ ისტორიას, ვეცნობით იშვიათ ტექსტებს, გამოსახულებებს და მათ თანამედროვე კონტექსტში ვიაზრებთ", – ამბობს ლიკა Books from Past-ის გახსნის მოტივაციაზე საუბრისას.

ლიკა რუსაძემ სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა და დასავლეთში მოგზაურობისას ყოველთვის მუზეუმებს, გალერეებსა და წიგნების მაღაზიებს სტუმრობდა. სწორედ იქ ჩამოუყალიბდა იშვიათი, უკვე გაყიდვიდან ამოღებული საკოლექციო წიგნების განსაკუთრებული სიყვარული.

"ჩემი პირადი ბიბლიოთეკისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მოგზაურობებისას შევაგროვე, ერთ დღეს სპონტანურად გადავწყვიტე Instagram-ის შექმნა და ამ კოლექციის გაზიარება. მოულოდნელად მივხვდი, რომ ეს მხოლოდ პირადი გატაცება აღარ იყო – მსგავს გამოცემებს სხვებიც ეძებდნენ. სწორედ ამან მაფიქრებინა, რომ საჭიროა კოლექციის ფიზიკურ სივრცეში გადმოტანა, რის შედეგადაც წიგნის მაღაზიის გახსნა გადავწყვიტე. თბილისში ხელოვნების წიგნების მაღაზიები არსებობდა, თუმცა მათი სელექცია ძირითადად ახალგამოცემულ წიგნებზე იყო ორიენტირებული. მე მიზიდავდა აღმოჩენების განცდა – ის თავგადასავალი, როცა პოულობ წიგნს, რომელიც აღარ გამოიცემა და რომლის მოძებნაც მსოფლიოს მასშტაბით რთულია. გადავწყვიტე, ეს გამოცდილება თბილისში გადმომეტანა და შემექმნა სივრცე, სადაც წიგნი არ არის მხოლოდ პროდუქტი, არამედ თავგადასავალი, ძიების პროცესი და აღმოჩენაა; სივრცე, სადაც ადამიანი კონკრეტული წიგნის საყიდლად კი არა, აღმოჩენებისთვის მიდის; სადაც მაღაზია ახალ თემებს, მიმართულებებს, ნაკლებად ცნობილ არტისტებს გვაცნობს და ალტერნატიულ ცოდნას გვიზიარებს", – ლიკა რუსაძე.

ბიზნესის დაწყება ყოველთვის მოითხოვს გამბედაობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე არა მასობრივ პროდუქტს, არამედ ნიშურ, კულტურულ სივრცეს ეხება. "არ მგონია, რომ ამ მხრივ გამორჩეული ვიყო. ჩვენ გარშემო უამრავი საინტერესო ადამიანია, რომლებიც ყოველდღიურად მაძლევენ ინსპირაციას. უბრალოდ, ყველა არ ირჩევს ბიზნესის დამფუძნებლის გზას და პასუხისმგებლობას, რომელიც ამ არჩევანს თან ახლავს", – ამბობს Books from Past-ის დამფუძნებელი.

მისი თქმით, Books from Past-ის გახსნის გადაწყვეტილება პერსონალური სურვილი იყო, რომ საკუთარი ხედვა რეალურ სივრცედ და გამოცდილებად ექცია და ყოველდღიურად ემუშავა იდეის განვითარებაზე.

ბიზნესის პირველი ნაბიჯები ყოველთვის გამოწვევებითაა სავსე, განსაკუთრებით დამწყები ანტრეპრენერისთვის. ლიკა რუსაძე ამბობს, რომ მას ეს ნაბიჯი ინტერესმა და დიდმა ენთუზიაზმმა გადაადგმევინა:

"როდესაც ვიწყებდი, თითქმის არ ვფიქრობდი გამოწვევებზე ან რისკებზე – ალბათ ასაკისა და გამოუცდელობის გამო. ჩემთვის არ არსებობდა გარემოება, რომელიც შემაჩერებდა. როდესაც საქმეს სიყვარულით და ინტერესით აკეთებ, უფრო მეტად შექმნაზე ფიქრობ, ვიდრე ბრძოლაზე. ეს მიდგომა ალბათ ჩემი სამხატვრო გამოცდილებიდან მოდის. როცა ახალ ნახატს იწყებ, მთლიანად იდეით ხარ მოცული, ენერგიას გაძლევს შექმნისა და თვითგამოხატვის სურვილი და არ ფიქრობ, რა სირთულეები შეიძლება გაჩნდეს პროცესში. და თუ ჩნდება, იცი, რომ არცერთი დაბრკოლება არ არის გადაულახავი და ისიც ბუნებრივ ნაწილად აღიქმება. ჩემთვის ბიზნესიც ხელოვნებაა – ყოველი ახალი ეტაპი ახალი ნახატის შექმნას ჰგავს, სადაც შეცდომაც, ძიებაც, შექმნაც და ცვლილებაც თავგადასავალი და მოგზაურობის ნაწილია".

ბიზნესში ქალი ანტრეპრენერები ხშირად აწყდებიან გენდერულ სტერეოტიპებს, განსაკუთრებით კი კარიერის დასაწყისში. ლიკა რუსაძე იხსენებს, რომ 22 წლის ასაკში ხშირად არასერიოზულად აღიქვამდნენ და თავდაპირველად ეს დიდ შინაგან პროტესტს იწვევდა.

"მალევე მივხვდი, რომ მუდმივი მტკიცება ან კონფლიქტი ჩემი გზა არ იყო. ჩემი მთავარი იარაღი საქმის ცოდნა გახდა. ვცდილობდი, რომ ჩემს საქმეს უფრო მეტი ეთქვა, ვიდრე მე. Books from Past თავიდანვე შენდებოდა დიდი კვლევის, გამოცდილებისა და სიღრმისეულად შერჩეული სელექციის საფუძველზე და ამან ხალხში პატივისცემა გამოიწვია. სტერეოტიპების დამსხვრევა საქმის სიყვარულით შევძელი და არა დაპირისპირებით".

დამოუკიდებელმა ბიზნესმა ლიკა რუსაძეს აჩვენა, რომ გამოცდილება და შემოქმედებითი ცოდნა ერთმანეთს ავსებს და მათ ბევრი საერთო აქვს:

"ხელოვნებამ მასწავლა დაკვირვება, ავთენტურობა, შემოქმედება, შინაგანი ხმის მოსმენა და პასუხისმგებლობის აღება. ბიზნესიც სწორედ ეს არის – დაკვირვება, შექმნა და პასუხისმგებლობა. მნიშვნელობა არ აქვს, რას ქმნი: ნახატს, სივრცეს, პროდუქტს თუ ახალ გამოცდილებას – შენ ხდები შემოქმედი. შემოქმედების პროცესში კი შიშსა და საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებას ადგილი არ აქვს. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელსაც ყველა დამწყებ ანტრეპრენერ გოგოს ვეტყოდი. ჩემთვის ანტრეპრენერი არის არტისტი, შემოქმედი, რომელიც ცდილობს საკუთარი უნიკალური გზის აღმოჩენას ბიზნესის სფეროში".

ლიკა რუსაძის თქმით, მისთვის ინსპირაციის წყარო თავად პროცესია – გზა, რომელსაც წიგნებთან ერთად გადის. ეს არის ცოცხალი პროცესი, სავსე თავგადასავლებით, საინტერესო ადამიანებით, აღმოჩენებითა და მუდმივი წინსვლით.

განვითარების ხედვაზე საუბრისას ლიკა რუსაძე ამბობს, რომ გეგმავს კოლაბორაციების გააქტიურებას, განსაკუთრებით არტისტებთან. ასევე, აპირებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს საბავშვო წიგნებს, რომელსაც თავადაც უკეთ ეცნობა დედობის გამოცდილების კვალდაკვალ.

"არასდროს მომწონდა ისეთი წიგნების ჩამოტანა, რომლებიც ბოლომდე არ მაქვს შესწავლილი და ეს პრინციპი საბავშვო ლიტერატურის მიმართულებითაც უცვლელი დარჩება. მაქვს სხვა გეგმებიც, რომელთა გაზიარებას ჯერჯერობით არ ვჩქარობ. ვფიქრობ, ზოგიერთ იდეას დრო და პროცესი სჭირდება, დანარჩენს კი ჩვენი სივრცე თავად გაამხელს. ჯობს გვესტუმროთ, გვადევნოთ თვალი სოციალურ ქსელებში და ეტაპობრივად თავად აღმოაჩინოთ უნიკალური გამოცემები".