BTU 10 წლის გახდა - რა გააკეთა უნივერსიტეტმა პირველად საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ათწლეულის განმავლობაში უნივერსიტეტმა საქართველოში და რეგიონში არაერთი საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური და კვლევითი ინიციატივა პირველად განახორციელა:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე დაფუძნებული განათლება

BTU პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო მოდელი შექმნა.
უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესში საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდების სტანდარტები და სერტიფიცირების მოდულები დანერგა. BTU-მ ასევე პირველად გამოიყენა World Economic Forum-ის სტრატეგიული ინტელექტის პლატფორმა სწავლებისა და კვლევის პროცესში, რაც სტუდენტებს გლობალურ ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ ტენდენციებზე წვდომას აძლევს.
BTU-მ ყველა კურსდამთავრებულისთვის შექმნა უწყვეტი განათლების უფასო პროგრამაც, რომლის ფარგლებში მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუძლიათ უნივერსიტეტში მოქმედ სასწავლო კურსებზე დასწრება და ახალი ცოდნისა და უნარების მიღება.

ხელოვნური ინტელექტი სწავლებაში, კვლევასა და მართვაში

BTU პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი ერთდროულად სასწავლო, კვლევით და მართვის პროცესებში დანერგა.

უნივერსიტეტმა შექმნა BTUAI - ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც ბიზნესის, ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა ინდუსტრიის შესახებ საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებს აერთიანებს.
რეგიონში პირველად BTU-მ შექმნა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სადოქტორო პროგრამა - "ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში".

უნივერსიტეტმა ასევე გლობალური მასშტაბით განახორციელა AI წიგნიერების ინიციატივა ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ქალებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და აკადემიური სექტორისთვის. AI4Globe UNESCO-მ მეცნიერების საერთაშორისო ათწლეულის გავლენიან ინიციატივათა შორის შეიყვანა.

MIT-თან პარტნიორობა და ქალთა ტექნოლოგიური გაძლიერება

BTU პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელმაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტ - MIT -სთან პარტნიორობა დაიწყო და მეწარმეობის განათლებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა.

თანამშრომლობის ფარგლებში BTU-ს სტუდენტებისა და მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, ვორქშოფები, მენტორობა და აქსელერაციის ინიციატივები.

უნივერსიტეტმა ასევე დააფუძნა კოდინგის სკოლა ქალებისთვის. ინიციატივამ ათასობით ბენეფიციარი გააერთიანა და არაერთი საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოიპოვა.

ინდუსტრიასთან თანამშრომლობა და ტექ ოლიმპიადების ჰაბი

BTU-მ 500-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შექმნა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების სისტემა.
პარტნიორობა მოიცავს დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობებს, პროფესიულ ღონისძიებებს, კარიერულ კონსულტაციებსა და ინდუსტრიასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პროგრამებს.

BTU-მ ასევე შექმნა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც ეროვნული ნაკრებების შერჩევას, მომზადებასა და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას აერთიანებს. ჰაბის მიზანია ინფორმატიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარება და მათი საერთაშორისო წარმატების მხარდაჭერა.

მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები და CERN

10 წლის განმავლობაში BTU-ში შეიქმნა თანამედროვე საგანმანათლებლო და კვლევითი ლაბორატორიები, მათ შორის XR LAB, Digital Twins Laboratory, MARTECH LAB, BLOCKCHAIN LAB და INDUSTRY 4.0 LAB.

ამ სივრცეებში სტუდენტები და მკვლევრები თანამედროვე ტექნოლოგიებზე მუშაობენ, ქმნიან პროტოტიპებს და ახორციელებენ კვლევით პროექტებს.

ხელოვნური ინტელექტისა და გაფართოებული რეალობის სფეროში შექმნილი პროექტის შედეგად BTU გახდა პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კვლევით ცენტრთან - CERN-თან - თანამშრომლობს ATLAS Experiment-ის ფარგლებში.

პირველი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებულმა ინიციატივებმა BTU-ს განვითარების ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა: განათლებისა და ტექნოლოგიების ინტეგრაცია, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, საერთაშორისო პარტნიორობა, კვლევა, მეწარმეობა და ახალი შესაძლებლობების შექმნა სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

10 წლის შემდეგ BTU განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით ახალი საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს.