BTU-CERN კოლაბორაციის ფარგლებში ქართული ScienceTech ექსპორტი ეტაპობრივად განხორციელდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან (CERN) თანამშრომლობას იწყებს. შეთანხმების ფარგლებში, BTU CERN-ის საერთაშორისო სამეცნიერო ინიციატივა ATLAS-ში Technical Associate Institute-ის სტატუსით ჩაერთვება.

პარტნიორობა გულისხმობს ქართველი მეცნიერებისა და BTU-ს ტექნოლოგიური გუნდის ჩართულობას ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის მიმართულებით ScienceTech პროდუქტების შექმნაში. აღნიშნული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესებს და ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტებისთვის.

თანამშრომლობა ეფუძნება BTU-ს გამოცდილებას VR, AI, სამგანზომილებიანი მოდელირების, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და საგანმანათლებლო ციფრული პლატფორმების შექმნის მიმართულებით.

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იქნება VR+AI ეპიზოდების შექმნა ATLAS დეტექტორის სხვადასხვა ქვესისტემის შესახებ. ციფრული გარემოები მაღალი სამეცნიერო სიზუსტით შემუშავდება და გამოყენებული იქნება როგორც ტექნიკური და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ისე მეცნიერების პოპულარიზაციისთვის.

BTU ასევე ჩაერთვება ATLAS-ის საერთაშორისო მასტერკლასებისთვის საგანმანათლებლო აპლიკაციების განვითარებაში. პროექტი მოიცავს W-path და Z-path სავარჯიშოებისთვის პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნას, რაც საერთაშორისო სტუდენტებსა და მოსწავლეებს ფიზიკის პრაქტიკული შესწავლის პროცესში დაეხმარება.

თანამშრომლობის ფარგლებში, BTU პროექტისთვის უზრუნველყოფს სპეციალიზებულ ტექნიკურ და კვლევით გუნდს, XR/AI ლაბორატორიის ინფრასტრუქტურას, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ტექნიკურ საშუალებებსა და მაღალი წარმადობის კომპიუტერულ რესურსებს.

აღნიშნული პარტნიორობა BTU-სთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯია და კიდევ უფრო აძლიერებს უნივერსიტეტის პოზიციონირებას ტექნოლოგიებზე, ინოვაციებსა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაზე ორიენტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციად.

ATLAS მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო ექსპერიმენტია, რომელიც CERN-ში ხორციელდება და 180-მდე ინსტიტუტიდან 3,000-ზე მეტ მეცნიერსა და ინჟინერს აერთიანებს 40-მდე ქვეყნიდან. CERN კი გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ცენტრია, სადაც ფუნდამენტური ფიზიკის უმნიშვნელოვანესი კვლევები და ტექნოლოგიური ინოვაციები ვითარდება.