BTU-მ საქართველოს ცოდნის ციფრული ბანკი შექმნა – უნივერსიტეტმა საქართველოს შესახებ ცოდნა AI-ისთვის ერთიან სისტემაში გააერთიანა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) საქართველოს შესახებ ქართული ცოდნის ციფრული ბანკი შექმნა, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემებისთვის ქვეყნის შესახებ უფრო სრულყოფილი და კონტექსტური ინფორმაციის მიწოდებაა.

ცოდნის ბანკი აერთიანებს საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესის, მეცნიერების, კულტურის, ისტორიის, გეოგრაფიისა და საზოგადოებრივი პროცესების შესახებ მონაცემებსა და მასალებს. პროექტი მოიცავს დაახლოებით 7 მილიარდ ტოკენამდე მოცულობის რესურსს, რაც დაახლოებით 14 მილიონი წიგნის გვერდის ეკვივალენტია.

ბანკში თავმოყრილია სამეცნიერო პუბლიკაციები და კვლევები, სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემები, ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ ლიტერატურა, საარქივო დოკუმენტები, საგანმანათლებლო რესურსები და სხვა ტექსტური მასალები. BTU-ის ინფორმაციით, მონაცემთა ბაზა დაახლოებით 1 მილიონ კვლევით შედეგსაც აერთიანებს და მისი მოცულობა ყოველდღიურად იზრდება.

პროექტის მთავარი მიზანია, ხელოვნურმა ინტელექტმა საქართველოს შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ზოგადი, ღია საერთაშორისო წყაროებიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე არ დაამუშაოს და ქვეყნის სპეციფიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კონტექსტიც გაითვალისწინოს.

"ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვანი თემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ფაქტობრივად, ინტერნეტის მოხმარება ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის მოხმარებასაც. თუმცა, საქართველოს შესახებ გადამოწმებული, ვალიდური ინფორმაციის დიდი დეფიციტია და სწორედ ამ ამოცანის გადაწყვეტა განიზრახა BTU-. შეიქმნა ცოდნის ბანკი, რომელიც მოიცავს საქართველოს შესახებ ინფორმაციას ისტორია, გეოგრაფია, კულტურა, ყოველდღიურობა, ეკონომიკა. 7 მილიარდზე დიდ საინფორმაციო მასალაზეა საუბარი, რომელიც ყოველდღიურად იზრდება. მოხარული ვართ, რომ სხვადასხვა ტექნოლოგია, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტი, მას გამოიყენებს და საქართველო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი", განაცხადა BTU- დამფუძნებელმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

BTU-ის რექტორის, ნინო ენუქიძის განცხადებით, ცოდნის ბანკში გაერთიანებულია სხვადასხვა სექტორის მონაცემები, მათ შორის, ისეთი რესურსები, რომლებიც დახურულ სამეცნიერო ბაზებსა და არქივებშია დაცული.

"BTU- შექმნა საქართველოს ყველაზე მსხვილი ციფრული ცოდნის ბანკი, რომელშიც გააერთიანა მეგამონაცემები სხვადასხვა სექტორის, სამეცნიერო კვლევების, ანალიტიკის, სტატისტიკური მონაცემების და მილიონობით ტექსტური მასალის გარშემო. ეს არის ინფორმაცია, რომელიც აერთიანებს საარქივო მონაცემებს, დახურულ სამეცნიერო ბაზებში არსებულ კვლევების პუბლიკაციებს, ანალიტიკურ მასალას მილიონობით კვლევას და ჯამში ქმნის ვრცელ, მასშტაბურ წარმოდგენას საქართველოში სხვადასხვა ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესების, ისტორიული გამოცდილების, კულტურული კონტექსტის გარშემო", აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელების განცხადებით, ცოდნის ბანკის გამოყენება ეტაპობრივად შესაძლებელი გახდება სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის, მკვლევრებისა და პროფესიონალებისთვის. მისი განვითარება ასევე უკავშირდება იმ ტექნოლოგიური სისტემების შექმნას, რომლებიც მომავალში ქართულ კონტექსტში შეძლებენ მუშაობას – მათ შორის, AI აგენტების, ციფრული ასისტენტების, ანალიტიკური პლატფორმებისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით.

პროექტის ავტორების შეფასებით, საქართველოს შესახებ სტრუქტურირებული და მასშტაბური ციფრული ცოდნის არსებობა ხელს შეუწყობს ქართული კონტექსტის უკეთ წარმოჩენას როგორც ხელოვნური ინტელექტის სისტემებში, ისე იმ ციფრულ პროდუქტებში, რომლებიც მომავალში ამ ტექნოლოგიებზე იქნება დაფუძნებული.