CARWIZ - 2025 წლის შეჯამება "ჩვენთვის 2025 მრავალი გამოწვევისა და განვითარების წელი აღმოჩნდა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლის ბოლო საუკეთესო დროა თვითრეფლექსიისთვის – რა ვისწავლეთ 12 თვის განმავლობაში და საით მივდივართ? ეს პროცესი განსაკუთრებით აქტუალურია ბიზნესსექტორისთვის.

ცვალებადი გეოპოლიტიკური თუ ლოკალური რეალობა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ძვრები ქართული კომპანიებისთვისაც სერიოზულ გამოცდად და, ამავდროულად, შესაძლებლობებად იქცა. რა ბარიერების გადალახვამ მოუწიათ მათ 2025 წელს და რით ამაყობენ ყველაზე მეტად?

ENTREPRENEUR GEORGIA-სთან საუბარში განვლილ პერიოდს აჯამებს და 2026 წლის მოლოდინებს გვიზიარებს ნესი მახარაშვილი, CARWIZ Georgia-ს მარკეტინგის და გაყიდვების ხელმძღვანელი.

CARWIZ საერთაშორისო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 57 ქვეყანაში ოპერირებს და გლობალური მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან ავტომობილების გაქირავების კომპანიად ითვლება, 2024 წელს პირველად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე.

ჩვენთვის 2025 მრავალი გამოწვევისა და განვითარების წელი აღმოჩნდა. წინა წელთან შედარებით, CARWIZ Georgia მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც გუნდის, ისე შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და მასშტაბის თვალსაზრისით, რამაც თავისთავად გამოიწვია კომპანიის სტრუქტურული და პროფესიული ზრდაც.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გუნდის ფორმირება, რაც ნებისმიერი კომპანიის წარმატების მთავარ საფუძველს წარმოადგენს. თითოეული წარმატებული ორგანიზაცია დგას სწორ ადამიანებზე, გუნდში ჯანსაღ ურთიერთობებსა და პოზიტიურ სამუშაო გარემოზე.

ჩვენი მიდგომები ეფუძნება ევროპულ ღირებულებებსა და თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდებს, სადაც ყველა თანამშრომლის აზრი და ინიციატივა მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილებები თანაბარ, პროფესიულ და გამჭვირვალე გარემოში მიიღება.

2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი ავტოპარკიც. ფლიტი დავაკომპლექტეთ ყველა კატეგორიის ავტომობილით, რათა ჩვენი სერვისები ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამჟამად გვყავს 200-მდე ავტომობილი, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომსედანებს და ელექტრომობილებს, ასევე, ბიზნესკლასის ავტომობილებს, ჯიპებს, მინივენებს, მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს.

2025 წელს ჩვენი სერვისების ჩამონათვალი საგრძნობლად გაიზარდა. ავტომობილების უმძღოლოდ გაქირავებასთან ერთად დაგვემატა პროფესიონალი მძღოლით მომსახურების სერვისი. ამ მიმართულებით ამჟამად ვთანამშრომლობთ თბილისში არსებულ 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებთან, როგორებიცაა Hualing, Sheraton, Marriot, Swissotel, Mercure, Paragraph Tabori, Pullman, Hilton და ასე შემდეგ.

ასევე, დავიწყეთ ახალი მიმართულება, ორიენტირებული კორპორაციულ კლიენტზე – მათი თანამშრომლების რეგულარული გადაყვანა როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებში, ამჟამად ჯამში დაახლოებით სხვადასხვა კომპანიის 2 000 თანამშრომლის გადაყვანას ვახორციელებთ 24/7 რეჟიმში.

გვყავს 24-საათიანი მხარდაჭერის გუნდი, გვაქვს დაზღვევის განსაკუთრებული პირობები, დაჯავშნის პროცესისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის სრული ავტომატიზაცია, რაც უზრუნველყოფს სწრაფი გამოხმაურება-მოთხოვნების დამუშავებას და გაუმჯობესებას როგორც ინდივიდუალური მომხმარებლისთვის, ასევე კორპორაციული ჯგუფებისთვის.

რენთისა და ტრანსფერების გარდა ვახორციელებთ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე გუნდების ტრანსპორტირებას, საერთაშორისო დელეგაციების ტრანსპორტირებას, დიდ ჯგუფებთან დაკავშირებულ ლოჯისტიკას, ტურებს, ექსკურსიებსა და კომპანიების თიმბილდინგ ღონისძიებებს. ჩვენი სერვისებით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბის მსხვილი ორგანიზაციები.

საერთო ჯამში, 2024 წელთან შედარებით 2025-ში კომპანიის ბრუნვა 40%-ით გაიზარდა.

ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ბაზარზე თავის დამკვიდრება და ქარ-რენთის კომპანიიდან ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა იყო. 2024 წელს, როდესაც საქართველოში ოპერირება დავიწყეთ, CARWIZ ადგილობრივი ბაზრისთვის სრულიად უცნობი ბრენდი იყო. ამიტომ წინ გველოდა ყველაზე რთული ეტაპების გავლა: ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ნდობის მოპოვება და იმის დამტკიცება, რომ შეგვეძლო მომხმარებლისთვის ევროპული სტანდარტის მომსახურების შეთავაზება.

თავდაპირველად მხოლოდ ავტომობილების გაქირავებით დავიწყეთ, თუმცა ძალიან მცირე დროში დავამატეთ მძღოლით მომსახურების მიმართულება – სრული სატრანსპორტო სერვისი, რომელიც დღეს კომპანიის ერთ-ერთ მთავარ და სწრაფად მზარდ მიმართულებად არის ჩამოყალიბებული.

გასათვალისწინებელია, რომ სატრანსპორტო სერვისების მიმართულებით საკმაოდ არასტაბილური და რთული ვითარება დაგვხვდა, მზარდი კონკურენცია, ნაკლებგადახდისუნარიანი ვიზიტორები და არასტაბილური გარემო. არსებულ რეალობაში ჩვენმა კომპანიამ წარმატებით იპოვა ე.წ. ოქროს შუალედი, დააბალანსა ფასისა და ხარისხის შეფარდება, შექმნა კლიენტებზე მორგებული მომსახურების პირობები.

2025 წელს ბევრი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რითაც მთელი ჩვენი გუნდი ძალიან ვამაყობთ.

ზემოთ უკვე ვახსენე თბილისის სასტუმროებთან თანამშრომლობის დაწყება და ამაზე აქ აღარ შევჩერდები. წლის მთავარი მიღწევა თბილისში ფარიკაობის მსოფლიო თასის მასპინძლობა იყო. პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ასეთი მასშტაბური ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარებულა. ჯამში 3 000 მონაწილეს ვუმასპინძლეთ 200-ზე მეტი ქვეყნიდან. სტუმრები თბილისში 24 სასტუმროში გადანაწილდნენ, ჩემპიონატის მასშტაბურობის გამო სრულად გადაეწყო მთელი ქალაქის სამოძრაო გეგმა. ამ პროცესში მრავალი სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. 20 დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში სტუმრების ტრანსპორტირებას უწყვეტად ვახორციელებდით. ღონისძიებაში ჩართული იყო 100-მდე სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილი.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ, ღონისძიების მაღალი პროფესიონალიზმით ორგანიზებისა და ჩემპიონატის უშეცდომოდ ჩატარებისთვის ფარიკაობის მსოფლიოს ფედერაციისგან სპეციალური ჯილდო მიიღო, რასაც მნიშვნელოვნად სწორედ ტრანსპორტირების ეფექტიანმა მართვამ შეუწყო ხელი. მიგვაჩნია, რომ ამ შედეგის მიღწევაში ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რადგან მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებებში ტრანსპორტირება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

პარალელურად, აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მსხვილ კომპანიებთან, ვახორციელებთ მრავალფეროვან კოლაობორაციებს და ვთავაზობთ პარტნიორებსა და მომხმარებლებს მოქნილ, მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრანსპორტირების სერვისებს.

განხორციელებულმა პროექტებმა არა მხოლოდ მნიშვნელოვნად დახვეწა ჩვენი სერვისი, გაზარდა გუნდის პროფესიონალიზმი და კომპანიის მასშტაბი. ეს მიღწევები შეუმჩნეველი არ დარჩენილა საერთაშორისო მასშტაბითაც. CARWIZ-ის სათავო ოფისმა წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ჩვენს გუნდს 2025 წლის საუკეთესო კრეატიული კომპანიის ჯილდო გადაეცა. ეს ჯილდო ოქტომბერში, CARWIZ-ის ღონისძიებაზე, ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში გადმოგვეცა.

ყოველწლიურ ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩვენი პარტნიორები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან. სამდღიანი შეხვედრის განმავლობაში საქართველოს სახელი ისმოდა საერთაშორისო ასპარეზზე, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან გვეკითხებოდნენ, თუ როგორ მოვახერხეთ ამ მოკლე დროში იმდენი პროექტის განხორციელება და ასეთი ნდობის მოპოვება.

ერთია, როცა საკუთარი შრომის შედეგს შენს ქვეყანაში ხედავ, მაგრამ სრულიად განსხვავებული განცდაა, როცა შენი ქვეყნის სახელით საერთაშორისო ასპარეზზე დგახარ. ეს არის სიამაყის განსაკუთრებული განცდა, რომელიც გაძლევს მოტივაციას, არ გაჩერდე და მუდმივად განაგრძო განვითარება.

დღევანდელ რეალობაში პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია. ბოლო წლებში გარემო და პროცესები იმდენად დინამიკურად იცვლება, რომ ზუსტი პასუხები ხშირად არავის აქვს. ჩვენს ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის სფეროში, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ, გარე ფაქტორები ძირითადად უარყოფით ჭრილში მოქმედებს. თუმცა ჩვენ გაგვაჩნია მკაფიო ხედვა და დეტალურად გაწერილი განვითარების გეგმა მომდევნო ორი წლის პერსპექტივაში, რომელსაც ეტაპობრივად და თანმიმდევრულად მივყვებით.

აქტიურად ვმუშაობთ პროდუქტების დივერსიფიკაციაზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოფისების გახსნაზე. ასევე, 2026 წლის კალენდარში გვაქვს რამდენიმე მასშტაბური და ამბიციური პროექტი. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის ბოლოსაც ასეთივე სიამაყით წარვუდგენთ საზოგადოებას ჩვენს შედეგებს.

ზოგადად, დარწმუნებული ვარ, რომ წინ გამოწვევებით სავსე 2026 წელი გველის და სტუმარმასპინძლობის სფეროში მოქმედ ყველა კომპანიას ვუსურვებ გამძლეობას, სტაბილურობასა და მეტ მაღალგადახდისუნარიან სტუმარს.