Get All Access for $5/mo

Cellar 36 - ახალი ნატურალური ღვინის ბარი ნიუ იორკში, რომელსაც ქართველი დამფუძნებელი ჰყავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Cellar 36 − ასე ჰქვია ნატურალური ღვინის ბარს ნიუ იორკში, მანჰეტენზე, რომელიც ნოდარ ტორონჯაძემ, მექსიკელ მეგობარ ფერნანდოსთან ერთად რამდენიმე თვის წინ გახსნა და უკვე დადებითი გამოხმაურებით სარგებლობს.

ბრუკლინისა და მანჰეტენის ხიდს შუა მდებარე ნატურალური ღვინის ბარი მსურველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, მათ შორის საქართველოდანაც. თითოეული ღვინო დამზადებულია ყოველგვარი დანამატის გარეშე, რაც ნატურალურ, ჯანსაღ და ბუნებრივი მიკრობიოლოგიით სავსე სასმელს გულისხმობს. Cellar 36 მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ იმპორტიორთან თანამშრომლობს და საკუთარ მარანს მრავალფეროვანი სახეობის ღვინით ამდიდრებს.

"პატარა მეღვინეების დიდი ტალღაა, რომლებიც ცდილობენ ბუნებასთან კარგი ურთიერთობა დაამყარონ, არ გააფუჭონ მიწა და არ გაჟღინთონ შხამქიმიკატებით. ფიქრობენ მომავალზე და იმ ხალხზე, რომლებიც მათ ღვინოს სვამენ. ბევრი წარმატებული ნატურალური მეღვინეა, რომელიც მოთხოვნის მიუხედავად, არ ზრდის წარმოებას, რადგან ფიქრობს, რომ ეს ღვინო ინდივიდუალურობას დაკარგავს − თვითონ არ შეუძლია და არ უნდა ასე მასობრივად იმუშაოს ხალხმა. ჩემთვის ძალიან საინტერესო ფილოსოფია აქვს ნატურალურ ღვინოს. იგი ბუნებასთან, ყურძენთან და ვაზთან არსებული საინტერესო პოეტური კავშირია", − აღნიშნავს ნოდარ ტორონჯაძე.

დაახლოებით ორ თვე-ნახევარია, რაც Cellar 36 ოფიციალურად გაიხსნა ნიუ იორკში, 36 market street-ზე და ამჟამად 500-მდე სახეობის ღვინოს სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს. დამფუძნებლები შემოსული თანხით ხელფასების აღების ნაცვლად კვლავ ღვინის შეძენაზე ზრუნავენ, რათა რაც შეიძლება მრავალფეროვანი და დიდი მარანი შექმნან, რომელიც სავსე იქნება სხვადასხვა სახის ნატურალური და რაც მთავარია, ქართული ღვინის დასახელებებით.

მარანი, რომელიც სარდაფში მდებარეობს, Cellar 36-ის უნიკალური სივრცეა, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ თავად დაათვალიერონ და აარჩიონ სასურველი ღვინო. გარდა ამისა, ბარის სივრცეში პატარა სამზარეულოცაა ყველის ასორტიმენტებით. ორ თვეში ერთხელ სხვადასხვა მზარეულს იწვევენ, მენიუს ადგენენ და მას ღვინოს უხამებენ, საბოლოოდ კი საინტერესო საღამოებს სთავაზობენ სტუმრებს. ნოდარისა და ფერნანდოს მიზანია, შექმნან თავისუფალი სივრცე, მყუდრო ატმოსფეროთი, სადაც მთელი ყურადღება კარგ ღვინოზე იქნება ფოკუსირებული.

Entrepreneur-ს სურს გიამბოთ, თუ რა გზა გაიარა ნოდარ ტორონჯაძემ თბილისიდან მანჰეტენამდე, სადაც ახლა ღვინის საკუთარი ბარი აქვს.

როგორ აღმოჩნდა იგი ამერიკაში?

ნოდარ ტორონჯაძე თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ძალიან უყვარდა სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთი. საქართველოში ფეხბურთის თამაშით იმედგაცრუებულმა, 17 წლის ასაკში ენის შესასწავლად ლონდონში გადასვლა გადაწყვიტა, სადაც 4 წელი დამოუკიდებლად ცხოვრობდა. მოგვიანებით, საქართველოში დაბრუნდა, თუმცა მალევე ნიუ იორკში გადავიდა და უკვე თითქმის 14 წელია, რაც იქ ცხოვრობს და მუშაობს.

"სიმართლე გითხრათ, კონკრეტული გეგმა არ მქონია, უბრალოდ მაინტერესებდა ნიუ იორკში ცხოვრება. რაღაცნაირი მიზიდულობა მქონდა ამ ქალაქთან, ჩემთვის თავისუფლებას წარმოადგენს ეს ადგილი. მაინტერესებდა თუნდაც ხელოვნების დარგი, ხატვა მიყვარს და ჩემი სახელოსნოც მაქვს. თავიდანვე ვიცოდი, სადღაც ღრმად გულში, რომ აქ მოვხვდებოდი, მაგრამ როგორ იქნებოდა ეს, არ ვიცოდი. უცნაური ქალაქია, ყველაფრის შესაძლებლობას ადვილად გაძლევს, ოღონდ სწორად უნდა წაიყვანო საქმე, სწორად უნდა დაელაპარაკო ხალხს, როგორი ადამიანიც ხარ, ისეთი უნდა იყო, რადგან იგი რეალური ქალაქია. ჩემი აზრით, ნიუ იორკში ყველაზე კარგად გრძნობენ თავს ემიგრანტები − თუნდაც, ინგლისური ერთი სიტყვა რომ არ იცოდე, ეც კი მოსალოდნელია. აქ ისეთი რადიკალური თავისუფლებაა, რომ პირველსავე დღეს შეიგრძნობ მას", − აღნიშნავს ნოდარი.

ამერიკაში ჩასვლის შემდეგ 20-მდე სხვადასხვა სამსახურში იმუშავა, არაფერს თაკილობდა, დაახლოებით 9 წლის წინ კი მანჰეტენზე ისლანდიურ ბარ-რესტორანში დაიწყო მუშაობა, სადაც პირველად ჰქონდა შეხება ნატურალურ ღვინოსთან. საინტერესოა ისიც, რომ ქართული ღვინო ამერიკაში, პირველად ამ ბარ-რესტორანში გასინჯა. მას შემდეგ, რაც ირლანდიური ობიექტი დაიხურა, მეგობრის დახმარებით The Ten Bells-ში დაიწყო მუშაობა ბარმენად, სადაც გარკვეული პერიოდი, როგორც მომხმარებელი, ისე დადიოდა. The Ten Bells ერთ-ერთი პირველი ნატურალური ღვინის ბარია მთელ ამერიკაში, რომელიც დაახლოებით 15 წელია რაც არსებობს და საკმაოდ ცნობილია ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. The Ten Bells-ში ნოდარმა გუნდთან ერთად არაერთი ქართული ღონისძიება მოაწყო, ტრადიციული კერძებით, სადაც სტუმრებს ქართველ მეღვინეებთან შეხვედრისა და გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

"800-მდე სახეობის ღვინოა The Ten Bells-ში, ბარმენებს კი შეზღუდვა არ გვქონია, რომ ბოთლები გაგვეხსნა და გაგვესინჯა. სწორედ ამდენი კარგი ღვინის გასინჯვით შემიყვარდა ეს სფერო და ასე დავუკავშირდი მეღვინეებსა თუ იმპორტიორებს. ნატურალურ მეღვინეობასთან დაკავშირებული ხალხი ყოველთვის იკრიბებოდა ამ ბარში, შესაბამისად მეც ყოველთვის მანდ ვიყავი. ასე მოხდა ჩემი შერწყმა ამ გარემოსთან", − ამბობს ნოდარი.

როგორ დაფუძნდა Cellar 36?

ფერნანდო და ნოდარი დიდი ხნის მეგობრები არიან, დაახლოებით 7-8 წელი ერთად მუშაობდნენ The Ten Bells-ში. ორივე მათგანს დიდი ინტერესი აქვს ნატურალური ღვინისადმი, რამაც საერთო საქმის წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი.

"წელიწად-ნახევრის წინ ორივეს გვინდოდა, რაღაც შეგვეცვალა. The Ten Bells-ში ჩვენ კონკრეტულად ღვინის მენიუს არ ვქმნიდით, უბრალოდ რეკომენდაციას გავცემდით ღვინოსთან დაკავშირებით. მე და ფერნანდოს ძალიან გვინდოდა, ჩვენი გადმოსახედით შეგვექმნა მენიუ და ღვინის ის სახეები, ომლებიც ჩვენ გვიყვარს, სხვა გარემოში წარმოგვედგინა. სწორედ ამ გარემოს ძებნა დავიწყეთ", − იხსენებს ნოდარი.

დაახლოებით 6 თვე დასჭირდათ ნიუ იორკში სასურველი ადგილის საპოვნელად. ორივე მათგანი ქუჩა-ქუჩა დადიოდა, ძალიან ბევრ ადამიანს შეხვდნენ, გაესაუბრნენ და ასე იპოვეს ადგილი, რომელიც ძველად საწყობი იყო და 4-5 წლის განმავლობაში საერთოდ არ ფუნქციონირებდა, მხოლოდ ჩამონგრეული კედლები და სრულიად მიტოვებული სივრცე დახვდათ.

"გვსურდა, ჩვენ ბარში მხოლოდ ღვინო ყოფილიყო და არანაირი სხვა სასმელი. როდესაც მხოლოდ ღვინო გაქვს, ცოტა რთულია ბიზნეს შეეჭიდო − არაყი, ვისკი ან სხვა სასმელები რომ გქონდეს, ერთი ბოთლიდან შეიძლება 30 "შოთი" გააკეთო და იმაზე მეტი ფული აიღო, ვიდრე 4 და 5 ჭიქა ბოთლიდან. ამიტომაც, შედარებით ნაკლებფასიან სივრცეს ვეძებდით, ოღონდ მანჰეტენზე. დაახლოებით 6-8 თვე დაგვჭირდა, რომ ეს ადგილი საბოლოოდ მოგვემზადებინა", − იხსენებს იგი.

ბარის თითოეული დეტალი ნოდარმა და ფერნანდომ ერთად შეიმუშავეს, რათა მაქსიმალურად მყუდრო გარემო შეექმნათ. შენობის ძველი შიდა არქიტექტურის შესანარჩუნებლად ბევრი იშრომეს, სხვადასხვა საჭირო გაყვანილობაც გაიყვანეს, საბოლოოდ კი შეძლეს ისეთი დიზაინი შეემუშავებინათ, როგორიც თავად სურდათ. ყველაზე რთული ბიუროკრატიასთან გამკლავება აღმოჩნდა − იმისათვის, რათა სხვადასხვა სამუშაო განეხორციელებინათ, არაერთი ნებართვის აღება და დაბრკოლების გადალახვა გახდა საჭირო.

დღეს, საერთო დანაზოგით შექმნილი ნატურალური ღვინის ბარი პირველ ნაბიჯებს საკმაოდ წარმატებით დგამს და წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ. დამფუძნებლებს სურთ, რომ მომავალში რესტორანიც შექმნან, სადაც ნატურალურ ღვინოსთან ერთად საკუთარ მომხმარებლებს ჯანსაღ და ნატურალურ საკვებ პროდუქტებსაც შესთავაზებენ.