Cellfie - 2024 წლის შეჯამება "მთელი გუნდი ახლა მომართულია სრული სიჩქარით წინსვლისკენ, დიტოს სასახელოდ."
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წლის ბოლოს ყველა განვლილ თვეებს აჯამებს. გადავხედავთ 12 თვის განმავლობაში ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვფიქრობთ, რა გვასწავლა ამ წელმა და ამ გაკვეთილებით მომდევნო წლისთვის ვემზადებით.
განვლილ წელს აჯამებს ქართული ბიზნესიც. გეოპოლიტიკური ცვლილებების ასახვა გლობალურ ეკონომიკაზე, გავლენა ადგილობრივ ბაზარზე და ძირითადი გამოწვევები ამ ყველაფრის ფონზე − რა სირთულეებს შეეჯახნენ ქართული კომპანიები 2024 წელს, რომელი მიღწევებით ამაყობენ და როგორი მოლოდინი აქვთ ახალი, 2025 წლისგან?
მარიამ კოპაძე
კომერციული დირექტორი, "სელფი მობაილი"
ინტერვიუმდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩვენს კომპანიას თავზარდამცემი ამბავი გადახდა... დავკარგეთ ჩვენი გუნდის სულისჩამდგმელი, შეუდარებელი ლიდერი, საუკეთესო მეგობარი და სამაგალითო მოქალაქე, დიმიტრი შუღლიაშვილი. დიტო "სელფი მობაილის" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა მიმდინარე წლის მარტიდან. მანამდე არაერთი წელი იყო "სელფი მობაილის" IT -სა და ტექნოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ყველაფერში, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ, დიტოს დიდი წვლილია; ის, ამ გამოთქმის პირდაპირი მნიშვნელობით, გულით და სულით აკეთებდა თავის საქმეს და იყო ლიდერი უნიკალური ხედვით. დიტოს იდეები და მის მიერ ინიცირებული პროექტები იმდენად მასშტაბურია, რომ კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი კომპანიის განვითარების საწინდარი. "სელფი მობაილის" მთელი გუნდი ახლა მომართულია სრული სიჩქარით წინსვლისკენ, დიტოს სასახელოდ.
- 2024 წელი "სელფი მობაილისთვის" ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული იყო, განსაკუთრებით ტექნოლოგიური ნოვაციების დანერგვის მიმართულებით. ჩვენმა გუნდმა შემოიტანა ბაზარზე არაერთი სიახლე, რაც კომპანიის განვითარებასა და მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებას ემსახურებოდა. აღვნიშნავ მთავარს:
- 5G ტექნოლოგიის დანერგვა და ქსელის მოდერნიზაცია. სელფის 5G, რომლის დანერგვაც 2023 წლის მეოთხე კვარტალში დავიწყეთ, ახლა უკვე ხელმისაწვდომია თბილისში, აჭარაში (ბათუმი და ზღვისპირა კურორტები), სამეგრელოში (ზუგდიდი). არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს დავასრულეთ არსებული ქსელის მოდერნიზაციაც, რაც ნიშნავს ბევრად უფრო გაუმჯობესებულ მომსახურებას ჩვენი მომხმარებლებისთვის - უფრო სწრაფ და ხარისხიან კავშირს.
- VoLTE სერვისის დანერგვა. მოგეხსენებათ, ეს ტექნოლოგია შეუდარებლად აუმჯობესებს ხმის ხარისხსა და ქსელის სტაბილურობას.
- როუმინგის განახლებული შეთავაზება. "სელფი მობაილის" როუმინგი, რომელიც ისედაც გამორჩეულია ბაზარზე, წელს კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ. ჩვენი პაკეტები მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა და დაემატა ძალიან საჭრო სარგებელი - Google Maps-ის უფასო გამოყენების შესაძლებლობა; ანუ, სელფის მომხმარებელს როუმინგით სარგებლობისას არ ეხარჯება ინტერნეტი რუკის გამოყენებისას.
- როუმინგის ხსენებისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ "სელფი მობაილის" EURO 2024-ის კამპანია - გულშემატკივრებს არაჩვეულებრივი გამოცდილება შევთავაზეთ, როდესაც გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშები გაიმართა, რამდენიმე ბარში სიურპრიზებით და თამაშის წინა გამახურებელი აქტივობებით დავხვდით.
- შევინარჩუნეთ ჩვენი ძლიერი ფოკუსი გაციფრულებაზე. განვაახლეთ ჩვენი მობილური აპლიკაცია, MyCellfie, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მოქნილ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. გარდა იმისა, რომ აპლიკაციით ნებისმიერი მომსახურების მართვაა შესაძლებელი, როგორც საკუთარ, ისე, თუ გნებავთ, ოჯახის წევრების ნომრებზეც, აპლიკაციაში მომხმარებელი იღებს უნიკალურ შეთავაზებებს და ეცნობა კომპანიის სიახლეებს.
- ონლაინსერვისების გაფართოება – ჩვენს ვებგვერდზე, cellfie.ge დავამატეთ SIM ბარათის შეძენისა და ადგილზე მიტანის, ნომრის პორტაციისა და eSIM-ის მხოლოდ ₾1 დამატების ფუნქციონალი.
წლევანდელი წელი, როგორც არ უნდა შევხედოთ, აუცილებლად დაიყოფა პერიოდებად დიტომდე და დიტოს მერე. იმის ფონზე, რაც 2024 წლის 21 ნოემბერს მოხდა, რთულია რამეს დაარქვა გამოწვევა... აღვნიშნავ იმას, რასაც, დიდი ალბათობით, დიტოც ახსენებდა - 5G ტექნოლოგიის დანერგვა. 5G ქსელის გამართვა ტექნიკურად კომპლექსური და მასშტაბური პროექტია; ბევრ კომპონენტს მოიცავს და ერთდროულად უამრავი პროცესის კოორდინაციას მოითხოვს. ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და პარტნიორების მხარდაჭერით, პროექტი წარმატებით ვმართეთ. ამ გამოწვევამ გვაჩვენა ახალი შესაძლებლობები და დაამტკიცა ჩვენი მზაობა რთულ დავალებებთან გასამკლავებლად.
2024-ს დავასრულებთ ორი დიდი მიღწევით. ერთი უკავშირდება ბრენდის კომუნიკაციის განახლებას, ხოლო მეორე - მასშტაბურ პარტნიორობას. სულ მალე ჩვენი მომხმარებელი შეიტყობს ამ სიახლეების შესახებ და, რასაკვირველია, Entrepreneur Georgia იქნება ის გამოცემა, რომელიც მოუთხრობს მათ ამის შესახებ.
ბოლოდროინდელ ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, 2025 იქნება ერთდროულად დიდი შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიური გარღვევების და, ამავე დროს, გლობალური გამოწვევების წელი. უშუალოდ "სელფი მობაილს" რაც შეეხება, ვგეგმავთ ახალი პროდუქტების დანერგვას და მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და რჩება მომხმარებლის კმაყოფილება ინოვაციებითა და მუდმივი დახვეწის გზით.