"ჩვენ მხოლოდ ვებსაიტებს კი არ ვქმნით, ურთიერთობებს ვაშენებთ" – Wevosoft-ის ფილოსოფია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ზოგჯერ ყველაზე საინტერესო იდეები სწორედ მაშინ იბადება, როცა სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანები ერთ სივრცეში ხვდებიან. Wevosoft-ის შემთხვევაშიც ასე მოხდა: თამარ უროტაძემ და მისმა მეუღლემ, შოთამ, კომპანიის დაფუძნებაზე მას შემდეგ დაიწყეს ფიქრი, რაც გააცნობიერეს, რომ ორი განსხვავებული მიმართულებით ჰქონდათ ცოდნა: შოთა და მათი მეგობარი დიტო ტეტუნაშვილი დეველოპერები იყვნენ, თამარს კი მარკეტინგსა და კომუნიკაციებში ჰქონდა გამოცდილება. ბიზნესებისთვის არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე ერთ-ერთი საუბარი ბუნებრივი კითხვით დასრულდა: რატომ არ უნდა შეექმნათ კომპანია, რომელიც ბიზნესს ერთ სივრცეში შესთავაზებდა ყველაფერს – ტექნიკურად გამართულ ვებსაიტს, სწორ კომუნიკაციას, ბრენდინგს, ციფრულ სტრატეგიას?
ამ კითხვის უკან მათი პროფესიული ყოველდღიურობის გამოძახილი იყო – ბევრი ბიზნესი ან ძალიან ძვირად იღებდა ციფრულ მომსახურებას, ან ყიდულობდა ტექნიკურად გამართულ ვებსაიტს, რომელსაც ბრენდის სული, სტრატეგია და ბიზნესლოგიკა სრულად აკლდა. Wevosoft-ის პასუხი ამ ხარვეზზე ერთი შეხედვით მარტივი ჩანდა: ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთდროულად, სტრატეგიასა და ვიზუალთან ერთად. პრაქტიკაში კი ეს ამბიცია ბევრად რთული გამოდგა, ვიდრე ერთი წინადადებაში ეტევა.
დღეს Wevosoft ქმნის ვებსაიტებს, ვებაპლიკაციებს, ონლაინმაღაზიებს, კატალოგის ტიპის პლატფორმებს, UI/UX დიზაინს, SEO-ზე მორგებულ სტრუქტურებს, ბრენდინგს და სოციალური მედიის მიმართულებით სრულ სერვისს. ეს ჩამონათვალი ერთი შეხედვით ფართოა, მაგრამ Wevosoft-ში ამ ყველაფერს ერთი პრინციპით აერთიანებენ, რომელსაც თამარი ასე აყალიბებს:
"ვებსაიტი ვიზუალური პროდუქტი კი არ არის, ის ბრენდის ციფრული სახეა, რომელიც პირველ წამებშივე ქმნის შთაბეჭდილებას",
სანამ დიზაინზე მუშაობა დაიწყება, გუნდი ბრენდს სწავლობს: ტონს, აუდიტორიას, სფეროს, კონკურენტებს, და, რაც ალბათ ყველაზე ნაკლებად ხელშესახებია, იმ ემოციას, რომლის გადმოცემაც საიტს ევალება.
"ზოგი ბრენდი მინიმალისტურ, სანდო სტილს საჭიროებს; ზოგი თამამსა და დინამიკურს. ჩვენი ამოცანაა ეს განსხვავება სწორად დავინახოთ და ვიზუალში ისე გადავიტანოთ, რომ დიზაინი ზუსტად ასახავდეს ბრენდის იდენტობას", ამბობს თამარი Entrepreneur-თან ინტერვიუში.
"კარგი ვებსაიტი მაშინ იქმნება, როცა ვიზუალი, ტექსტი, სტრუქტურა და ტექნიკური ფუნქციონალი ერთ ენაზე საუბრობს", – დასძენს ის. ეს "ერთი ენა" კი არასდროს ჩნდება ჰაერიდან – ის კლიენტთან ერთად ჩამოყალიბდება, ეტაპობრივად პოულობს ადგილს, იხვეწება და საბოლოოდ ეკრანზე გადადის.
Wevosoft-ში ყველა პროექტი ერთნაირად იწყება: საუბრით. პირველ ეტაპზე გუნდი ცდილობს გაიგოს, რა სჭირდება ბიზნესს, რა არის მისი მიზანი, ვინ არის მომხმარებელი, რა შეტყობინება უნდა გადასცეს ვებსაიტმა ბრენდის შესახებ. ეს კითხვები ზოგჯერ მარტივია, ზოგჯერ კი ბიზნესის მფლობელიც კი ვერ პასუხობს დაუფიქრებლად.
შემდეგ მოდის სტრუქტურის დაგეგმვა: გვერდები, ფუნქციონალი, ძირითადი მესიჯები. დიზაინი ამ ჩარჩოს შიგნით იქმნება ბრენდის ხასიათის ასახვის ინსტრუმენტად. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ დეველოპერები ტექნიკურ ნაწილზე მუშაობას, სადაც სისწრაფე, უსაფრთხოება, მობილური ადაპტაცია და მარტივი მართვის სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"ჩვენ არ გვჯერა ისეთი მოდელის, სადაც კლიენტი მხოლოდ დასაწყისში ამბობს, რა სჭირდება, და შემდეგ მზა პროდუქტს ელოდება. პირიქით, მთელი პროექტის განმავლობაში მუდმივად ვაზიარებთ ეტაპებს, ვიღებთ უკუკავშირს, საჭიროებისამებრ ვასწორებთ მიმართულებასაც".
Next.js, React, TypeScript, Node.js, Python – Wevosoft-ის ტექნოლოგიური სტეკი მრავალფეროვანია, მაგრამ მის მიღმა ერთი პრინციპია: ინსტრუმენტი ირჩევა პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე და არა ბაზრის მიმდინარე ტენდენციებიდან.
"მთავარია, ტექნოლოგია ემსახურებოდეს ბიზნესის მიზანს და ზუსტად იყოს მორგებული საჭიროებებს", – ამბობს თამარი.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა SEO-სთვის სწორ სტრუქტურას, API ინტეგრაციებს, უსაფრთხოებასა და მასშტაბირებად არქიტექტურას. ეს უკანასკნელი Wevosoft-ის ფილოსოფიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს: საიტი უნდა იყოს არა მხოლოდ ახლა გამართული, არამედ ბიზნესის ზრდასთან ერთად განვითარებისთვის მოქნილი.
Wevosoft-ის პორტფელი მრავალფეროვანია – სერვისის მიმწოდებელი კომპანიები, რითეილ ბრენდები, განათლების, HoReCa თუ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები. ყველა ინდუსტრიაში სხვადასხვა ამოცანაა, მაგრამ ერთ კატეგორიას, – ონლაინკატალოგებსა და მაღაზიებს, თამარი განსაკუთრებით გამოარჩევს, როგორც ყველაზე კომპლექსურ გამოწვევას.
"როცა პროდუქტების რაოდენობა დიდია, ლამაზი დიზაინი საკმარისი არ არის. მომხმარებელი მარტივად უნდა პოულობდეს, ადვილად ადარებდეს, სწრაფად იღებდეს გადაწყვეტილებას".
ასეთ პროექტებში დიზაინი, ტექნიკური ლოგიკა და მომხმარებლის გამოცდილება ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთ-ერთის შეფერხება მთლიანი სისტემის ლოგიკას ანგრევს.
ამჟამად Wevosoft-ის გუნდი Teka-ს ასეთ პლატფორმაზე მუშაობს.
"ეს პროექტი გვაიძულებს, კიდევ უფრო მეტად ვიფიქროთ მომხმარებლის გზაზე – საიდან შემოდის, სად ნახავს პროდუქტს და როგორ გადაიქცევა საიტი რეალურ გაყიდვების ინსტრუმენტად", – ამბობს თამარი.
მიმდინარე პროექტების ჩამონათვალი ნათლად ასახავს, რა ნიშნავს ამ გუნდისთვის სფეროთა მრავალფეროვნება. Wevosoft ერთდროულად მუშაობს კლინიკის, სასტუმროს, მუზეუმის, აფთიაქისა და ონლაინმაღაზიის ვებსაიტებზე – ოთხი სრულიად განსხვავებული ლოგიკა, ოთხი განსხვავებული მომხმარებელი, ოთხი განსხვავებული ამბავი, რომელიც საიტმა უნდა გადმოსცეს.
სამედიცინო სფეროში გადამწყვეტია ნდობა: ინფორმაცია ზუსტი უნდა იყოს, სერვისები – მარტივად საპოვნელი, ტონი კი სანდო, მაგრამ არა ცივი. სასტუმროში ვიზუალური შთაბეჭდილება პირველ ადგილზეა, თუმცა დაჯავშნის სიმარტივე პირდაპირ შემოსავალს განსაზღვრავს. ონლაინკომერციაში – სწრაფი ძიება, სწორი კატეგორიზაცია, კომფორტული გამოცდილება, რომელიც საბოლოოდ პროდუქტის კალათაში დამატებამდე მიგვიყვანს.
ყველა ამ შემთხვევაში Wevosoft-ის ამბიცია ერთი და იგივეა – "საიტი გახდეს ბიზნესის სამუშაო ინსტრუმენტი და არა მხოლოდ ლამაზი ვიტრინა".
Wevosoft-ში ასე ფიქრობენ: საიტის გაშვება ტექნიკური ფინალია. პროექტის რეალური წარმატება კი მაშინ ჩანს, როცა საიტი მუშაობას იწყებს – მოაქვს მიმართვები, ამარტივებს კომუნიკაციას, ამყარებს ნდობას, ეხმარება გაყიდვებს და ცვლის ბრენდის აღქმას ბაზარზე. სწორედ ამიტომ ჰყავს გუნდს პარტნიორები, ვისთანაც თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს – მხარდაჭერა, განახლებები, SEO მიმართულებით გაუმჯობესება, ახალი ფუნქციონალი, ახალი გვერდები.
"ჩვენი მიზანია, დამკვეთს ჰქონდეს განცდა, რომ საიტის ამოქმედების შემდეგ მარტო არ რჩება – მის გვერდით არის გუნდი, რომელიც საჭირო დროს დაეხმარება", – ამბობს თამარი.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას თამარი გვეუბნება, რომ განვითარება რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. AI ინტეგრაციები Wevosoft-ში უკვე შემოვიდა – ჯერ შიდა პროცესების გამარტივებისთვის, შემდეგ კი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ბიუჯეტზე მორგებული, უფრო მოქნილი პროდუქტების შეთავაზებისთვის. ეს, თამარის თქმით, შესაძლებლობას აძლევს Wevosoft-ს, ერთდროულად შექმნას როგორც მაღალი დონის ინდივიდუალური პროდუქტი, ისე შედარებით ხელმისაწვდომი ციფრული გადაწყვეტა.
სამომავლო გეგმებში კი AI ჩატბოტები, ავტომატიზაციები, CRM ინტეგრაციები და მობილური აპლიკაციები არის განსაზღვრული.
"ჩვენი მიზანია, Wevosoft გადაიქცეს კომპანიად, რომელიც ბიზნესს არა მხოლოდ ონლაინსივრცეში გამოჩენაში, არამედ ციფრულ ზრდასა და ყოველდღიური პროცესების გამარტივებაში ეხმარება", – ამბობს თამარი.
ქართულ ბაზარზე ვებდეველოპმენტის ბევრი კომპანიაა და, შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. თამარი ამბობს, რომ Wevosoft-ის მიდგომა კომპანიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია. მოსმენა, გაგება, ახსნა, ვადების დაცვა, მუდმივი კონტაქტი – ეს ელემენტები, თამარის აზრით, ყველანაირ ტექნიკურ სიახლეზე მეტია.
"ჩვენი მთავარი განსხვავება ადამიანური მიდგომაა და ამიტომაც არ ვუყურებთ დამკვეთს მხოლოდ როგორც კლიენტს – ვებსაიტის შექმნა ჩვენთვის ერთჯერადი ტრანზაქცია არ არის. კარგი ციფრული პროდუქტი იქმნება მაშინ, როცა ტექნიკური ცოდნა სწორ კომუნიკაციას ერწყმის. სწორედ ამიტომ Wevosoft-ში ვქმნით არა უბრალოდ კომპანიების ციფრულ სახეს, არამედ ვაყალიბებთ ურთიერთობებს, რომლებიც გრძელვადიანია".